ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2008


მათხოვარი და ზეთისხილის რტო

      ჩემს ქალაქს უამრავი დასამახსოვრებელი პიროვნება ჰყავდა, მაგრამ ის მაინც სულ სხვა იყო, მოხუცი მათხოვარი, ყოველდღე რომ გეჩხირებოდა თვალში და მაინც გაკლდა... ვიდრე ჯანი ერჩოდა,ჯამბაზივით ფრთხილად გადი-გამოდიოდა ცხობრების იმ საბედისწერო ბაგირზე, რომელიც უდაბნოსფერი საათის ქანქარასავით გამუდმებით ქანაობდა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე... 
    მოხუცს ყოველ კუთხე კუნჭულში მოკრავდით თვალს... თითქოს მთელი ეს ვეებერთელა ქალაქი, თავის იმ ძირგამომპალ ხელანში ჰქონდა დატეული, რომელსაც აკანკალებული გაუწვდიდა გამვლელ-გამომვლელს.
    მათხოვრის დამღიერებულ სახეს გამომწვარი აგურისფერი გადაჰკრავდა,გათოშილი ბაგეები გალურჯებოდა და ისე დახეთქვოდა, გეგონებოდათ
ტუჩზე უამრავი ტუჩი გამოზრდიაო და ასე ერთიანი ძალისხმევით უფრო ადვილად უმკლავდებიანო შიმშილს...  მათი საცოდაობის შემყურეს მათხოვარს ხშირად აუწყლიანდებოდა ჩასისხლიანებული თვალები, მაგრამ თუ ბედნიერი დღე გაუთენდებოდა,რაც მცირეოდენი ულუფის ხელში მოგდებას ნიშნავდა,პირველ რიგში,თავისი უამრავი ტუჩი ახსენდებოდა,რომელიც სიცივეს მტაცებელი ფრინველივით გამოერეკა,მოხუცის სიბინძურისაგან გაუხეშებულ, ნაცრისფერ წვერში.
მოხუცი, რა თქმა უნდა, თავაზიანად გაუწვდიდა აცქმუტებულ ტუჩებს  თევზის ყუათიან კუდს, ან ხორცის პატარა ნაგლეჯს,მაგრამ აქ ტუჩებს ავიწყდებოდათ თავაზიანობა; ჯერ მოხუცისჟანგისფერ თითებს დაეძგერებოდნენ, რომელიც დროზე რომ არ მოერიდებინა შეიძლება თევზის ყუათიან კუდთან, ან გამხმარ პურის ყუასთან ერთად აღმოჩენილიყო სტომაქში... შემდეგ ტუჩები დაუნდობლად გლეჯდნე და წიწკნიდენ, კბენდნენ დაღეჭავდნენ ერთმანეთს,ვიდრე სისხლისფრად არ შეიღებებოდნენ...  ამ დროს, კუჭიც ბევრი მაქვსო,ასე ეგონა მოხუცს, ეს უკანასკნელიც ისე ჩაერთვებოდა სიცოცხლისათვის გაჩაღებულ ორომტრიალში და ისე სწრაფად სტაცებდა გაცოფებულ ტუჩებს გერ კიდევ დაუღეჭავ, სისხლის გემო შერეულ ლუკმას,რომ მოხუცის ჩაშავებული  ორიოდე მოქანქალე  კბილი ხშირად თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა. მოგვიანებით,როცა ულუფა მთავრდებოდა, მათხოვარი დამჭუხრებით აღმოაჩენდა,მაინც მშიერი რომ დარჩენილიყო საკუთარი უმადური ტუჩების წყალობით.  თუმცა  ბოლოს, მაინც საკუთარ თავს დათუქსავდა ხოლმე, როგორც შვილების ცუდად აღმზრდელი მამა დატუჩის ყოველი ნაპრალიდან თანაგრძნობით იწმენდდა სისხლს.
      მათხოვარს განსაკუთრებით ცირკის კიბის ერთი პატარა და ბოლო საფეხური უყვარდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც სადღესასწაულო ტანსაცმელში, ბრჭყვიალა ნიღბებსა და ფერად ბუშტებში გაპრანჭული ბავშვების ჟივილ-ხივილით ივსებოდა სივრცე. დადგებოდა საცოდავად, უფრო დაბლა დახრიდა თავს, უფრო მოიკუნტებოდა და იდგა ასე გარინდული, მოწყალების მოლოდინში, როგორც მადლობის სათქმელად გამზადებული ბალაგანის უხუცესი მონაწილე.... შემდეგ კი,როცა ცხოვრების სიმძიმემ კიდევ უფრო მოხარა და სახიდან ჩამოურეცხა ღიმილისა და იმედის პატარა სხივიც,ნიჟარიდან გამობობღებული ლოკოკინასავით მიეტმასნა ყველაფერს, რასაც ხედავდა და ეხებოდა. ახლა წონასწორებას მხოლოდ იმ უჩვეულო აღკაზმულობით ინარჩუნებდა,რომელიც ყოველ დღე კალენდრის ფურცელივით ეკვროდა მის დასვრილ და აშმორებულ სხეულს: --ნაგვის ბუნკერში ნაპოვნი სარკის ნამსხვრევები, ნეფე-დედოფლის ფერხთით დამტვრეული თეფშის ნატეხები, გაფუჭებული კომპასი, უდაბნოსფერი საათის ისრები , წეროს უზარმაზარი ფრთები და მათხოვრის ყველაზე ძვირფასი ატრიბუტი - ზეთისხილის რტო, უტყუარი საბუთი ბიბლიური ნოეს შთამომავლობისა..,
  იწვა სიმყრალით გაჟღენთილ კიდობანში,ხშირ ჭუჭყიან წვერში გაბლანდული, აშმორებულ სამოსში გახვეული, რომელიც დიდი ხანია ვეღარ უფარავდა სხეულის შიშველ ადგილებს და გრძნობდა, როგორ მოჟონავდა თავისივე სხეულიდან სისხლისა და ჩირქის ნაზავი. ყურთასმენა ერთმეოდა, ვეღარც შენობების მსუყე ქადის მსგავს ქონგურებს ხედავდა მკაფიოდ, თუმცა, უფრო მძაფრად შეიგრძნობდა მაღალი კედლების საბედისწერო ნაპრალებსა თუ ბზარებს. ხველებაც უფრო უხშირდებოდა და ნახველიც უფრო სისხლისფერი და ბლანტი ხდებოდა,სწორედ ამიტომ,სიცარიელემ ამოავსო მოხუცი მათხოვრის მიერ მიტოვებული ცირკის კიბის პატარა საფეხური; საკუთარი ნახველით შეშინებული ბავშვებს განერიდა და მდინარეზე გადაჭიმულ ერთ-ერთი ხიდის კუთხეში გაწვა ბებერი ლოკოკინასავით...
  დღითიდღე უფრო შორიდან ჩაესმოდა ეკლესიის ზარების რეკვა, რადგან უფრო მეტად შმორდებოდა და ყროლდებოდა, ხოლო მის გარშემო კი იზრდებოდა ფურთხისა და ტალახის ჭაობი, რომელიც ნელნელა ქვევით ეზიდებოდა მათხოვრის გამომშრალ სხეულს.
  ფურთხსა და წყევლასაც მოწყალებად მიიჩნევდა, რადგანაც მოხუცის შეგნებაში წაშლილიყო ზღვარი ფურთხსა და ხურდას შორის. უკვე რამდენიმე დღეა, ვეღარც სამადლოდ გამოწვდილი ლუკმა გალოღნა და ვეღარც ბუნებრივი მოთხოვნილებებისთვის ჩაიზლაზნა მდინარისაკენ. უფრო აშმორდა და აყროლდა, ადამიანებიც მოწყალებას გასცემდნენ ტალახით, ფურთხით, წიხლით ქვებით, როგორც ღირსეულ მათხოვარს შეეფერებოდა.  მოხუცს უკვე აღარაფრის შეცვლა აღარ შეეძლო, უკან ვეღარაფერს შემოაბრუნებდა, გარდა ზამთრის სუსხით გათოშილი გვერდებისა, რისთვისაც ისე ზანტად და მოშვებულად ირჯებოდა, რომ ყველაზე ხნიერ ლოკოკინასაც კი აუჩუყდებოდა გული... თუმცა, ასეთ უსიცოცხლო ადამიანსაც დაუდგებოდა ხოლმე ერთადერთი მშვენიერი წამი, ესეც მაშინ,როცა ულამაზესი ქალბატონის მოხდენილი კაბის შრიალი ზღვის ტალღასავით გადაუვლიდა მკერდზე და შეისუნთქავდა მომაჯადოვებელ სურნელს. ამ დროს მიწის ზედაპირის ყველაზე ცხელი ადგილებიც კი ღუმელივით ცხელი ეჩვენებოდა,შეშინებული შეიმალებოდა      თავის აშმორებულ ნიჟარაში, რათა  არ დაეფრთხო და უნებურად არ ჩაექრო ეს ერთადერთი გამოცხადება, მერე კი ხელის კანკალით გულდასმით დაიფარავდა სხეულის ყველა მოშიშვლებულ ნაწილს...
  ერთ მზიან დილით, კი ჩვენი ქალაქის არცერთი კენჭი რომ არ მოსწრებია, ისეთმა ქარიშხალმა ფეხზე წამოაგდო ხვრინვის მაღალფარდოვნებაში შეფარული ადამიანთა გუნდი. ქარბორბალა ყოველი ფანჯრის წინ თეთრი ბაირაღივით დაათარებდა მოხუცი მათხოვრის უჩვეულო აღკაზმულობას: სარკის ნამსხვრევებს, კალენდრის ფურცლებს, კომპასის ისრებს, კონვერტებს, ქაღალდებს, რომელზეც მათხოვარს გაურკვეველი სიმბოლოები აღენიშნა,როგორც აღსარება, საიდუმლოდ თქმული საკუთარი მოძვრისადმი. ზეცას წეროების უზარმაზარი გუნდი მიაპობდა, სიკვდილი კი ზეთისხილის რტოთი უახლოვდებოდა მოხუცს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები