ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-გაბეჩავა
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2011


ასეც ხდება

  იმ დღეს მისთვის ალბათ უჩვეულოდ გათენდა. ლამაზი გოგო იყო, ბევრს უყვარდა.მას- არავინ.
არასდროს განუცდია სიყვარული. არც ფიქრობდა ასეთ რამეებზე. ცოტა არ იყოს ეს შეყვარებულობანა ეზიზღებოდა კიდეც.
  წვიმდა....იმ დღეს უნივერსიტეტიდან როცა ბრუნდებოდა მოიტაცეს. იმდენი იბრძოლა , მაგრამ ამდენ ბიჭთან აბა რას გახდებოდა? ვეღარ გაიქცა ...
ჰოდა, მანქანა სასიძოს ბიძაშვილის სახლს მიუყენეს სოფელში...უკვე შეღამებულიყო. ჩვეულებისამებრ მასპინძლობა, სტუმრობა და ასე შემდეგ...შეგროვებაც უკვე მოესწროთ ცოტა გავლენიან წარმომადგენლებს, არავის გავატანთო პატარძალს.
მაგრამ გოგონა არ ისვენებდა, არ დავრჩებიო ამბობდა...
ძალიან ჩქარობდა ყველა, სურდათ როგორმე პატარძლის მშობლების მოსვლამდე მოეგვარებინათ ყველაფერი...
რა ლამაზია- ჩურჩულებდნენ გოგონები...
-დარჩება?
-დარჩება სად წავა აბა-ამბობდა ამ საქმეში კარგად გამოცდილი ერთი ქალბატონი.
ჩუმად ხითხითებდა ყველა.
  ქვემო სართულზე სუფრა იყო გაშლილი, სადაც მოქეიფე ხალხს სულაც არ ადარდებდა ზემოთ გამზადებულ ოთახში მყოფი გოგონას განცდები , რომელსაც ათამდე უცნობი ჰპირდებოდა ბედნიერებას...თვითონაც არ იცოდნენ რას მიედ-მოედებოდნენ.
მოკლედ, გოგო ცივ უარზე იდგა.
არც მისმა მშობლებმა იცოდნენ ამის შესახებ...
ხან სასიძოს ძმაკაცები შემოდიოდნენ, ხან მასპინძელი ქალბატონი, ხანაც სასიძოს დედა მაგრამ უშედეგოდ.
-შვილო თავი არ მოგვჭრა ამდენ ხალხშიო, თან სხვებიც აყვებოდნენ ხოლმე...
ქალიშვილს კი უფრო შესძულდა ეს ადამიანები მითუმეტეს,- საქმრო.
ოჯახის უფროსი საგონებელში იყო ჩავარდნილი როდესაც მიხვდა , რომ საქმე ცუდად იყო, არ სურდა პრობლემები, არც საკუთარი ძმის წყენინება უნდოდა...ყველა ფორიაქობდა.
სასიძოც შეუშვეს მასთან ოთახში -როგორმე დაიყოლიეო... რა არ ელაპარაკა, მაგრამ უშედეგოდ...საკოცნელად როცა გაიწია ისეთი სტკიცეს ალბათ ბოლო დღემდე დაამახსოვრდა.
მერე მეგობრებთან გავიდა მათ კი ურჩიეს ძალა ეხმარა ... თვითონაც ნანობდნენ უკვე ამ საქმეში გარევას და გოგონა რომ წაეყვანათ მერე პრობლემები ექმნებოდათ. ერთადერთი გამოსავალი ამ გოგოს დაყოლიება იყო, მერე სად წავიდოდა?
-მარტო დამტოვეთ, მოვიფიქრებ -უთხრა გოგონამ გარსშემოკრებილ მანდილოსნებს . მათაც იმედით დატოვეს ოთახი... ქალიშვილმა კარები ჩაკეტა და ფრთხილად გამოაღო ბაღისკენ გამავალი უკანა ფანჯარა...
ვინ იფიქრებდა, რომ მეორე სართულიდან გადახტებოდა.

    ძალიან წვიმდა. ის კი სადღაც ტყე-ღრეში მირბოდა შეუსვენებლივ. ეკლები სახეს უსერავდნენ, მაგრამ გზაზე გამოსვლას ერიდებოდა. ვინ იცის რამდენი სოფელი გაიარა და სად იყო...საით მიდიოდა?
ზოგჯერ წარმოიდგენდა საქმროს პირშიჩალაგამოვლებულ სახეს და მაინც ეღიმებოდა.ალბათ ცხოვრებაში პირველად შეუყვარდა ტყე და სიბნელე... უკვე იცოდა , რომ სამშვიდობოს იყო გასული- თითმქის ოთხი საათი ირბინა ხანმოკლე შესვენებებით, მაშინაც კი სიარულზე გადადიოდა. ზამთარია და სადღაც შვიდზე  უკვე შეღამებულია- ფიქრობდა ჩვენი გმირი ,იქ ალბათ სამი საათი მაინც ვიყავი...ახლა ღამის პირველი მაინც იქნება- დაასკვნა მან და გაეღიმა მწარედ. მიხვდა, რომ დილის ცხრამდე არ გათენდებოდა. უკვე არც სოფელი ჩანდა და არც გზა .  გაახსენდა ერთხანს გზის პარალელურად რომ  მირბოდა, რადგან შორიდან ამჩნევდა მანქანათა შუქ-ფარებს, ახლა კი სრულ სიბნელეში ამოჰყო თავი .
პირველად იგრძნო თავი მარტოდ.  სციოდა  ძალიან, რადგან ქურთუკიც სიჩქარის გამო იქ დარჩა და მხოლოდ ჯემპრეთი იყო...
სიცივე მატულობდა ,  ერთიანად გალუმპულს ეკლებით დაკაწრულ სახეს ჩამოცურებული წყლის წვეთები ცივად უწვავდნენ. კიდევ რამდენიმე საათი იარა ალბათ, მაგრამ მეტი მართლა არ შეეძლო. მიხვდა იყინებოდა, (თუმცა იქ დარჩენას ეს მაინც ერჩივნა). ძლივს მილასლასებდა..ამ დროს რომელიღაც სოფელში შევიდა, სადაც ქუჩებში აქა იქ ენთო ლამპიონი. სიცივისგან კბილებს ერთმანეთზე აცემინებდა, საშინლად ცახცახებდა, მაგრამ სად დაეძახა?  მთელ სოფელს ეძინა...წვიმასაც გადაეღო ამასობაში, აქა-იქ ვარსკვლავებიც ანათებდნენ. ნაუცბათევად ნაგრძნობი ყინვა ნაოფლარ და ნაწვიმარ სხეულს ძვალ-რბილს უსუსხავდა.
  ერთ ადგილას ლამპიონი ენთო...
-რომელი ხარ? გაისმა მამაკაცის ხმა და რკინის ჭიშკარი გაიღო . გოგონა ელდანაცემივით შეკრთა...ხმის კანკალით აუხსნა უცნობს თავისი მდგომარეობა.
უცნობმა გოგონა სახლში შეიყვანა. სასწრაფოდ დაანთო ბუხარში ცეცხლი. უცნობს ცალ ხელში ბორჯომით სავსე ჭიქა ეჭირა მეორეთი გოგონას ცხელი ჩაი და ნამცხვარი მიართვა.
  სიცივისგან აცახცახებული ბუხარს ეჯდა...ცეცხლი მხიარულად ტკაცუნობდა. ვეღარ საუბრობდა სიცივის გამო. მერე ნელ-ნელა გათბა. უცნობი ფართოდგახელილი მწვანე თვალებით გაოცებული შეჰყურებდა და იღიმოდა...
-დღეს, სადღაც საღამოს შვიდზე გავითიშე- უყვებოდა უცნობი, სტუმრები მყავდა. მახსოვს როგორ გავაცილე, სულ ახლახანს გამომეღვიძა...შენთვის გამღვიძებია- ეუბნებოდა ხუმრობით და გოგონას ამხნევებდა...ყოჩაღ შენ!- ამბობდა და თან იცინოდა. გოგონასაც მოულოდნელად სიცილი წასკდა. სასიამოვნო მხიარული განწყობა მოდიოდა უცნობისგან...
მან ახლა მოავლო თვალი ოთახს. იდეალური სისუფთავე იყო ირგვლივ, ყველაფერი გემოვნებით იყო მოწყობილი. მოულოდნელად უცნობის მწვანე თვალებს წააწყდა, რომლებშიც რაღაც უცნაური სიხარული ციმციმებდა...ალბათ სახლში არავინაა უცნობის გარდა, გაიფიქრა ქალიშვილმა.
-თუ გინდა მოისვენე -უთხრა უცნობმა მე გიორგი მქვია, თითქოს ახლა გაახსენდაო სახელი.
-მე ლიზი- უპასუხა გოგონამ და გაეღიმა. აქ დავრჩები...
-ნება შენია...
  უცნობს ალბათ სითბომ მოუჭირა- თვალები ეხუჭებოდა ნელ-ნელა...
მან შეშა შემოიტანა და ბუხართან ლამაზად დააწყო, მერე თავი ბუხრის კიდეს მიადო და ჩასთვლიმა...გოგონა ცეცხლმა საოცრად გაათბო, სულაც არ ეძინებოდა...ზოგჯერ თვალებს შეავლებდა მძინარე, მომღიმარ გიორგის . (ალბათ სიზმარში იყო). სულ უფრო და უფრო სურდა ემზირა მისთვის..ასეთი გრძნობა და სითბო მას არასდროს განუცდია...გულში დიდ სითბოს და საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა ,თითქოს უდაბნოში შხაპუნა წვიმამ დაუშვა და რაღაც წამებში ამწვანდა იქაურობა სამუდამო ზაფხულითო...
გოგონა ფრთხილად აპარებდა მზერას მძინარე გიორგისკენ, რატომღაც სურდა მოხვეოდა მას დიდხანს, ძალიან დიდხანს... მერე უცებ გამოერკვეოდა და თავს ტუქსავდა ხოლმე....
რას ფიქრობ, რას? ეუბნებოდა საკუთარ თავს და ღიმილს ვეღარ იკავებდა. ძალიან მოსწონდა ასე...
გარეთ ისევ წვიმდა.
ცეცხლი მინავლებულიყო, თუმცა არ ციოდა. გოგონამ შეშა შეუკეთა ცეცხლს და შიმშილი იგრძნო.
ამასობაში გათენდა კიდეც...
გიოს გამოეღვიძა და გაოგნებული უყურებდა ქალიშვილს. აშკარად ეტყობოდა აზრზე ვერ მოსულიყო. მერე ნელ-ნელა გაახსენდა ყველაფერი და გონებაც დაეწმინდა...
-დილა მშვიდობისა.
-გამარჯობა.
-რაო , როგორ ხართ გმირო? კვლავ ნაცნობმა ღიმილმა გოგონას სულის ნაპრალებში შეაღწია...
-გმადლობთ ყველაფრისთვის- ჩაილუღლუღა მან.
ხომ კარგად ხართ ? გიო  იცინოდა..
-დიახ...
გიო აბაზანაში გავიდა, სახეზე ცივი წყალი შეისხა. მერე ოთახში შემობრუნდა და ლოცვები წაიკითხა... შემდეგ სუფრა გააწყო რაღაც წამებში...
-ნასვამზე მგელივით ვარ აღმოხდა მას რომ არ ვჭამო ცუდად ვხდები და ბოთლიდან ცოტა დიდ ბოკალში ღვინო დაისხა ...მერე ლიზისაც დაუსხა ჭიქაში .
-დალიე მადას გაგიხსნის უთხრა ლიზის და ჭიქა მიაწოდა...
-მეორე დილით არდალევა შეუძლებელია, ამბობდა გიო და მადიანად ილუკმებოდა...
დილის მადლი შეგვეწიოს წარმოთქვა მან და ლიზის მიუჭახუნა...მან ბოკალი სულმოუთქმელად დასცალა.
ლიზიმაც შესვა...დანაყრდნენ.

გიომ თავისი დის ქურთუკი მიაწოდა ლიზის და გარეთ გავიდნენ...
-ახლა ეს მითხარი სად წაგიყვანო? იცინოდა გიო...
-თბილისში...
-მეც იქ მივდივარ, 11-ზე გამომივლის ჩემი ძმაკაცი მანქანით- გაუღიმა გიომ.
   
მანქანა თავისუფლების მოედანთან შეჩერდა. გიო გადმოვიდა...ლიზიც...
-აბა კარგად იყავით! გაუღიმა გიომ და ლიზის ხელი ხელზე მოუჭირა, ალბათ გულში ფიქრობდა ჯიგარი ბავშვი ხარო. ლიზის კი ეს სამუდამოდ დაამახსოვრდა...
-მოიცა, ქურთუკს ჩამოვიტან სახლიდან- აღმოხდა ლიზის, მაგრამ ვინ აცალა.
გიო მანქანაში ჯდებოდა. ლიზიმ რამდენიმე ნაბიჯი მექანიკურად მისკენ გადადგა, რაღაც სიტყვებიც წამოუვიდა გულიდან, პირიც კი გააღო, მაგრამ სათქმელი ენაზე შეაშრა...

მანქანა დაიძრა.
გიომ მხიარულად დაუქნია ხელი ლიზის, მას კვლავ ნაცნობი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
ლიზიმ ხელის აწევა ძლივს მოასწრო...

სახლში არავინ იყო. ახლა გაახსენდა დედას რომ დაუბარა გასულ დილით- დეიდაშვილთან დავრჩებიო. ყველაფერი წეს-რიგში იყო.

სარკესთან მივიდა. ეკალს სახე ცოტა დაეკაწრა, მაგრამ მაინც-და მაინც არ ეტყობოდა...
თვალებზე გიო ეხატა.

მან სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა...ეკალნაკაწრ სახეზე გიო ეფერებოდა, ცრემლებადქცეული გიო...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები