ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2011


სოფელში




სახლები ხეობაში ქალწულის ჭორფლებია,
ხევები ცრემლებივით ჩადიან ნიკაპისკენ...
თენდება... პირმშოსავით მზეს წოვენ სოფლები და
ღრუბელი სახელოებს მთის წვერზე იკაპიწებს.

ბავშვობა იმზირება ნაცნობი ქოხებიდან,
დავდივარ, ვხეტიალობ, ვიხსენებ თანატოლებს.
ამ ტყესთან ვთამაშობდით, გაფრინდნენ ხოხბები და
ის ტკბილი სიყმაწვილეც ხოხბის ფრთებს გავაყოლეთ!

მივდივარ წყაროსთან და გამხმარი მურყნებია
(აქ ხშირად ვქანაობდით დაწნული ბურზღუნებით*),
დამსხდარან ბეღურები, ხეები უყვებიან
ერთ დროს რომ ფუტკრებივით მინდვრებში ვზუზუნებდით.

მთვარეზე დაკიდული ჩამწყდარა საქანელა,
ეკლებით დაფარულა კუნძულის ეზოები!..
ვბრუნდები ნაღვლიანი სოფელში, სადაც ნელა
დადიან ქალწულები - მოშიშვლო თეძოებით.

რამდენი გოგო-ბიჭი წასულა სოფლებიდან!
ბავშვობის მოგონება თვალებში გამეყინა...
აღარ ჩანს ის გოგონა, რომელიც კოპლებიან
კაბაში დავინახე, შეცბა და გამიღიმა.


25 ივლ. 2011 წ.

ჰერული
-------------
*ბურზღუნი - ველური ვაზი (ტურას ვაზი), რომელზეც კიდებენ საქანელას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები