ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა.ახალაია
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2011


შენი აუხდენელი ოცნება

ზურგჩანთიანი გოგონა ხის ძირას იდგა და მოსახვევთან მდგარ ბიჭებს გასცქეროდა, სამნი იყვნენ, ჩაცუცქულები საუბრობდნენ.
    მაღაზიიდან გამოსულმა შუახნის მამაკაცმა "მაგნას" მოუკიდა.
- წავიდეთ! -  უთხრა გოგონას და ხელზე მოკიდა ხელი.
ბიჭებს გაუსწორდნენ.
- ძმა, ვერ მოგვაწევიებ?! - გამოიწია ერთ - ერთმა.
  მამაკაცმა სიგარეტის კოლოფი გაუწოდა.
- ორს ამოვიღებ თუ არ გეწყინება.
- მესამეც ამოიღე.
- აუ, ჯიგარი ხარ. სპასიბა.
გოგონა ბიჭებს თვალს არ აცილებდა.
  მოსახვევიდან ვარდისფერი "კადილაკი" ნელი სვლით გამოვიდა. საჭეს ახალგაზრდა, ქერათმიანი ქალი უჯდა. იმ დროს, არათუ ასეთი მანქანა, ზოგადად მანქანა აქა - იქ მოძრაობდა ქალაქში.
  ყბაჩამოვარდნილმა ჯეელებმა ისე გააყოლეს თვალები, თითქოს შიშველი მერლინ მონრო მჯდარიყო საჭესთან.
  გოგონა იდგა და დაღვრემილი იყურებოდა.
- არ წამოხვალ?! დაგვაგვიანდება!
"რომ გავიზრდები, მეც მეყოლება ასეთი მანქანა! აუცილებლად მეყოლება!"- გაიფიქრე შენ და გამოტრიალდი.
  შენობები ნაცრისფერი იყო, ხალხი მოწყენილი და თავჩაღუნული დადიოდა. შენ ამის მიზეზს ვერ ხვდებოდი, თუმცა არც გაინტერესებდა დიდად, სიმართლე რომ ვთქვათ.
- მოვედით! - კაცი ორი პოეტის ძეგლთან გაჩერდა.
  შენ ეკლესიას გახედე და პირჯვარი გადაიწერე. 
- აბა, ჭკვიანად, შენებურად არ იმაიმუნო, ნუ აწვალებ მასწავლებლებს! პირველ საათზე გამოგივლი!
- კაი მა!
  მამამ თავზე გაკოცა და წავიდა.
  შენ მაშინ რვა წლის იყავი.

                                                  * * *

  ის კი ათი წლის იყო. მეზობლის ხარებშებმულ ურემს მიუძღოდა ტალახიან ორღობეში, მარცხენა ხელი შარვლის ჯიბეში ჩაეყო. ურემზე დალაგებულ ტომრებზე მამიდამისი იჯდა.
  არაფრით იყო უჩვეულო ეს სურათი, რომ არა ურმის ორივე მხარეს მიხატული წითელი ჯვარი. მამიდამისი დევნილთა ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარე იყო და სოფლის ბაგა - ბაღში შესახლებული დევნილებისთვის სიმინდს და ლობიოს აგროვებდა, დადიოდა ძმისშვილთან ერთად ყოველ კვირადღეს კარდაკარ ნათხოვარი ხარ - ურმით. თავზე არავის გადასდიოდა მაშინ სანოვაგე, მაგრამ რიგრიგობით ყველა იმეტებდა ცოტ - ცოტას.
  ურემზე წითელი ჯვრების მიხატვა მამიდას იდეა იყო, აქაოდა ჰუმანიტარულ მისიას ვასრულებთო, იმ დროს, მთავარ მაგისტრალზე (სადაც ბაგა - ბაღი და ადმინისტრაციული შენობები მდებარეობდა) უთავბოლოდ დათარეშობდნენ გაურკვეველი წარმოშობის და მიზნების მქონე სამხედრო - ყაჩაღური ფორმირებები, თავწაკრული, წვერიანი და ჭუჭყიანი ბიძები.
  მამიდა თავის რვეულში ითვლიდა, კიდევ რამდენს უწევდა დღეს რიგი. ის კი, ქუდჩამოფხატული მიაბიჯებდა და იმაზე ფირქობდა, როგორ მოეტყუებინა ხვალ მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო, უეჭველად დააწიწკნიდა ბაკებს.


                                            * * *

  შენ დიდი დარბაზის კუთხეში იდექი. თეთრი კაბა გეცვა, კიკინები გქონდა და ძალიან გიხდებოდა (ზოგადად ლამაზი ბავშვი იყავი, შენს უბანში, ფოტო ატელიეს ვიტრინაზე, შენი რამდენიმე სურათიც კი იყო გამოკრული).
  დარბაზში ხალხი ირეოდა. ფერკმრთალ კედლებზე შენი ნახატები ეკიდა, ძირითადად პეიზაჟები და ნატურმორტები. მოდიოდნენ უცნობები და ლოყაზე გკოცნიდნენ. შენ ლამაზი თაიგული გეჭირა და ერთი სული გქონდა, როდის მორჩებოდა ეს ყველაფერი, რომ გრძელ მაგიდაზე დახვავებული ტკბილეულობა გაგესინჯა.
- უნიჭიერესი შვილი გყავთ, შესანიშნავი მომავლი აქვს.
- გმადლობთ! - იღიმებოდა დედა.
- ღმერთო ჩემო, მატისის ფერებს რა ოსტატურად იყენებს!
- თან რა ზუსტად ჟღერს: ანი მატისი, სულ რაღაც ერთი ასოა სხვაობა - იცინოდა ლურჯკაბიანი ქალბატონი.
  დედა წამდაუწუმ საათზე იხედებოდა და თვალი კარისკენ ეჭირა. შენც ეძებდი დარბაზში ვიღაცას და ვერ პოულობდი.
- დე, მამა არ მოვა?
- მოვა, აუცილებლად მოვა! - დედამ გულში ჩაგიხუტა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, რომ მღელვარება დაეფარა.
  მერე ყველაფერი მორჩა, მერე მაგიდასთან ტკბილეული ჭამე, თეთრი კაბა საკმაოდ გაითხუპნე, მერე კი...
  თურმე მამას ინფარქტმა დაარტყა და საავადმყოფოში იწვა.   


                                        * * *

- ჩანთა გახსენი და გადმოატრიალე! - უთხრა ერთმა, გრძელცხვირამ და ბაყაყისთვალებამ. სულ ოთხნი იყვნენ.
  ის კი იდგა მარტო, შავი შარვლით, თეთრი პერანგით და ოთხკუთხა, ყავისფერი ჩანთით ხელში.
- დაყრუვდი?! გითხრეს გადმოატრიალეო! - ეს უკვე მსუქანა, ლოყებწითელა და ჭორფლიანი იყო.
  გაქცევას აზრი არ ჰქონდა. მართალია, კარგად დარბოდა და სირბილში ვერ დაეწეოდნენ, მაგრამ შარვალს და პერანგს მაინც დაისვრიდა სირბილში. დარჩენა ჯობდა, იქნებ ჩხუბის გარეშე მოეგვარებინა საქმე.
- ოეეე! - ეს დაბალი იყო, დახეულშარვლიანი.
- წიგნები და რვეულებია შიგნით, მეტი არაფერი. - სცადა თავის დაძვრენა.
- გადმოატრიალე, თორემ დაგარტყამ ბოზიშვილივიყო! - მუშტი მოიღერა გრძელცხვირამ. სხვები ირგვლივ შემოეწყვნენ.
  ჩანთა რომ გადმოეტრიალებინა, წიგნები და რვეულები ტალახში ამოისვრებოდა და არაფერი ეშველებოდა, გაქცევით უკვე ვეღარ გაიქცეოდა და ისევ ჩხუბი სჯობდა, დასვრილი ტანსაცმელი გაირეცხებოდა მაინც.
- კარგი! - ჩანთა შეტყუპებულ ფეხებზე დაიდო.
  გრძელცხვირა მისკენ გადმოიხარა და ხელებით თავის მუხლებს დაეყრდნო.
  ის კი, უცებ წელში გასწორდა და ჩანთა მთელი ძალით სახეში სთხლიშა, გრძელცხვირა გუბეში ჩაწვა.
  მსუქანამ უკნიდან ყელზე მკლავი მოუჭირა, დანარჩენებმა წიხლები დაუშინეს, თვითონაც გიჟივით იქნევდა ხელ - ფეხს და ახლოს ვერ მიდიოდნენ. მსუქანა სულ უფრო უჭერდა მკლავს. ვეღარ სუნთქავდა. თავს ზემოთ დაიწყო მუშტების ქნევა. ერთი მოხვდა მიზანს - მსუქანას ქვედა ტუჩი გაუსკდა და ხელი გაუშვა.
  დაეცა. გრძელცხვირამ ფეხი მოუქნია სახეში, თავი გასწია, მაგრამ ფეხსაცმლის წვერი მაინც მისწვდა და ცხვირი გადაუტყავა.
  დაცემულს ზედ შედგებოდნენ, რომ არა მწვანე საღებავაცვენილი ჭიშკრიდან გამოსული ულვაშიანი კაცი, გინებით რომ მორბოდა მათკენ.
  გაიფანტნენ დაშინებულები.
  ის კი, ცოტა ხნის მერე, თავის სახლთან ახლოს, დიდი მუხის ძირას, ქვაზე იჯდა. დაბოღმილი, გულზე გამსკდარი. მართალია, ულვაშიანი კაცის სახლში ცოტა მოიწესრიგა თავი, მაგრამ მაინც საშინელ დღეში ჰქონდა ტანსაცმელი, სახლში ასე მისულს, სერიოზულ პასუხს მოსთხოვდნენ.
  სხვა გზა არ იყო, უნდა მისულიყო, თორემ რომ დაეგვიანა, მამა მოსაძებნად წამოვიდოდა, ეგ კი უარესი იქნებოდა.
  ჭიშკართან ლაპარაკი შემოესმა, გადაიხედა ფრთხილად ღობეზე, გული მიეცა, ოდის ჩრდილში, პატარა მაგიდასთან, მამა და მეზობელი კაცი არაყს სვამდნენ და თხილს აყოლებდნენ, სამკუთხა საყვავილეში დედა ყვავილებს რგავდა, თან  გვერდითა ხის მესერთან მომდგარ ქალს (იმ მეზობლის ცოლს) ელაპარაკებოდა.
  ჭიშკრის ხმაზე ყველამ მოიხედა. ნაწვიმარზე უფრო ყრუ ხმა ჰქონდა ჭიშკარს. ის ახლო - მახლო ყველა მეზობლის ჭიშკრის ხმას უცდომელად არჩევდა. აი, მაგალითად, წამოწოლილი იყო თავის ლოგინზე და "დევიდ კოპერფილდს" კითხულობდა, გახმაურდებოდა სადმე ჭიშკარი, მან უკვე იცოდა, ვისი იყო.
- რა მოგივიდა?! -  დედამ მიწით მოსვრილი ტყავის ხელთათმანები გაიძრო და შიშნარევი თვალებით მიაჩერდა.
- იჩხუბე ბიჭო?! - მამა იყო.
  მან ცხვირზე მოისვა ხელი და თავი ჩაღუნა.
- მამაშენი, - დაიწყო მეზობელმა, - შენი ხნის რომ იყო, თავისზე ბევრად უფროს ბიჭებს კისერს უგრეხდა!
  მამას გაეღიმა.
  მას კი სახე შეეცვალა.
- ოთხნი იყვნენ! - ხმადაბლა თქვა და სლუკუნი აუვარდა, მთელი ამ ხნის მანძილზე დაგროვილი ბოღმა თვალებზე მოასკდა.
  მეზობელს ცოლი უჯავრდებოდა, მეზობელი კი, დაბნეული, "ქორწილამდე გაგივლისო" თუ რაღაც ამდაგვარს ამბობდა, ის კი დედას მიკვროდა და სლუკუნებდა!


                                                  * * *

- თეთრი "კადილაკი"?!
- ვარდისფერი. - გაუსწორე შენ ღიმილით და ნაფაზი დაარტყი.
- რა მნიშვნელობა აქვს. - იცინოდა ის.
- როგორ არა აქვს, ვახ, რეი თეთრი რომ ყოფილიყო, შავი არ იქნებოდა.
- საუკუნო სიბრძნე. - კვდებოდა სიცილით.
- ჩაიწერე.
  ქარაფის თავზე ისხედით. თავი შენს კალთაში ედო. ხეობის ფსკერზე თხელი ნისლი ჩანდა.
- ამდენს ნუ ეწევი.
- შენც მოწიე.
- პახმელიაზე სიგარეტს იმდენად ვერ ვიტან, რამდენადაც შენ მინდიხარ.
- დავაი რა! - მარცხენა ყური აუწიე.
  ცოტა ხანს ჩუმად ისხედით. შენს საჩვენებელ თითს მკერდზე იკაკუნებდა. თბილმა ნიავმა დაუბერა.
- ზოგი პრინცზე ოცნებობს, - მე დამასლოკინა - ზოგი ფერიაზე, ზოგი სიმდიდრეზე, ზოგი პრეზიდენტობაზე...
- ზოგი "ნატოში" შესვლაზე, - გააგრძელე შენ.
- ზოგი ჩემზე...
- კი, როგორ არა...
- ხოდა, რაღა თეთრი "კადილაკი"?!
- ვარდისფერი! ცოტა პატივისცემა იქონიე, ბოლო - ბოლო ბავშვობის ოცნებაა! - მე ისევ დამასლოკინა, მას კი ისევ გაეცინა.
  შუბლზე წვიმის მსხვილი წვეთი დაგეცა, ცას ახედე. შავი ღრუბლები ჩამოწოლილიყვნენ.
- ჯობია კარავში დავბრუნდეთ, ეხლა მაგრად იწვიმებს მისტერ.
- აი დარდი მის, დაე იწვიმოს, როდის მერე გახდით ასეთი აზიზი? - მაისური აგიწია და მუცელზე გაკოცა.
  შენ გაუპარსავ ნიკაპზე აუსვი ენა, წამოხტი და ქვევით ჩაირბინე.
  ძლიერი წვიმა წამოვიდა. 
- "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ", - მოგესმა უცებ.
  ის იდგა კლდს თავზე მკლავებგაშლილი და რაღაცით ჰავდა რიო - დე - ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკებას.
- "რაც გადის დრო და ხანი..."
შენ შესცქეროდი გაწუწული, მომღიმარი და უსაზღვროდ ბედნიერი.


                                        * * *
  გაგეღვიძა. ის  უკვე წასულიყო სამსახურში, სულ გენატრებოდა დილით, ახლაც მისი ბალიში ჩაიხუტე, შენსაზე ფეხები გქონდა შემოწყობილი (ვერ გადაეჩვიე ამ უკუღმართ (პირდაპირი გაგებით) ჩვევას).
  მაგიდაზე ბარათი იდო.
  "გილოცავ! უკვე დიდი გოგო ხარ და დროა კერძების მომზადებაც ისწავლო. სამ საათზე გამოგივლი, მზად იყავი. მიყვარხარ..."
  გაგეღიმა. კედლის საათს გახედე, თორმეტი იყო. მობილური გამორთული გქონდა, ის კი არა, სახლის ტელეფონიდანაც გამოაძრე წუხელ კაბელი, ატყდებოდა რეკვები, მილოცვები, საჩუქრების მორთმევა, არ გიყვარდა საკუთარი იუბილე, არც არასდროს გადაგიხდია.
  მასაც არ უყვარდა, არც ახსოვდა ხოლმე, ერთხელ ძმაკაცს ესტუმრა, ჯოკერი ითამაშეს. "დღეს რა რიცხვია თუ იციო", - კითხა ძმაკაცმა და სკამზე გადაწვა. "რავიციო", - უპასუხა.  "სულ გამოსირდი შენო", - ადგა ძმაკაცი, მაცივრიდან არაყი გამოიღო, მაგრად დათვრნენ, ოცი წლის გახდა მაშინ.
  აბაზანაში აპირებდი შესვლას, როცა კარზე ზარი გაისმა. "ოო, ნეტა ვინააო", -  გაიფიქრე და ხალათი მოიცვი.
  კართან მამა იდგა.
- ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?! - შუბლე გაკოცა და გულში ჩაგიკრა, - გილოცავ ჩემო პატარავ!
- რავი მა, ხომ იცი, არ მიყვარს...
- ჩაიცვი, ქვევით უნდა ჩავიდეთ.
- რა ხდება? ჯერ არც კი მიბანავია.
- არაუშავს, მერე იბანავებ.
- კი მაგრამ...
- გთხოვ. - მამამ საჩვენებელი თითი ცხვირზე დაგაჭირა.
  შენ გაგეცინა და გატრიალდი.
- თვალები უნდა აგიხვიო. - გითხრა მამამ, როცა ლიფტის კარი დაიხურა და პალტოს ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო.
  რაღაცას მიხვდი და არ გაძალიანებიხარ, პირიქით, შენ თვითონ გაიკეთე სახვევი.
- შეგიძლია მოიხსნა!
- ვაიჰ! უკვეეეე?! - გაგეცინა.
  მერე ცხვირსახოცი მიწაზე ეგდო.
  ბორდიურთან ვარდისფერი "კადილაკი" იდგა.
- სულ ეს გეკერა პირზე! - მამამ ღიმილით გასაღები გამოგიწოდა.
- ანუ ეს...
- შენია! - უთხრა მამამ და ლოყაზე აკოცა.
  ტუჩებზე ხელებაფარებულ გოგოს ერთი სული ჰქონდა, ხმამაღლა ეკივლა.
           
                                              * * *
  ბოლო დროს რაღაც უნდოდა (ისე უნდოდა, რომ უკვე საშინლად აწუხებდა), მაგრამ ვერ ხვდებოდა რა.
  ემბრიონის პოზაში იწვა, ვარდისფერი ღამის პერანგი ეცვა და ქმრის ბალიში ჩაეხუტებინა.     
  არავის ნახულობდა, სახლიდანაც არ გადიოდა ფაქტიურად, რაც მანქანა გაყიდა, მითუმეტეს, თუმცა მაშინაც იშვიათად დადიოდა სადმე მანქანით, ყიდვიდან ორი - სამი თვის მერე მეტწილად გარაჟში ეყენა.
  რაღაც უნდოდა...
  ქმარიც ვერ აქცევდა სათანადო ყურადღებას, თავისი სამსახურის გადამკიდე, დილით ადრე მიდიოდა და ღამით ბრუნდებოდა.
  რაღაც უნდოდა...
  ერთხანს თავისი ბავშვობის გატაცება გაიხსენა, ბლომად საღებავები მოიმარაგა და ხატავდა მთელი დღეები, მალე შეეშვა.
  რაღაც უნდოდა...
  სამსახურიც დაიწყო, ერთხანს იარა, მაგრამ მალევე...
- შვილი მინდა! - წამოიძახე შენ და ლოგინიდან წამოვარდი. - აი, თურმე რა... - სხეული სიხარულისგან გითრთოდა, ბოლოს და ბოლოს მიხვდი!
  მაშ ასე, ჩაირთო წამზომი. არც ისე ძნელი ოცნება ვარ და ვგრძნობ, რომ მალე ამიხდენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები