ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2011


ოჯახის მცენარე

აი, ერთხელაც, ავდგები და
სიტყვებს, რომლებსაც ბრაზმორეული,
სამზარეულოს მაგიდაზე მარცვლებად მიყრი,
სათითაოდ ქოთანში ჩავრგავ!
რომ იქიდან  რომელიმე  მონსტერამ  ან კორდილინამ
ქოლგასავით  კი არ გაშალოს  უცხო ფოთოლი,
არამედ ერთი ჭანგიანი  სარეველა ამოიზარდოს.
ყველა მორიგი კამათისას ძირფესვიანად ამოვგლეჯ–ხოლმე,
გულს მოვიოხებ.

…მაგრამ  ხომ ვიცი,
როგორც კი მიწას ამოტეხავს სარეველას ხასხასა ღერო,
მინდა, არ მინდა,
მზრუნველ ქალად გადავიქცევი:
მივეფერები,
თუნუქის ძველი, ჟანგიანი სარწყავიდან წყალს დავუსხამ,
მიწის ნამცეცებს სულის შებერვით მოვაცილებ, 
ჭილდარღვეულ სარწეველაში მიყუჟული მუხლზე დავიდებ და
დღის  ამბებს,  სასუქივით დავუყრი ძირში.

ციდა ყვავილებს გამოიჩეკავს ჩემი ლამაზი სარეველა
და მთელ ოთახს მოემინდვრება.

…ხო, როცა მოხვალ,
სამზარეულოს არ მიაშურო
(შემთხვევით კერძი ისევ მიმეწვა),
ჯერ ოთახში შემოიხედე.
ჩამოვსხდეთ ჩვენი სარეველას მწვანე ჰამაკზე,
და  ვიყოთ ასე,  როგორც ადრე,
ზაფხულის მშვიდ ღამეებში სიყვარულს რომ მეფიცებოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები