ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2011


ორი...

გვითვალთვალებდა ადრე წარსული

გვითვალთვალებდა, თუმცა ყოველთვის,
ალბათ წარსულიც დახუჭავს თვალებს,
მერე იმედებს საგზლად ჩავაწყობთ,
(დიდხანს თუ არა, გვეყოფა ხვალ-ზეგ...)

და როგორც ცაზე ვითვლიდით ვარსკვლავს,
ახლა გავლილი გზის მანძილს ვითვლი,
გვაქვს ჯოჯოხეთი და გვაქვს სამოთხე,
არც აქეთა ვარ და აღარც - იქით...

მერე წერტილად დავტოვებთ აჩრდილს,
აჩრდილს, თან გვდევდა რომელიც ერთ დროს,
გრძელი და სწორი გზა გვქონდა თუმცა,
მუდამ გვერჩივნა მოკლე გზით გვევლო...

გვითვალთვალებდა ადრე წარსული,
ახლა მომავალს ვდარაჯობთ თვითონ
და როგორც მგზავრი, გრძელი დღის მერე,
ბედს, როგორც საგზალს, თანაბრად გიყოფ...

10.02.2011



ჯარისკაცის დღიურიდან

(ვუძღვნი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მეომრებს)

ჩვენ გვძინავს ნაღმზე და ყოველ წუთას,
სხეული ხარბად ისუნთქავს სიკვდილს,
ჩვენ გათენების ყოველთვის გვჯერა,
თუ დაღამდება - არასდროს ვიცით...

ცის ფერი მუდამ გადადის შავში,
მიწას სუნიც და ფერიც აქვს გვამთა
და ყველა განცდას, სუნთქვას თუ ნაბიჯს,
აქ იარაღი უგრძნობლად მართავს.

აქ ბოლომდე ვღრღნით სიკვდილის შიშს და
ჩვენ მხოლოდ შიშის სიკვდილი გვრჩება,
აქ მონატრება გვაცოცხლებს დღემდე
და ქვეყნის ლანდი დაგვყვება ჯერაც.

ჩვენ გვძინავს ნაღმზე ყოველთვის ერთად,
მაგრამ სიკვდილთან ვიძინებთ მარტო
და თუმცა სახლში არიან სამნი,
ცოლი სუფრას კვლავ ოთხისთვის აწყობს...

24.01.2011


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები