(ჩემი სოფლის ამბებიდან)
ეს ამბავი როდინდელია, ვერაფრით დავადგინე. იმაზე მოგახსენებთ, ერთხელ მტერი რომ მოსდგომია ჩვენს სოფელს. ჰო, მტერი, მაგრამ დიდი ლაშქარი კი არა, ერთი პატარა რაზმი ყოფილა. ვინ იყვნენ იმ რაზმში, ისიც არავინ იცის კარგად. ზოგი ამბობს, მე-18 საუკუნის ამბავია, თურქები იყვნენო. სხვები ფიქრობენ, ოსებმა გადმოაღწიეს აქამდეო, ზოგსაც 1921 წელს მომხდარად მიაჩნია, საქართველოს დასაპყრობად შემოსული რუსული ჯარის ერთ-ერთი რაზმი ჩვენთანაც შემოხეტებულაო. სოფლის ზემოთ, ციცაბო ფერდობის თავზე, მაღალ სერზე გაშლილ პატარა უბანში ერთ დღეს ჩოჩქოლი ატყდა თურმე: - მტერი მოდის, მტერიო! - არიქა, ჩვენ ამათ ვერ გავუმკლავდებით, შეიძლება ყველანი დავიხოცოთ, მაგრამ, სანამ ჩვენ გაგვანადგურებენ, დაბლა, სოფელს უნდა გადავძახოთ, ჩქარა უნდა გავაგებინოთ მტრის მოსვლაო. - რომ გავაგზავნოთ ვინმე არ აჯობებსო? - უკითხავს ვიღაცას. - არაო, უპასუხნია ყველაზე უხუცესს, სანამ იქ ვინმე ჩავიდოდეს, დრო დაიკარგება, აქედან დაძახება აჯობებს, მთელი სოფელი ერთად გაიგებს მტრის მოსვლასო. მტრის რაზმი კი ნელა უახლოვდებოდა თურმე სერის უბანს. იქედან სოფელი მთლიანად არ ჩანდა და ამიტომ სერზე მცხოვრებლებს მოუფიქრებიათ, რომ მაცნე ანუ მათებურად, გადამძახებელი, ვინც სოფელს მტრის მოსვლას შეატყობინებდა, რაიმე მაღალზე შეეყენებინათ, რათა მისი ხმა დაბლა მთელ სოფელს მისწვდომოდა. იქვე მდგარი რამდენიმე ხე პატარად მოჩვენებიათ და უხუცესს უცებ გადაუწყვეტია: - აბა, ჩქარა, ყველანი სახლებში გაიქეცით და რაც სკამები გაქვთ აქ მოიტანეთო. მალე ერთ ადგილას შეუგროვებიათ რამდენიმე ათეული სკამი და თან იარაღიც აუსხამს ყველას. - ახლა ეს სკამები ერთმანეთზე შედგით და ზედ გადამძახებელი ავუშვათო! - ისევ უბრძანებია უხუცესს. დაიუწყიათ სკამების ერთმანეთზე დადგმა, გადამძახებელიც მოუძებნიათ - მეველე ხარიტონი, ყველაზე დიდი ხმა შენ გაქვსო. აუშვიათ ხარიტონი სკამებზე, თან ქვემოდან აწოდებდნენ თურმე სხვებს, რომელსაც იგი ერთმანეთზე აწყობდა და მაღლა მიიწევდა. - ნელა, ხარიტონ, ნელა, არ შეგეშინდეს, როცა მთელ სოფელს დაინახავ, მაშინ გადაძახეო, - აფრთხილებდნენ ქვემოდან ერთად შეკრებილი მეზობლები. ორმოცდაათამდე ერთმანეთზე დადგმული სკამის თავზე მოქცეულა ხარიტონი მალე და როცა დაბლა მთელი სოფელი თვალწინ გადაშლია, ღრმად ჩაუსუნთქავს და მთელი ხმით დაუღრიალებია: - ხალხო, თავს უშველეთ, მტერი მოდის, მტერიიი! მისი ხმა გრიალით დაშვებულა სოფლისაკენ, მერე მთებს შესკდომია და რამდენიმეჯერ ექოდ განმეორებულა. მოახლოებული მტრის რაზმი მაცნეს ღრიალზე შემდგარა და მისკენ ზარბაზანი უსვრია. იგრიალა ზარბაზანმა თურმე და ისედაც მოქანავე, ერთმანეთზე დადგმული სკამები ციცაბო ფერდობისაკენ გადაქანებულან მთლიანად, მერე რახა-რუხით ჩაცვენილან დაბლა და მყვირალი კაციც სოფლისაკენ გადავარდნილა. ამის მხილველ მეზობლებს ისეთი წივილ-კივილი აუტეხავთ, რომ ლამის ცა შეძრულა. მეველე ხარიტონი კი განწირული მიფრინავდა ქვემოთ... ეჰ, ცუდი ამბავი დატრიალდებოდა სოფელშიო, - ფიქრობთ, ალბათ, თქვენ. თქვენც არ მომიკვდეთ, ყველაფერი კარგად დამთავრებულა. ხარიტონისა და მისი მეზობლების ყვირილსა და კივილზე მომხვდურები შემდგარან, მერე სასწრაფოდ შეიარაღებული ხალხი - დიდი და პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი, მოზარდი თუ ბავშვი რომ დაუნახავთ, შეშინებიათ ასეთი ერთიანობისა, ვერ გაუბედავთ მათთან შებმა და უკან გაბრუნებულან. მაცნეს, მიუხედავად გადმოვარდნისა, თავისი საქმე გაუკეთებია. დაბლა, სოფელში გაუგიათ ავი ამბავი, სასწრაფოდ შეკრებილა მოზრდილი რაზმი და სერისაკენ გაქცეულა მტერთან შესაბრძოლებლად, თუმცა იქ მტერი აღარ დახვედრია. - ასე როგორ შეაშინეთ, მართლა მოდიოდა მტერი ჩვენკენ, თუ ტყუილად აგვაფორიაქეთო? - ეკითხებოდნენ ქვემოდან ასულები სერზე მცხოვრებლებს. - მართლა, მართლა მოდიოდნენ, მაგრამ ვერ გაგვიგია, ნუთუ შეეშინდათ და უკან გაბრუნდნენო?! - გაკვირვებული ყოფილან ისინიც. მერე ყველანი კვალში ჩასდგომიან დუშმანს, მაგრამ ვეღარ დასწევიან. მაცნეს ანუ გადამძახებელ ხარიტონს რაღა დაემართაო? - იკითხავთ, ალბათ. ისიც უვნებლად გადარჩენილა. ხარიტონს დაბლა, სოფელში ქალიშვილი ჰყოლია გათხოვილი. სიძის სახლი სწორედ იმ მაღალი სერის ძირას მდგარა, საიდანაც გადამძახებელი გადავარდნილა. კარგად მოგეხსენებათ, რომ გლეხის ეზოში სახლის ახლოს სხვა ნაგებობებთან ერთად საბძელი და ბოსელიცაა, მათთან კი, უკაცრავად და, სანეხვე ადგილია, სადაც წლობით გროვდება ბოსლიდან გადაყრილი ნეხვი ანუ ნაკელი. სწორედ იმ ნეხვში ჩავარდნილა ხარიტონი და მიუხედევად იმისა, რომ ყელამდე ჩაფლულა და მთლიანად ამოსვრილა მასში, სამაგიეროდ უვნებლად გადარჩენილა. იმ დროს, როცა გადამძახებელი ჩავარდნილა ნეხვის გროვაში, ეზოში ბავშვები თამაშობდნენ თურმე და მისი პატარა შვილიშვილი შურდულივით შევარდნილა შინ შეშინებული: - დედა, დედა, გამოიხედე, ბაბუა ჩამოვარდა ციდანო!.. ციდან ჩამოვარდნილი მაცნე სიძე-ქალიშვილსა თუ მათ მეზობლებს ამოუყვანიათ ნეხვის გროვიდან და მერე მთელი დღე ბანდნენ თურმე. წუნწუხში ამოსვრილი ტანსაცმელი გაუხდიათ, გადაუყრიათ და სხვა სამოსით შეუმოსავთ. ნაკელში ამოვლებულ ბაბუას შვილიშვილების თვალში საკმაოდ დაჰკარგვია ფასი, მაგრამ სამაგიეროდ სოფელში ბევრს თავგანწირულ კაცად უღიარებია, რადგან ამ მოვლენის მთავარი მონაწილე და ყველაზე დაზარალებულიც ის ყოფილა. ზოგიერთი ენაკვიმატი კი იძახდა თურმე: - ნეხვში გორაობა რა თავგანწირვააო?!. - თავგანწირული კი არა, ნეხვისგან გადარჩენილია ჩვენი ხარიტონიო... სერიდან ჩამოცვენილ სკამები კი მთელი თვის განმავლობაში უძებნიათ და უგროვებიათ ტყიან ფერდობზე. გადარჩენილა ხარიტონი და გადარჩენილა სოფელიც. ჰოდა, ის კი აღარ ახსოვთ კარგად, როდის მომხდარა ეს ამბავი და ვისი რაზმი შეუშინებიათ ჩვენებს - თურქების, ოსების თუ რუსების?... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას? მტერი მტერია, ღმერთმა ყველა დაგვამარცხებინოს!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ძAლიან კარგია ძAლიან კარგია
9. მეც მომეწონა!!! მოფიკითხე და გისალმე ბატონო გივი!!! გაიხარე შენა!!! მეც მომეწონა!!! მოფიკითხე და გისალმე ბატონო გივი!!! გაიხარე შენა!!!
8. ზრაპარივითაა თუ ზრაპარია...კოხტა კია...:))) ზრაპარივითაა თუ ზრაპარია...კოხტა კია...:)))
7. როგორ მიყვარს ამათი ამბები:) სიამოვნებით გადავიკითხე კიდევ:) როგორ მიყვარს ამათი ამბები:) სიამოვნებით გადავიკითხე კიდევ:)
6. როგორ მიყვარს ამათი ამბები:) სიამოვნებით გადავიკითხე კიდევ:) როგორ მიყვარს ამათი ამბები:) სიამოვნებით გადავიკითხე კიდევ:)
5. მომეწონა,კარგი ამბავია:)ფინალი ხომ საერთოდ:D ++++++++ მომეწონა,კარგი ამბავია:)ფინალი ხომ საერთოდ:D ++++++++
4. ყოჩაღ ხარიტონს!! :) :) ძალიან მომეწონა ++ ყოჩაღ ხარიტონს!! :) :) ძალიან მომეწონა ++
3. საცოდავი ხარიტონი!მთავარია მტერი ხომ უკუიქცა!კარგადაა მოთხრობილი!:) საცოდავი ხარიტონი!მთავარია მტერი ხომ უკუიქცა!კარგადაა მოთხრობილი!:)
2. საწყალი ხარიტონი!..მაინც გამახალისა მისმა ფრენის ტრაექტორიამ... :) არადა, თავიდან მოვლენების სულ სხვა განვითარებას ველოდი... საწყალი ხარიტონი!..მაინც გამახალისა მისმა ფრენის ტრაექტორიამ... :) არადა, თავიდან მოვლენების სულ სხვა განვითარებას ველოდი...
1. :)))))) მაგარი ისტორიაა! სახალისოცაა და დამაფიქრებელიც. :) 5 :)))))) მაგარი ისტორიაა! სახალისოცაა და დამაფიქრებელიც. :) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|