ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი-მატისი
ჟანრი: პროზა
9 აგვისტო, 2011


სვიის მომწარო გემო

                                მიდრეკილება სიღრმისკენ


იდგა თვალდახუჭული ბენიამინი აივნის მოაჯირზე და ახლა იმდენად შორის იყო მისგან დედამიწა, არადა ყველა ნაბიჯით ცდილობდა დამკვიდრებას დედამიწაზე და ამავე დროს ისე ახლოს გრძნობდა  ზეცას, ერთი ნაბიჯიც და სულით ამაღლდებოდა. ესიამოვნა როგორ მიუალერსა ქარის მასამ სახეზე, ხელები გაშალა, ღრმად ჩაისუნთქა,  გაახსენდა ბავშობაში როგორ თამაშობდა სახლის წინ სხვა ბავშვებთან ერთად ეზოში, მერე როგორ გადაუფრენდნენ ხოლმე ზუზუნით ძალიან დაბლა, გულისძგერამდე დაბლა თვითფრინავები, როგორ წივილ კივილით გარბოდნენ შეშინებულები ბავშვები და როგორ აფარებდნენ თავს ზოგი სახლს,ზოგი იქვე, ახლოს პატარა ფარდულს. გაახსენდა, როგორ მოპარეს სათამაშოების მთელი ყუთი იმ დროს,  როცა ბენიამინი თვითფრინავებისგან შეშინებული სახლისკენ გარბოდა, გაახსენდა რომ სწორედ ამის მერე იყო, რომ აღარასდროს უთამაშია სათამაშოებით, გაახსენდა, რომ ყოველ ხმაურზე, რომელიც თვითფრინავის ხმას ახსენებდა, როგორ ებურძგლებოდა მთელი კანი  და აი...იდგა ახლა ზუსტად აივნის მოაჯირზე  ხელებგაშლილი, თვალდახუჭული...
- ზუუუუუუუუუუ...... ტუჩების ვიბრაციით წაიზუზუნა ბენიამინმა თითქოს მიამსგავსა თვითვრინავის ხმას ბგერები, ერთად დაუდგა ბავშობის ყველა კადრი თვალწინ, მიხვდა, რომ თუ თვითონაც დაემსგავსებოდა თავის ბავშობის ფობიას, თუ თვითონაც შეიგრძნობდა სხვის თავზე ფრენის უპირატესობას, საბოლოოდ განთავისუფლდებოდა ამ მოგონებებისგან. შეაეშინებდა, ისე როგორც მას აშინებდნენ.  წარმოიდგინა, როგორ გაშალა ფრთები, როგორ მოსწყდა საყრდენს, როგორ გაჭრა ჰაერის მასები და გადაეშვა სიღრმეებისკენ... და ახლა მიფრინავდა, მიხვდა როგორ გათავისუფლდა ყველა შიშისგან, როცა თვითონაც დაემსგავსა ბავშობის ფობიას, მიხვდა, რამხელა უპირატესობას ფლობდა უკვე მის ქვევით მოსიარულე ხალხზე, რომ ერთი მათთან ახლოს ჩაწუილება და როგორ ამოუვარდებოდა შიშით გული სხვა პატარა ბავშვებსაც. ასე ჩიქროლა ბენიამინმა ჯერ მეექვსე, მერე მეხუთე, ბოლოს პირველი სართული. სართულებს შორის თოკზე გაკიდებულ სარეცხს მხარი აქცია (თავისუფლად შეეძლო ფრენის მიმართუელბა თავადვე ეკონტროლებინა) ჩაუქროლა ხელისგულებზე გადაშლილ ყანებს, ეზოში მოთამაშე ბავშვებს, ხის სკამზე მჯდარ მოხუცებს, ეზოს უპატრონო ძაღლებს...
- ზუუუუუუ.... თან არ წყვეტდა ბგერების გამოცემას და ისევ სიღრმეებისკენ მიფრინავდა...
-არა, არ შემიძლია, -გაახილა ბენიამინმა თვალები, ფრენისგან თავბრუდახვეულმა ძლივს შეიკავა თავი რომ არ გადავრდნილიყო აივნიდან, მოაჯირს მაგრად ჩასჭიდა ხელები და ძირს ჩამოვიდა.
-არა ვიცი, მე მათ ვუყვარვარ, ვჭირდები ისინი ჩემით ცოცხლობენ ჩემი ერთი სიღრმისკენ წვდომა მათ ყველას დაღუპვას უდრის, ვერ გავწირავ...

მე  ალბათ მხოლოდ იმაში ვარსებობ, რასაც ვქმნი, - გაიფიქრა ბენიამინმა და ოთახში შევიდა.


                                              მფრინავი კადრი

დაახლოებით შუადღის სამი საათი იქნებოდა, სამსახურიდან შესვენებაზე  გამოსული ანესი ნელა მიარხევდა ჭრელ კაბაში გაზაფხულის მზით გალანდულ სხეულს, - უახლოეს კაფეტერიამდე.
- დღესაც მოხარშული სარდელი ტკბილი მდოგვის თეთრი სოუსით, საშინელებაა ყოველდღე ერთი და იგივე, შვეიცარიული საათის სიზუსტით სადილობა. დღესაც ზუსტად იგივე მაგიდა იქნება თავისუფალი, სადაც მარტო მომიწვს დაჯდომა, ისევ მომიჯდება გახეხილ ჯინსებში გამოწყობილი ცხვირმოუხოცავი რეგვენი და ცივ ლუდს შემომთავაზებს, მე ისევ უარს ვეტყვი, როგორც  ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხდება(მიუხედავად იმისა რომ ლუდზე ვგიჟდები), არა, სულაც არ გავს ეს ტიპი ჩემი  სამწლიანი სიზმრების მთავარ პერსონაჟს, მიუხედავად იმისა...
ამ ფიქრებში იყო ანესი გართული, რომ მიუახლოვდა ქუჩის გადასასვლელს (ისევ ზევიდან უნდა გადაეჭრა ქუჩა, ვერ იტანდა გამოწვდილი ხელებით გადატენილ მიწისქვეშა გადასასვლელებს), ფიქრი არც კი შეუწყვეტია ისე გადაკვეთა გზის თითქმის ნახევარი და იგრძნო, იგრძნო როგორ მიუახლოვდა წარსულის შიში თითქმის მუხლებთან, უკვე ძალიან ახლოს გრძნობდა, მუხლებში მოიკეცა თვალები ისე დახუჭა, რომ ნაოჭები გაუჩნდა ქუთუთოების ირგვლივ, ცხადში ხედავდა, როგორ დაფრინავდნენ მის ირგვლივ ფრთებშესხმული მანქანები, როგორ უქნევდა ერთ - ერთი მანქანიდან ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი ხელს (სახე ვერ გაარჩია, ბუნდოვნად ხედავდა),
წამის მეათასედში მილიონმა ფიქრმა ერთად გაუელვა კადრებად ანესს თავში, ერთ -ერთი ფიქრი, რომელმაც ანეს ყველაზე ახლოს ჩაუქროლა მოახერხა და დაიჭირა.
- მამააააა, - წამოიყვირა ანესმა, ახლა უკვე კარგად არჩევდა უცნობი მამაკაცის სახეს მანქანიდან, ეს ანესის მამა იყო.




                                        გულის მხარე

შუადღეს უკვე კარგა ხნის გადაცილებული იყო, ბენიამინმა თვალები რომ გაახილა, ცერათითებზე თავჩამოყრდნობილმა დანარჩენი თითებით თვალების ოვალი მოიფშვნიტა, დაამთქნარა და ოთახს თვალი მოავლო, თითქოს პირველად იღვიძებდა საკუთარ სახლში. ძილი საკმაოდ მშვიდი იცოდა, ყოველთვის ლოგინის მარჯვენა მხარეს წვებოდა, ძილში არასდროს ბორგავდა და გაღვიძებითაც ყოველთვის იმ მხარეს იღვიძებდა რომელზეც დაწვა, საოცარი ის იყო (თუმცა, მას არასდროს გაკვირვებია ამდენი წლის განმავლობაში) რომ ყოველ გაღვიძებაზე, როცა კი ლოგინის მარცხენა ნაწილს გახედავდა (ანუ მისგან გულის მხარეს) ყოველთვის ეტყობოდა მარცხენა მხარეს ნაწოლი, ყოველთვის დაკუჭული და თითქოს  უცხო ქალის სურნელითაც იყო გაჟღენთილი. თუმცა ბენიამინი ამას არასდროს იმჩნევდა, ისე შეეჩვია ამ ფაქტს, ის უფრო გააკვირვებდა ერთხელაც გაღვიძებულს, ასე რომ არ დახვედროდა.
ჩვეულებისამებრ შევიდა სააბაზანოში, პირზე წყალი შეისხა, მერე სარკეში დიდხანს აკვირდებოდა შუბლის მარცხენა, ზედა  მხარეს პატარა შრამს, - ისევ ბავშობა, - გაიფიქრა ბენიამინმა, თავი დანანებით გააქნია, პირსახოცით სველი სახე ოდნავ შეიშრო და სამზარეულოსკენ გასწია.
- საუზმის დროს კარგა ხანია გადასცილდა, სადილისთვის ჯერ ადრეა, - წაიბურდღუნდა ბენიამინმა და მაცივრიდან კარგად ჩაციებული ლუდის ქილა გამოიღო...
სასტუმრო ოთახში სავარძელში ჩაჯდა, ფეხები დაბალ სკამზე შემოაწყო (როგორც ხშირად სჩვეოდა კითხვის დროს) და უკვე მეათასედ წაკითხული ჰესე თავიდან გადაშალა. ახასიათებდა ზოგადად ბენიამენს სიღმეებისკენ მიდრეკილება, ჰესეში ალბათ სიმბოლურ - ალეგორიული ელემენტების სიჭარბის გარდა, სწორედ მისი ფილოსოფიური სიღრმე ხიბლავდა.
საერთოდ კი წერდა, ხო მწერალი იყო ბენიამინი (არც თუ ისე უნიჭო), თუმცა გადაყოლილი საკუთარ სტრესებს და დეპრესიებს.




                      ნაყინი მოხალული თხილით და კარამელით

თეთრი, მუხლამდე კაბა ეცვა, წელამდე თმა გაეშალა და დიდ წამწამებს აფახულებდა.
- მა, ხო შემპირდი, წავიდეთ რა ნაყინი ვჭამოთ.
- კი ანესს, რადგან შეგპირდი წაგიყვან კიდეც, - გაუღიმა ანესს მამამ და როგორც ყოველთვის ახასიათებდა კეფაზე აკოცა.
ანესი მამასთან ერთად ხელჩაკიდებულები მიიჩქაროდა  ახლომდებარე სანაყინისკენ. მამა ჩუმად იყო, ანესი მთელი გზა ლაპარაკობდა.
- მა, ხო ყველაზე დიდ ნაყინს მიყიდი? მა ყველაზე გემრიელს, აი ისეთს ბევრი თხილები რომ აქვს მა შენ არ შეჭამ ჩემთან ერთად ნაყინს? რატო მა, არ გიყვრს?
მა, დედას არ წავუღოთ ნაყინი, ხო იცი დედასაც უყვარს, მა, ადრე რომ მიგვქონდა ხოლმე დედასთან ნაყინი გახსოვს? სულ რატო გიდნებოდა გზაში, იმიტომ რომ ძალიან თბილი ხელები გაქვს?
ანესს მამას მთელი გზა ხმა არ ამოუღია, უბრალოდ უღიმოდა და დასტურის ნიშნად ყველა სიტყვაზე თავს უხრიდა.
- აი ანეს მოვედით, აარჩიე ყველაზე დიდი და გემრიელი ნაყინი, - მე გზაზე გადავალ, ლუდს ვიყიდი და გადმოვალ არსად წახვიდე შენ, - და ანეს ხელში ქაღალდის ფული მისცა.
უყურებდა, როგორ გადაკვეთა მამამ გადასასვლელი ნახევრამდე ლუდის საყიდლად, როგორ ჩაიკეცა შუა გზაზე და როგორ დაფრინავდნენ მის გარშემო სხვადასხვა ფერის ფრთებით მანქანები, ანესი 8 წლის იყო, იდგა  სანაყინის შესასვლელთან ყველაზე დიდი ვაფლის კონუსით და მოხალულ თხილიან, კარემელიან ნაყინს შეექცეოდა.
...........................................................................................................................................
- მამააააა, - წამოიყვირა ანესმა, ახლა უკვე კარგად არჩევდა უცნობი მამაკაცის სახეს მანქანიდან, ეს ანესის მამა იყო.
- ანესს, აღარასდროს გადაკვეთო ქუჩა ზევიდან, - მოესმა მამის ხმა, დაინახა მისი ძველებული ღიმილი თითქოს იგრძნო კიდეც, როგორ აკოცა მამამ კეფაზე და გაუჩინარდა.
იდგა ანესი გაშეშებული გზის შუა ნაწილში და არ იცოდა რა ექნა, მანქანების სიგნალმა თითქოს გამოაფხიზლა, მანქანიდან გამოყოფილი, მისკენ მიმართული ხელების რაოდენებას ყურადღება არც კი მიაქცია, “არ არსებობს დასაწყისი... არც დასასრული... არსებობს მხოლოდ უსასრულო ვნება სიცოცხლისა“, - გაიფიქრა ანესსმა და მაინც გადაკვეთა ქუჩა უახლოეს კაფეტერიამდე.




                                              ბარბერინის ფავნი

საღამო იყო. იჯდა ბენიამინი სავარძელში ოდნავზე მეტად განზე გაშლილი ფეხებით, მაღლა აწეული, მოშვებული ხელებით და თვლემდა, ხო ძალიან გავდა მარმარილოში შესრულებულ სკულპტურულ გამოსახულებას, მთვლემარე სატირს, რომელსაც სარცხვენელი ადგილი ღიად და დაუფარავად ქონდა ნაჩვენები. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ბენიამინი ჩაცმული იყო, რაღაცას ალბათ ხედავდა კიდეც სიზმარში, მაგრამ რას... იქნებ დაობებულ ბებერ არისტოკრატ ქალებს, რომლებიც ძლივს დადიან, მაგრამ გიჟივით დააჭენებენ ექსკლუზიურ ბუგატებს და მაზერატებს, თვალმარგალიტსა და ძვირფას ბეწვეულში გამოწყობილ მილიონერის გასიებულ ფეხებს, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლებისა და სიმდიდრის გამო ვინმე თუ შეხედავდა, ხო ზუსტად ეს ქალები აღფრთოვანებულები იყვნენ ბენიამინის შემოქმედებით ფეხქვეშაც ეგებოდნენ მის ახალგაზრდობას და უამრავი დაპირებებით ავსებდნენ...ან იქნებ სიზმარშიც ვინმეს ადანაშაულებდა საკუთარი ცხოვრების ვერ მოწყობაში...
ბენიამინი რაღაც გაურკვეველმა ხმამ გამოაფხიზლა, აშკარად დაინახა როგორ ჩაიარა მის წინ ახალგაზრდა ლამაზმა ქალმა, სველი შიშველი სხეულით, ხო სწორედ მისი სხეულიდან ჩამოწვეთილმა წვეთების ხმამ გამოაფხიზლა ბენიამინი, იჯდა და გაშტერებული მისჩერებოდა, როგორ დააბიჯებდა მის წინ უცნობი ქალი, ოთახში ფანჯრიდან ნიავმა დაუბერა, ააფრიალა ცისფერი ფარდები და ამ ქალის სურნელით გაჟღინთა ოთახი, ძალიან ნაცნობი სურნელი იყო, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან ახსოვდა, წამოდგომა დააპირა ძლივს, მაგრამ ქალი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.
-ალბათ ისევ მორიგი მოჩვენება, ან მორიგი წიგნის მთავარი პერსონაჟი მესტუმრა თავისი ფეხით, რა გასაკვირია, - გაიფიქრა ბენიამინმა და თავი დანანებით გააქნია, იჯდა ბენიამინი ისევ ქანდაკების სახის გამომეტყველებით და საკუთარი  სიზმრების გამართლებას ცდილობდა საკუთარ თავთან.
- ყოველთვის აღმაგზნებს, როდესაც ქალი ზის და გემრიელად მიირთმევს საჭმელს. მშვენიერი სანახავია, დარწმუნებული ვარ ერთ კანონზომიერებაშიც, ქალი, რომელსაც უყვარს ჭამა, შეუძლებელია არ უყვარდეს სექსი, ხოლო მამაკაცისთვის ქალი, რომელსაც უყვარს სექსი, განსაკუთრებით მიმზიდველი და ამაღელვებელია, ალბათ ამიტომ მხიბლავს სრული ქალებიც, - იმშვიდებდა თავს ბენიამინი თავისი სიზმრების გამო, მაგრამ ეს სულელური კანონზომიერება წამსვე დაივიწყა როცა თვალწინ ისევ დაუდგა ახალგაზრდა შიშველი ქალის სხეული.
- ღმერთო, რა სულელი ვარ გაიფიქრა ბენიამინმა,როდემდე შეიძლება მოჩვენებების და საკუთარი გამოგონილი პესრონაჟების გარემოცვაში ვიცხოვრო.




                                      კედლის მხარე

შაბათ საღამოს ანესი ჩვეუებისამებრ სამსახურიდან პირდაპირ სახლში დაბრუნდა, ტანსაცმელი საძინებელ ოთახში მიყარ - მოყარა და სააბაზანოში შევიდა. ეს მისი ერთგვარი რიტუალი იყომ, სააბაზანოდან გამოსული არასდროს იმშრალებდა ტანს, შიშველი დაბოდიალობდა ოთახიდან ოთახში, მერე დიდხანს იდგა სარკის წინ და საკუთარ შიშველ სხეულს ათვალიერებდა, მერე ესეც ბეზრდებოდა და ათასგვარ სისულელეებზე იწყებდა ფიქრს, ლოგინზე შიშველი მიწვა მარცხენა მხარეს (ანუ კედლის მხარეს), აქ უფრო დაცულად გრძნობდა თითქოს თავს, უცნაური ჩვევა ქონდა, ყოველთვის მუცელზე წვებოდა და ამავე პოზაში იღვიძებდა. დილას ახალგაძებული ამჩნევდა რომ ლოგინის მარჯვენა მხარე მუდმივად დაკუჭული ხვდებოდა, ხო ისე დაკუჭული, თითქოს მთელი ღამე მის გვერდით ვიღაც იწვა, ეს სრულებით არ აშინებდა, უფრო დაცულად გრძნობდა თავს ლოგინის ერთი მხრიდან კედელი იცავდა, მეორე მხრიდან... მეორე მხრიდან ვერ გაერკვია რა, მაგრამ გრძნობდა, აშკარად გრძნობდა რომ სახლში მარტო არასდროს არ იყო...





                                  ტერეზას მინდვრები

ყველაფერი დაიწყო 1810 წლის 12 ოქტომბერს, პრინცი ლიუდვიგი, ბავარიის მომავალი მეფე ლიუდვიგ პირველი ქორწინდებოდა საქსონიის მეფისწულ ტერეზაზე. დღესასწაული, რომელზეც დაპატიჟებული იყო ყველა მიუნხენელი ტარდებოდა ქალაქის შესასვლელთან დიდ მინდორზე, რომელსაც მას შემდეგ უწოდებენ ტერეზას მინდორს. ზუსტად სამი წლის მანძილზე ხედავდა სიზმარში ანესი ამ მინდვრებს, ამ მინდვრებზე აღმართულ ლუდხანა - სასახლეებს, ხედავდა, როგორ იწყებდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობას სადღესასწაულო პროცესია, რომელსაც წინ მიუძღვოდა ქალაქის მთავარი სიმბოლო, ახალგაზრდა გოგონა ზანზალაკით ხელში. უკან მოყვებოდა გერმანიის ყველა რაიონიდან ჩამოსული ლუდით დატვირთული ეტლები და ურმები, მსახიობები ისტორიულ კოსტუმებში და სასულიერო ორკესტრები, ხედავდა, როგორ ირეოდა ტერეზას მინდვრებზე ხალხი ბავარიულ კოსტუმებსა და ალპურ ჩექმებში გამოწყობილი, ქალაქი სავსე იყო ლუდით მოვაჭრე ჯიხურებით და ღია დახლებით, ლუდს დაატარებენ მიმტანი ქალები, გამოწყობილნი ძველ ტრადიციულ კოსტიუმებში. გასაოცარია ამ ქალების ამტანობა, რომლებიც უპრობლემოდ წევდენ ერთდროულად  სამ – ოთხ დიდ კათხა ლუდს, ზუსტად სამი წლის მანძილძე, ყოველ საღამოს ხედავდა ანესი სიზმარში ტერეზას მინდვრებს და ყოველ ჯერზე თითქოს სიზმარშიც მართავდა თავს, აიძულებდა გასცლოდა ამ მინდვრებს და  კენიგსპლატცთან, მიუნხენის გლიპტოთეკისკენ მირბოდა „ბარბერინის ფავნის“ სანახავად, ეს იყო მძინარე მამაკაცის სკულპტურული გამოსახულება, ქანდაკების სახის გამომეტყველების და კიდურების ფიგურაციის მიხედვით (მაღლა აწეული, ან მოშვებული ხელები და გაშლილი ფეხები) იგი ძილს მისცემოდა და მამაკაცის სარცხვინელი ადგილი, ღიად და დაუფარავად ჰქონდა ნაჩვენები. იმ წლების მანძილზე, რაც ანესი ამ სიზმარს ხედავდა, ყოველ ჯერზე მისი მისვლისთანავე დგებოდა „ფავნი“ მარმარილოს სავარძლიდან, მიდიოდა ანესთან და ნაზად კოცნიდა ყელისა და ყურის არეში...





                                            სვიის მომწარო გემო

იმ დღეს ანესი ჩვეულებრივზე ადრე გამოვიდა სამსახურიდან, სწორედ იმ  დღეს მობეზრდა ბენიამინსაც ოთხკედელსშორის გამომწყვდეული ყოფნა და  წინა დღის ნაბახუსევმა სუფთა ჰაერზე გადაწყვიტა გასეირნება.

ზუსტად ნახევარ საათში ბენიამინი და ანესი ერთ ლოგინში იწვნენ და ნეტარი სახეებით სიგარეტის ბოლს აყოლებდნენ თვალებს.
ანესი ლოგინის მარცხნივ იწვა, ერთი მხრიდან კედელი იცავდა,მეორე მხრიდან ბენიამინი, ბენიამინი ლოგინის მარჯვენა მხარეს იწვა და მარცხენა, ანუ გულის მხრიდან გრძნობდა ანესს სუნთქვას და სურნელს.
- აბაზანაში შევალ, - თქვა ანესმა.
- მე დავჯდები მაშინ, რამეს წავიკითხავ, - თქვა ბენიამინმა.
ანესი აბაზანიდან სველი გამოვიდა, ტანს არასდროს იმშრალებდა და ოთახში შიშველი დააბიჯებდა, ბენიამინი ჩამჯდარიყო სავარძელში ოდნავზე მეტად განზე გაშლილი ფეხებით, მაღლა აწეული, მოშვებული ხელებით და თვლემდა, ფანჯრიდან ნიავმა დაუბერა და ცისფერი ფარდები ააფრიალა, თან ძალიან ნაცნობი სურნელით გაჟღინთა ოთახი,  უცნაურმა წვეთების ხმამ და სურნელმა გამოაფხიზლა ბენიამინი და დაინახა, როგორ დადიოდა უცნობი ქალი მის წინ სრულიად შიშველი და სველი, - ეს ანესი იყო. სწორედ ის ქალი რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ხან მოჩვენება ეგონა ბენიამინს, ხან წარმოსახვა, ხან საკუთარი წიგნის ერთ - ერთი პერსონაჟი. გაახსენდა ის ნაცნობი სურნელიც რომელსაც წლების მანძილზე გრძნობდა ახალგაღვიძებული, როცა ლოგინის კუთხის მარცხენა, გულის მხარეს გახედავდა, რომელიც მუდმივად დაკუჭული ხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბენიამინი ძილში არასდროს ბორგავდა და ყოველთვის მშვიდად ეძინა.
ანესმა დაასრულა საკუთარი სხეულით სარკეში ტკბობა და სავარძელში მჯდარ ბენიამინს გახედა, გაშეშდა.  ეს სწორედ ის კადრი იყო,  მისი 3 წლიანი სიზმრებიდან, მთვლემარე სატირი მიუნხენის გლიპტოთეკიდან. “ბარბერინის ფავნი“. გაახსენდა ანესს ლოგინის კუთხის მუდამ დაკუჭული მარჯვენა მხარე, ტერაზას მინდვრები ლუდის დახლებით და სამლიტრიანი კათხები, ამ სიზმარს ვერასდროს ხსნიდა და აი ახლა აშკარად იგრძნო ოთახში გაჟღენთილი ლუდის სურნელი.
ნელი სვლით მიუახლოვდა ბენიამინს, ტუჩებზე ოდნავ შეეხო და იგრძნო, აშკარად იგრძნო მის ტუჩებზე სვიის მომწარო გემო...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები