ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არქიტექტორი
ჟანრი: საბავშვო
22 თებერვალი, 2011


სიცხიანი დათუჩა

ავად გახდა დათუჩა,
სიცხე ჰქონდა მაღალი
და კენგურუ ექთანი
მან საოცრად დაღალა,
მოუყვანეს ექიმი,
თეთრი ქურქით,ხალათით,
დააფინა მან შუბლზე
კომბოსტო და სალათი,
თანაც გამოუწერა
სტაფილო და ჭარხალი,
მელაკუდა რეცეპტზე
გულიანად ხარხარებს.
თურმე ამ ჩვენს დათუნას
უჭამია თაფლიო,
ჰოდა ბევრი მოსვლია
აბლი,ბაბლი,ბაბლიო,
ახლა სტკივა მუცელი
ბევრი ტკბილის ჭამით
და ექიმმა კურდღელმა
ისარგებლა ამით,
აუკრძალა ტკბილები,
ტორტები და ნამცხვარი,
შოკოლადის ფილები,
ფუნთუშები დამცხვარი,
თაფლი და გოზინაყი,
ნუში,თხილი,კაკალი,
თქვა რომ კბილებს აფუჭებს,
დათუჩა კი კანკალებს
და იძახის:-ექიმო!
ცოტას შევჭამ ტკბილებსა
და გპირდები მოვუვლი
ჩემს მუცელს და კბილებსა,
ოღონდ არ ამიკრძალო
ნამცხვარი და თაფლიო,
არც დედას გავაბრაზებ
აბლი,ბაბლი ბაბლიო!
დართო ნება ექიმმა,
ჭამე ცოტა ტკბილიო,
ჰოდა სულ არ აგტკივა
მუცელი და კბილიო,
აღარც სიცხე გექნება,
არც დაგცინებს მელია,
ახლა წაველ სასწრაფოდ,
ავადმყოფნი მელიან.
ჰოდა ასე წავიდა,
ყურცქვიტელა ექიმი,
თან მიჰქონდა პირობა
დაბეჭდილი ვექილის,
ვექილი კი ყოფილა
ბრძენთაბრძენი ბუო,
მსუნაგ დათუჩელამ რომ
ვეღარ მოიტყუოს.
ცაზე ნამცხვრის მზე გორავს,
ღრუბელია ვაფლიო,
შოკოლადის ღამეა,
აბლი,ბაბლი,ბაბლიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები