ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2011


ბატონო ჩემო

ღმერთო დიადო, მფარველო და ბატონო ჩემო,
მოგმართავ თხოვნით, ერთი წუთით დამისვა ხელზე.
მინდა გიამბო რაც ოდესმე ნატვრა მქონია,
მიოცნებია ყველაზე და... არასდროს შენზე.

მამავ, ყოვლისა შემოქმედო, ბატონო ჩემო,
მოგმართავ თხოვნით, ცალი ხელი მომხვიო მხრებზე.
იცი? მე დღემდე ყველაფერზე დავფიქრებულვარ,
მე მიფიქრია სიკვდილზეც და... არასდროს შენზე.

იცი? უფალო, მოწყალევ და ბატონო ჩემო,
მე ვყიდულობდი ბოროტებას ორიოდ ვერცხლით,
მე მიყიდია სიკეთეც და თვით მიტევებაც,
ყოველთვის, ყველგან - ქონებით და... არასდროს შენით.

შენ, ღმერთო,  გლახის მშობელო და ბატონო ჩემო,
მოგმართავ თხოვნით, ხელის გულზე დამისვა წუთით...
ვიცოდი როგორ მეცხოვრა და... მაგრამ და თუმცა...
მუდამ ვცხოვრობდი სხეულით და... არასდროს სულით.

ახლა კი, ხედავ, როგორ ვიწვი სანთლების შუქზე,
პირქვე დავარდნილს - დაჩოქებაც არ შემიძლია.
წარსულის შიშმა მოითხოვა ხარკი და ვტირი...
ვტირი ყოველ დღეს, რაც მე შენით არ შემივსია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები