ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2011


წისქვილი (100 ნასიტყვარი)

მოთოვა.
ჰაერს ცის სითეთრე გადაედო...

სიმინდით ნახევრადსავსე ტომარა მოეგდო მხარზე.
გზად ვერავის ნაფეხური ნახა.
გაახსენდა, პატარაობისას უკან რომ მიყვებოდა ბაბუას ამ გზაზე, წელამდე თოვლში. როგორ უჭირდა მისი ნაბიჯებისთვის თავისი დაემთხვია.
წისქვილთან ერთად მეწისქვილეც მალე გამოჩნდა. მის მკლავებში ორ მუხას თითქოს ფესვები გაედგა.
-დალოცვილი , გეგონება საუკუნეა არ ეთოვოს - მიუსალმებლად უთხრა ყმაწვილს, შემდეგ მიბრუნდა, წყალს გზა გაუხსნა და ნორიაზე მიუშვა. ტომრიდან კი სიმინდი ხაროში ჩაყარა.
ზედა ქვამ მოძრაობა ზანტად დაიწყო -შეუცნობელმა მომავალმა.
ქვედა ქვა გაშეშებული იყო - უტყვი წარსული.
შუაში კი ხმელი სიმინდი იფქვებოდა ხმაურით...
- უსიკვდილოდ სიკვდილია ცხოვრება, დრო გვაქუცმაცებს და საბოლოოდ მიწა გვჭამს. - თქვა მეწისქვილემ და თავისი წვერივით თეთრ თოვლს გახედა წამით .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები