ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 მარტი, 2011


ტრაგიკული 9 მარტი

XX საუკუნეს, რუსმა პოეტმა ქალმა ანა ახმატოვამ, შექსპირის ოცდამეოთხე დრამა უწოდა „თუმცა დაგვეთანხმებით ამდენ სისხლიან სცენას, ინგლისელი დრამატურგის მთელ შემოქმედებაში ვერ შეხვდებით” — აღნიშნა მან. ძნელია არ დაეთანხმო გენიალურ რუს პოეტს, განსაკუთრებით ქართველი ადამიანი, ჩვენს ისტორიაშიც XX საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სისხლიანი იყო. ტრაგიკული მოვლენებიდან რამდენიმე დღესაც ბურუსითაა მოცული, ასეთია 1956 წლის 9 მარტის ხოცვა-ჟლეტა თბილისში, ზოგიერთის შესახებ კი საკმაოდ ბევრი ცნობა, ფაქტი და ვიდეო თუ ფოტო მასალა არსებობს, ასეთია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული დღე. ამ წერილში ორი სისხლიანი თარიღის შესახებ და მათ შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე ვისაუბრებთ.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ჩვეულებრივად დაიწყო 1956 წლის მარტი — გაზაფხულის პირველი თვე. რესპუბლიკის გაზეთები იუწყებოდნენ თებერვალში დასრულებული სკკპ XX ყრილობის შესახებ, რომელმაც „დასახა ჩვენს ქვეყანაში კომუნიზმის მშენებლობის გრანდიოზული პროგრამა”. გაზეთებში ასეთი სათაურები გაჩნდა „თავდადებული შრომით განვახორციელოთ პარტიის XX ყრილობის გადაწყვეტილებები”; „ფართოდ გავაჩაღოთ XX ყრილობის გადაწყვეტილებების პროპაგანდა მასებში”. ერთი სიტყვით, გაზეთების ცნობით, რესპუბლიკაში ყველაფერი წყნარად და მშვიდად მიმდინარეობდა. სინამდვილეში მარტის დასაწყისში, ანუ XX ყრილობის დასრულებიდან ორიოდ კვირაში საქართველო საყოველთაო მღელვარებამ მოიცვა. ამ მღელვარების მიზეზი კი ზემოთ ნახსენები სკკპ ყრილობის დახურულ სხდომაზე ცეკას მაშინდელი მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლა იყო. როცა მან უღირსად მოიხსენია იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, სტალინი. დაგმო ე.წ. „პიროვნების კულტი”. გენერალური მდივნის აზრით, „პიროვნების კულტი უცხოა მარქსიზმ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის”. ის ქება დიდება, რომელსაც იგივე ხრუშჩოვი და მთავრობის სხვა წევრები არ იშურებდნენ „დიდი ბელადის” მისამართით მის სიცოცხლეში, მთლიანად უარყოფილი იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ. „სტალინიზმი” დაიგმო, ამასთანავე „კობასთან” ერთად ქართველ ერსაც მიაყენეს შეურაცხყოფა.
ინფორმაციებმა ხრუშჩოვის გამოსვლის შინაარსის შესახებ, ქართველ ხალხამდეც მიაღწია და ეს საერთო ეროვნულ შეურაცხყოფად იქნა აღქმული. 1956 წლის 5 მარტს დაწყებული მშვიდობიანი გამოსვლები 9 მარტს საშინელი ხოცვა-ჟლეტით დასრულდა.
საყოვეთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში მტკიცედაა დამკვიდრებული გარდაცვლილების მოხსენიების დღის აღნიშვნის ტრადიცია, ამ ტრადიციის შესაბამისად, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ამ დღეს ყოველ წელს იკრიბებოდნენ ახალგაზრდები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით. 5-6 მარტს ძეგლთან გათვალისწინებული ცერემონიის მიხედვით, იოსებ ბესარიონის ძის ძეგლს ამკობდნენ ყვავილებით. გამოდიოდნენ სიტყვით, კითხულობდნენ ლექსებს, რომელიც ბელადს ეძღვნებოდა, ეწყობოდა ინსცენირებული წარმოდგენები და რაც მთავარია, მღეროდნენ „გაფრინდი შავო მერცხალო”-ს. აღსანიშნავია, რომ ეს ახალგაზრდული შეკრებები იმართებოდა ყოველგვარი ექსცესების გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა თბილისში ამ დროს.
რაც შეეხება 1956 წლის 5 მარტის დილიდან დაწყებულ შეკრებას, ის გასული წლებისგან განსხვავებით უფრო ფართომასშტაბიან მანიფესტაციად იქცა, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მიტინგები მოეწყო აგრეთვე საქართველოს სხვა ქალაქებში, კერძოდ: გორში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ცხინვალში. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო პარტიის XX ყრილობაზე გაკეთებული მოხსენებების შესახებ ზუსტი ინფორმაციების გაცნობა. მათ აინტერესებდათ პასუხი კითხვაზე — ხრუშჩოვი და მთავრობის სხვა წევრები როდის იყვნენ მართალნი. როდესაც სტალინს ადიდებდნენ და აქებდნენ თუ ახლა, როცა მისი სახელი ტალახში ამოსვარეს და მას უტიფრად ლანძღავენ? მაშინ იყვნენ მართალნი როცა ქართველებზე ამბობდნენ, რომ ამ ერმა კაცობრიობას მისცა დიდი სტალინი თუ ახლა, როცა ამ ხალხს ამცირებენ და დაცინვით მოიხსენიებენ?
პროტესტი აშკარად სამართლიანი გახლდათ. ქართველებმა რომლებიც ერთ-ერთ მოწინავე ერად ითვლებოდა კავშირში, თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. სხვათა შორის ეს ის შემთხვევაა, როცა ერმა ერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში სტალინი თავის ეროვნულ იდენტურობასთან მნიშვნელოვნად დააკავშირა და მისი შეურაცხყოფა, საკუთარ შეურაცხყოფად მიიჩნია. თუმცა ჯერ მივყვეთ კონკრეტულად ამ ტრაგიკულ დღეების ქრონიკას.
9 მარტს დილიდანვე დაიწყო ხალხის შეკრება ძეგლთან, კვლავ მოჰქონდათ გვირგვინები, ყვავილები, ათიათასობით ადამიანი შეგროვდა, იყო გამოსვლები, ისმოდა ლექსები. სიტუაცია განსაკუთრებით საღამო ხანს დაიძაბა, როცა აქციის წამყვანმა მონაწილეებს ამცნო იმ უბედურების შესახებ, რაც კავშირგაბმულობის სახლთან მოხდა. მომიტინგეებმა რადიოსახლში, რამდენიმე ახალგაზრდა გაგზავნეს. მათ მიკროფონით უნდა გადაეცათ რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც აქციის მონაწილეებმა მიიღეს, ამ ახალგაზრდების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. ამ ცნობის გავრცელებას მოჰყვა აშკარად პროვოკაციული მოწოდება, მიტინგიის მონაწილეები წასულიყვნენ კავშირგაბმულობის შენობის დასაკავებლად. მიტინგის მონაწილე აღგზნებული ახალგაზრდობა წამოეგო ამ პროვოკაციულ მოწოდებას და კავშირგაბმულობის შენობისაკენ დაიძრა. მიახლოებისთანავე დატრიალდა ნამდვილი ტრაგედია, იქ განლაგებულმა სამხედრო ნაწილებმა ახალგაზრდებს ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან გაუხსნა. რადიოსადგურთან დატრიალებულ სისხლისღვრას, იმავდროულად, სისხლისღვრა მოჰყვა სტალინის ძეგლთანაც და მის შემოგარენში. ჯარისკაცები საშინლად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს, თვითმხილველების თქმით, მათ თვალწინ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გოგონებიც ხიშტებით აკუწეს. ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტის დროს გარდაიცვალა 23 ადამიანი, დაიჭრა და დასახიჩრდა 80-მდე, სხვადსხვა ვადით დასჯილ-რეპრესირებულნი იქნა 30-მდე კაცი, ხოლო დროებით ( ერთ თვემდე) დააკავეს სამასამდე ადამიანი.
ვინ გასცა ბრძანება სროლის შესახებ? ვისი ბრძანებით დატრიალდა ეს ტრაგედია? ეს ის პასუხგაუცემელი კითხვებია, რომლებიც მაშინვე ისმებოდა ყველა პარტიულ და კომკავშირულ ორგანიზაციების კრებებზე, მშრომელთა კოლექტიურ შეკრებებსა თუ ინდივიდუალურ საუბრებისას (სხვათა შორის მსგავსი კითხვები 33 წლის შემდეგაც იქნა დასმული და პასუხგაუცემელი, ვგულისხმობ 1989 წლის 9 აპრილს). არავინ არ დასჯილა, არ დამდგარა არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. არაოფიციალურად შეგვიძლია ვუპასუხოთ, მაშინ არსებული წესის მიხედვით (სხვათა შორის დღესაც ეს წესები მოქმედებს) მსგავსი მასშტაბის დარბევა პირველი პირების ნებართვის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ბრძანება დაახლოებით ასეთი თანმიმდევრობით გაიცა: ხრუშჩოვი (სსრკ გენ-მდივანი) — ჟუკოვი (თავდაცვის მინისტრი) — ფედიუნინსკი ( ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი).
რაც შეეხება აქციის იდეოლოგიურ შინაარს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტალინის კრიტიკა ყველამ მტკივნეულად განიცადა, ის მიჩნეული იქნა არა მარტო მათი რწმენისა და იდეალის შეურაცხყოფად, არამედ ქართველი ერის დამცირებად. ეს მიტინგები წარმოადგენდა მოტყუებული, იმედგაცრუებული ახალგაზრდების აქტიურ მღელვარებას, თუმცა ეს მოვლენები იყო საბჭოთა ხელისუფლების არსებობის მთელ პერიოდში პირველი მასობრივი, მძლავრი დემონსტრაცია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი, სწორედ ეს გახლდათ ამ ხოცვა— ჟლეტის რეალური მიზეზი და არა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა, როგორც ამას მაშინდელ ოფიციალურ ცნობებში გადააწყდებით.
როდესაც ვსაუბრობთ 5-9 მარტის მოვლენების დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, სულაც არაა გადამეტებული. ქვეყნის თავისუფლება, ეროვნული ჩაგვრის დასრულების სურვილი ეს ნათლად იგრძნობოდა გამომსვლელთა სიტყვებში. ერთი საყურადღებო ცნობა მინდა გამოვიყენო ამის საილუსტრაციოდ, მიტინგზე 818 შეკითხვა, წინადადება, რჩევა, მოთხოვნა იქნა აღრიცხული და ფიქსირებული. მათი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი ეხებოდა სოციალურ, პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ეროვნულ თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებს. ერთ-ერთ შეკითხვაში ღიად არის მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ასე ჟღერს „შეიძლება თუ არა კონსტიტუციის საფუძველზე, საქართველო გამოეყოს სსრ კავშირს?” იყო მოწოდებებიც თავისუფლების ბრძოლით მოპოვების შესახებ. შევეცადეთ მეტ-ნაკლები სიზუსტით გადმომეცა ის ტრაგედია, რომელიც სხვადასხვა წყაროებით მოვიპოვე და შეგვექმნა წარმოდგენა 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენების შინარსსა და ტრაგედიის ქრონიკის შესახებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები