ფანჯრებს იქით ნისლს დაეფარა მწვერვალები, წვიმდა ჩუმად, ძალიან ჩუმად. ვისხედით ხის პატარა სახლში, რაჭის მთებში, იქ სადაც სიწყნარე და სიმყუდროვეა.ოთახში რადიო იყო ჩართული, რადიოში მგალობლები გალობდნენ. ხის სახლი ზამთარში თბილია, ზაფხულში გრილი --- თქვა მარიამმა, ულამაზესი თვალები ღიმილით შემომანათა და წიგნის თაროსკენ წავიდა.თაროდან ერთადერთი წიგნი აიღო, მაგიდისკენ წამოვიდა და ჩემს წინ დაჯდა. ჩემთვის არც შემოუხედავს, გადაშალა წიგნი და ხმადაბლა დაიწყო კითხვა. ვხატავდი მარიამს და რადიოში გალობდნენ მგალობლები.მარიამი კითხულობდა წიგნს, ერთადერთ წიგნს და მე ვუსმენდი, როგორც საყვარელი ადამიანის უკანასკნელ წერილს და ღვთის დარიგებას გაფრენის შესახებ. უბრალო ფანქრით ვცდილობდი ფურცელზე გადამეტანა მარიამის უსაყვარლესი თვალები და მისი საოცარი თმები. მარიამი კითხულობდა შეუმჩნეველი მღელვარებით და მისი თვალები მშვიდად დასცქეროდნენ ძველ ქართულ ტექსტებს. ყოველი თავის დასრულების შემდეგ წყვეტდა კითხვას, სკამიდან დგებოდა, ხელით ოდნავ მაგიდას ეყრდნობოდა და თითქოს როგორც მოსწავლე მასწავლებელს,მთელი მღელვარებით კითხულობდა გრანელის ლექსებს . წარმოვიდგინე ამ ღარიბი გენიოსის ცხოვრება და ძალიან მომინდა ტირილი. ისე მომინდა, როგორც ბავშვობაში, როცა შვლის ნუკრის ნაამბობს ვკითხულობდი ხოლმე. ვხატავდი და კითხულობდა მარიამი. ვუყურებდი მას და მომეჩვენა, რომ ჩემს წინ მჯდომი გოგონა მენატრებოდა. არც მიყვარდა, არც მძულდა, უბრალოდ ძალიან, ძალიან მენატრებოდა. იყო ღვთისმშობლობის წვიმიანი დღე და ვგრძნობდი, რომ ჩვენში იყო ბედნიერება,სინანულისგან მონიჭებული სიხარული და მარიამის უმშვიდესი კითხვისგან, ჩვენს მიერ, სულ ცოტათი მაინც განცდილი უფლისა და ადამიანის გზა. ეს იყო ჩვენში, ჩემს გულში და მარიამის თვალებში ამოკითხული. თენდებოდა და გამახსენდა წარწერა რვეულზე ვოლტერ სკოტის შესახებ, რომელიც სკოლის დამთავრებისას მარიამმა გამიკეთა: ''სასიკვდილო სარეცელს მიჭაჯვულმა ვალტერ სკოტმა სიძეს ლოკხარდს მიმართა: - შვილო, წიგნი მომიტანე. მწერალს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამიტომ შეცბუნებულმა სიძემ ჰკითხა: - რომელი წიგნი, სერ? მომაკვდავმა მიუგო: - ამქვეყნად მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს, შვილო, მომიტანე ის წიგნი. ლოკხარდი მიხვდა, თუ რას ამბობდა ვოლტერ სკოტი და მომაკვდავს ბიბლია მიუტანა.'' თენდებოდა, აღმოსავლეთიდან მზე ამოდიოდა, რაც თითქოს მანიშნებელი იყო მარიამის კითხვის დასრულებისა. მან ლამაზი თითებით ნაზად დაკეცა წიგნი, შემდეგ ხელში აიღო და წარმოვიდგინე იგი გულში ჩახუტებული ბიბლიით, ანგელოზივით ლამაზი იყო . ლამაზმა წარმოსახვამ თითქოს დამაძინა და როცა გამოვიღვიძე, მისი ოდნავ ცრემლიანი თვალები შემომცქეროდნენ და ნაზი ხმა ღვთისმშობლობას მილოცავდა. თენდებოდა, მე და მარიამი სახლიდან გავდიოდით,გვირილებიან აღმართში მივრბოდით ეკლესიისკენ და გვესმოდა ხმა ზარების რეკვის. როცა ტაძარს მივუახლოვდით, იგი წინ გაიქცა, მე შევჩერდი და დაღლილობისგან თვალები დავხუჭე. თვალები გავახილე,ღამის წვიმისგან დანამული ბუნება ლამაზად იცქირებოდა, მარიამი მარტო იდგა გვირილებიან მინდორში და მომინდა მისთვის ყველა მათგანი დამეკრიფა. თვალებით ცისფერ ცას შესცქეროდა. გულში ბიბლია ჩაეხუტებინა , როგორც დედას უმანკო ჩვილი. მის უკან ეკლესია იდგა და უკვე აჩქარებით რეკავდნენ ზარები. ხის სახლში კი ისევ გალობდნენ მგალობლები. ეს იყო ღვთისმშობლობას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჟანრი აგერიათ?
ჟანრი აგერიათ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|