 | ავტორი: ეკა-ლი ჟანრი: პროზა 12 სექტემბერი, 2011 |
“არა გუაქვს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.” (მათე 14, 14-21) ტკივილებს ყოველთვის თითებზე ვითვლი ძილის წინ. ეს ბავშვობისდროინდელი ჩვევაა, მაშინ დაძინებას თუ ვერ ვახერხებდი, ცხვრებს ვითვლიდი ასე უსასრულოდ: ას თორმეტი, ას ცამეტი, ას თოთხმეტი.. ...ბოლო დროს, რაკი თითები აღარ მყოფნის ტკივილებისთვის, თვლა დავივიწყე; არც ნებისყოფა მყოფნის, იმდენს ვაგროვებ ბოლო დროს ... * მე და მათე საქართველოს მოქალაქეები ვართ. მათე პროვინციაში ცხოვრობს. ის ჩემი ნათესავია. ჩემი მეგობარი გახდა დანათესავებისთანავე. ისეთი ყურადღებიანია, მშურს კიდეც მისი. მე რომ ლექციების შემდეგ ფეხს ფეხზე გადავიდებ და თავს დაღლილად გამოვაცხადებ, მეგობრები და მათე კი არა, არავინ მახსოვს საკუთარი თავის გარდა. თვითონ, ტყიდან მობრუნებული, როგორც კი შეშას გაყიდის, დამირეკავს და მსაყვედურობს, რატომ დაგვივიწყეო?! მეც ვეტყვი, რომ უამრავი საქმე მაქვს, რომ მთელი დღე კომპიუტერთან ვზივარ, რომ ჟურნალისტობას ვაპირებ და რომ მნიშვნელოვან რაღაცებს ვწერ გამუდმებით. მართალია, უფრო ხშირად პოსტებს ვწერ სოციალურ ქსელებში და მეტს არაფერს, მაგრამ ამის დაკონკრეტება ვის სჭირდება ოფლის ფასად ნაყიდ სალაპარაკო წუთებში, და ისიც მეტყვის,- დაისვენე, ამდენი მეცადინეობა არ ვარგაო. Mმეც მინდა და ვიჯერებ, რომ მეტისმეტად საქმიანი ვარ და რომ სულ მალე წარმატებულიც ვიქნები, მათეზე ბევრად წარმატებული. ** მათეს 2 შვილი ჰყავს, თუმცა 23 წლისაა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, მეტისმეტად უჩვეულოდ კი იქცევა სულ. ჯერ იყო და 18 წლისამ ცოლი მოიყვანა; მერე მისი ცოლი პირველად რომ მშობიარობდა, თვითონ, საცეცხლე ბატალიონის კაპრალი, საბრძოლო წვრთნებს გადიოდა სენაკის ბაზაზე. მეორე შვილის დაბადებისას ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა და აღიარებს, არავინ მახსოვდა მაშინ, არც სამშობლო, არც მოვალეობა, არც ოჯახი, მხოლოდ და მხოლოდ ლუკაო. 15 აგვისტო იქნებოდა, კოჯრიდან რომ მობრუნდა სახლში. დაგვხედა, დამშვიდდა ოდნავ. თითქმის 10 დღე არაფერი ეჭამა და მაინც ვერაფერს დააკარა პირი. მაშინ მეგონა, ჩქარობდა და შევწუხდი; მოგვიანებით, სიმთავრალეში, ნამდვილი მიზეზი მითხრა და შემრცხვა, კიდევ უფრო რომ არ შევწუხდი მაშინ. არ ეძინა ომის დამთავრებიდან კიდევ იმდენად დიდხანს, რომ მართლა შემაშინა და თბილისიდან, კვლავ ფეხიფეხზეგადადებული, ჯიუტად ვურჩევდი ფსიქოლოგის კონსულტაციას. *** არ უნდა დამავიწყდეს გითხრათ, რომ მათე ახლა დეზერტირია. დეზერტირი იგივეა, რაც სამშობლოს მოღალატე. დეზერტირს ბრძოლის ველიდან გამოქცეულ ჯარისკაცს ეძახიან. თუმცა საქართველო იმითიცაა გამორჩეული, რომ მეთაურის გამოქცევაც კმარა რიგითების დეზერტირობისთვის. (სწორედ შემთხვევათა ამ მრავალფეროვნების გამო არ ვაპირებ ჩემი სამშობლოდან წასვლას. მარტო აქ შემიძლია, ჯაშუში ვიყო და მთელ ერს მაინც ჩემი დიდი იმედი ჰქონდეს. პატრიოტი ვიყო და ყოველთვე პოლიციაში მიბარებდნენ თავდების ფურცელზე ხელის მოსაწერად და დასარწმუნებლად, რომ ისევ „ნაღალატევ“ სამშობლოში ვცხოვრობ.) * ზამთარში შეშის მოჭრა ჩვენს ტყიან და მთა-გორიან საქართველოშიც შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია, არ მუშაობდე და სახლში პური და რძე მაინც მიგქონდეს შვილებისათვის. და რადგან ჯართი კარგად ფასობს ჩვენთან, მათეც ზამთრობით ტყეში ჯართის მოსაგროვებლად დადის. მე ყველაზე ძალიან ასეთ დროს მიყვარს: ტალახიანი, გაწითლებული და ოფლიანი. თვითონ არ იმჩნევს. მოვა, მომიტანს იმ შოკოლადს, მე რომ ძალიან მიყვარს, მერე დავლევთ მის დაყენებულ წითელ ღვინოს და ისევ და ისევ, უკვე მე-4 წელია ომის ამბებს ვაყოლებ. ისევ მხოლოდ მთვრალი ახერხებს ამაზე ლაპარაკს: ზურგზე მოკიდებულს გამოჰქონდა მათი ძნელადგასარჩევი გვამები, ვისაც 2 დღით ადრე მეგობარს ეძახდა.. მე ვუსმენ და ვფიქრობ და ვფიქრობ, როდის უფრო მძიმე იყო მისი ყოფა, აგვისტოს იმ დღეებში თუ ახლა?! ** პრიორიტეტი- დასავლური კურსი; პრიორიტეტი- ეკონომიკის აყვავება; პრიოტიტეტი- სინგაპურული არქიტექტურა; პრიოტიტეტი- წინსვლა; პრიორიტეტი- სამიტებზე ცრემლისმომდენი ტექსტის წაკითხვა; პრიორიტეტი- ცნობადობა; პრიორიტეტი- ქველმოქმედება; პრიორიტეტი- ხარისხიანი ხალიჩის გაშლა, სასურველია იყოს წითელი, - რევოლუციის, ვარდის, სისხლისა და ხალიჩის საზოგადოდ მიღებული ფერის შესაბამიად; პრიორიტეტი- დედაბუნების დაცვაც, რაც ძალიან კარგია და რაც ასეც უნდა იყოს.. *** იქ, სადაც ჩემი ნათესავი მათე ცხოვრობს, მტკვარი მიედინება, ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე- მტკვარი. მტკვარში ბევრი თევზია. თევზი საჭმელია,-გემრიელი და მეტნაკლებად ძვირადღირებულიც. ვიცი, რომ როცა ადამიანებს საჭმელი არ აქვთ და არც ფული საჭმლის საყიდლად და ვერც მათი მცირეწლოვანი შვილები გამოიკვებებიან მუდამ მხოლოდ თევზით, მაინც არაა გამართლებული თევზის წამლით თუ დენით დახოცვა, შემდეგ გაყიდვა და პურისა და რძის ყიდვა. ეს ნამდვილად იწვევს ეკოლოგიურ კატასტროფებს სამომავლოდ და ამას ვერცერთი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ვერ გაამართლებს. ამას ვერ გავამართლებ ვერც მე, რადგან ჯანსაღად მოაზროვნეობაზე მაქვს პრეტენზია და ვერ გავამართლებ ვერც მათეს, თუნდაც მის სიყვარულზე მქონდეს პრეტენზია. მაგრამ ვიფიქრე და ვერც 4-5 წლის ბავშვების შიმშილი გავამართლე ვერაფრით. ვიფიქრე და თევზების წამლით დახოცვა უფრო გავამართლე, ვიდრე ადამიანების შიმშლით დახოცვა, ვიფიქრე და აღმოვაჩინე, რომ არ მინდოდა ამდენი მეფიქრა. გამოსავალი თითქოს ყოველთვის არსებობს. ადამიანებს აქვთ გონება და შეუძლიათ იპოვნონ საკუთარი ქცევის, თავის რჩენის, არსებობის, პრობლემების დაძლევის ალტერნატიული გზები. ადამიანს მოეთხოვება რაციონალურობა. მოეთხოვება, არ აქციოს რაციონალურობა ირაციონალურობად. მოეთხოვება, იყოს სამართლიანი და ტოლერანტი მარტო ადამიანების კი არა, ბუნების, გარემოს, მთელი სამყაროს მიმართ. გარემო არასდროს სთხოვს ადამიანს მის შესაძლებლობებზე მეტს. და თუმცა მათემ არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა ”ტოლერანტობა”, ვერ გეტყვით “რაციონალურობის ” ზუსტ განმარტებას, ჩემგან განსხვავებით, რაკი ცხოვრებისგან ისწავლა- კარგად იცის, რომ პრობლემის დაძლევის ალტერნატიული გზები ერთ დღესაც, უბრალოდ, შეიძლება, ამოიწუროს. * ...მათე ახლა ციხეში ზის. ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა თევზჭერის შესახებ კანონის დებულებათა დარღვევისათვის, მათეს ენაზე რომ ვთქვათ, თევზების მოწამლისთვის, სრულიად დამსახურებულია იმ ქვეყანაში, სადაც კანონი ნამდვილად კანონობს ქვედა ფენებში. კანონის ნაკლად ის მიმაჩნია, რომ ის ზედაპირულია, მშრალია და ცალსახა. მას არ ევალება, გაუგოს ადამიანებს, მოუსმინოს მათ მოტივებს. თუმცა ეს კანონი რაციონალური ადამიანების შემუშავებულია. მათემ ბევრი არაფერი იცის კანონების შესახებ, მან მხოლოდ ის იცის, რომ არ იცის, ვინ მიუტანს მის შვილებს ამ თვის საღამოობით პურსა და ერთ ქილა რძეს და არ იცის, ვიდრე სახელმწიფოსთვის ჯარიმის გადასახდელად ნასესხებ რამდენიმე ათას ლარს გადაიხდის, შეძლებენ თუ არა მისი შვილები, რძის დაულევლად დაიძინონ. * ახლა ძილის წინ დღეებს ვითვლი თითებზე: ოცდაათი, ოცდაცხრა, ოცდარვა..…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მშვენიერი ნაწერია! 5! სამწუხაროა ასე გვიან რომ შევამჩნიე. ავტორი რომ იშვიათად სტუმრობს საიტს - ეს უფრო საწყენი. მშვენიერი ნაწერია! 5! სამწუხაროა ასე გვიან რომ შევამჩნიე. ავტორი რომ იშვიათად სტუმრობს საიტს - ეს უფრო საწყენი.
7. კი, ასეც ხდება, ტყეშიც აგროვებენ ნამდვილად და სამწუხაროდ :) კი, ასეც ხდება, ტყეშიც აგროვებენ ნამდვილად და სამწუხაროდ :)
6. ძალიან მომეწონა, ძალიან, კარგი გამართული ენით ნაწერია, აქტუალური თემაა და ობირქტურად მოთხრობილი, თუმცა ეს ვერ გავიგე " მათეც ზამთრობით ტყეში ჯართის მოსაგროვებლად დადის" შეიძლება მე ვერ ვერკვეი, ტყეში არ მიყვარს სიარული, ისე კი ვცხოვრობ ტყესთან ახლოს და ჯართის გამომტანი არვინ დამინახავს არ ვიცი იქნებ მასეც არის. ძალიან მომეწონა, ძალიან, კარგი გამართული ენით ნაწერია, აქტუალური თემაა და ობირქტურად მოთხრობილი, თუმცა ეს ვერ გავიგე " მათეც ზამთრობით ტყეში ჯართის მოსაგროვებლად დადის" შეიძლება მე ვერ ვერკვეი, ტყეში არ მიყვარს სიარული, ისე კი ვცხოვრობ ტყესთან ახლოს და ჯართის გამომტანი არვინ დამინახავს არ ვიცი იქნებ მასეც არის.
5. თუმცა საქართველო იმითიცაა გამორჩეული, რომ მეთაურის გამოქცევაც კმარა რიგითების დეზერტირობისთვის. - ეს არ ვიცოდი.
ნაწერს რაც შეეხება, აღფრთოვანებული ვარ! არაჩვეულებრივად წერს ეს ავტორი... თემაც აქტუალურია, გადმოცემაც საინტერესო, წერის კულტურაც გამორჩეული... მოვიხიბლე!
დასანანია, რომ აქამდე არ ვიცნობდი ამ ავტორს.
შემოდით და წაიკითხეთ.
+5 თუმცა საქართველო იმითიცაა გამორჩეული, რომ მეთაურის გამოქცევაც კმარა რიგითების დეზერტირობისთვის. - ეს არ ვიცოდი.
ნაწერს რაც შეეხება, აღფრთოვანებული ვარ! არაჩვეულებრივად წერს ეს ავტორი... თემაც აქტუალურია, გადმოცემაც საინტერესო, წერის კულტურაც გამორჩეული... მოვიხიბლე!
დასანანია, რომ აქამდე არ ვიცნობდი ამ ავტორს.
შემოდით და წაიკითხეთ.
+5
4. ძალიან მომეწონა. თემა, გადმოცემის მანერა, წერის კულტურა. ნასიამოვნები დავრჩი ფრიად ამ ავტორით 5 ძალიან მომეწონა. თემა, გადმოცემის მანერა, წერის კულტურა. ნასიამოვნები დავრჩი ფრიად ამ ავტორით 5
3. მომეწონა, ძალიან მტკივნეულია და მართლაც უპირველესი პრობლემები ჩვენი ხალხის... ავტორი, თავის საქმის ოსტატი...555 მომეწონა, ძალიან მტკივნეულია და მართლაც უპირველესი პრობლემები ჩვენი ხალხის... ავტორი, თავის საქმის ოსტატი...555
1. ესაა ჩვენი კანონები... ესაა ჩვენი კანონები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|