 | ავტორი: ბესცელერა ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2011 |
ლამაზად ჩამოღამდა… რა კარგია, რომ სახლში არ ვარ.ვზივარ პარკის განაპირას, ამოჩემებულ ადგილას. ნიავი სასიამოვნოდ აგრილებს ავტომობილებისგან დაბინძურებულ ჰაერს.რკინის ფეხებზე შემოსკუპებული ფიცრები -სკამობა რომ დაუბრალებიათ მისთვის – ჩემს ყოველ მოძრაობაზე აქეთ-იქით ირწევა, თითქოს ტანგოს ვეცეკვებოდე. კალამი მთვრალი კაცივით დაბოდიაობს ფურცელზე, ხელს ვაშველებ, რომ არ წაიქცეს და ისიც ვარაუდით ხაზავს ძველ ღობესავით გადაქცეულ ასოებს. ესეც გაჭირვებით თორემ თავს გადმომდგარ უღმერთო ხეებს ჯერაც არ მოუფიქრიათ წვერის ჩამოპარსვა, არადა უკვე ერთი წელია რაც ზაფხული მიიცვალა. დამდგარან ასე წვერმოშვებული მგლოვიარენი და ლამპიონიდან გადმოვარდნილი სინათლე ალაგ-ალაგღა ეცემა ხელის გულზე გადაშლილ უბის წიგნაკს. გუშინაც მინდოდა მოსვლა, მაგრამ… სადარბაზოსთან დაგროვილი ტალახის მომერიდა. არადა როგორ მიყვარს წვიმა, თანაც შემოდგომის. ბარაქიანი წვეთებით დამძიმებული ფოთლები მოწყვეტით ეცემიან და სასთუმალს უგებენ შორი გზიდან მომავალ სტუმრებს.ვიჯექი სარკმელთან და ვუყურებდი ცრემლიან ფოთოლცვენას. ლამაზი ხედი იშლება ჩემი ფანჯრიდან. იაზვად გადმომყურებენ მაღალი გორები, თითქოსდა ერთ ხელის გაწვდენაზე რომ გადაშლილან. ასე მგონია ვიღაცამ განგებ შემოაკრა თბილისს გალავნად.ხატვის ნიჭი არ მაქვს თორემ ყოველ ღამე დავხატავდი ჩემს სარკმელს მთების ფონზე… მერე წერა მომინდა. ვგრძნობდი როგორ მაწვებოდა ფრაზები თითებში, მაგრამ ფურცელი ისევ თეთრად ბზინავდა. კალამიც უსაქმურობისგან ძილად მივარდნილიყო… მეც ნელ-ნელა მეპარებოდა თვლემა და არაფერი დაწერილა. ვერც ძილი მოვახერხე, ფიქრებმა მოსვენება არ მომცეს. როგორც იტყვიან თეთრად გავათენე. მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა, ერთად გადავწყვიტეთ დასვენება მე და ღრუბლებმა. არადა რამდენი სტყვა დაიკარგა… რამდენი აზრი გაითელა მივიწყების ხორუმში… ახლა აღარ ვიცი რა დავწერო, უბრალოდ ვგრძნობ, რომ მეწერება და ვწერ. ვწერ ყველა ფიქრსა და გაელვებას. თან მიდამოს ვაკვირდები, იქნება რამე შემომეფეთოს საკალმედ. მაგრამ ამაოდ… მხოლოდ ერთი წარწერა მხვდება თვალში: “მოწევა კლავს” – გარკვევით აწერია ჩემს ფეხებთან დავარდნილ კოლოფს. ვიღაცას უმოწყალოდ გამოუცლია ბოლო ღერამდე. აგერ რამდენი ხანია ვუყურებ მიშტერებით და ერთი კითხვა მებადება მხოლოდ:- რატომ ვიხდით თვითმკვლელობაში ფულს?!. . . . დამათენდა . . . ლამპიონებიც გამორთეს. მგონებ წასვლის დროა. ჩავაგდებ ამ კოლოფს თავს წამომდგარ ურნაში და გავუყვები გზას. არ ვიცი საით…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მშვენიერი ჩანახატია. განწყობა მოაქვს ისეთი, რომ განგიცდია კაცს."კალამი მთვრალი კაცივით დაბოდიაობს ფურცელზე, ხელს ვაშველებ, რომ არ წაიქცეს და ისიც ვარაუდით ხაზავს ძველ ღობესავით გადაქცეულ ასოებს. ესეც გაჭირვებით თორემ თავს გადმომდგარ უღმერთო ხეებს ჯერაც არ მოუფიქრიათ წვერის ჩამოპარსვა, არადა უკვე ერთი წელია რაც ზაფხული მიიცვალა. დამდგარან ასე წვერმოშვებული მგლოვიარენი და ლამპიონიდან გადმოვარდნილი სინათლე ალაგ-ალაგღა ეცემა ხელის გულზე გადაშლილ უბის წიგნაკს." ამშვენებს უხვად გამოყენებული მხატვრული ხერხები. მშვენიერი ჩანახატია. განწყობა მოაქვს ისეთი, რომ განგიცდია კაცს."კალამი მთვრალი კაცივით დაბოდიაობს ფურცელზე, ხელს ვაშველებ, რომ არ წაიქცეს და ისიც ვარაუდით ხაზავს ძველ ღობესავით გადაქცეულ ასოებს. ესეც გაჭირვებით თორემ თავს გადმომდგარ უღმერთო ხეებს ჯერაც არ მოუფიქრიათ წვერის ჩამოპარსვა, არადა უკვე ერთი წელია რაც ზაფხული მიიცვალა. დამდგარან ასე წვერმოშვებული მგლოვიარენი და ლამპიონიდან გადმოვარდნილი სინათლე ალაგ-ალაგღა ეცემა ხელის გულზე გადაშლილ უბის წიგნაკს." ამშვენებს უხვად გამოყენებული მხატვრული ხერხები.
1. დაბოდიაობს -"ლ"
კარგად ჩავიკითხე :) დაბოდიაობს -"ლ"
კარგად ჩავიკითხე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|