 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 1 მარტი, 2011 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
„Мы не творим зло Это зло творит нас“
შეღამებას უკლდა სულ რამდენიმე ამოსუნთქვა, როცა მშვიდი ნაბიჯით გადაჭრა ტროტუარი საშუალო სიმაღლის მამაკაცმა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მხრები მსუბუქად მოეწურა სიცივისგან. სახეზე ჩრდილად გადაჰკვროდა უსიამოვნო განცდა, რომელიც, კარგად თუ დააკვირდებოდით, სულაც არ იყო ამინდის ბრალი. ერთიანად შავ ფერში გამოწყობილი მამაკაცი დაძაბული, თუმცა მშვიდი ნაბიჯებით შევიდა აფთიაქში და ცოტა ხნით შეყოვნდა იქ. ზუსტად ამ დროს, როცა იგი შენობაში გაუჩინარდა, ხის უკან მდგარი ქალი თამამად გასწორდა წელში, თმა შეარხია და მეტი დამაჯერებლობით პირდაპირ მისი მანქანისკენ აიღო გეზი. რარიგ შვენოდა ქარში ურცხვად აწეწილი თმა.. ის მის მანქანასთან დაიხარა და ფურცლის ნაგლეჯი საქარე მინასთან ჩაამაგრა. აფთიაქისკენ გააპარა მზერა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კაცი ჯერ კიდევ არ აპირებდა გამოსვლას. უცებ გააცია, თავში ათასი ბინძური აზრი უძვრებოდა და გონებას უმღვრევდა. ბავშვობიდან ეგონა, რომ სიავეს მწარე გემო ჰქონდა, რომელსაც ახლა ნერწყვთან ერთად ყლაპავდა გაჭირვებით. ცრემლები რა ხანია დაშრა.. თვალებს კი უჩვეულო ელფერი დაჰკრავთ, სადღაც ტკივილსა და სიცარიელეს შორის არსებული. ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და ზამთრის სუსხით გაივსო ფილტვები. არასოდეს არაფერი უნანია, ამისთვის დროც კი არ ემეტებოდა. ახლაც იდგა მისი მანქანის გვერდით და წინასწარ ზეიმობდა რაღაცას სიავეშეპარული სიხარულით. არადა რანი არიან განცდები? კრისტალებივით ცვლადი ფიგურები, რომლებსაც სხვადასხვა განათებაში ინდივიდუალური შეფერილობა აქვთ. სად გადის ზღვარი ბოროტებასა და აუცილებლობას შორის? ზღვარს თავად ადამიანები ვადგენთ, თუმცა რატომღაც ერთმანეთს ვსჯით საკუთარი სუბიექტურობით. მას ფეხებზე ეკიდა სხვათა აზრი, რადგან დარწმუნებით იცოდა, რომ განცდათა კრისტალურობის მიუხედავად ყველა ადამიანს მხოლოდ თავისი, ერთადერთი ინდივიდუალური ხედვა აქვს. ქალი სწრაფი ნაბიჯით გაემართა ახლოს მდებარე კაფესკენ. გზაში ერთხელაც არ მოუხედავს. სიამაყე შვენოდა.. მალევე გამოვიდა კაცი აფთიაქიდან. ხელში მცირე ზომის პარკი ეჭირა. თავჩაღუნული მოდიოდა, ერთხელაც არ აუხედავს მაღლა. რა სიმბოლურია... მანქანასთან მიახლოებისთანავე შენიშნა ფურცელი. კარი გამოაღო სწრაფად, უკანა სავარძელზე პარკი გადადო და თავად მცირე ზომის ფურცელს ჩააშტერდა. მასზე ადვილად ამოიცნობდით ქალის კალიგრაფიას, თუმცა მსუბუქად გაკრული ხელი ჰქონდა დამწერს. უცნობი ქალბატონი შეხვედრას უნიშნავდა ერთ-ერთ ბარში. ბოლოში მიწერილმა ფრაზამ კი საბოლოოდ თავ-გზა აუბნია მამაკაცს. „ ...ასე მგონია, მე დაგაჯერებთ ღმერთის არსებობას, რადგან ვხედავ, როგორ სწყურიათ თქვენს თვალებს სასწაული “. რა უცნაურია ცხოვრება. წუთის წინ აფთიაქში მოღუშულსახიან გოგონასთან ტკივილგამაყუჩებელს ყიდულობდა, ახლა კი დგას საკუთარ მანქანასთან და იმდენად უცხო განცდა ეძალება, რომ წუთით ტკივილიც კი გაუყუჩდა. შეგრძნებები ყველაზე ძლიერი წამლებია, მთავარია დოზა არ გადააჭარბო...
მთელი საღამო მოუსვენრად იყო კაცი. ბოლთას სცემდა და საათისკენ აპარებდა მზერას მალი-მალ. აგერ უკვე ოცდათხუთმეტამდე წლის შესრულდა და ახლა პატარა ბიჭივით ვერ პოულობდა მოსვენებას ამ უცნაური რანდევუს წინ. აოცებდა თავისი საქციელი, უფრო სწორად კი ფორიაქი, რომელიც ასე მოსდებოდა მის სხეულს. ასეთი განცდა მხოლოდ მაშინ თუ აქვს ადამიანს, როცა იცის, რომ მალე აღსასრულს ეწევა და მაინც წარბშეუხრელად მიდის ამისკენ. უფრო მეტიც კი! იგი აღფრთოვანებაში მოჰყავს თავისსავე მედგარ საქციელს. დაახლოებით ასეთი განცდა ჰქონდა ახლა ამ კაცს, რომელიც ფიქრებში მხოლოდ იმ უცნობი ქალბატონის პორტრეტის აგებას ცდილობდა. უკვირდა, რომ ვერაფრით მოარგო ნაკვთები, ტანსაცმელი, მიმიკები... მხოლოდ ამ კაცის განცდებით იმოსებოდა ეს ქალი. „ასე იცის უსაქმოდ ყოფნამ“ - უხეიროდ გაიფიქრა მან და ყავა ჩამოისხა ძველებურ ჭიქაში. მართლაც ცოტა ხნის წინ სამსახური დაკარგა და ახლა მხოლოდ თავის ტკივილებით სავსე უნაყოფო დღეები ჰქონდა. თან ეს ზამთარიც როგორ აწვება ხასიათს მძიმედ, უფრო ამუქებს და ყინავს მას. კაცმა სიგარეტს მოუკიდა და ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ შეეცადა ქალის წარმოდგენას, თუმცა კვლავ უშედეგოდ.
ზუსტად ამ დროს, ქალაქის სულ სხვა წერტილში, ქალი სარკესთან იდგა მთელი თავისი ეშხით და ცდილობდა შავი თვალების სიღრმე უფრო გამოეკვეთა ფანქრით. უნდოდ გაბუსხული ტუჩები მუქ სისხლისფრად შეეღება. ღამისფერი ტალღები ეფინა ნახევრად მოშიშვლებულ ზურგზე. უხდებოდა თავისუფლებით სავსე დალალები, ისინი თითქოს პატრონის ხასიათს გასცემდნენ. დიახ, ქალიც ასეთი იყო, - თავისუფლებით სავსე და თამამი. თუმცა მხოლოდ ძალზე დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევდა მისი თვალების ფსკერზე არსებულ ტკივილს. სასწაულია, როგორ გამოსდით ქალებს ასე ოსტატურად ტკივილის დამალვა და მათი განუმეორებელ ხიბლად ქცევა? იდგა ქალურობით აღსავსე სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს საყვედურობდა მდუმარედ.. დრო კი ქვიშის საათივით მარცვლავდა წამებს.. „მოწყალე მხოლოდ უფალია, მე არ მევალება ვიყო იდეალური“. მზერა გაკვესა დახურული გულისპირისკენ, სადაც დიდი ხანია ფეთქვა შეეწყვიტა გულს. წარმოგიდგენიათ რა საოცარია ადამიანთა შეგრძნებები? ისინი ერთმანეთს ეძებენ მუდამჟამს და მხოლოდ თანხვედრის შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე საკუთარ არარსებობას. სასწაული ხომ ზუსტად მაშინ ქრება, როცა ირწმუნებ მას... ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა, როცა ქალმა ჩანთა გადაიკიდა ამაყად გამართულ მხარზე და გრამი სინანულიც კი არ წაიღო შეხვედრაზე. მანქანაშიც არ უფიქრია ბევრი, უბრალოდ წარსულს ფურცლავდა საოჯახო ალბომივით და ამოხეული ფურცლები სტკიოდა...
გრაციოზული სიამაყით შეაბიჯა ბარში, სადაც მკრთალი შუქი ტალღასავით ეფინებოდა მაგიდებს. კუთხეში მჯდარი მამაკაცი შემოსასვლელ კარს ისე მისჩერებოდა, რომ ქალს წამით ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე. რამდენიმე წუთში უკვე მის მაგიდასთან ჩამოჯდა. თავაზიანად დაუკრა თავი და კაცის მწვანედ გამორეცხილ თვალებს გაუსწორა მტკიცე მზერა. - იმედია დაგვიანებისთვის არ დამძრახავ, ხომ იცი, სასწაულებს ისევე მალე შეუძლიათ გაქრობა, როგორც დაბადება. კაცი გაოცებას ძლივს მალავდა. შეყურებდა მის წინაშე მყოფ ქალს და ასე ეგონა, რომ მთელი ცხოვრება მის თვალებს ნატრობდა. ეს განცდა უფრო მატულობდა სისხლში და სასმელთან ერთად ტვინში იწყებდა დალექვას. ქალმა ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და ნება-ნება გააბოლა. კაცი წუთით გონს მოეგო და ღიმილი მოირგო ტუჩებზე. - არ მეგონა ამ ასაკში ვინმე თუ მოახერხებდა ჩემს გაოცებას, უნდა ვაღიარო დამაინტრიგე. ქალმა თვალები დახარა და საფერფლეს ესროლა მზერაში გაჩენილი ავი ნაპერწკლები. „ახლა მხოლოდ საკუთარი მიმიკებისა და მზერის ფლობაა საჭირო“, - ფიქრობდა ის. - მგონია, რომ გჭირდებით. ამაზე თქვენი ამოღამებული უპეები და მსუბუქად მთრთოლვალე ხელები მეტყველებენ. თქვა მტკიცედ ქალმა და მკვეთრად ამოხედა მას. კაცს ღიმილი გაუქრა. უფრო მეტი ეჭვით დააკვირდა ქალს და წუთით ისიც იფიქრა, რომ მის წინ ახლა ილუზია განსხეულებულიყო. ნახევრადჩამწვარი სიგარეტი საფერფლეს მიასრისა და ვისკი გადაჰკრა. ქალი მშვიდი იყო, მხოლოდ მისი მოელვარე თვალები კვეთდნენ სივრცეს. - როგორ მიპოვეთ? ხმა გაბზარვოდა კაცს. - მე არ მიპოვნიხართ, თქვენ თავად მეძებდით მე. რა უცნაურია, ღმერთმანი. იჯდე ბარში უცნობ ქალთან ერთად და ისეთი განცდა გეუფლებოდეს, თითქოს აქამდე არც კი არსებობდი. (რა სენტიმენტალურია, როცა მხოლოდ ვიღაცის თვალები არის შენი არსებობის მიზეზი). შუაღამემდე ისხდნენ ბარში, თუმცა არცერთ ყოფით საკითხს არ შეხებიან, მხოლოდ განცდებს უტოლებდნენ ერთმანეთს, რათა მათი თანხვედრა დაეგემოვნებინათ. ბოლოს კაცმა სახლში დაპატიჟა ქალი და წინასწარ მოუბოდიშა მის ბინაში არსებული არეულობის გამო. ქალს გაეღიმა მის თავდაჯერებულობაზე. მხოლოდ ძლიერ მამაკაცებს შეუძლიათ სრულ არარაობამდე მისულ მდგომარეობაშიც კი იყვნენ თავდაჯერებულები და მხოლოდ მათ ძალუძთ ამ ქვეყნად ყველაზე შეშლილი სიყვარული. ქალი გრძნობის ქსელს ართავდა მდუმარედ და კაცის შემოსვას ცდილობდა...
მანქანაში ორივე ჩუმად იჯდა. თითქოს დუმილის სიღრმეს ამოწმებენო. ზამთრის სუსხის მიუხედავად მინა ჩაეწია ქალს და ნაკვთებს ისუსხავდა ყინვის ნაგლეჯებით. მიექანებოდა ბედისწერასთან შესახვედრად და ცდილობდა მეტი სიძლიერე აღეძრა სულის მიმალულ კუნჭულებში. შეცდომები არ მეორდებიან და თუ მაინც იმეორებს ადამიანი რომელიმე მათგანს, მაშინ მათ მიერ გამოწვეული სინანულიც იცვლება. - შენი ტკივილის მიზეზად რომ ვიქცე, რას იზამ? ჰკითხა უეცრად ქალმა და კაცის პროფილს გახედა. თითქოს ბარში მზერების გაცვლის შემდეგ არც ისე დარწმუნებული იყო თავისი მიზნის მართებულობაში. ახლაც კაცისგან ელოდა შველას... - ხომ იცი ტკივილის ადგილი სად არის? ქალს ხმა არ ამოუღია, მზერა მოარიდა. კაცმა თავადვე გასცა პასუხი. - მისი ადგილი სულშია, მე კი მზად ვარ ეს ტკივილი მთელი ცხოვრება ვატარო. ქალს ერთ დროს გაჩერებული გული მოეწურა. - ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა? ცდილობდა ცინიზმი მოეშველიებინა. კაცმა არც კი შეიმჩნია ქალის ვითომ გულგრილი კითხვა. - მე ერთი ნახვით შეშლის მჯერა. უხდებოდა ეს თავდაჯერება, რომელიც პიკს აღწევდა და ქალს ფიქრებს უკაწრავდა. არცერთს ამოუღია ხმა სახლში მისვლამდე. შავ-ბნელ მოსახვევებში ცოდვები იბადებოდნენ და უსახლკარო სულებს ეძებდნენ...
მოკრძალებულ, თუმცა ერთობ არეულ ბინას ეტყობოდა, რომ მასში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა. ნივთები უსარგებლოდ მიეყარათ კუთხეებში და მაგიდაზე წიგნების გროვა იწონებდა თავს. - მიყვარს, როცა პერსონაჟებს დამალობანას ვეთამაშები. თავი იმართლა კაცმა და ქალის სავსე ტუჩებზე ჩამოაყრდნო წამით მზერა. - და მერე, ვინ იგებს ხოლმე, შენ პოულობ მათ თუ პირიქით? - წიგნების რაოდენობით თუ იმსჯელებ, ალბათ მიხვდები, რომ იმაზე უკეთ ვიმალები, ვიდრე მათ ჰგონიათ. ხედავ რამდენი მეძებს? ქალი მაგიდისკენ წავიდა. მსუბუქი, თუმცა მსუყე სიარული ჰქონდა. წიგნების ერთი ნაწილი გვერდით გადაწია და მაგიდაზე შემოჯდა. - მათ უბრალოდ არ იციან სად უნდა გეძებონ. უთხრა მაცდური ღიმილით და თავდახრილმა ეშმაკურად ამოხედა კაცს. კაცმა იგრძნო, როგორ დაებერა სისხლძარღვები და როგორ მძიმედ თუმცა გამეტებით დაიწყო სისხლმა მსვლელობა. ფრთხილად მიუახლოვდა ქალს, როგორც ცხოველი ნანადირევს და ქალის ნახევრად შეხსნილ კაბას შეავლო ხელი. ხელისგულით მსუბუქად ასწია კაბის კალთა ისე, რომ მზერა არ მოუშორებია ქალისთვის. - შენ ხომ მიპოვე, ესაა მთავარი, დანარჩენი უბრალოდ ილუზიაა.. ეჩურჩულებოდა კაცი და ქალის ყელთან აშიშვლებდა სუნთქვას. ქალმა თვალები დახუჭა და თავი მსუბუქად გადახარა უკან.. - იქნებ თავად მე ვარ ილუზია?.. უგონოდ გაისმა კითხვა სივრცეში, რომელიც გახშირებულმა სუნთქვამ და სხეულის პულსაციამ გადაფარა. კაცი ნაზად, თუმცა დამაჯერებლად ეხებოდა ქალის ნახევრადშიშველ ფეხებს და კოცნით უდაღავდა ყელს. ზუსტად მაშინ, როცა ვნებამ ფორმა მიიღო, ქალმა უხეშად ჰკრა ხელი მამაკაცს და წამოდგომა სცადა. - შენ ნაბიჭვარი ხარ! იყვირა მან და ამდენი ხნის დაგუბებულმა ცრემლებმა დატბორეს მზერა. კაცი სწრაფად წამოდგა იატაკიდან და ქალს მიუახლოვდა. თუმცა ვერ ხვდებოდა რა იყო ქალის ასეთი გამხეცებული აგრესიის მიზეზი, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უფრო ახელებდა მას. ძლიერ მოუჭირა ხელისგულები ყბებზე და კბილებში გამოსცრა. - მე თუ ნაბიჭვარი ვარ, მაშინ შენ კახპა ყოფილხარ... ქალის ნაკვთებზე სიამაყემ იფეთქა წამით და შეეცადა უთქმელი პროტესტით გამოეხატა თავისი განრისხება, თუმცა კაცის ხელისგულები ისე უჭერდა, რომ თავიც კი ვერ გაატოკა. იგი უხეშად ეცა ტუჩებში და კოცნა დაუწყო. ქალმა ისე ძლიერ უკბინა კაცს ქვედა ტუჩზე, რომ მას სისხლი წასკდა და ყრუდ დაიგმინა. - მე შენ ტკივილისგან მინდა გადაგარჩინო, როგორ არ გესმის.. ეს არ უნდა მოხდეს, თორემ შეიშლები.. არწმუნებდა ქალი და ახლა თავად ეხვეოდა მის განიერ მხრებს. - უკვე.. მე უკვე შევიშალე.. ჩაიჩურჩულა კაცმა და ქალი მაგიდაზე გადააწვინა. გზას თავისით იკვლევდნენ დასიცხული ხელისგულები, ახრჩობდნენ სურვილს ალაგ-ალაგ, თუმცა ვნება ისეთი სიცხადით წაჰკიდებოდა სხეულებს, რომ ახლა სიკვდილიც კი ვერ გააყუჩებდა მას. გონებაში იღვენთებოდა და ტვინს წვავდა შეგრძნებები.. ისეთი სიშმაგე იგრძნობოდა თითოეულ შეხებაში, რომ არც კი გაუხდიათ სამოსი ისე შეწირეს თავი ყველაზე დიდ გრძნობას! ძირს ეყარნენ წიგნები.. შურით ივსებოდნენ პერსონაჟები, რათა თავად არასოდეს ეგრძნოთ ასეთი სიცხადით სავსე სასწაული.. ჰაერი ორგაზმისგან დაფლეთილიყო..
მეორე დილით, როცა ალიონი იწვა ცაზე, კაცს გამოეღვიძა. ალბათ ასეთი სახე მხოლოდ მაშინ აქვთ ადამიანებს, როცა საკუთარი სიკვდილის ცნობას იგებენ. სახლი ცარიელი იყო.. არანაირი ხმა არ აღვევდა ამ სამარისებურ სივრცეს. ბალიშზე ფურცელი იდო..
„მე მსურდა შენს ტკივილად ვქცეულიყავი, რადგან წლების წინ, როცა საჭე ვერაფრით დაიმორჩილე, შენ გახდი ჩემი უბედურების მიზეზი და შენს გამო შვილი დავკარგე... რა მოხდებოდა მაშინ მანქანა, რომ გაგეჩერებინა და ასე ურცხვად არ დაგეკიდებინა ფეხებზე შენს ბორბლებთან აღმოჩენილი არსება? დღეიდან ორივე გადავიხდით შენი სიმხდალის საფასურს.. იცი, უთქმელად გაქრობას ვაპირებდი, რომ არა ერთი ფაქტორი... უთქმელი დარდისთვის ვერ გაგიმეტე, რადგან მთელი სხეულით ვიგრძენი, როგორ გავხდი შენი სულის წარუშლელი ტკივილი. და ვინ იცის, იქნებ სხვა დროს, სულ სხვა ვითარებაში ერთმანეთის ბედნიერების მიზეზიც კი ვყოფილიყავით, იქნებ..
შენს ბედისწერად ქცეული განცდა“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ცხოვრების გზაზე ხშირად ვხვდებით საკუთარ ორეულებს და უნებურად ვუვლით გვერდს :)
ცხოვრების გზაზე ხშირად ვხვდებით საკუთარ ორეულებს და უნებურად ვუვლით გვერდს :)
14. "ორჯერ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებიც არც ერთხელ არ ცხოვრობენ." რუკერტი
"ორჯერ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებიც არც ერთხელ არ ცხოვრობენ." რუკერტი
13. შეგრძნებები ყველაზე ძლიერი წამლებია, მთავარია დოზა არ გადააჭარბო...<<და როგორი ძნელია, აკონტროლო დოზა, როცა ,,შემჯდარი" ხარ =)
სასწაული ხომ ზუსტად მაშინ ქრება, როცა ირწმუნებ მას...<<პირიქით მგონია კი არა, ვიცი =)
რა უცნაურია, ღმერთმანი. იჯდე ბარში უცნობ ქალთან ერთად და ისეთი განცდა გეუფლებოდეს, თითქოს აქამდე არც კი არსებობდი. (რა სენტიმენტალურია, როცა მხოლოდ ვიღაცის თვალები არის შენი არსებობის მიზეზი).<<აჰ, რამხელა ირონიაა =)
და ბოლო =)
შემიძლია აქვე გითხრა, რომ ზუსტად ამ ნაწერს ველოდი =) (ბოლო დღეები, ანუ) შეგრძნებები ყველაზე ძლიერი წამლებია, მთავარია დოზა არ გადააჭარბო...<<და როგორი ძნელია, აკონტროლო დოზა, როცა ,,შემჯდარი" ხარ =)
სასწაული ხომ ზუსტად მაშინ ქრება, როცა ირწმუნებ მას...<<პირიქით მგონია კი არა, ვიცი =)
რა უცნაურია, ღმერთმანი. იჯდე ბარში უცნობ ქალთან ერთად და ისეთი განცდა გეუფლებოდეს, თითქოს აქამდე არც კი არსებობდი. (რა სენტიმენტალურია, როცა მხოლოდ ვიღაცის თვალები არის შენი არსებობის მიზეზი).<<აჰ, რამხელა ირონიაა =)
და ბოლო =)
შემიძლია აქვე გითხრა, რომ ზუსტად ამ ნაწერს ველოდი =) (ბოლო დღეები, ანუ)
11. ფსიქოლოგიური ნაწარმოებია, ნელა მიმდინარე განცდებით, იდულალი შეგრძნებებით, სიამოვნებით ვკითხულობ! ფსიქოლოგიური ნაწარმოებია, ნელა მიმდინარე განცდებით, იდულალი შეგრძნებებით, სიამოვნებით ვკითხულობ!
10. ეს არ უნდა მოხდეს, თორემ შეიშლები..
მგონია, რომ ეს სიტყვები კაცს უფრო ეკუთვნოდა
ნაწერი მომეწონა... ფრიად... 5 ეს არ უნდა მოხდეს, თორემ შეიშლები..
მგონია, რომ ეს სიტყვები კაცს უფრო ეკუთვნოდა
ნაწერი მომეწონა... ფრიად... 5
9. დაბადების დღეს მეც გულით გილოცავ...:-* მახსოვს შენი სხვა ნაწერი მომეწონა...უბრალოდ ასეთი თემები არ მხიბლავს...მგონი ეს ერთხელ უკვე ვთქვი... კიდევ ერთხელ ბოდისი ავტორთან...:( დაბადების დღეს მეც გულით გილოცავ...:-* მახსოვს შენი სხვა ნაწერი მომეწონა...უბრალოდ ასეთი თემები არ მხიბლავს...მგონი ეს ერთხელ უკვე ვთქვი... კიდევ ერთხელ ბოდისი ავტორთან...:(
8. ბოლოს კაცმა სახლში დაპატიჟა ქალი და წინასწარ მოუბოდიშა მის ბინაში არსებული არეულობის გამო. ქალს გაეღიმა მის თავდაჯერებულობაზე. თავისუფლად შეეძლო მიელაგებინა წინასწარ...:)
მეგონა წერილის ბოლოს მიუწერდა: "შუდსი მჭირსო"...:)
მაპატიოს ავტორმა, ვერ აღვფრთოვანდი....:-* ბოლოს კაცმა სახლში დაპატიჟა ქალი და წინასწარ მოუბოდიშა მის ბინაში არსებული არეულობის გამო. ქალს გაეღიმა მის თავდაჯერებულობაზე. თავისუფლად შეეძლო მიელაგებინა წინასწარ...:)
მეგონა წერილის ბოლოს მიუწერდა: "შუდსი მჭირსო"...:)
მაპატიოს ავტორმა, ვერ აღვფრთოვანდი....:-*
7. მოულოდნელი ფინალით... მომეწონა მოულოდნელი ფინალით... მომეწონა
6. როგორც წვეთში ზღვა, ისე იკითხება შენს ნოველაში რომანი :)
როგორც წვეთში ზღვა, ისე იკითხება შენს ნოველაში რომანი :)
5. ჰმ...საინტერესო ავტორი... თანაც ფრიად!!! 55555! ჰმ...საინტერესო ავტორი... თანაც ფრიად!!! 55555!
4. გილოცავ ქეთი,დაბადების დღეს :)
იხარე და იბედნიერე :)
გილოცავ ქეთი,დაბადების დღეს :)
იხარე და იბედნიერე :)
3. შეგრძნებები ყველაზე ძლიერი წამლებია, მთავარია დოზა არ გადააჭარბო...
სასწაულია, როგორ გამოსდით ქალებს ასე ოსტატურად ტკივილის დამალვა და მათი განუმეორებელ ხიბლად ქცევა?
555 შეგრძნებები ყველაზე ძლიერი წამლებია, მთავარია დოზა არ გადააჭარბო...
სასწაულია, როგორ გამოსდით ქალებს ასე ოსტატურად ტკივილის დამალვა და მათი განუმეორებელ ხიბლად ქცევა?
555
2. :)) საშინლად როგორი? ესაა მთავარი, სმიტ :) თორემ საშინელება არც ისე ცუდია :) :)) საშინლად როგორი? ესაა მთავარი, სმიტ :) თორემ საშინელება არც ისე ცუდია :)
1. დღეს როგორ გითხრა, საშინელი ხარ-მეთქი, მაგრამ გეტყვი :)
დღეს როგორ გითხრა, საშინელი ხარ-მეთქი, მაგრამ გეტყვი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|