ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეთი-ეთი
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

რომ გახვალ, კარი არ გაიხურო... (დიალოგი საკუთარ თავთან)

- გამარჯობა....
- გაგიმარჯოს! სალამი ღვთისაა, მაგრამ რომელი ხარ? ვერ გიცანი. ვის ველაპარაკები?
- მეე... მე ვარ.
- შენ...შეენ?!
- ჰო. მოვედი.
- ...!!!
- მოვედი ბოდიშის მოსახდელად და კიდევ... კიდევ ბევრი რაღაცისთვის მოვედი, არც ვიცი საიდან დავიწყო. მაპატიე ცოტა არეული და დაბნეული ვარ. საქმე იმაშია, რომ საუბარს გადავეჩვიე. დიდი ხანია არავისთან მისაუბრია...      მმ...მომისმენ?
- ...!
- მამას გაფიცებ მომისმინე. შენ ხომ მამას აღმერთებ?! ვიცი, მახსოვს დედაზე და ღმერთზე მეტად გეფიცება...
- რა გაეწყობა... რისთვის მოხვედი? ბოდიშისათვის? შენი დანაშაულის სია მეტისმეტად გრძელია... დაე უფალმა შეგინდოს. კიდევ რა გინდა?
- ბევრი, ბევრი რამ. უნდა დამეხმარო, ვიცი კეთილი გული გაქვს.
- ყოველთვის მაგით სარგებლობდი.
- ვიცი, ვიცი და დღესაც მაგის იმედი მაქვს.
- გისმენ...
- პირდაპირ გეტყვი, თვალები უნდა მათხოვო...
- ...!
- შენი თვალებით სამყარო ძალიან ფერადი და კეთილი ჩანს. დიდი ხანია არაფერი დამინახავს მშვენიერი, მართლა. მომწონს შენი ზღვისფერი და ბავშვური თვალები. გავუფრთხილდები...
- ...!
- კიდევ ხელები უნდა მათხოვო... ხომ მათხოვებ? შენ კარგად ხატავ. მეც მინდა მამაჩემი დავხატო – ყველაზე მაღალი და ყველაზე ძლიერი მამიკო მსოფლიოში. დავხატავ, სანამ ჯერ კიდევ მახსოვს მისი სახე... თუმცა მარტო მაგისთვის არ გთხოვ ხელებს. კიდევ დაკვრა მენატრება. დიდი ხანია არ დამიკრავს...
- და რა უნდა დაუკრა? რაიმე გახსოვს?
- კი... კი, როგორ არა. თუმცა ჰო... ბევრი არაფერი, მაგრამ შოპენი მახსოვს. შენც ხომ გახსოვს, რა კარგად ვუკრავდი... ძალიან მოგწონდა.
- კიდევ? თუმცა ვიცი, კიდევ რისთვისაც გჭირდება ჩემი ხელები. 
- ვიცი, რომ იცი.
- სითბო გჭირდება.
- ჰო... ახლა ჩემი ხელები ძალიან ცივია.
- კარგი...
- ამით არ დამიმთავრებია... მთავარი მინდა. სული, სულიც უნდა მათხოვო. უარს ნუ მეტყვი, გემუდარები. მე არაფერი გამაჩნია, გესმის?! სულიც კი არ გამაჩნია. ყველაფერი დავკარგე, ღატაკი ვარ. მაგრამ ხომ გახსოვს, ასეთი არ ვყოფილვარ. შენ გშურდა ჩემი... ვიცი, რომ გშურდა. მახსოვს, ბედნიერი ვიყავი... სიცოცხლე მიყვარდა, მზე მიყვარდა, ზღვა მიყვარდა, გაზაფხულის სუნი მიყვარდა... ზაფხულის წვიმა და შემოდგომის ფერები მიყვარდა, მაგრამ ზამთარი არ მყვარებია არასდროს. მე სამყარო მიყვარდა, მისი მცდარი თუ ჭეშმარიტი კანონზომიერებებით. მე სიყვარული მიყვარდა... ჰო, მიყვარდა და ყველაზე მეტადაც იმათ შორის რისი შეყვარებაც შეიძლება. მე მჯეროდა ადამიანების და გრძნობების... სიკეთის, ერთგულების, მონატრების, გულწრფელობის, სინანულის... და ახლა იცი რა?
- რა?..
- ამათგან არც ერთი არ მწამს! არ მწამს, იმიტომ რომ ვერ ვგრძნობ... როგორ უნდა ვირწმუნო ის, რასაც ვერც ვგრძნობ და ვერც ვხედავ?!
- და ღმერთი?.. ღმერთი არ გწამს?!
- მაჯობე. დიდი ხანია გულწრფელ სინანულს ველოდები, რომ უფალთან მივიდე და ჩემი ცოდვების მძიმე ხურჯინი  მოვიხსნა. ვიცი, სინანული მიხსნის, მაგრამ ჯერ ძალიან სუსტი ვარ. და ბოლოს, ერთი სათხოვარი კიდევ დამრჩა.
- მთხოვე...
- ილოცე... ჩემთვის ილოცე. შენ ძალიან სუფთა ხარ და შენი ლოცვა აუცილებლად შეისმინება... სთხოვე ღმერთს ყველა ნიჭი დამიბრუნოს, რაც დაბადებისას მაჩუქა და ჩემი დაუდევრობით გავფლანგე. მინდა ისევ მიხაროდეს, ისევ ვიმღერო, ისევ ვხატო საკუთარი ხელებით, ისევ მიყვარდეს, ისევ მჯეროდეს... სთხოვე.
- კარგი, ვილოცებ.
- რაც მათხოვე, უკლებლივ დაგიბრუნებ. ძალიან გავუფრთხილდები. არასოდეს დამავიწყდება, რომ კიდევ ერთხელ მიმიღე და კიდევ ერთხელ მაპატიე. ერთ დღეს ყველაფერი ჩემი მექნება: თვალებიც, ხელებიც და სულიც... მჯერა. მე ღმერთის მჯერა!..
- უფალი შეგეწიოს.
- წავედი. ამჯერად დიდი ხნით არ მივდივარ, მალე დავბრუნდები!
- დაგელოდები. მე დღესაც გელოდებოდი. წადი... და რომ გახვალ, კარი არ გაიხურო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები