ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2011


ვამბობ: ისუნთქე...

ვამბობ: ისუნთქე...
თვალებში ჩამდგარ დეკემბერს ვახელ,
როცა მოგონებების მოლბერტია
მშვიდი ოთახი
და გაურკვეველ მელოდიას ისმენს კედლები,
ფანჯრებს ვხურავ ან ამ ბოლო დროს
სულაც არ ვაღებ,
აღმოსავლური ხალიჩაა ჩემთან ზამთარი,
ვჯდები მუხლებზე.
ფინჯანით - ჩაი.
მწვანე გვიმრასთან ხშირად ვყვები ათასგვარ ზღაპრებს,
მარტოობის ჭიპლარს ვხსნი ღამეს,
ახლა უკვე ათასმეერთედ.
ვამბობ: ისუნთქე...
გარეთ ყვირის ვიღაც მოლოდინს,
ქუჩებს არ უყვართ სიცივეში ამდენი მოცდა,
მე ვეძებ სურნელს,
თითებიდან რომ შერჩა სახლს და
სხეულზე ვიცვამ.
სრული ნირვანა.
დამიცადე!
დამიცადე!
დამიცადე!
კედლები უკვე სარკმელიდან იწყებს გაპარვას.
ვიცი, რომ მოხვალ...

გამთენიისას
შენს დარჩენილ ნაცრიფერ კაშნეს
ყელზე მოვიხვევ,
ვწვები და...
ვ ს უ ნ თ ქ ა ვ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები