 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 თებერვალი, 2011 |
ტაო-კლარჯეთი კრებითი სახელია ისტორიული ტერიტორიისა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარეობს. იგი მოიცავს ჭოროხისა და მტკვრის აუზებში არსებულ ისტორიულ ქართულ პროვინციებს (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, სამცხის, ჯავახეთისა და აჭარის ნაწილები). ეს მრავალფეროვანი რეგიონი საოცრად მდიდარია ქართული ისტორიული ძეგლებით. ოშკი, ბანა, ხახული, პარხალი, იშხანი, ტბეთი, ხანძთა, არტანუჯი... შუა საუკუნეების ტაო-კლარჯეთში კიდევ ბევრი კულტურული თუ პოლიტიკური ცენტრი იყო. დღეს ეს ტერიტორია ქართველი და უცხოელი ტურისტების, ისტორიკოსების, სიძველეთმცოდნეების დიდ ინტერესს იწვევს.
ბუბა კუდავა
..........................................................................................................................................................................
გვანცა ჯობავა
საქართველოდან საქართველოში (მიძღვნა)
(ამ მოკრძალებულ ლექსს ვუძღვნი ჩემს მეგობრებს: ნინო ნადირაძეს, გიორგი არაბულს, ნინო ნეკერიშვილს, ნუკრი ბერეთელს და თეა თაბაგარს, რომლებმაც გამილამაზეს სამი უმძიმესი და უმშვენიერესი დღე... ასევე ვუძღვნი ახალგაზრდა ხელოვანთა სალონის მესვეურებს, რომლებმაც საშუალება მომცეს დაუვიწყარი დღეები გამეტარებინა ტაო-კლარჯეთში...)
ჩამოიქცევაო, - მოლამ, - ქართულ გალობაზე იშხნის კედლები, უნდა გაჩუმდეთო... და ოშკთან მოლურად აყივლდა, მიწას გაერთხა და... კედლები არა, და ძრწოლვით ჩამომექცა მკლავები, ცრემლი ლოცვა-ლოცვა დამცვივდა.
იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდად, მარტივად, უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს, გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში, და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.
ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად, კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება, უნდა უფალს სთხოვო, რომ დაიჯერო, მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.
ხახულში ჩაგვირაზა მოლამ კარები, პარხალშიც ვერ შეაღწევ ასე მარტივად, შევდივარ ფეხშიშველი (მუსლიმანივით), და თავს ვაჯერებ, რომ შლეგი მარტი ვარ,
სხვას რას მივაწერო, ტაძარ-მეჩეთში გვერდიგვერდ ვლოცულობთ მე და მუსლიმი, ის ალაჰს ადიდებს ხელებაპყრობილი, მე - ღმერთს, და ამ სასჯელს სიმწრისგან ვუცინი.
დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ, მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში ველოსიპედებით დაქრიან, მე კი, კედლებს ვკოცნი, თან ერთს ვუთვალთვალებ, იქნებ ქართველია, ნეტა, რა ჰქვია?!...
ოთხთა, მომეჩვენა, უფრო მშვიდი იყო, როგორც ოცნებების ძვალშესალაგი, გინდა იგალობებ, გინდა ლოცვას იტყვი, აქ არც მოლა გიშლის და ვერც ალაჰი.
შემდეგ დაბრუნება... საქართველოდან საქართველოში ჩავდივარ, მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა - ტაოს სუსხით, ნიავით... მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით, ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები, მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია! მომაქვს სევდა და თავს ვევლები.
თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს, უფრო ძნელი - როცა გინახავს, კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და ტაძრის ნაპრალებში ინახავს. როცა დავბრუნდები სულ სხვა დაბრუნებით, ავაციმციმებ მადლიან ღამეში, მერე ფეხს მოვირთხამ იშხნის გუმბათის ქვეშ, კრძალვით ჩავეკვრები უფალს თვალებში.
ამ წამს მინდა უცებ ყველა დავივიწყო, ვიგრძნო მარტო დავრჩით მე და ღმერთი,
შეშლილს დავემსგავსო, ისე დავიყვირო:
ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ტაო, ტაო, ტაო-კლარჯეთიიიიიიი!...........
ნინო ნეკერიშვილი
ტაოს დატირება
ტაოვ, უნდა დაგიტირო, როგორც გაყიდული ბალღი, შვილიც ვარ და დედაც მქვია, დედაშვილურ ცრემლად დაგღვრი... ძვლებს ვილეწავ ფიჩხაწვრილად, ბღუჯად ძირს ჩამომაქვს თმები, როგორ გააპარეს საზღვარს, ჩვენი ბუმბერაზი მთები! ტაოვ ჩემო, დაჭრილი ხარ, მითხარ, როგორ გადმოგისხა სისხლი, ამდენ წვალებაში, შერჩენილი მამასისხლად... ტაოვ, შენი ზურაბი ვარ, რომელ კედელს ჩაგაშენდე? რას გეყოფა ჩემი ხორცი, თორემ, მიჩუქნია შენდა... „შენ ხარ ვენახს” დანატრულო, მუეძინის კივილს ისმენ, მოითმინე, განკითხვისას შენს მალამოდ მოვა ქრისტე! უკვდავიც ხარ, მოესწრები ბედის ჩარხის წაღმა ბრუნვას, ტკივილოც და, მკურნალოც და, ტაოვ - ჩემო სასწაულო!
ტაოვ, უნდა დაგიტირო, როგორც გაყიდული ბალღი...
ოთარ რურუა
დამწუხრებული ქართველის მონოლოგი (ნათიას და ალექსანდრეს - ჩემს დეიდაშვილებს)
ვინ გამომგლიჯა ხელიდან ტაო, მითხარ, ტკივილი ვინ მომაყენა?! ცრემლმორეული ვემთხვევი დაო, მოჭრილ ძუძუს და მოჭრილ მარჯვენას!.. შუბლდალეწილი დავსტირი ტაოს, მწამს, ვეღირსებით ჩვენ გამარჯვებას. თუ დავმარცხდებით შამქორში ძმაო, ძირში მოგვკვეთენ მკლავებს მარჯვენას. ისევ დავსტირი წამებულ აბოს, რწმენით შევყურებ მომავლის ვარსკვლავს. და მოწიწებით ვემთხვევი დაო, სვეტიცხოველში ერეკლეს საფლავს. გმირის გულ-ღვიძლი ყვავებმა კორტნეს და სტირის ქრისტე ჯვარზე გაკრული!.. მეც ვეწამები ვითარცა ცოტნე, თაფლწასმული და ხელგაბაწრული!..
ნუკრი ბერეთელი
ოშკი
ჩვენი კოჭლი ბერიკაცი მომენატრა, ძამულია. ალბათ ყინვა უცახცახებს ჩამორღვეულ ბეჭებს. ტაოს კარში, ეს ოხერი, თითქოს ჯაჭვით დაბმულია - ქარი წივის, ქარი ყმუის, ქარი ძვალ-რბილს ღეჭავს.
ცაა უფრო ღრუბლიანი. მხოლოდ შუბლი უბრიალებს, ისე, ცივად უპრიალებს... დეკემბრის მზე ჩადის. ახლა რა დროს მუმლი არი? რა დროს ძმებთან შუღლი არი?! წმინდა თვალებს (შუბლიანად!) აგვიფარეს ჩადრი.
გუმბათიდან განაპირა კრამიტს ფეხი დაცდენია, რაც მანდ წვეთი ჩამოჟონავს, ყველა გულზე დამდის. მიმწუხრისას ნაფრესკალი ეს კედლებიც ბაცდებიან - აჰა, ჩემი ზაფხულიდან შენახული კადრი.
ჩამომტვრეულ ჩუქურთმასთან ბალახს ღერო მიხმობია. ვინ ასწავლა მკურნალობა ბალახებით ტაძარს?.. აქ არც გზები მემხრობიან, აღარც მთები მემხრობიან, ნეტავ ახლა, ნეტავ, ოშკის, ახლა ფერხთით დამსვა!
საკმევლისსუნმონატრებულ კედლებს ბზარი ემატება, ეს ზამთარი ალბათ კიდევ ერთ ჩუქურთმას მოშლის. ვის - ათონი, სხვას - პარიზი, ჩვენ კი ოშკი გვენატრება, ჩვენი კოჭლი, ჩვენი თბილი, მოტეხილი ოშკი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან მომეწონა ეს ლექსები და ტირილი მოგინდება ისეთებია, ჩემო საქართველო, რამდენი ტანჯვა, სევდა-ვარამი დაგბედებია. ,
ძალიან მომეწონა ეს ლექსები და ტირილი მოგინდება ისეთებია, ჩემო საქართველო, რამდენი ტანჯვა, სევდა-ვარამი დაგბედებია. ,
8. გაიხარე! + + გაიხარე! + +
7. ნეკერას წაკითხული მახსოვს ეს ლექსი... იმოქმედა მაშინ ძალიან... ნეკერას წაკითხული მახსოვს ეს ლექსი... იმოქმედა მაშინ ძალიან...
5. გაიხარე, ოთარ! გაიხარე, ოთარ!
4. ტკივილიანი, თუმცა კი ძალიან კარგი ლექსები იყო. ეჰ, რამდენ ტკივილს ვიტევთ და ვითმენთ ქართველები... ტკივილიანი, თუმცა კი ძალიან კარგი ლექსები იყო. ეჰ, რამდენ ტკივილს ვიტევთ და ვითმენთ ქართველები...
3. კარგი იდეაა, ოოოთ :) რა კარგი იქნება ექსკურსია :) და საერთოდ, რა კარგი ხააარ! გოლუაფირო! კარგი იდეაა, ოოოთ :) რა კარგი იქნება ექსკურსია :) და საერთოდ, რა კარგი ხააარ! გოლუაფირო!
2. მინაწერი ფილმზე "ტაო-კლარჯეთი"
თუ ქართველი ხარ, რას ფიქრობ? თუ ვაჟკაცი ხარ, რას შვები? გესმის? - იქ, ტაო კლარჯეთში, როგორ მღერიან ბავშვები?
"ეგ ლამაზი კაბა წინდა, ვინ მოგიტანაო? ჩემმა ძიამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანაო... ეგ ლამაზი ბეზლუნგები ვინ მოგიტანაო? ჩემმა მდადემ, ჩემმა დიამ, მან მომიტანაო... გურჯისტანის ყვავილები ვინ მოგიტანაო? ჩემმა ნეფემ, ჩემმა ღმერთმა მან მომიტანაო"...
სული არ შეგეწამლება? გული არ დაგენაცრება? რა ქნან, სანამდე გიცადონ გაციებულმა ტაძრებმა?! გუმბათებს ჟამი დაბელავს, დროის ზავთი და ხინჯები, ხედავ, რა ბოღმით ბუქნავენ, "ხორუმს" კლარჯელი ბიჭები. ჩემო ციხევ და ნათელო, ჭირიმე შენი გამჩენის! შიგნით რას მერჩი ქართველო, გარეთ გვყავს გადასარჩენი!
მინაწერი ფილმზე "ტაო-კლარჯეთი"
თუ ქართველი ხარ, რას ფიქრობ? თუ ვაჟკაცი ხარ, რას შვები? გესმის? - იქ, ტაო კლარჯეთში, როგორ მღერიან ბავშვები?
"ეგ ლამაზი კაბა წინდა, ვინ მოგიტანაო? ჩემმა ძიამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანაო... ეგ ლამაზი ბეზლუნგები ვინ მოგიტანაო? ჩემმა მდადემ, ჩემმა დიამ, მან მომიტანაო... გურჯისტანის ყვავილები ვინ მოგიტანაო? ჩემმა ნეფემ, ჩემმა ღმერთმა მან მომიტანაო"...
სული არ შეგეწამლება? გული არ დაგენაცრება? რა ქნან, სანამდე გიცადონ გაციებულმა ტაძრებმა?! გუმბათებს ჟამი დაბელავს, დროის ზავთი და ხინჯები, ხედავ, რა ბოღმით ბუქნავენ, "ხორუმს" კლარჯელი ბიჭები. ჩემო ციხევ და ნათელო, ჭირიმე შენი გამჩენის! შიგნით რას მერჩი ქართველო, გარეთ გვყავს გადასარჩენი!
1. კარგებია:) მადლობა ავტორო:) კარგებია:) მადლობა ავტორო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|