ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2011


გზები და ამბები

(მგზავრის წერილები)

თბილისიდან მშობლიურ სოფელში ჩასულმა ერთ კვირაში ავიკარი გუდა-ნაბადი და ჩემს მთებსა და ტყეებს მივაშურე. ჯერ ახლომდებარე ქედების მოვლა გადავწყვიტე, მერე კი მეზობელ მთიან მხარეებში გადასვლა. ჩვენი ანკარა მდინარის ხეობას ავყევი სათავისაკენ. ვათვალიერებდი ნაცნობ თუ უცნობ ადგილებს, მზერით ველაციცებოდი მომხიბვლელ ტევრებსა და ფერდობებს. საამო სიგრილე დამდგარიყო ირგვლივ. რაც უფრო შორს მივდიოდი, უფრო იმატებდა ინტერესი და ხალისი. ფიქრებს მოგონებანი ერეოდა, რომლებიც ამ გზასთან და ნაცნობ ადგილებთან იყო დაკავშირებული. გზადაგზა უცხო პეიზაჟებსაც ვავლებდი თვალს და ფოტოაპარატით ვიღებდი...
ჰოდა, მინდა, თქვენც მოგითხროთ, ჩემი მგზავრობის ამბები, რაც განვლილი ზაფხულის გზებზე ხეტიალისას საყურადღებოდ მომეჩვენა, მომეწონა ან ჩემი თუ სხვათა წარსულიდან შემოიჭრნენ ფიქრებში.
მონატრებული პატარა მდინარის ნაპირს მივუყვებოდი ნელა. მთის შროშანები შევნიშნე ერთგან. გამახსენდა, თუ როგორ უყვარს ნიას ეს ყვავილები, სათუთად შევახე თითები, მოვეფერე, მერე ფოტოაპარატი ამოვიღე და პატარა ჩანჩქერის ფონზე გადავუღე ფოტო, სახელიც გამოვუძებნე, „დაუნახავი სილამაზის სევდა” დავარქვი. მართლაც რამდენ ადამიანს გაახარებდა მათი დანახვა...
მდინარის სათავესთან მისვლის შემდეგ შორეული ტბისკენ გადავუხვიე. ულამაზესია ჩვენი ტბა. მის ახლოს მდებარე ფერდობებიდან რამდენიმე ნაკადული ჩამოედინება და ის ნაკადულებია მისი შემავსებელნი. შარშანდელი გვალვიანი ზაფხულის შემხედვარე, ერთ ჩვენს სოფლელს, ბესოს, შეუთავაზებია მეზობლებისთვის: გავიხსენოთ წინაპართა ჩვეულება, წავიდეთ მთაში ჩვენს შორეულ ტბაზე, ჩავყაროთ შიგ ქვები - შევარხიოთ მისი ზედაპირი, მერე წამოვიღოთ იქიდან აღებული წყალი, ვალოცვინოთ მღვდელს და მოვასხუროთ ჩვენს ჭკნობაშეპარულ ყანებში. იქნებ გადმოგვხედოს ღმერთმა და მოგვცეს წვიმაო. ასეთი ჩვეულება ჰქონიათ ჩვენს წინაპრებს წვიმის მოსაყვანად. არავის უსმენია ბესოსთვის. მარტო ამოსულა ამ ტბაზე, ჩაუტარებია ზემოთაღწერილი რიტუალი და იმ დღესვე ნანატრ წვიმას გაუხარებია სოფელი.
ტბას ვეთხოვები და მთავარი ქედის ძირას ასულს დიდი ხნის წინათ ამ ჩემს ტყეებში შემდგარი შეხვედრა მახსენდება. შუა ზამთარი იყო. აქეთ გამომიწია გულმა. ავიღე თოფი, ზურგჩანთა მცირე საგზალით და წამოვედი. მშობლებს ვუთხარი, შეიძლება, მთის გადაღმა სოფლებში მეგობრებთან გადავიდე და თუ არ მოვედი ამაღამ, არ მიდარდოთ-მეთქი. აბა, იქ გადასვლა ამ თოვაში როგორ  შეიძლებაო, გამიჯავრდნენ. მე არ დავიშალე, მაინც წამოვედი. ამოვედი აქამდე. დაბარდნილიყო ტყე, ყველაფერი თოვლის თეთრ საბანში გახვეულიყო. ვიხეტიალე ფიფქების კორიანტელში დიდხანს და მოსაღამოვდა ამასობასში. გადავიფიქრე მთის იქით მეგობრებთან გადასვლა, რადგან საკმაოდ დიდი თოვლი იდო ტყეში გამავალ ბილიკზე. იქ რომ გადავსულიყავი, დილიდანვე უნდა დავდგომოდი გზას. ტყუილად კი არ მაფრთხილებდნენ მშობლები. ან რას ვინადირებდი იმისთანა ამინდში? მე თოვლიან ბილიკზე დავდიოდი ტყისპირებზე, ფრინვერლები და ცხოველები კი უღრანის სიღრმეში იყვნენ, ალბათ, თავშეფარებულნი. ხანდახან ჩიტი თუ გადაფრინდებოდა ტოტიდან ტოტზე და თოვლის ქულებს ჩამოყრიდა. უკვე ბინდს მოეცვა არემარე, როცა თოვლისგან მიყუჩებული ნაკადულის პირას, ლამაზად დაფიფქული ნაძვის ქვეშ ადამიანი შევნიშნე. გაოცებული მივუახლოვდი... ეს იყო გოგონა მოკლე თეთრი ქურქით, ჩამოშლილი ქარვისფერი თმებით და შემკრთალი ნუკრის მსგავსი თვალებით. გაოცებული მიცქერდა ისიც.
- გამარჯობა, მეგობარო, ვინა ხარ, ასეთ ამინდში აქ საიდან გაჩნდი?..
- გამარჯობა, - მიპასუხა მან,  - მთის იქითა სოფლიდანა ვარ, აქეთ გადმოვცურდი თხილამურებით, შორს მომიწია წამოსვლამ, მანძილი ვერ განვსაზღვრე... მერე ფეხი ვიტკინე და უკან დაბრუნებას ვეღარ ვახერხებ, - ნაწყვეტ-ნაწყვეტად თქვა მან და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. ახლაღა შევნიშნე იქვე დაყრილი თხილამურები.
- ნუ გეშინია, - აღელვებული მივუახლოვდი, - მე დაგეხმარები, - დამშვიდება დავუწყე, - ჩვენთან წამოდი, იქ დარჩი და ფეხიც მოგირჩება... რა გქვია? მე დათო ვარ.
- სასიამოვნოა, დათო, მით უმეტეს, რომ აქ მშველელივით გამომიჩნდი. მე სალომე მქვია.
ჩვენთან წამოსვლაზე უარი მითხრა. შინ რომ არ დავბრუნდე ამაღამ, მშობლები დარდით გამიგიჟდებიანო. თუ დამეხმარები ჩემს სოფელში გადასვლაში, მთელი ცხოვრება შენზე ვილოცებო... რა თქმა უნდა, გავყევი, დავადექით თოვლით ავსებულ გზას. ჩავკიდე ხელი, უჭირდა სიარული და ვეხმარებოდი... დიდხანს ვიარეთ ფიფქების ცვენაში, ვლაპარაკობდით ნაწყვეტ-ნაწყვეტად და კარგად გავიცანით ერთმანეთი. შუაღამისას მივაღწიეთ მის სოფელს. დამშვიდნენ მისი მშფოთვარე მშობლები და მეზობლები. მეც იქ დავრჩი იმ ღამეს. მეორე დღეს უკეთ იყო სალომე. ვისაუბრეთ კარგა ხანს. ისიც სტუდენტი იყო, ზამთრის არდადეგებზე ჩასული ჩემსავით სოფელში. მეხვეწა, დარჩი დღესაც ჩვენთან, კარგად დაისვენე, წუხელ რამდენი გაწვალეო. მაგრამ არ დავრჩი. მზიანი დღე იყო და წამოსვლა ვარჩიე. მისი მშობლებიც ბევრს მეხვეწნენ. მერე სოფლის ბოლომდე გამომყვნენ ყველანი და მადლიერებით გამომისტუმრეს. მათმა მეზობელმა ბიჭებმა კი უღელტეხილამდე გამომაცილეს და დამემშვიდობნენ. რამდენიმეჯერ შევხვდი თბილისში სალომეს. ორივეს გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა. თითქოს სასიყვარულო ურთიერთობებიც ილანდებოდა ჩვენს შორის, მაგრამ მთებში ერთად დაწყებული გზა მაინც ცალ-ცაკე გავაგრძელეთ. აღარც ვიცი, ახლა სადაა უკაცრიელი თოვლიანი ტყის მდუმარებაში ნანახი ფიფქებისფერი ფერია. დავიწყების ნისლში ხანდახან თუ ამოტივტივდება მისი სახე.
იგივე გზას მივყვები ახლა და ყოველ ადგილს ვიხსენებ, სადაც შევჩერდით და შევისვენეთ, სადაც ცრემლებს იკავებდა ჩემს მკლავზე დაყრდნობილი. მთის უკაცრიელ მონასტერთან შევდექით მაშინ კარგა ხანს. ნაწილობრივ ჩამონგრეული ტაძრის თაღს შევეფარეთ. კედელზე შერჩენილი, ნახევრად დამწვარი სანთლები ავანთე. დაბლა დახარა მზერა მაშინ ქალიშვილმა და სასოებით გადაიწერა პირჯვარი. მეც უნებურად იგივე გავიმეორე. მერე ხელებიც გავათბობინე იმ სანთლებზე ცოტა ხანს, ზურგჩანთიდან ჩემი მცირე საგზალი ამოვიღე და რამდენიმე ლუკმა შევაჭამე... მაინც შეგვიფარა ყველასაგან მიტოვებულმა, ნახევრად დანგრეულმა ტაძარმა. თითქოც ძალაც შეგვმატა და უფრო მხნედ გავუყევით გზას. აი, ახლაც ვუცქერ ძველი მონასტრის ნაშთებს, ის თაღიც ჩამონგრეულა, მე და სალომე რომ შევეფარეთ მაშინ. თვალწინ მიდგება სანთლების შუქით განათებული მისი ცრემლნადენი სახე და თითქოს მონატრებით მეწურება გული. სევდიანად გავცქერი მისი სოფლისკენ სხივებით დაფერილი ცის დასალიერს... მერე კრძალვით ვუახლოვდები ტაძრის დარჩენილ კედლებს და თითებით ვეფერები წინაპართა მიერ საუკუნეების წინ დაწყობილ ლოდებს... მახსენდება ძველ, მეცხრამეტე საუკუნის გაზეთში ამოკითხული ამბავი, რომელიც მერე მოხუცებმაც დამიდასტურეს: როცა ეს მონასტერი მოქმედი იყო, ზამთრის თოვლიან ღამეებში აქაური ბერები სურსათით სავსე კალათსა და ნიჩაბს აიღებდნენ, მთის ორივე მხარეს ორი კუთხის დამაკავშირებელ გზას გაუყვებოდნენ და ნამქერისაგან შეწუხებულ მგზავრებს ეძებდნენ. იმ დროს მრავალი მგზავრი დადიოდა თურმე ამ გზაზე. თუ ვინმე გაჭირვებულს, ნამქერისა და თოვლისგან დაქანცულს ნახავდნენ, მოასულიერებდნენ, მონასტერში წაიყვანდნენ და მათთვის განკუთვნილ ბინაში მოასვენებდნენ. მეორე დღეს კი სამშვიდობოს გაიყვანდნენ და შინისაკენ გაისტუმრებდნენ.
მაგრამ დროთა მდინარებას ყველაფერი შეუცვლია. აღარც მონასტერია, აღარც ვინმე დამხმარე-მანუგეშებელი ამ გზაზე.  სალომეს სოფლისაკენ მიმავალ ვიწრო ბილიკზეც ტყეს გადაუვლია უკვე. თუმცა იქით აღარც ვაგრძელებ მგზავრობას. ახლა სხვა, უფრო შორი გზით უნდა წავიდე, კარგად ნაცნობი აღპური სათიბები გავიარო. იქ ჩვენებურებს ვნახავ და მერე გავემართები უფრო მაღალმთიანი, ხალხისაგან დაცლის პირას მისული მხარისაკენ, ზაფხულობით რომ გამოცოცხლდება ხოლმე.
გზები... როგორ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან!.. მე ესენი უფრო მხიბლავენ, მთებსა და ტყეებში გაუჩინარებული, თითქმის უკაცრიელი გზები. მიხარია, მათ რომ ვაცოცხლებ ჩემი ნაბიჯებით, ვფიქრობ მათზე გავლილ წინაპრებზე, მათზე მომხდარ ამბებზე...
სანამ ალპურ სათიბებში ავიდოდი, გზათაგასაყარზე თედო შემხვდა, მაღლიდან მოდიოდა ცხენით. მოვიკითხეთ ერთმანეთი და ჩამოვსხედით ჩრდილში დასასვენებლად...
- დუქანი ყოფილა ამ ადგილას ადრე, - დაიწყო თედომ, - ბევრი ხალხი დადიოდა თურმე ამ გზაზე, მგზავრთა სიმრავლე განსაკუთრებით აღდგომის წინა დღეებში შეინიშნებოდა. მოდიოდა თბილისიდან და ქუთაისიდან მთის სოფლებისაკენ საშოვარზე წასული ხალხი. მოდიოდნენ ცხენით და ფეხით, კარგად დატვირთულები. ყაჩაღობაც ყოფილა ადრე. ერთი საუკუნის წინათ ხუთი შეიარაღებული ყაჩაღი დახვედრია აქ ხალხს. დუქანი გაუქმებული ყოფილა მაშინ, მხოლოდ შენობა მდგარა. შეუგროვებიათ ამ ტყეში გამვლელი და გამომვლელი ორმოცდაათამდე კაცი. წაურთმევიათ ცხენები, ფული, საუკეთესო ტანსაცმელი - ყველაფერი, რაც მოსწონებიათ. მერე ყველანი იმ გაუქმებულ დუქანში ჩაუკეტავთ. მთიდან ბარისაკენ ხალხში ყოვლად პატივცემული მღვდელი მოდიოდა თურმე, აბიათარს ეძახდნენო სახელად. არც მისი შეგონება შეუსმენიათ ყაჩაღებს. ოღონდ ეგაა, რომ არ დაუმწყვდევიათ იგი. გარეთ დაუტოვებიათ და უთქვამთ, ჩვენი წასვლიდან ერთი საათის შემდეგ გაუღე კარი დამწყვდეულებსო. თვითონ მოხტომიან ცხენებს და წასულან. იმდროინდელი პოლიცია ყაჩაღების მაგიერ უბრალო ხალხს აწიოკებდა თურმე. თუმცა იმ ყაჩაღებმა თვითონაც იცოდნენ, რა უკეთურობის გზაზეც იყვნენ შემდგარი, - ერთ-ერთი მათგანის შვილს საქურდალზე წაცდენია ხელი და კინაღამ ცემით მოუკლავს მამას - არაფრით არ მინდა, ჩემი შვილიც ჩემს დაწყევლილ საქმეს გაჰყვესო...
- რას შვრები, დათიბე სამყოფი თივა? - სხვა თემაზე გადავედი მე.
- დავთიბე, ბლომადა მყავს საქონელი, ჭამა ხომ უნდათ ზამთარში?
- ჯერ ადრეა, ამინდიც ხელსაყრელია, კიდევ მეტის დათიბვას მოასწრებ.
- მეტი არ მინდა, საკმარისია. ზოგიერთივით ქონებას არა ვარ დახარბებული, იცი ეს შენ, ანდა თივა რა ქონებაა? - იცინის თედო, - თიბვის გარდა სხვა საქმეც ბევრია... ეჰ, საქმეს რა გამოულევს გლეხს? არც უნდა გამოილიო.
- კი, მაგრამ ზოგიერთი რომ სწუნობს აქაურ საქმეს და უცხოეთში გარბის მოსამსახურედ?
- არაა ეგ მარტო იმ ზოგიერთების ბრალი. მთავრობა გასაქანს არ აძლევს ხალხს და იმიტომ გარბიან საზღვარგარეთ. მაგრამ მაინც უგნურთა ხვედრი მგონია უცხოეთში სამსახური. კაცმა როგორმე უნდა მოახერხო და შენს ქვეყანაში მცირე ლუკმას დასჯერდე... მე შეიძლება იმათოდენი ქონება არ მქონდეს, მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რითი ჭამ ლუკმას კაცი? ამ ჩემს მშობლიურ მთაზე, სუფთა ჰაერზე თიბვა და მწირი ლუკმა მირჩევნია, უცხოეთში სხვათა სამსახურს და დოლარების დასტებს...
- ნეტავ ყველა შენსავით ფიქრობდეს, ჩემო თედო, - ვუღიმი მე.
მერე ორივენი ვდგებით, ვემშვიდობებით ერთმანეთს და სხვადასხვა მხარეს ვაგრძელებთ გზას.
გზები... რამდენგვარი არიან ისინი და რამდენგვარია მასზე დამდგარი მგზავრი!..
ისევ მივდივარ და გრძელდება ამ გზებს ადევნებული ამბებიც. ალპურ სათიბებში ასულს უფრო ლამაზი გზები მხვდება. გზები კი არა, ბილიკია, რომელსაც ორივე მხარეს უსასრულოდ გადაშლილი, ათასგვარი ყვავილებით მორთული სქელბალახიანი მინდვრები აკრავს.
ჩვენი ვანო ჩამდგარა სათიბში, ღონივრად უსვამს ცელს. ვეძახი. მზეს იჩრდილავს ხელით, მერე ცელს აგდებს და ჩემსკენ მოიწევს.
- როდის ჩამოხვედი, როგორა ხარ, საით გაგიწევია, იქით, გადაღმა?
- ჯერ შენთან და მერე იქით წავალ, რას შვრები, როგორა ხარ? - ვეკითხები მე.
- რა მიჭირს, კარგადა ვარ, ვშრომობ. აღარავინ ამოდის მთაზე, ხომ ხედავ?..
ვსხდებით მინდორზე, ვსაუბრობთ.
- მომიყევი აქაური ამბები, რა არის ახალი? თუნდაც ძველი გაიხსენე, ხომ იცი, ყველაფერი მაინტერესებს...
- გავშალოთ პატარა სუფრა, წავიხემსოთ ცოტა, დავლიოთ რამდენიმს ჭიქა ღვინო და მოვიფიქრებ რამეს. ახალი აქ რა უნდა იყოს, ძველს კი გავიხსენებ, თუმცა რაღა მახსოვს ისეთი, რაც შენთვის არ მითქვამს?
ვეთანხმები ვანოს, მეტი რა გზა მაქვს? არა, გზა კი მაქვს. გრძელი გზა მიდევს წინ, მართლაც მშვენიერი, ათასფერი ყვავილებით მორთული და დამშვენებული, მაგრამ ეწყინება ვანოს, თუ არ გავჩერდი მასთანაც. თან მოსმენაც მიყვარს მისი. გავშალეთ სუფრა პატარა ჩრდილში, ვადღეგრძელეთ მთა და მასზე მშრომელ-მყოფელი. ძველებიც მოვიგონეთ. ვსაუბრობთ. ენაწყლიანია ჩვენი ვანო. გამოურევს ხანდახან საოხუნჯო ამბებს.
- ამოსულა ადრე ერთხელ ჩვენი სავლე აქ სათიბად, მაგრამ დაზარებია შრომა. გახედა თურმე ამ უზარმაზარ მთა-გორებს, სავსეა დადგმულ-გამზადებული ზვინებით. სამი მხარის ხალხი დადიოდა იმ დროს, მთლიანად ითიბებოდა აქაურობა. უთქვამს სავლეს ჩვენი სიმონასთვის, სიმონაო, მომაპარინე ერთი ურემი თივა, თორმეტი ცალი ლობიანი მაქვს წამოღებული და შვიდ ცალს მოგცემ სამაგიეროდო. არაო, უპასუხნია სიმონას, თორმეტივე მომეცი, თივა თუ მოგაპარინე და შინ წახვედი, ლობიანები რაღად გინდაო?.. მშიერს მტოვებ, შე ოხეროო? უთქვამს სავლეს და ბოლოს ცხრა ლობიანის მიცემაზე დათანხმებულა, სამი კი თავისთვის დაუტოვებია. დაღამებულა და წასულან თივის მოსაპარავად. დაუდევთ მოზრდილი ზვინი სავლეს ურემზე, წამოსულან და ამ სიბნელეში ჩავარდნილან რომელიღაც ვიწრო ხევში. ვეღარ გამოსწიეს თურმე ხარებმა ურემი, გაწვალებულან ძალიან... სიმონაო, შეხვეწნია სავლე, ოღონდ აქედან გამიყვანე და იმ სამ ლობიანსაც მოგცემო... ვეცადოთ, სავლე, ვეცადოთ, თორემ თუ დაგვათენდა თავზე და მოგვისწრეს ამ თივის პატრონებმა, თივასა და თორმეტივე ლობიანსაც დაგვატოვებინებენ და კარგადაც დაგვცეხვავენო. ბოლოს გამოუღწევიათ ხევიდან და მიუცია თორმეტივე ლობიანი სავლეს. წამოსულა თვითონ მშიერი და წამოუღია მოპარული თივა. მაგრამ კარგად არ ჰქონია ურემი გადაკრული და იმ ღამე სიარულში ნახევარზე მეტი ისე დაბნევია გზაში, რომ ვერც გაუგია... სიმონა კიდევ მარტო თვითონ მისკდომია ლობიანებს, იმდენი ლობიანი კარგს რას უზამდა? აუტეხია ღამე კარავში პრუწუნ-პრუწუნი და გამოუგდიათ ბიჭებს გარეთ. ორი თუ სამი ღამე არ შეუშვიათ შიგ, ზვინში ათენებდა თურმე... ასეა, არამი ლუკმა არავის შერჩება ბოლომდე, ხომ იცი? - ამთავრებს ვანო თანასოფლელების თავს გადამხდარ ამბავს, - ახლა აღარავინ ამოდის აქ, - ნაღვლიანად ავლებს თვალს გაუთიბავ სათიბებს, - ყველამ მიატოვა ეს მთაც, - ფიქრები ერევა მერე...
- ნუ გეშინია, იქნებ ისევ დაგვჭირდეს და მოვიხედოთ აქეთ, - ვაიმედებ მე. მერე ვემშვიდობები და ვაგრძელებ გზას... გადავალ ქედის გადაღმა იმ მშვენიერ მთიან მხარეში, ახლად აღდგენილ ტაძარს მოვინახულებ და იქაურ ამბებსაც გამოვიყოლებ.
უღელტეხილზე გადავლისას საამო სილაღე მიპყრობს, თვითო განსხვავებულ ყვავილს ვწყვეტ ალაგ-ალაგ და სამახსოვროდ ვდებ ზურგჩანთის ჯიბეებში. ახლობელი ადამიანებიდან ყველაზე ძვირფასებს ვიხსენებ და თითქოს მათთან ერთად მივყვები გასხივოსნებულ მიდამოს. ერთგან პატარა, ლამაზი ცირცელი დგას მარტო გზის პირას. მოწყენილი მგონია რატომღაც. ნაყოფი არ ასხია ჯერ. გაიზრდება და დაისხამს, როგორც ეგერ, ქვემოთ მისი თანამოძმენი, წითლად რომ დახუნძლულან. ზამთრისპირზე მწიფდება ცირცელის ნაყოფი. როჭოები და გარეული ქათმები იზამთრებენ მის ახლოსო, ამბობდნენ გამოცდილი მონადირეები.
უღელტეხილის შემდეგ გზა დაღმართში მიდის. აქაურ სათიბებში მოლურჯო ყვავილები სჭარბობს. ვუცქერ ამ ლურჯად აფერადებულ ველ-მინდვრებს, ნიავზე აღელვებულს ზაფხულის მზეში, მალამოდ მედება მათი სილამაზე და თითქოს რაღაცაზე მწყდება გული, მაგრამ რაზე, ვერ გამირკვევია... გაფრენილ წლებზე, თუ იმაზე, ამ სილამაზეს ხშირად რომ ვერ ვუცქერ, რომ ეს მშვენიერი მიდამოები დღეს მიტოვებულია კაცთაგან და აღარავინ იყენებს... იქნებ იმაზე, რომ ცხოვრება, რაც არ უნდა გრძელი იყოს, ამ სილამაზეს როდესმე სამუდამოდ უნდა დაემშვიდობო... იქნებ დამცრობილი ქვეყნის პატრონის სევდა მიდევს გულში და მეშინია, ამ ლამაზ მთებსაც არავინ შემომედავოს, არავინ წამგლიჯოს და მიისაკუთროს?.. ვუცქერ, ვუცქერ, ვუცქერ... ამას კი ვუცქერ, მაგრამ იმ მთებს როდის ვნახავ, იმ გზების მგზავრი როდისღა ვიქნები, მტერმა რომ მიისაკუთრა, იქაურ, მტრისაგან იავარქმნილ სოფლებს როდის გადავავლებ თვალს?!. როგორია წელიწადის დროთა ცვლა იმ მხარეებში, იმ გაცივებულ კერებთან... წარმომიდგენია, რა მდუმარე გაზაფხულები მოდის იქ, რა მიყრუებული ზაფხულები დგება შამბით გადავლილ ეზოებსა და ბაღებში, როგორი ყვითლად დაფერფლილი შემოდგომები ჩაივლიან იმ სოფლების აბალახებულ ბილიკებზე, როგორი სევდიანი, ცივი ქარებით ავსებული ზამთრები გადაივლიან უკაცრიელ ნანგრევებზე...
დიდი ხნის სიარულის შემდეგ შევედი მაღალი მთის კალთაზე შეფენილ სოფელში და მივადექი ახლად აღდგენილ ტაძარს. კარგა ხანს ვიყავი იქ და გარეთ გამოსული დაპირებისამებრ იქაურ მეგობარს შევხვდი. მთის მზე მოკიდებია ნიკას, ჯანსაღი ფერი გადაკრავს სახეზე. გადავეხვიეთ ერთმანეთს. გვერდს ცოლი უმშვენებს, ახალგაზრდა, ტანაშოლტილი თაკო, ყოფილი მოდელი, ახლა მოდგმის გასამრავლებლად წამოზრდილი მუცელი რომ უხდება საოცრად. სიხარულით მეგებებიან ორივენი.
- ჯერ აქ დავსხდეთ, - ტაძრის ეზოს გარეთ გაშლილ ხალხმრავალი სუფრისაკენ მივყავარ ნიკას, - ჩვენები არიან, ცხვრები დაკლეს და გვერდი რომ ვუქციოთ, ეწყინებათ. მერე ჩვენთან ჩავიდეთ შინ.
- კი ბატონო, როგორც თქვენ იტყვით, - მივყვები მე, - შენ როგორა ხარ, როგორ მიეჩვიე აქაურობას? - ვეკითხები თაკოს.
- მიეჩვია კი არა, მგონი სულ აქ უნდა დარჩენა, - იღიმება ნიკა.
- რას ამბობ, კაცო? - მიკვირს მე.
- ჰო, მერე მოგიყვებით ჩვენს ამბავს.
მოქეიფეები შემოსხდომიან სუფრას მლოცველების სახელით. დიდი ამბით მიგვიპატიჟეს და საუკეთესო ადგილას დაგვსვეს. მერე სადღეგრძელოები, კეთილი სურვილები, ქება-დიდებანი, როგორც ვიცით, და დამშვიდობებისას კოცნა-ტყლოშნები.
მეორე დღეს ნიკას ეზოში ვისხედით და მის საუბარს ვისმენდი.
- უცნაური ცოლი მომიყვანია, ძმაო, - მიყვება ნიკა, - ამ ზაფხულს ზღვაზე გვინდოდა წასვლა, მაგრამ თაკომ ასეთ მდგომარეობაში ზღვაზე რა მინდაო, ხომ ხედავ კარგად დაეტყო მუცელი, - იღიმება იგი, - ჩამოვედით აქ, არ იყო ნამყოფი. დაათვალიერა კარგად ყველაფერი და მეუბნება, რა სიმდიდრის პატრონი ყოფილხარ, ნიკაო. მეც სიყვარულით და დანანებით ვუცქერდი ჩემს მიტოვებულ კარ-მიდამოს და რაღაც მეტი სიყვარული და თანაგრძნობა ამოვიკითხე თაკოს თვალებში ამის გამო. თორემ რა სიმდიდრის პატრონი ვარ? - ათასობითაა ჩვენს მთასა და ბარში ასეთი მიტოვებული სახლ-კარი. მერე დაუტრიალდა ეზოს, დარგო მრავალგვარი ყვავილი, როგორც ხედავ. ბოსტანიც კი გააკეთა, გესმის...
- ორსულ ქალს ბოსტანში აშრომებ? - მიკვირს მე.
- არა, არა, მძიმეს არაფერს აკეთებს, ყველაზე მეტად იმას უფრთხილდება, ჩვენს მომავალს, თანაც ყველაფერში ვეხმარები. ამას წინათ მთაში ვიყავით. ისედაც მთაში არა ვართ? მაგრამ უფრო ზევით ავიყვანე, ალპურ სათიბებში, შენ რომ გადმოიარე გუშინ. ერთხელ ვუთხარი, სათიბი მაქვს იქ-მეთქი და აღარ მომეშვა, სანამ არ წავიყვანე. ჩავჯექით ჩვენს სათიბში, დავკრიფეთ მრავლად მოსული მოცვი და მოცხარი, იქვე წყაროსთან სუფრაც გავშალეთ. მერე მოვიარეთ ლამაზი ქედები, ვუცქირეთ თოვლიან მწვერვალებს და წამოვედით. ახლა მეუბნება, ის სათიბი უნდა დავიმტკიცოთ როგორმე, აუცილებლად დაგვჭირდებაო. ფიქრობს, რომ გლობალური დათბობის გამო მთებში მოგვიწევს წამოსვლა და ცხოვრება. მეხვეწება, დაზამთრებამდე მაინც დავრჩეთ ხოლმე აქო. ერთხელ ვუთხარი, მთის კურორტზე მაინც წავიდეთ, კარგად დავისვენებთ-მეთქი. ეწყინა. მერე ესენი ვის დავუტოვოთო? თავის დარგულ მცენარეებზე მიმითითა. ჩვენ რომ წავიდეთ, ესენიც მარტო იქნებიან და ჩვენც. აქ წინაპართა სულები დაგვტრიალებენ თავს, ფუძის ანგელოზი დარაჯობს ჩვენს ძილსო. ზოგჯერ ამბობს, ნამდვილი ცხოვრება აქაა, მცენარეებთან ურთიერთობაშია, ქალაქური ცხოვრება კი თამაშიაო. თურმე თორმეტ წლამდე სოფელში იზრდებოდა ბებიასთან და ძველი წეს-ჩვეულებების გამგრძელებლად მომევლინა. არადა, რა დაგიმალო, უფრო შემაყვარა თავი თავისი უცნაურობებით...
- ანგელოზი გყოლია, ძმაო, შინ, - ვეუბნები მეგობარს გახარებული, - ესე იგი, აქ რჩებით, მე კი მინდოდა მათესთან ავსულიყავით უფრო მაღალ მთებში რამდენიმე დღით...
- როგორც ხედავ, ჩვენ ვერ შეველევით ჯერჯერობით ჩვენს კერას. შემოდგომამდე მაინც დავრჩებით აქ. შენ კი მათეს არა, მაგრამ სხვას შეიძლება ესტუმრო იქ. მათეს საქმე ვერ არის კარგად. არ გამოვა ახლა მასთან სტუმრობა...
- რა მოხდა, ცუდი ხომ არაფერია? - ვკითხულობ მე.
- ოჯახური სასტუმრო მოაწყო მათემ თავის საგვარეულო კოშკთან. ააშენა ორსართულიანი სახლი და აივნით კოშკს დაუკავშირა. საკმაო რაოდენობის ტურისტი ჩადის ზაფხულობით იქ. მათესაც ჰყავდა სტუმრები და ცოტა ფულიც იშოვა. იმ ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე თვითონ ცხოვრობს, მეორეზე სამ-ოთხ სტუმარს აბინავებს. ერთ დღესაც ახალგაზრდა ამერიკელი წყვილი და ერთი მისი თარჯიმანი ქართველი ქალიშვილი დაბინავებულა მათთან. საღამოს დამთვრალა ამერიკელი კაცი და გადმოუფსია ზემოდან კოშკის ძირში ვახშმად დამსხდარი მათეს ცოლ-შვილისა და დედ-მამისათვის. გადარეულა მათეს მამა, მაგრამ დაუწყნარებიათ... შუაღამისას უჩვეულოდ ხმამაღალი ვნებიანი კვნესა-კივილი გაისმა თურმე სტუმრების ოთახიდან. მათე არ ყოფილა შინ, სანადიროდ წაუყვანიათ მეგობრებს. წამომხტარა ზეზე მათეს მამა. ასულა მაღლა და ქართველი თარჯიმანი ქალის ოთახზე დაუკაკუნებია, დაუძახნია, გააგებინე მაგ უცხოელებს, წესიერად მოიქცნენო. მაგრამ იგი არ დახვედრია ოთახში. მაშინ სხვა ოთახთან გადაუნაცვლებია მოხუცს და ღია კარიდან უნებურად უჩვეულო სანახაობა უხილავს. სტუმრები მთლიანად შიშვლები ყოფილან. კაცის ფეხებს შორის თავისავე ცოლსა თუ საყვარელს ჩაეყო თავი, ხოლო თვით მას, კაცს - ქართველი თარჯიმანი ქალის თეძოებს შორის. გასაგებია, რასაც აკეთებდნენ. ზოგისთვის ეს ჩვეულებრივია ამბავია, მაგრამ სამოცდაათი წლის მთიელისათვის, თანაც საკუთარ ოჯახში ნახული, მეორედ მოსვლას ნიშნავს. ჰოდა,  გაცეცხლებულა მათეს მამა, წამიბილწეს ოჯახი ამ უღმერთოებმაო. ისიც გახსენებია, რამდენიმე ხნის წინათ მამა-პაპური ქამარ-ხანჯალი რომ დასცანცლეს ვიღაც უცხოელმა ტურისტებმა მათეს. ჩამოურბენია დაბლა, დაუვლია მათრახისათვის ხელი და დარევია ტიტლიკანა კაცსა და ქალებს. კარგად აუჭრელებია სამივენი და გამოუყრია გარეთ... ჰოდა, დაიჭირეს მათეს მამა უცხოელების ფიზიკური შეურაცხყოფისათვის. ის კი თვითონ თვლის თავს შეურაცხყოფილად, მათესთვის უთქვამს, თუ კიდევ ტურისტებს შემოათრევ სახლში, ერთად ვეღარ ვიცხოვრებთო... ასე ჩაიშალა მათეს საოჯახო ბიზნესი.
- ვერაა კარგი ამბავი. არადა, მართალია მათეს მამა, ოჯახის სასტუმროდ ქცევა რა წესია?..
- ჰო, ეგრეა, ძნელად ვეგუებით ახლი ცხოვრების წესებს, მით უმეტეს, თუ იმ წესებს არც სიკეთე მოაქვთ. იმის მაგიერ, რომ ხალხს ტრადიციული მეურნეობის გამართვაში შეუწყონ ხელი, უცხოელების მომსახურებას აჩვევენ. ოჯახი კი არა, ქვეყანის ქცევა უნდათ სასტუმროდ და სტუმრების სამუდამოდ აქ დატოვება. ხომ იცი, სტუმარი ერთი და ორი დღეა სასურველი, თუმცა ეს შენ არ გეხება, - იღიმება ნიკა და ხელსა მხვევს, - დიდი ხნით დარჩენილი სტუმარი ხიზნად იქცევა, რომელიც მერე მასპინძლის ადგილის დაჭერას ცდილობს. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ახალი ხიზნების მომრავლებით ქვეყანა ისე აირევა, როგორც მათეს ოჯახი...
თაკო გვიახლოვდება და ვწყვეტთ ამ თემაზე საუბარს. მე ვაქებ მეგობრის მეუღლეს, ვუწონებ ფუძის სიყვარულს. დიდხანს ვსაუბრობთ მის მიერ გემოვნებით გაშლილ სუფრასთან.
- ზამთარში როგორაა ამ სოფლის საქმე, რჩება ვინმე აქ?
- ორი-სამი ოჯახი რჩება, ჩამკვდარი, ჩადუმებულია აქაურობა, - მპასუხობს ნიკა.
- იქნებ ერთხელ ამოვიდეთ ზამთარში და გავახალისოთ კერა, ნიკა, - ამბობს თაკო.
- ჰო, კარგი იქნება, მეც ჩამოვდივარ ხოლმე ჩემს სოფელში, - ვამბობ მე.
- შენთან ადვილია, იქ საკმაო ხალხი ცხოვრობს, გზაც იქნება ყოველთვის. აქ კი იმხელა თოვლი მოდის, რომ გამიკვირდება ამოვაღწიოთ, თუ შევძელით, მეც გამეხარდება აქ ამოსვლა, თუნდაც ძველით ახალ წელს მაინც რომ გაგვათბობია კერა, კარგი იქნება.
- იქნებ როგორმე მოვახერხოთ, - ამბობს თაკო.
- ინტერნეტში ვუყურებ ხოლმე ამ სოფელს. სწორედ ზამთარშია გადაღებული და ვცდილობ ორღობეებს შორის ადამიანთა ნაკვალევი დავინახო... თუ მოინდომებთ, ამოსვლას ყოველთვის მოახერხებთ, - ვაიმედებ მე.
მერე ვემშვიდობები გულითად მასპინძლებს, რომლებსაც ძალიან ენანებათ ჩემი წამოსვლა.
ვემშვიდობები პატარა სოფელს და ულამაზეს მხარესაც... გაივლის კიდევ რამდენიმე დღე და აქაურობა თითქმის გაუკაცრიელდება. საუკუნეთა მანძილზე ხალხით სავსე და ჯერ კიდევ ოცი-ოცდაათი წლის წინათ  ხმაურიანი ორღობეები და ეზოები სევდიანი სიჩუმით შეაბიჯებენ ზამთრის მდუმარებაში... როდემდე გაძლებენ ეს მიტოვებული სახლები?.. როდემდე შეინარჩუნებენ წლების წინათ განცდილი სითბოს კვალს, ან საით წავლენ აქაური ფუძის ანგელოზები?!. ნეტავ თუ მობრუნდება აქ ხალხი როდესმე?!.
ამ ფიქრებით ვაგრძელებ გზას. 



პენ-მარათონი 2010
11-12 დეკემბერი
საგურამო, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები