ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 თებერვალი, 2011


მოგონებანი მიხა ხელაშვილზე (სრულად)

    ”1925 წლის 24 იანვარს ყინვისაგან შეწუხებული მიხა, ჩანს ვეღარ დაელოდა დაღამებას, დღისითვე შეიპარა ძმობილის სახლში. ლუკას და მიხას ფიცვერცხლი ჰქონიათ ნაჭამი, ამიტომ ლუკას მეტისმეტად ”გახარებია” მიხას მისვლა. მაშინვე ხინკლის თადარიგს შესდგომია. ლუკამ ჩვეულებრივ წვერ-პირის გაპარსვაც შესთავაზა მიხას. ყბა ჩამოპარსა და ყელთან რომ მივიდა სამართებელი, მიხამ უთხრა თურმე:
      – ლუკავ, გატყობ ჩემი მოკვლა გაქვს დავალებული, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელი, შენც მოისვენებ და მეცაო!
      ლუკას ძალიან შეუცხადებია. დამჯდარა, ტირილი დაუწყია:
      – მაგას როგორ მეუბნები, მე გამოვიჭრი ყელს, თუ ჩემი არა გჯერაო.
      ხელაშვილს დაუმშვიდებია და მერე, ხინკლის ჭამის დროს, ეტყობა, მაინც რაღაცას ამჩნევდა, თავისი პატრონტაჟიდან ამოღებული სახეთქიანი ვაზნა მიუწოდებია, როცა ჩემ მოკვლას დააპირებ, ეს ტყვია დამკარ, უცებ გამათავებსო.
      ”შემთხვევით” მოვიდა ლევან გარსევანიშვილი და იმანაც ”ძალიან გაიხარა” მიხას ნახვით. პურის არაყს აძალებდნენ მიხას – შემცივნებული იქნებიო და ისიც ალალად ცლიდა მიწოდებულ ყანწს. იქნებ განგებაც, რომ ღალატისა და სიკვდილისა ვერაფერი გაეგო.
      გვიან იცის გაჭრა პურის არაყმა, მაგრამ როცა გაჭრის, დაბანგულივით დააგდებს კაცს. დამთვრალი მიხა, ვითომდა მეტი სიფრთხილისათვის, მჭედელათ საბძელში გადაიყვანეს დასაძინებლად. შინ შებრუნებულ ლუკას და ლევანს დახვდნენ ის აქტივისტი კომკავშირლები, რომლებსაც ხელაშვილის დედის ცოდვა ედოთ და ახლა თვით ხელაშვილის დროზე მოშორებითაც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან მიხა მათ დახოცვით ემუქრებოდა.
      ლუკა წინ გაუძღვა ლამპით, უკან ლევანი მიჰყვა ფეხზე შემდგარი თოფით. ლუკამ მიუნათა, ლევანმა თავში დაჰკრა, ზოგის თქმით. ლევანს ხელი აუკანკალდაო ბოლო მომენტში და იქვე მყოფმა, კაცისკვლაში უკვე გამოცდილმა კომკავშირელმა დაჰკრაო. მიხას მოკვლის ამბავი იმ დღეს დამალეს. ვახტანგი გაიქცა მაღაროსკარში მილიციისათვის შესატყობინებლად. მეორე ღამეს ჩუმად მოვიდნენ, ყასიდად ატეხეს თურმე სროლა, ვითომდა, მიხა ჩვენ მოვკალითო. გამთენიისას ჩამოიტანეს მისი ცხედარი და საფიხვნოში დააგდეს ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად, თან იძახოდნენ: – მოკვლა არ გვინდოდა, მაგრამ გაქცეულს შემთხვევით მოგვიხვდა ტყვია შუბლშიო. მერე ცხენგამობმულ ყალზე დააკრეს, დუშეთში ჩაიტანეს და იქ დააგდეს მილიციის ეზოში. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე მისმა ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარი არ გაიხრწნა და ნახევრად შეჭმულს მილიციამ სხვაგან გადაგდება არ დაუპირა. ძმაზე მლოცველმა აფხუშოელმა დამ სალომემ, გასაოცარი სიმტკიცით ცნობილმა ქალმა, საბძელში გაბნეული ტვინი და სისხლი მოკრიფა და დედის საფლავთან დაფლო. საიდუმლოდ ჩავიდა დუშეთში, ღამე მიხას ბარისახოელი მეგობრის, მილიციაში ჩამდგარი ხევსურის დახმარებით მოიპარა ძმის ცხედარი, ხურჯინით აჰკიდა ცხენს და დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით აიტანა ჩარგალში. აიტანა მიხას ცხედარი და დედის საფლავის გვერდით, თავის ტვინ-სისხლთან ერთად დამარხა”.
      მიხა ხელაშვილზე ახლა ბევრი რამის დაწერა შეიძლება. მაგრამ შემოვიფარგლები მხოლოდ მისი ლექსების კრებულის შესავალიდან ერთი ამონარიდის მოყვანით:
      ”ბევრს მოუსმენია, ბევრმა ზეპირადაც იცის ქართული ხალხური სიტყვიერების მარგალიტი – ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი ავტორი იყო ფშაველი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენება, ისევე, როგორც თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, სასტიკად იყო აკრძალული. ხალხში გავრცელებული მისი რამდენიმე ლექსი, მთქმელის დაუსახელებლად და დიდი ხიფათის ფასად შეჰქონდათ ფოლკლორისტებს ხალხური პოეზიის კრებულებში”.

      ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
      და შენ კი ჩემს სამახსოვროდ სააქაოზე რჩებოდე.
      გიმღერდენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდე,
      ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.
      ჩემო სახელო, ამქვეყნად დიდხანსამც იხსენებოდე,
      ჩემო ნათქომნო სიტყვანო, ნეტავი, გახქვეყნდებოდე,
      და ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე,
      გულო დარდითა, წყეულო, ნეტავ, არ დაშავდებოდე,
      სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გასხთოვდებოდე!
      ნეტავინ, გულო კაცისავ, ძრიელ არ დაღონდებოდე,
      ფიქრო, შენ არა მტანჯავდე, როდისაც ჩავგონდებოდე.
      სუყველას გაუხარდება, რომ უდროვოდა ვკვდებოდე?
      იქნება, იყოს მისთანა, რომ მას არ ვავიწყდებოდე,
      ჩემზედ იტიროს მწარედა, ყოველთვის ვაგონდებოდე,
      ბევრჯერ მიტიროს გულითა, მანამდის დავმიწდებოდე?!
      ერთ ეგეც უნდა ვიფიქრო, ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა,
      ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა?
      მე ამას ვამბობ და ფიქრიც უთუოდ მინანდვილებსა,
      დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
      თუმც ნათესავნი, და-ძმანი, აღარ აისხმენ ღილებსა,
      ბოლოს კი დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა.
      თუმც ცოლიც კარგა მიტირებს, ქვეყანას გააკვირებსა,
      ცოტა ხნის შემდეგ ისიც კი სხვას ვისმე გაუცინებსა.
      მეზობელებიც მიტირებს, ძალად დაჰკრეჭენ კბილებსა,
      კიდევაც ვიტყვი, დედის გულს მე ვერვინ გამაცილებსა,
      სუ იმის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა.
      და სხვას მე ვის რა მოვკითხო? სუყველა მოილხინებსა,
      მალე დაუსმენ თითებსა თავის ფანდურის სიმებსა.
      ვენაცვლე ძუძუთ გამზდელსა, გულით ის დამიტირებსა!
      დედას ვუყვარვართ და დედა არ გვაგონდება შვილებსა,
      იმათა გვტანჯავს უფალი, ყოველთვის გვაცოდვილებსა.

1919 წელი. ბარისახო.

      საუბედუროდ ვშობილვარ, უბედურს მასკვლავზედაო,
      შენ ნუ მიტირებ, რო მოვკვდე, ძუძუთ გამზდელო დედაო.
      ვიცი მე შენიც და სხვისიც, მე სუყველასა ვხედაო,
      გულში ბევრი რამ მიწყვია, მაგრამ თქმას ვერა ვბედაო,
      გულს, დაჩაგრულსა დარდითა, ლოდ დამედების ზედაო,
      სხვას კი არავის რა უშავ, შენ მებრალები, ბეჩაო,
      არ ვიცი, რასა მოველი, რამ-რა-რა ამაყბედაო?

1918 წლის 19 თებერვალი, ბარისახო.

      არც წვერს მოვიპარსავ, არ გავიკრეჭ თმასა,
      სანამდისინ არა ვნახავ მე ჩემს მიწა-წყალსა
      თავისუფლად მოკაზმულსა, როგორც პატარძალსა,
      ხელში ეროვნული დროშით ლაღად მომღიმარსა.
      მაშინ ხელში თუ ავიღებ სავსე ფიალასა,
      ვადღეგრძელებ ჩემს სამშობლოს კეთილ მომავალსა
      და წარსულსაც მოვიგონებ, შოთას ენას მტკბარსა
      და ვადიდებ დავითსა და თამარ დედოფალსა.

1918 წელი. ბარისახო.

      როდისღა უნდა გათენდეს, რა ძნელად არი ბნელია?
      გზა არ იგება არსაით, დრო არი საშინელია.
      იმალვის ტყეში სუყველა, ჩერდება ტურა, მგელია.
      წვიმაა გასაკვირველი, ალბათ გაჯავრდა ელია.

1922 წელი, 30-31 დეკემბერი, საყორნე.

      გაცოცხლოსთ ქართვლისა ქალნო და ანუ ქართველთ დედანო,
      შვილებისათვის მომთხრობნო წარსულთა სიტურფეთანო,
      სამშობლოსათვის საშველად სუსტი ძალ-ღონით მჩქეფავნო,
      შეგასწროთ თავისუფლებას სულით და ხორცით ნეტარნო,
      ამათ იცოცხლონ და თქვენაც – მათგან ნაშობნო მხედარნო!
      ამინ!

1923 წელი.

მიწისგანა ვარ შობილი

      ერთხელ მეც დავიკარგები, სახლში არ დავბრუნდებია,
      ბნელსა და ოხერ საფლავში ნელ-ნელა დავეშვებია,
      წახდება ხორციელობა, დარჩება ტიტველ ძვლებია,
      გულო, მაგ შენის ფიქრებით შენაც თან ჩამომყვებია.
      მიწისგანა ვარ შობილი, მიწას ვერ ავცილდებია,
      მიწა მზრდის, მიწა მახარებს, ბოლოს მეც დავმიწდებია.

მოვა სიკვდილი უჩინო

      წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
      ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
      რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
      ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
      იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
      შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს − ჭია, კაცის გულს − ჯავრის იარა,
      მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;
      ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.

      შენიშვნა: აქამდე ხალხურად ცნობილი ლექსი, რომლის წინა სტიქონები ეკუთვნის ქართული პოეზიის ”ფიროსმანს” ნიკო სამადაშვილს, ხოლო ბოლო სტრიქონები კი მიხა ხელაშვილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს