ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2008


დედოფალები




ვაი,დობილო,
ბედისაგან არდანდობილო!
რა ნუგეშია,
რომ შენი შვილის მოლოდინში
ცის კაბადონზე
ცმუკავენ ცელქი ანგელოზები
ან
ვინ ოსტატის ნახელავია
ეს მუხის კუბო,
ასე პატარა?

ამხელა ყუთში არ ეძინა
დედოფალასაც,
პატარობისას
დღეობაზე რომ მოგიყვანეს?

ო,როგორ გთხოვდი,
მოდი ,
ვითომ შვილი გეყოლა,
მე სანახავად მოვედი და ხელში ავიყვან ,
ან ხელს არ ვახლებ,
ვითომ მოგიკვდა,
მარტო დავხედავ
და
ამ ყვავილს დავადებ-მეთქი!
როგორ ახლოსაც არ მიმაკარე!

და მერე,
როცა
დედოფალასთან
მარტო თამაშით გულნაჯერები
დივანზე თვლემდი,
შორიდან როგორ ვევედრებოდი,
წამომდგარიყო,
ჩამხუტებოდა
და სამუდამოდ თან წამყოლოდა.

რა კერპი იყო!
ლოყებზე
ასე შეყინული ედო ღიმილი,
ქუთუთოებიც ასე ჰქონდა-
-ოდნავ შეხსნილი ...
მაშინ გავაძვრე ცალი წინდა
და მოვიპარე,
და მერე დიდხანს ვინახავდი
ჩუმად
ლეიბქვეშ
და ყოველღამ,
ყოველსიზმარ
ერთად დავრბოდით.

მაინც სუსტი დაიბადა,არ დარჩებოდაო,
გიშერი რომ არ მოეხსნათ,გადარჩებოდაო,
რა გიშველო,ცოცხალი რად ვარ ჩემო დაო!

გათვალული ხარ .
ვაი,ჩემი გათვალული ხარ!
ის ჩემი ნატვრა ძველთაძველი
ისე დიდხანს დიოდა ცისკენ,
ისეთი გზები გამოიარა,
რომ დამიბრუნდა
საბედისწეროდ ფერნაცვალები.

ცაო,არ მინდა ეს თამაში!
მინდა გაგექცე:
შენს იქით
შენზე ლმობიერი ვეძებო ცები,
გესმის ჩემი ხმა?
ამ ხმასავით
დაბზარული ვარ
და სადაცაა საბოლოოდ დავილეწები,
რადგან
რაც უფრო მაღლა მივიწევ,
მიწაზე უფრო მწარედ ვეცემი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები