ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2008


''ვიდრე,ხვალ... '' ერთი ლექსის ანალიზი/ციკლიდან: ''პოეტური პრაქტიკუმები''/

გია გეგიას

გია ძვირფასო! ვასრულებ თქვენს თხოვნას და გთავაზობთ ზაზა ჯაყელის ლექსის მცირე ანალიზს.



ვიდრე, ხვალ...


ჩარჩენილი ვარ,
ჯოჯოხეთში,
ჩარჩენილი ვარ!
ფუჭია ჩემი ოცნებები _
კეთილის შობით,
ეს ორი პეშვი იმედიღა,
იმედად დამრჩა,
ვინ შემიფარებს,
ვინ მიპატრონებს -
ცოდვილს...

დაითმინეო, დაითმინეო
მირჩევს,
მიკედლებული ვერ ვეურჩები
გამჩენს,
დაპურებული ისევ ვჩურჩულებ
მითებს,
რა დამრჩენია -
დაბეჩავებულ მორჩილს...

დავიწყებ სათაურით - ''ვიდრე,ხვალ'', ჩავთვალოთ,რომ ავტორმა აქ გამოიყენა ცნობილი სახარებისეული სიტყვები ''ვიდრე ხვალ'' და მისი პოეტური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა ანუ მიმართა ორმაგ კოდირებას და ეს წარმატებულად განხორციელებულ ჩანაფიქრად მივუთვალოთ.მაშინაც კი მკითხველისათვის გაუგებარი რჩება სასვენი ნიშნის/მძიმე/ფუნქცია .ასევე,სათაურის შინაარსობრივი მიმართება ლექსთან.

ლექსის შეტყობინება კი ასეთია:
1. მე,ჯოჯოხეთში ჩარჩენილ ცოდვილს,კეთილის შობაზე ამაოდ მეოცნებეს არ გამომჩენია პატრონი და შემფარებელი .
2.მიკედლებულს გამჩენისადმი,მის მიერ დაპურებულს ისღა დამრჩენია , დავემორჩილო მის ნებას ,დავითმინო რაღაც-/სავარაუდოდ მძიმე არსებობა /და ვიჩურჩულო მითებზე .

გია ძვირფასო! რამდენად საინტერესოა,ახალია ეს შინაარსი თქვენთვის?

პირადად მე მეჩვენება,რომ მართლა სასწაული უნდა მოახდინოს პოეტმა,რომ დღეს ამ შინაარსზე დაყრდნობით კარგი ლექსი შექმნას.
ესეც არ იყოს ,დაუკვირდით:
თუ ჯოჯოხეთში ჩარჩენილ ცოდვილს არ გამოუჩნდა პატრონი,ვინღა არის გამჩენი,რომელიც აპურებს მას და თან რჩევასაც კი აძლევს ?არსებობს გამჩენზე დიდი''პატრონი"?.../თანაც ჯოჯოხეთში!/ ვინ შეიძლება იყოს იგი? ვის ეძებს ლექსის პერსონა? გამჩენის გარდა, სხვა პატრონის მაძიებელი ადამიანი ბუნებით,ფსიქიკური წყობით ყმა არის,თუ არა მონა...და ეს - ოცდამეერთე საუკუნეში!
ვფიქრობ ცხადია,რომ ამ ორ წინადადებას შორის აშკარა აზრობრივი შეუსაბამობაა .
პირველი და მეორე სტროფი ხარისხობრივადაც განსხვავდება ერთმანეთისგან.

პირველი - ენობრივადაც გასამართავია, და აზრობრივადაც ,არც პუნქტუაციაა მართებულად გამოყენებული.
კონკრეტულად: გაუმართავია წინადადება''ფუჭია ჩემი ოცნებები - კეთილის შობით''-.ვცადოთ გამართვა:კეთილის შობა-ზე ჩემი ოცნებები ფუჭია.
გავიხსენოთ:
ქართულ ენაში სიტყვებს შორის მხოლოდ სამგვარი კავშირი არსებობს:შეთანხმება,მართვა და მირთვა.
განსახილველ წინადადებაში სიტყვასთან ''ოცნებები'' შეიძლება დაკავშირდეს მიცემით ბრუნვაში დასმული ,ზე თანდებულიანი სიტყვა,/რომელიც მიუგებს კითხვაზე- ''რაზე?'' ან ''რის შესახებ?''.ასევე დასაშვებია - ''სავსეა ჩემი ოცნებები კეთილის შობით''-/სავსე რით?-შობით/...მაგრამ არა -''ფუჭია''.
იქნებ ავტორს სურს სულაც ასეთი რამ თქვას:''ფუჭია ჩემი ოცნებები კეთილის შობის გამო''? /კითხვები:რატომ,რის გამო? /.
შეთანხმების შემთხვევაში სიტყვა ''ფუჭი'' მართლაც შეიძლება დაკავშირდეს მოქმედებითში დასმული სახელთან ,მაგრამ ასე : ''ფუჭი ოცნებებ-ით ვირთობდი თავს''./ოცნებებით -რით?/
ასეთი წესები აქვს ჩვენს მშობლიურ ქართულს.რა გაეწყობა!
განვაგრძოთ:
გაუგებარია მოტივაცია იმისა თუ რატომ აქვს,რატომ დარჩა ლექსის პერსონას მაინცდამაინც ორი პეშვი იმედი და არა ერთი,ან სამი, და თუ ეს გადატანითი,პირობითი ნათქვამია,რა სიმბოლიკა,რა ქვეტექსტი უნდა ეძიოს მკითხველმა ? რა სულიერ თუ წიგნიერ გამოცდილებას დაუკავშიროს?
ახლა ჩავასწოროთ პუნქტუაცია პირველ სტროფში:

ჩარჩენილი ვარ,
ჯოჯოხეთში
ჩარჩენი ვარ!
ფუჭია ჩემი ოცნებები -
კეთილის შობით.
ეს ორი პეშვი იმედიღა
იმედად დამრჩა.
ვინ შემიფარებს,
ვინ მიპატრონებს
ცოდვილს?

სამწუხაროდ, მე ვერ გავასწორებ სიტყვა ''ფუჭთან'' დაკავშირებულ შეცდომას.უმჯობესია,ავტორმა მოიფიქროს გზა , თუ შემოგვეხმიანა.

მეორე სტროფი გაცილებით სრულყოფილია. საყურადღებოა იმით,რომ რიტმი,რომელიც წინა სტროფის ბოლო სამ სტრიქონში შემზადდა:5/5/2/ ,აქ უკვე სრულად არის რეალიზებული.ეს არცთუ ფართოდ ფავრცელებული რიტმული წყობაა .აქ ასევე გამოყენებულია ჩე-ჩე-ჩე - ჩუ-ჩუ- ჩე- ჩა- ჩი - მარცვლებით შექმნილი ალიტერაცია .ეს ალიტერაციული კომბინაცია ,თავის მხრით, დაკავშირებულია პირველი სტროფის პირველ სიტყვასთან '''ჩარჩენილი''.
თავისთავად საინტერესო ჩანაფიქრია,მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვეღარ შველის ლექსს.ასეთ შემთხვევებში მუდამ მიჩნდება სურვილი მოვიყვანო მაგალითი სცენაზე გასული ოპერის მომღერლისა,რომელიც თუ დასაწყისშივე მცდარ რეგისტრს,თუნდაც ერთ ''ფალშს'' აიღებს ,საკმარისია!მნიშვნელობა აღარ აქვს მსმენელისათვის,როგორ დაასრულებს იგი თავის არიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები