ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 მაისი, 2011


წერილი N 3 (დიკ დაივერს)


    დიკ, ყველა ადამიანური სახე დავკარგე და ამიტომაც უსათაურო წერილს გიგზავნი. (მე ხომ ვერაფერი ვუწოდე შენს ჩემდამი გრძნობას და ამიტომაც კადნიერება იქნებოდა ჩემი ცხოვრებისთვის შემერჩია სათაური).
  მე მუდამ შენით ვიწყებოდი და სასრულიც შენით ვარჩიე..
ჩვენი ცხოვრება დავამგვანე დაუსრულებელ დრამას, რათა მასზე ფიქრისას ყველაზე მეტად შემკუმშვოდა გული... (ხო, ძვირფასო, ტკივილი უფრო უკეთ ილექება გონებაში, ვიდრე ბედნიერება).
  სახლში ათასი გამოუგზავნელი წერილი დამიგროვდა, ყველა შენთვის დამისამართებული, მაგრამ არ მყოფნის ძალა მათ გამოსაგზავნად, როგორც ჩვენს ვერგაჩენილ შვილებს, ისევე ვერ ველევი მათ. ასე მგონია, ეს ერთადერთია, რაც შენი სუნითაა გაჟღენთილი (მე ხომ ბოლო ხანებია სარკეში ჩახედვისას შენს გამოხედვას ვეძებ გამალებით..).
  მას მერე არაერთი ზამთარი გავიდა და მაინც არცერთი ფერი არ აკლდება ზღაპარს..
  ხშირად მგონია, რომ ჩემი გრძნობა უფრო შეურაცხადია, ვიდრე თავად მე.. მაშინ, როცა მარწუხად წამჭერია ყელში და თვალებში მარგალიტებად ჩაბნეულ ცრემლებს მიკიაფებს.
იცი, ვეღარ ვტირი.. უშენო ცრემლებს მარილიანი გემო აქვს და ვიცი, რომ მათ ვერასოდეს შეერევა შენი თბილი ბაგეების ფეთქვა.
  რამდენიმე თვეა შენთან რანდევუ მაქვს სიზმრებში. და მეჩვენება, რომ ჩემს გასამწარებლად ყოველჯერზე მოდიხარ შეხვედრაზე. არცერთი წამით არ აგვიანებ და მანამდე მიყურებ თვალებში, სანამ ღონემიხდილი არ გივარდები მკლავებში. შენ საუბრობ, მხოლოდ მარტოდენ განცდებით. გაქვავებულ ნაკვთებზე უსიცოცხლო იარები გამჩნევია და მე გული ქვიშის საათივით მემარცვლება ამ დროს. დიკ, არ არსებობს უშენობა, რადგან მას მხოლოდ ჩემს სიკვდილთან შეუძლია თანაარსებობა.
  წარმოგიდგენია რა ბანალური ვიქნები ახლა რომ გითხრა, - მიყვარხარ?
ალბათ პატარა ბავშვივით მომედება სახეზე ალმურის თხელი პირბადე. თანაც, როგორ შემიძლია ასეთი რამ გითხრა, როცა არც კი ვიცი რა განცდები გეღვრება გონებაში, როდესაც თვალებს ახელ დილაობით.
  დიკ, შენ მანძილი ხარ ჩემს ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის და მე ვერაფრით ვკვეთ ამ სივრცეს. დაე, მეწოდოს შეშლილი, თუკი მხოლოდ ასეა შესაძლებელი შენი სიყვარული.
  მე აღარაფერი მაღელვებს. ხანდახან ერთ წერტილზე მიშტერდება მზერა და მგონია, თვალები რომ დავხუჭო ვეღარასოდეს გიხილავ (მე ხომ ისედაც შენს მზერას ვმათხოვრობ დილაობით სარკესთან, ძვირფასო..).
  დიკ, შენ რომ შეგძლებოდა გყვარებოდი ისე როგორღაც, ბანალურად, არაშენებრად, რა მოხდებოდა მაშინ, როგორ გგონია?
არ მიპასუხო, მე ალბათ ვერასოდეს მოვაგროვებდი ბედნიერების მარცვლებს და ვერასოდეს ვიგემებდი, რას ნიშნავს გადადიოდე ჭკუიდან ისედაც სულით შეშლილი.
  მე უკეთ ვარ, გეფიცები. იმდენად უკეთ, რომ გული მიკვდება (ადამიანური ტკივილის აღქმა ხომ პირველი ნიშანია ნათელი პერიოდისა).
  იცი, დიკ, შენ იყავი ჩემი სათაური და მე უშენოდ, მიგდებულ, კალიგრაფიაარეულ, უმისამართო წერილს ვგავარ, ზუსტად ისეთს, როგორიც ახლა ხელთ გიპყრია და უგონობამდე სველი თვალებით კითხულობ.
(ტკივილი მაინც გვაქვს საერთო, ძვირფასო..)



ნიკოლი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები