ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2011


ბედისწერა

ავგიორგი ხარ - მამის მკვლელი, ძმის მკვლელი.
ავგიორგი ხარ - ქვეყნის ბედი ფეხზე გკიდია.
ავგიორგი ხარ - და გქვია მეფე!
ყურძნის მტევნები ხარისთვალას, ბუდუშურას
წურავ და პირში ისხამ სისხლად, ბედისწერად,
ბანცალ-ბანცალ ჩაათავებ ბოლო შუკას,
ქალის ქმარი აგახლიჩავს ყვრიმალებს.
მაინც კიდევ კაბისაკენ იქაჩები
და ღორივით გალეშილი, გაზეპილი,
ორღობეში ტალახიან ნაბაკებში
ჩარჩები და ჩაიქცევი...
ბედიაო, ბედიაო ყველაფერი,
დილის მადლით გამჩენს შეუკურთხებს,
თავთან უდგას მოციმციმე კელაპტარი,
გადმოაწყობს ორფუთიან მუჭებს.
ვინ მტერია, ვინ მოყვარე, ვინ მოენე
აზელილა, ასხმარტალებს ენას,
კამათლებით ათამაშებს კაცის იღბალს,
ღარიბსა და ქვრივ-ობოლსაც წეწავს...
ბედისწერამ საკადრისი გიწილადა,
ჩაგისაფრდა ასახვევთან სოფლის ბოლოს,
არტანუჯმა გაიელვა, იწივლა და
გაბანჯგლული თავი შერჩა თუთის გოდორს.
დიპლიპიტომ იწრიპინა, იჭყვიტინა,
წაეკიდა ტკაცა-ტკუცით დოლი,
წავიდა და წაიყოლა დავიწყებაც
ისე როგორც შარშანდელი თოვლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები