ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი*
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 მარტი, 2011


ვაჟა-ფშაველა და ილტოს ხეობა

როგორც ირკვევა, ვაჟა-ფშაველას თავისებური ყოფითი და შემოქმედებითი შეხება ჰქონია ილტოს ხეობასა და ილტოს ხეობელებთან. მის ლექსებსა და პოემებში რამდენჯერმეა ნახსენები მდინარე ილტო. პოემა "ივანე კოტორაშვილის ამბავში" კი მოქმედების ერთი სცენა - მთავარი გმირის მიერ ფშავიდან გატაცებული ტყვეების გასათავისუფლებლად ლეკებთან შებრძოლება - სულაც ილტოს ხეობაზე მიმდინარეობს:

                                      თურმე ერთურზე გაბმული
                                      მიუდისთ ჩვენი ტყვეები,
                                      პირ-ილტოსაკენ გადვიდნენ,
                                      გავლეს ჩაბანოს ტყეები.
                                      გაიგო კოტორაშვილმა,
                                      ცეცხლი დაენთო სახეზე...
                                      ..........................................
                                      გაუდგა მდევრად მარტოკა,
                                      ოფლი სდიოდა შუბლისა...
                                      ............................................
                                      ნახა რომ ლეკის ლაშქარი
                                      თავქვე დაეშვა გორითა.
                                      ილტოზე როცა ჩავიდნენ,
                                      შეუდგნენ ლოცვა-ბანასა,
                                      რას მოელოდნენ მდევარსა
                                      და ვაგლახს იმისთანასა...

რაკი შემოქმედებითადაც ასახავდა, საფიქრებელია, რომ მას, ასე თუ ისე, უნდა სცნობოდა აქაურობა. ყოველშემთხვევაში, ის აქ გავლით რამდენჯერმე მაინც ჩანს ნამყოფი. ჩარგლიდან კახეთისაკენ გამგზავრებულ ვაჟას აუცილებლად ილტოს ხეობით უნდა გაევლო ორიდან ერთი გზით: იორი - ჩაბანო - მუგუდო - ილტოს ხეობა - ახმეტა, ან ჟინვალი - თიანეთი - კვეტერა - ახმეტა. ეს რომ მხოლოდ ვარაუდი არ არის, ამას რამდენიმე საინტერესო გადმოცემაც ადასტურებს, რომლებიც სხვადსხვა წყალოებიდანაა ამოკრებილი და აქვე მინდა შევთავაზო მკითხველს:



                                              შემთხვევა კვეტერაზე

ეს იყო 1912 წელი. ვაჟა-ფშაველა დილით ადრე მესტუმრა ახმეტაში. ჩქარობდა, თიანეთში უნდა წავიდეო,- ამბობდა.
მიხეილ შამანაური და მე შევპირდით, რომ  თიანეთში ჩვენც გავყვებოდით, თუ ცოტა ხანს მაინც მოიცდიდა.
ვაჟა დაგვთახმდა. ვისაუზმეთ. შევკაზმეთ ცხენები და გზას გავუდექით.
ახმეტიდან 7 კმ-ის დაშორებით , სწორედ  თიანეთის გზაზე, მდებარეობს საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი ციხე-სიმაგრე კვეტერა. ვაჟას თურმე ჯერ არ ენახა იგი. როცა ციხის ქონგურები გამოჩნდა, ვაჟამ თქვა: ავიდეთ, ვნახოთ ჩვენი მამა-პაპას ნახელავი, აქებენ და მე კი არ მინახავსო.
ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეთახმეთ. შევუედქით აღმართს (კვეტერა მაღლობზე მდებარეობს). ცხენები გალავნის გარეთ გავუშვით საბალახოდ. შევედით შიგნით. შენობათა შესანიშნავმა ანსამბლმა მიიქცია ჩვენი ყურადღება.
ვაჟა მოიხიბლა ამ სანახაობით. გატაცებით საუბრობდა ჩვენი წინაპრების გმირობასა და ფრიად მაღალი მხატვრული გემოვნების შესახებ.
- აბა შეხედეთ,- გვეუბნებოდა იგი,- ამ შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლის შემქმნელთა შთამომავლობა განა უკეთესს არ უნდა ქმნიდეს? მაგრამ ამისათვის თვისუფლება, ეროვნული თვისუფლებაა საჭირო, ჩვენ კი ... - და ვაჟამ
დაღვრემილმა, მაგრამ გრძნობით თქვა თავისი საყვარელი სიმღერა „ვივა, ვივა,
პატრია, ვივა, ვივა, ივერია!“
ჩვენ ისე გავერთეთ ძეგლის დათვალიერებით და ვაჟს მოსმენით, რომ ცხენები დაგვავიწყდა. როცა გალავნს გარეთ გამოვედით, ცხენები აღარ დაგვიხვდა. დავიწყეთ ძებნა და კვალსაც ვერ მივაგენით.
კვეტერის მახლობლად მწყემსი ბიჭები საქონელს აძოვებდნენ, ვაჟამ თავისთან მოიხმო ისინი და მკაცრად უთხრა:
- თქვენ უეჭველად დაინახეთ, ვინ წაიყვანა ცხენები. გვითხარით, თორემ, -ხუმრობით დასძინა, - საქონელს წაგართმევთ.
მწყემსები შეგვპირდნენ, მოგიძებნით ცხენებსო, ისინი კი, თურმე, ცხენების ძებნის მაგიერ, სოფელში (საბუე) გაიქცნენ და მცხოვრებლებს  შეატყობინეს, რომ კვეტერაზე ყაჩაღები არიან და საქონელს გვართმევენო.
ამაო ლოდინის შემდეგ, ის იყო დავაპირეთ, დავშვებულიყავით სოფლისკენ, რომ მოგვესმა ძახილი : „შეჩერდით, ხელები მაღლა!“
ჩვენ მერეღა შევამჩნიეთ, რომ გარემოცვაში ვიყავით. ცივი იარაღით შეიარაღებული გლეხები ფრთხილად გვიახლოვდებოდნენ ყოველი მხრიდან.
ბოლოს ერთმა დასძინა:
- გამოდით, ხალხო, ეს ხომ ჩარგლელი ლუკა რაზიკაშვილია, ჩვენი საყვარელი პოეტი. - იგი პირველი გაემართა ვაჟასკენ.
- რა გაგჭირვებია, ლუკა, გვითხარი და, ღვთის მადლმა, მოგეხმარებით. - თქვა ვაჟას ნაცნობმა.
- რა გაგვჭირვებია და ცხენები მოგვპარეს. დაგვეხმარეთ პოვნაში, - იყო პასუხი.
- დაგეხმარებით რას ჰქვია, ქვესკნელშიც, რომ იყვნენ ჩაყვანილნი, ვიპოვით - თქვა მან და გულზე ხელი დაიბრახუნა.
ცხენები მალე ვიპოვეთ. 
                       
                            (ნ. როსტომაშვილი, გაზ. „გამარჯვება’ (ახმეტა), 1961 წ. 21 ივლისი)


                                            ვაჟა- ფშაველა ილდაკანში

ვაჟა ახმეტაში მიდენილა ცხენით აღდგომა დღეს. თიანეთ-ახმეტის შუა ადგილას, ილდაკანში (ყოფილი ნავთის ძიების ადგილი) შემოხვედრია მეღორეეებს ტყეში, დაუძახია, გამარჯვებათ, ქრისტე აღსდგაო!
მეღორეს დაუძახნია მასხრობით: თქვენშიც ადგაო! სწყენია ვაჟას, მოუხსნია ბერდანკა-თოფი და საშიშრად მიუხლია და წასულა.
იმ დროს ქვევიდან კაცრიელ არჩემაშვილი მოდენილა ( მთქმელის მამა). მეღორეებს შეუჩივლიათ: ერთმა ფშაველმა კინაღ დაგვხოცაო - არა სცოდნიათ, ვინ იყო მსროლელი.

                                          (ლიფა, ფაკ 148, გვ.198, მთქმ: ლაზარე არჩემაშვილი 70 წლის
                                          მეცხვარე ს. თეთრახევა, ჩამწ.  ალ. დულეზაური)



                                                ვაჟა-ფშაველა და ციფერა

- ხატობა ყოფილა ემა ილტო-იორის მიჯნაზე, დამასტეში. მანდ აქაურებიც ადიოდენ და ივრის ხეობელებიც. ჩვენი საერთო სალოცავი იყო. ღაბახი დაუდგამთ. ციფერაც იქა ყოფილა. უსროლავ და მაურტყამ მიზანში. წესით თურმე ჭედილა ეკუთვნოდა მარჯვე ნასროლისთვი, მაგრამ რაკი ციფერა ბეჩავ გლეხ ადამიანად ითვლებოდა , ქალმნები მიუციათ. თურმე ეს ვაჟა-ფშაველაც იქ არი და უყურებს! ხალხს რო უძახია ციფერაზე: მარტყა, მაარტყაო!  ვაჟას უკითხია, ვინ იყო, ვინ მაარტყაო. ციფერამაო, უთხრეს. შახვეტილელმა ციფერამაო? - გაუმეორებია კითხვა. კიო. აბა ეხლა მე მიყურეთო, უთქომ იმას და თავადაც ჩაბმულა შეჯიბრში. დაუმიზნებავ, უსროლავ და ზუსტად ციფერაის ნასროლში არ გაუძვრენავ! აბა, ეხლა მაიყვანეთ ჭედილაო, უთქომ, ციფერას ხო ეკუთვნოდა და არ მიეცით, მე მაინც მამეცითო.  ნაბერწალი ცხვარი მოუყვანიათ. გაბრაზებულა და მიბრუნებია ციფერას: უყურე, ციფერავ, ამათ სიწუწკეს, მეც კი არ მაძლევენ ჭედილასაო. უკმაყოფილო წასულა იმ ხატობიდან ვაჟა... მერე, გვიან სადამ, თიანეთში, დუქანში შეხვედრიან ვაჟა და ციფერა ერთმანეთს  და იქ გაუხსენებიათ ეს ამბავი. ბევრი უცინიათ: - დაწვრებია ჩაბანო-ჩაფართოვლები, ეგენ ვის რას მისცემენო, უთქვია ციფერას, რაზეც ვაჟას, დაცინვით, ასე შეუმღერნებია:

                              ვაჟა:      რატომ არ წამაიყვანე,
                                            ციფერავ, შენი ჭედილა?!.

                            ციფერა:  ჯერ შენ არ მოგცეს, ვაჟაო,
                                            გზებ შენთვინაც კი კეტილა,
                                            მე ვინ რას მამარგინებდა,
                                            სუ ცრემლითაც რო მეტირა.

                              ვაჟა:      ქალმებ ხო გადაიმძღვანე,
                                            გულ მაინც ხო დაგეთირა,
               
                            ციფერა  ი ქალმებს შენ დაგითმობდი,
                                            მე კი ჭედილავ მერჩივნა.

                                                    (მთქმ: ალექსი ციფერას ძე უძილაური 82 წლის
                                                    ს. შახვეტილა, ჩამწ:  მ. ღანიშაშვილი 2007 წ.)


რამდენიმე განმარტება:

ილდაკანი - დღევანდელი ს. ვეძები (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
ციფერა - XX ს-ის პირველი ნახევრის სახალხო მთქმელი ილტოს ხეობის ს. შახვეტილიდან
ღაბახი - იგივე ყაბახი, სროლაში შეჯიბრისთვის მაღალ ბოძზე დაყენებული ნიშანი
მამარგინებდა - მომაკუთვნებდა, მომცემდა (ფშაური დიალექტი)
გადაიმძღვანე - წაიღე, თან გაიყოლე, მიისაკუთრე (ფშაური დიალექტი)



                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები