 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 მაისი, 2011 |
თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს გაგება სემიტური კაცობრიობის, სემიტური ენებისა, სემიტური მოდგმისა. არსბობს გაგება ქამიტური მოდგმისა, რომელიც უკავშირდება ძველ ეგვიპტეს, აფრიკას. და არსებობს აგრეთვე საფეტური მოდგმა. ეს სამი ძმა ბიბლიაში სიმბოლურად ასახავს ატლანტურ, წარღვნამდელ კაცობრიობისას. კერძოდ, ნოე ასახავს ატლანტუურ, წარღვნამდელ კაცობრიობას, ე. ი. კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპს, რომელიც ატლანტიდის წარღვნამდე არსებობდა. ხოლო მისი ძენი არიან უკვე ატლანტიდის შემდგომი კაცობრიობის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ამათი შტო არის იაფეტური და, სხვათა შორის, იაფეტი ძველი აღთქმისა დაკავშირებულია ძველი ბერძნული მითოლოგიის იაპეტოსთან. შემთხვევითი არ არის, რომ პრომეთეს მამა იაპეტოსია. მისი იდენტურია იაფეტი და ყოველივე ამასთან დაკავშირებულია აგრეთვე პლანეტა იუპიტერი და იუპიტერის რასსა, ანუ თეთრი რასსა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეზოტერიზმში რასსები დაკავშირებულნი არიან მნათობებთან. იუპიტერთან დაკავშირებულია თეთრი რასსა, მერკურთან - შავი, ვენერასთან - წითელი, ხოლო მარსთან ყვითელი, ანუ მონგოლური რასსა. იუპიტერის რასსის პირველადი რასსობრივი სუბსტრატი არის სწორედ სწორედ ეს იაფეტური, პროტოევროპული, პროტოიბერიული კაცობრიობა. აი, ასე უკავშირდება იუპიტერის რასსის მისსიას პროტოევროპული, ანუ პალეოკავკასიური, მედიტერანული რასსის მისსია. ეს ყოველივე, რაც შეეხება ანტიურ, წარმართულ ეპოქას, პერიოდს.
ახლა რაც შეეხება ქრისტიანულ პერიოდს. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში დაკავშირებულია პირველსავე საუკუნეებთან. არ არის შემთხვევითი, საქართველოში ორი მოციქული რომ იმყოფებოდა - ანდრია და სვიმონ კანანელი - პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ყველაზე ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს. რა როლი აქვა ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში, კერძოდ, მიქაელური ქრისტიანობის განვითარებაში და რატომ ეწოდება გეორგია საქართველოს?
თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი არის არსება, რომელსაც ჰყავს პროტოტიპები ანტიურ ეპოქაში, ქრისტემდელ ეპოქაში. ეს არის არსება, რომელიც გვევლინება ნაყოფიერების ღვთაებათა მცველ, ამინდის, ჭექა-ქუხილის ღვთებათა სახით, როგორც ძველ ინდოეთში ინდრა, მესოპოტამიურ სამყაროში მარდუკი, პალეოკავკასიურ სამყაროში ტარჰუ, ამინდისა და ჭექა-ქუხილის ვეფხისტყაოსანი ღვთაება. მას გამოქვაბულებში ყოველთვის ვეფხის ტყავით მოსილად გამოსახავდნენ. ვეფხის ტყავი არის ატრიბუტი იმ არსებისა, რომელსაც ანტიურობაში იცნობდნენ როგორც ინდრას, მარდუკს, ტარჰუს, ქრისტიანობის ეპოქაში კი იცნობენ როგორც მიქაელს და წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი არის მიწიერი ასპექტი მიქაელისა. მიქაელი არის სულიერი სამყაროს ასპექტი, აზროვნებათა ასპექტი, ხოლო წმინდა გიორგი არის მიქაელის ასპექტი ისტორიულ პლანში, ფიზიკურ სამყაროში. რატომ უკავშირდება საქართველოს სახელი გეორგიას?
ჯერ კიდევ ძველბერძნები "გეორგოსებს" უწოდებდნენ ქართველებს იმის გამო, რომ მიწათმოქმედება იყო ყველაზე მეტად განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. "გეორგოს" ნიშნავს მიწის დამმუშავებელს, მაგრამ, ამავე დროს, გიორგის კულტი დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, კერძოდ, ნაყოფიერების ღვთაებათა დაცვასთან, ამინდთან, მეტეოროლოგიასთან. ასე იყო ძველ საქართველოში და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ეროვნული ღვთაება - თეთრი გიორგი. ხოლო ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა. და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმევე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მეტად მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე. ქრისტიანობა თავისა წმინდა სახით არსებობდა სამღვდელოებისთვის, ფეოდალური კლასისთვის, სამეფო კარისთვის, მაგრამ ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გიორგიანობასთან არის შერწყმული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგიანობამ დაჩრდილა ქრისტიანობა. წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაპადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში. ე. ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსთვის. საქართველოს სახელწოდებაც დაუკავშირდა გიორგის და გიორგი გახდა უმთავრესი წმინდანი ქართველი ერისა და არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტიანული ღმერთის სახე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სხვადასხვა სახეები და ასპექტები ცნობილია ღვთისმეტყველებაში. აპოკალიპსისშიც კი მესია, ღმერთი, ქრისტე გამოსახულია როგორც თეთრტაიჭოსანი ზეციური მხედარი (გამოცხ. 19, 11-15). ის ტრადიციული სახეები ქრისტესი, რომლებიც ჩვენ ვიცით, არ ამოწურავენ მის არსს. არის აგრეთვე სხვა სახე - მებრძოლი, დრაკონის განმგმირველი, როგორიც ის არის მოცემული აპოკალიპსისში. და ეს არის სწლრედ წმინდა გიორგის წინასახე და ეს სახე იყო მახლობელი ყველაზე მეტად ქართველობისათვის. სხვათა შორის, დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები სამების, ქრისტეს დღესასწაულების, აღდგომის დღესასწაულების "შთანთქმისა" წმინდა გიორგის დღესასწაულის მიერ, მათ სახელობაზე აგებული ტაძრები იდენტიფიცირებულია წმინდა გიორგისთან. ე. ი. წმინდა გიორგი იდენტიფიცირებულია ღმერთთან. ეს არის სახე ღვთისა და არა მხოლოდ კონკრეტული წმინდანი.
სხვათა შორის, ამერიკელი მეცნიერი ჯობსი აღნიშნავს, რომ წმინდა გიორგის აქვს ისეთივე პოზიცია საქართველოში, როგორც ქრისტესო. მაგრამ ეს არ არის სწორი. იგი აქ ისეთივე პოზიციით კი არ არის, არამედ იმაგინატიურად, სიმბოლურად ქრისტიანობა მოცემულია მებრძოლ, სამხედრო ასპექტში. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო იყო ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა და ასეთად აღიქვამდნენ მას ჯვაროსნები, ასეთად აღიქვამდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოელები და ამიტომ დამკვიდრდა ეს სახელი - "გეორგია", რომელიც, რა თქმა უნდა, წარმართული ეპოქიდან მომდინარეობს. ასეთი აღქმა ქართველობისა მხოლოდ უცხოელებს ჰქონდათ. ქართველები, მართალია, თავის თავს გეორგიანებს არ უწოდებდნენ, მაგრამ წმინდა გიორგის კულტი რა დონეზეცაა საქართველოში და რა როლი აქვს ამ წმინდანს, ამ სახეს, ამ ხატებას საქართველოს ისტორიაში, ჩვენ ყველამ ვიცით. არ არსებობს ეროვნული ხასიათის გამომხატველი სხვა უფრო შესაფერისი სახე ქართველობისათვის.
ამასთან, უნდა გავიხსენოთ ჩვენი მწერლობის ძირითადი ძეგლები და მათი კავშირი მიქაელურ ქრისტიანობასთან, წმინდა გიორგის კულტთან.
ხოლო მეორე ასპექტი ქრისტიანული საქართველოს მისსიისა დაკავშირებულია ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან. რატომ არის საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი?
იმის გამო, რომ იაფეტური მოდგმის, ქართველური მოდგმის ძირითადი ღვთაება იყო დედა-ქალღმერთი, რომელიც სხვადასხვა ასპექტებით გვევლინებოდა ამ მოდგმის სხვადასხვა განშტოებებში, ამიტომაც ჰქვია მას "მირიონიმი", ე. ი. მირიად სახელიანი. ეს იყო ის ცენტრალური დედა-ქალღმერთი, რომელიც დახვდათ ბერძენ კოლონისტებს ფაზისში. ფაზისის შესასვლელთან იდგა მისი დიდი ქანდაკება, რომელიც ცნობილია ჩვენში როგორც დედა უფალი, ადგილის დედა და რომელიც პროტოქართველურ ქვეყნეში გვევლინებოდა როგორც დემეტრე, როგორც ჰერა. არტემიდეს კულტიც მომდინარეობს ამ ქალღმერთიდან, პარალელური კულტი არის სვანეთში დალის კულტის სახით. როგორც მოგეხსენებათ, მცირეაზიური ქალღმერთების კულტიც დაკავშირებულია ამ უძველეს იაფეტურ დედა-ქალღმერთთან. ხოლო ღვთისმშობელი ქრისტიანული ეპოქისა არის იგივე ქალღმერთის ქრისტიანული ასპექტი, იგივე არსების ქრისტიანული სახე, რომელიც ყველაზე მეტად მახლობელი იყო ამ მოდგმასთან და აქ არის სწორედ მისტიური წინასწეგანსაზღვრულობა. როდესაც წილი ჰყარეს მოციქულებმა, ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგნა, საქართველო წილად ხვდა ღვთისმშობელს. წილად ხვდა იმის გამო, რომ ტრადიციულად ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო ღვთისმშობლის მისსიასთან, რომელიც არის იგივე სულიწმიდის მისსია.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ სამება - მამა, ძე და სულიწმიდა - მრავალი ასპექტით, მრავალსახოვნებით ხასიათდება. ძის იპოსტასი, მეორე იპოსტასი, მჟღავნდება სამების ე. წ. ღმერთმამაკაცურ ასპექტში, ანუ ღვთისმშობელში. ამის შესახებ გრიგოლ ნოსელს აქვს შრომები. კერძლდ იგი ასბობს, რომ სულიწმიდა გამოვლენილია ღვთისმშობელში და ღვთისმშობელი არის იგივე მიწიერი განსახიერება და მოქმედება სულიწმიდისა. სულიწმიდის მისსია უშუალოდ დაკავშირებულია ღვთისმშობლის მისიასთან. რა მისსიაა ეს? ეს არის სანქტიფიკაციის, განწმენდის მისსია, კაცობრიობის განწმედისა და ამავე დროს მხილებისა, რომელიც უნდა განახორციელოს ამ საწყისმა. ისევე როგორც მიქაელ-გიორგის მისსიაა სულიერი აზროვნების განვითარება, უნივერსალური გველის, ანუ დრაკონის დათრგუნვე, მატერიალიზმის დათრგუნვა, უნივერსალური ბოროტების დათრგუნვა, და კაცობრიობის ხსნა. აი, ეს ორი ასპექტი ყველაზე მეტად უკავშირდება საქართველოს მისსიას, საქართველოს სულიერ მისსიას. მიქაელური ქრისტიანობა, გიორგიანული ქრისტიანობა ორი სხვადასხვა ასპექტია ერთი და იმავე მოვლენისა, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, სოფიანური ქრისტიანობა, ანუ ღვთისმშობელთან დაკავშირებული ქრისტიანობა, ქრისტიანობის ის ასპექტი, რომელიც ვლინდება ღვთისმშობელში, ანუ სოფიაში. ანტიურობაში ეს ქალღმერთი, ეს არსება ვლინლებოდა როგორც ნაყოფიერების ქალღმერთი, დედაღვთაება, დედამიწა, ხოლო ქრისტიანობაში იგი ვლინდება როგორც სოფია, ანუ საღვთო სიბრძნე, კოსმიური სიბრძნე. სოფია არის ერთერთი სახელწოდება ღვთისმშობლისა, ერთ-ერთი სახე ღვთსმშობლისა, ანუ სულიწმიდისა. სირძნე მომდინარე სულიწმიდიდან გამოხატულია სოფიაში. ეს ორი ასპექტი არის ძირეული საქართველოს სულიერ მისსიაშ და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ღვთისმეტყველება, ხელოვნება, მწერლობა.
ზვიად გამსახურდია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საინტერესოა... საინტერესოა...
1. საქართველოს სულიერი მისიისა და ,, ახალ იერუსალიმად'' მოხსენიებას მაცხოვრის კვართის აქ ჩამობრძანებასაც უკავშირდება.
ძალზედ საინტერესო მოსაზრება გამოითქვა:
რაკი ორი ებრაელი ძმა მცხეთიდან გაემგზავრა ჯვარცმული ქრისტეს კვართისათვის,
და მათი და სიდონია შეეგება ცრემლით და სული განუტავა იქვე, უკვე ფიქრობენ, რომ ეს ოჯახი მაცხოვრს იცნობდა ახლოს.
ე.ი. მაცხოვარი უცნობი წლების განმავლობაში მათთან (მცხეთაში) იმყოფებოდა...ამ მოსაზრებაში,უდავოდ, არის ლოგიკა. საქართველოს სულიერი მისიისა და ,, ახალ იერუსალიმად`` მოხსენიებას მაცხოვრის კვართის აქ ჩამობრძანებასაც უკავშირდება.
ძალზედ საინტერესო მოსაზრება გამოითქვა:
რაკი ორი ებრაელი ძმა მცხეთიდან გაემგზავრა ჯვარცმული ქრისტეს კვართისათვის,
და მათი და სიდონია შეეგება ცრემლით და სული განუტავა იქვე, უკვე ფიქრობენ, რომ ეს ოჯახი მაცხოვრს იცნობდა ახლოს.
ე.ი. მაცხოვარი უცნობი წლების განმავლობაში მათთან (მცხეთაში) იმყოფებოდა...ამ მოსაზრებაში,უდავოდ, არის ლოგიკა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|