ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩალაბა
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2011


მირზა

თვით ლექსმა მისცა სიცოცხლე პოეტს,
მისი წართმევის ვისა აქვს ნება,
როცა შვიდფერი საუფლოს სტოვებს,
პოეტიც მაშინ ულექსოდ კვდება.
ო, ყველა პოეტს ღმერთმა აშოროს,
დასწყევლოს დღენი ქვეყნად გაჩენის,
რომ გასაჭირში ედგას სამშობლო
და ლექსი ჰქონდეს გადასარჩენი.
რომ მის სულს სწვავდეს სიმწარის ხვატი,
ათოვდეს ლურჯი ოცნების სივრცეს,
ნუ გაუჭირდეს სამშობლოს ისე,
პოეტმა ლექსი მტრის ტყვიას მისცეს.
შენ კი ამგვარი გქონია ხვედრი,
ბევრიც საუბრობს ახლაც შენს ბედზე,
იქნება დაჭრილ ლექსებს ეძებდი,
როცა ყაყაჩომ იფეთქა მკერდზე.
ეგ ცუდად როდი გენინა პოეტს,
ომში ხომ მხოლოდ ლაჩარი კვნესის,
როცა ღრუბლებმა სივრცე დატოვეს,
იპოვეს მკვდარი მირზა და ლექსი.
ასე კვდებოდნენ გმირები ძველად,
არ თმობდნენ მამულს სიცოცხლის ფასად,
ამისთვის გმადლობ, ო, ბედისწერავ,
რომ არავის კლავ პოეტის მსგავსად.
ამისთვის გმადლობ, ო, ბედისწერავ,
ამაში მაინც აქვს პოეტს ბედი,
რადგან ამ ქვეყნად თავის გაჩენას
ამართლებს ყველა, პოეტის მეტი...
თვით ლექსმა მისცა სიცოცხლე პოეტს,
მისი წართმევის ვისა აქვს ნება,
როცა შვიდფერი საუფლოს სტოვებს,
პოეტიც მაშინ ულექსოდ კვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები