ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2011


უცრემლოდ სველი თვალები (თავი I)


  წლების მერე, რომ ვიხსენებ თუ რა ძლიერ მწყუროდა სიცოცხლე და როგორ ხარბად დაგეწაფე, როგორც ჩემი არსებობის ყველაზე ლამაზ გამართლებას, მრცხვენია. დიახ, მე შენი მრცხვენია, რადგან ახლაც თვალწინ მიდგას შენი გამოგონილი ნიღბები, მე კი ვერაფრით ვამჩნევდი, როგორ იწრიტებოდა სისხლძარღვებში მიჩქმალული ყოფა. იდექი ჩემს წინ, ისე უბრალოდ, შენებური იდუმალი გამომეტყველებით და ელოდი ჩემგან ხსნას, მე კი.. მხოლოდ შენი შეყვარება მოვახერხე.
  ახლა რა აზრი აქვს ამაზე კამათს და იქნებ, სულ უფრო მეტად რომ მოვსულიყავი შენს სიახლოვეს, უფრო შემოვჭრილიყავი შავ-ბნელ ფიქრებში, გამართლება მომეძებნა ამ ყველაფრისთვის. მას მერე შვიდი წელი გავიდა, მე კი კვლავ დავტრიალებ მოგონებებს ავბედითად.
ტყუილია, როცა ამბობენ წინასწარ გრძნობ მოახლოებულ უბედურებასო. ან კი, რა შემეძლო მეგრძნო, როცა ყველა რეცეპტორით შენ გგრძნობდი მხოლოდ.
არა, მე თავს არ ვიმართლებ, გეფიცები, არცერთ ჩემს ნაბიჯს არ ვნანობ, მით უფრო შენს შეყვარებას. დაე, ტკივილი იყოს ზიარი..
  ფანჯრებს მიღმა გაფითრებული შემოდგომა ხუნდება, მე კი ვზივარ საკუთარ სახლში და ვერდაღვრილ ცრემლებს ვინანიებ.

(2017 წელი)





( 9 წლის წინ )

    ვდგავარ გზაჯვარედინზე შუა ღამისას და მეფიქრება ისეთ საკითხებზე, რომლებმაც გენიოსებიც კი შეშალა. მე კი ამ დროს 19 წლის გოგო, რომელსაც ქვეყნად ყველაზე ყურადღებიანი შეყვარებული ჰყავს, მეფიქრება სოფიზმურ სენტენციებზე. ხოდა ამ ყურადღებით გაღიზიანებული გამოვიქეცი შუა წვეულებიდან და სიცივეში ვდგავარ გაჩერებაზე.
  სიმართლე რომ ითქვას, სრულებით არაადეკვატური ადამიანი ვარ და რა მისი ბრალია, თუკი ჩემში იხილა თავისი ბედისწერა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არც იმდენად ბევრს ვითხოვ ერთი შეხედვით კაპრიზული გოგო.
იგი ნამდვილი განსხეულებული სიკეთეა. აბსოლუტურად დადებითი პიროვნება. სწორედ ამიტომაც ვერ ვჩერდები მასთან და რაც დრო გადის უფრო მინდა გავიქცე მისგან...  როგორი უინტერესო გახდა ცხოვრება მისით.
  მიჭირს ამის აღიარება ამ ყველაფრის ფონზე, მაგრამ ბოლო ხანებია ერთ ბიჭზე ფიქრი ამეკვიატა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მე სრულებით არ ვიცნობ მას. რამდენჯერმე შემთხვევით (თუმცა იქნებ არც თუ ისე შემთხვევით?) გადაგვეკვეთა გზა. თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება მისმა სიარულის მანერამ. ასე თავისუფლად მხოლოდ დარდიანი ადამიანები დადიან. ისეთები, რომლებსაც საკუთარი ტკივილები ეთაკილებათ და ცდილობენ მოგონილი უკომპლექსობით ნაკლოვანებები დაფარონ. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შებოჭილად სუნთქავდა. ისე მომინდა წამით ტვირთი ჩამომეხსნა მისი მხრებიდან, რომ თვალები ავარიდე, თუმცა ცხადად დავინახე, როგორ დაიჭირა ჩემი წეღანდელი მზერა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ვითომ უდარდელად მოხრილი მხრებით გადმოჭრა გადმოსასვლელი. ზუსტად ჩემს გვერდით დადგა და სასხვათაშორისოდ მკითხა.
- როგორ ხარ?
გავოცდი. სიმართლე გითხრათ, ბევრად მეტს ველოდი მისგან. ვგრძნობდი, რომ რაღაცის სათქმელად მოვიდა ჩემთან, თუმცა მის თვალებს ვერაფრით შევუხამე მსგავსი ბანალურობა. გულში გადავწყვიტე გამომეცადა იგი.
- კარგად, შენ?
საქმე იმაში გახლდათ, რომ თუ ასეთი ყოვლად უაზრო და შტერული პასუხის მერე ისევ ეცდებოდა საუბრის გაბმას და ურთიერთობის დამყარებას, გამოვიდოდა, რომ ან იდიოტი იყო, ან კიდევ ფეხებზე ეკიდა ჩემი სიშტერე და მხოლოდ გამომწვევი ვიზუალურობა ატყვევებდა ქალებში.
გამოცდა კარგად ჩააბარა... გაკვირვებულმა (თითქოს არ ელოდა ასეთ სიმარტივესო) მხრები აიჩეჩა და ღიმილიანი სახით გამშორდა. სიტყვაც კი არ დასცდენია, მხოლოდ უკუსვლით გამცილდა.
  მე დავასკვენი, რომ ზუსტადაც უცნაურ და საზრიან ბიჭთან მქონია საქმე. ასეთები იშვიათნი არიან ამ სამყაროში, ამიტომაც სიმარტოვისგან თავის დასაღწევად საკუთარი ჭკუით ერთობიან.
  კმაყოფილი დავბრუნდი სახლში და ეს სასიამოვნო განცდა მანამდე მქონდა, სანამ ჩემმა ყოვლად კეთილშობილმა საყვარელმა მამაკაცმა არ შეიწირა იგი. ეს კარგად გამოსდიოდა. ახლა ვფიქრობ, შეიძლება ეს ჩემი კომპლექსი იყო. მისი სრულყოფილების ფონზე უფრო მკვეთრად ჩანდა ჩემი უცნაურობანი.
ფაქტი ერთია, სანამ მე სიკეთით ვიწამლავდი მასთან ცხოვრებას, კიდევ სამჯერ გადაგვეკვეთა გზა მე და იმ ბიჭს.
  უფრო მეტად საინტერესო და სასაცილო ის გახლავთ, რომ სამივეჯერ იგივე კითხვით შეეცადა საუბრის დაწყებას და ჩემი ზუსტად იგივე პასუხის შემდეგ, კვლავ წყვეტდა ჯერ არდაწყებულ ლაპარაკს და მიდიოდა ისევე უკუსვლით.
უცნაურია? არც იმდენად, რადგან შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. (მიუხედავად იმისა, რომ მისი თვალების ფერისა და ხმის გარდა არაფერი ვიცოდი მასზე). ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ ვცადე მისი გაცნობა ან უფრო მეტად საინტერესო პასუხის გაცემა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი ყოვლად რაინდული შეყვარებულის გამო დავიხიე უკან. არ შემეძლო პარალელური ურთიერთობების გაბმა. თან შინაგანი განცდა არ მტოვებდა, ვიცოდი რომ იგი ისევ მოვიდოდა ჩემთან ერთხელაც და მე აღარ გავუშვებდი მას...
  კარგად მახსოვს 2008 წელი, როცა საქართველოში არეულობა სუფევდა. ომის ამბების შემდეგ ქალაქში შეშფოთება და ტკივილი აზელილიყო.
არც მე გახლდით ჰარმონიულ ტალღაზე. მხოლოდ ის მახარებდა, რომ ჩემი რაინდის სიკეთის ბრჭყალებს დავეხსენი. ახლა თავისუფლებით აღსავსე ვიყავი და შემეძლო აღარ ავღელვებულიყავი ჩემს უცნაურობებზე. დაშორება ხანდახან იმაზე ტკბილია, ვიდრე თავად გრძნობა.
  ამ დროს კი ახალი წელი შემოსულიყო სახლებში თავისი პომპეზური ბრწყინვალებით. ზუსტად მაგ დღეებში მეფიქრებოდა მასზე. ხო, იმ უცნაურად შებერტყილ ბიჭზე, რომელიც 2 თვეზე მეტია არ მენახა ქუჩაში. რა არ ვიფიქრე, ცუდით დაწყებული კარგით დამთავრებული (როგორი უკუღმართია ადამიანის გონება), მაგრამ ეს არ მიმსუბუქებდა ამღვრეულ განწყობას.
  ერთ ღამესაც, როცა ძლივს გამოვაღწიე თავი ღვინოშეპარულ სუფრებს, მშვიდი ნაბიჯებით დავუყევი სიცივეგაჟღენთილ თბილისს.
გული განსაკუთრებულის შეგრძნებით მქონდა სავსე. ალბათ, არავინ დამიჯერებთ, რომ დაუნახავადაც ვიგრძენი მისი სიახლოვე. უკნიდან წამომეწია და გზა გადამიღობა. თვალი გვიან გავუსწორე, დაბლა ვიყურებოდი, როგორც დამნაშავე ბავშვებმა იციან ცქერა საკუთარ ფეხის წვერებზე.
- გამარჯობა.. როგორ ხარ?
მკითხა უკვე საკმაოდ ნაცნობი კითხვა, ამდენი თვის მანძილზე გამეორებული. მკვეთრად ავხედე და მის ღიმილიან ტუჩებზე ჩამოვაყრდნე მზერა.
  ხავსისფერი თვალები ჰქონდა, ტუჩებზე თხელი კანი.. მე მისი გადამწვარმზისფერი თმა მომწონდა, რომელიც ასჩეჩვოდა.
წუთი დუმილი გაიწელა ჩვენს შორის და შემდეგ მან მითხრა.
- ვერ ვიფიქრებდი, ოდესმე მაინც თუ შემხვდებოდა სველი თვალები, რომელსაც ცრემლი არასოდეს დასდენია, ანდა არასოდეს აჩენს სისველეში ცრემლს.
არ მესმოდა, გეფიცებით სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რასაც ამბობდა. ასეთი რამ არასოდეს დამმართნია, მის სიტყვებს სხეული იწოვდა.
და მე შევთავაზე ღამეს ჩამოვჯდომოდით ბაქანზე..
- არასოდეს ეცადო იყო ძლიერი, რადგან ეს ყველაზე დიდი სისუსტეა, ქალისთვის მით უფრო, როცა ის ძლიერია მაშინ შესაცოდი ხდება. მას ხომ მუდამ სჭირდება იპოვოს თავისზე ძლიერი მამაკაცი, რათა თავი სუსტად იგრძნოს მის გვერდზე და დაცულობის განცდა შეექმნას.
არ ვიცი, ასე მეგონა მიცნობდა, ჩემი ლამაზი სევდის ამბავიც კი იცოდა.
დიდხანს ვუყურებდი თვალებში ჩაგუბებულ ტკივილებზე და ისე მინდოდა გადავხვეოდი, როგორც მათხოვარი მოწყურებულ სასწაულს..
შემიძლია დავიფიცო, რომ მან ეს ყველაფერი იგრძნო. თითქოს ხელისგულებზე ჩემი სულის ნატეხები ეყარა და მკითხაობდა.
ბევრი ვისაუბრეთ, სანამ ღამეს კონტურები არ შეუფითრდა.
ისე წამოვედი, რომ არაფერი მიკითხავს მომდევნო შეხვედრაზე, არც მას დასცდენია სიტყვა. უხილავი ძაფები ისე მჭიდროდ გაბმულიყო ჩვენს შორის, რომ ცხადად ვგრძნობდი მისი კანის თრთოლვას ჩემს სხეულზე.
  ისე მიილია 2 თვე, რომ ვერსად ვიპოვე მისი თვალები, თუმცა არც მიძებნია ისინი. ასე მეგონა ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა და მისი სიძლიერით გაბრუებული დარწმუნებული ვიყავი, რომ თავად გაწყვეტდა ამ სიჩუმეს.
ასეც მოხდა..
მახსოვს, ვიდექი გაზაფხულს მომლოდინე ტიტველ ხეებს შორის და მეგონა, რომ ცოტაც და ზეცა ჩამომეფინებოდა მხრებზე. თუმცა ამის განცდა სიმშვიდეს უფრო ბადებდა ჩემში, ვიდრე შიშს.
  იგი ისევ ზურგიდან მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა.
(თითქოს იცოდა, როგორ შეერია მისი ნახვის სურვილს სევდა).
- მე ყოველთვის მახსოვხარ და შენც ასევე ხარ, მაგრამ იშვიათად ვეძახით ერთმანეთს, რადგან არ გვინდა ვაღიაროთ უერთმანეთობა.
თვალები დავხუჭე, რათა მისი ნაკვთები აღმედგინა. ვერაფრით მოვახერხე, მხოლოდ მის გადამწვარმზისფერ თმას აღვიქვამდი. მისი სილუეტი ჩაშავებულ ბრწყინვალებაში შთანთქმულიყო.
- ცოტაც და გამოგიგონებდი... რეციდივად მჭირდებოდი.
თვალები ისევ დახუჭული მქონდა, თუმცა ვიგრძენი, როგორ მომიარა გვერდი და მილიმეტრების დაშორებით ამესვეტა. აღელვებისგან ტუჩები შემიკრთა.
მან მშვიდი სიცივით მიპასუხა. (იგი ერთადერთი ადამიანია, ვისაც სიმშვიდისფრად ცივი ხმა აქვს, რომელსაც სითბო ურევია, მიუხედავად სიცივისა).
- მძულს რეციდივი, რადგან საფუძვლად ყოველთვის დეპრესია აქვს. დეპრესია კი უნებისყოფო და სუსტი არსებების სენია. არსებების, რომლებსაც ადამიანებს ეძახიან... მე კი ადამიანები მეცოდებიან, რადგან რეციდივი მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ თავი არაადამიანებად წარმოიდგინონ, ეს კი უბრალოდ სასაცილო მარაზმია და სხვა არაფერი...
ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად აკონტროლებდა ნაკვთებს, მაინც შევნიშნე ეს. მას არ სურდა ჩემში უბრალო მოკვდავის დანახვა და შეუცნობლად თავის განსაკუთრებულობას უტოლებდა ჩემს უცნაურობებს.
- შემოვესალტები შენს გონებას და წვეთ-წვეთ ჩავიღვრები შენს ტვინში...
ვუთხარი თავისუფლებაშეპარული სიტყვებით და თითის ბალიშები შევახე საფეთქლებზე.
რა საჭირო იყო სიტყვები? ან კი, როგორ გადმოვცე ის განცდა, რაც მაშინ დაგვეუფლა ორივეს.
- ჩემთვის შეუძლებელი მხოლოდ შენი დაკარგვაა... უშენობა ხომ იგივე უჩემობაა.
 
მას მერე იგივე მეორდებოდა. არასოდეს დაგვინიშნავს შეხვედრა. უბრალოდ ერთმანეთს ვეძებდით მუდამ.
  ინტერვალი შემთხვევითობებს შორის თვეებს უდრიდა, თუმცა ზღაპარი არ ხუნდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები