ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაფანდარა
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2011


წარმოიდგინე




წუთით წარმოიდგინე რომ დამუნჯდი.
რომ სამუდამოდ დაგელექა ხმა
წარსულის ფსკერზე.
რომ შეიძლება ვიჯდე შენს წინ,
მუჭში დაჭერილი ხმელი ფოთლებივით
მიმტვრევდე თითებს,
რომ სიმწრისგან სიტყვები დაუბრუნდნენ შენს დაბადებას
და არაფერი ესმით ახლა შენი სურვილის...
ვიჯდე შენს წინ გაუნძრევლად
სკამზე დაკარგული
და ვიტანდე ტკივილს (შენს ტკივილს)
და თვალებს,
აკვარიუმში გამომწყვდეულ მშიერ თევზებს რომ ჰგვანან.
ვუყრიდე(თ) სიჩუმეს,
როგორც ჩვენს გადარჩენას
და გიყურებდე ასე დამფრთხალს
(ყელზე ძარღვივით)
ასე უმზეოს
ჩემს წინ,ერთი სახის გაწევაზე
ერთი სუნთქვის გათბობაზე
(ისე ახლოს რომ მგონია შენში მიცემს გული)
გეჯდე წინ,ხო წინ,
იატაკიდან ამოზრდილ ორ ტოტად ვისხდეთ
და გიყურებდე,
მიყურებდე ასე შეშლის
და ვერაფერს ამბობდე...
უბრალოდ დამუნჯდი...

წარმოიდგინე?
ახლა შემომხედე,არაფერი იცვლება
მე აქ ვარ,ჩემი თითები შენს ხელებში
ისევ ითბობენ მანძილს და რადგან შეგიძლია
და რადგან შეგიძლია
და რადგან ღმერთმა ეს ნიჭი მოგ(ვ)ცა
უბრალოდ მითხარი რომ გიყვარვარ
და გჭირდები ისევ...










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები