ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩალაბა
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2011


მე დავმარცხდები

მე დავმარცხდები, როგორც მგოსანი,
თქვენ გაიღიმებთ ალბათ დაცინვით.
დრო დამაცხრება მიმინოსავით,
გავირიყები შეშლილ კაცივით.

მე დავმარცხდები, ვიცი, ასეა
ჩემი ბედი და ჩემი იღბალი,
ვიცი, ეს სახე გრიმით სავსეა,
ვიცი, გიფარავს სულსაც ნიღაბი.

მე დავმარცხდები. მერე რა მოხდა, -
მარცხი ალალი კაცის ხვედრია,
მკერდს ყველა ლექსი კვნესით აღმოხდეს,
ჩემს ურა-კვიცებს ვერ გახედნიან.

მე დავმარცხდები, როგორც წარმართი
და სხვანაირად არც მიფიქრია.
აჰა, ეს გული დღესვე წამართვით,
ლექსიც წამართვით, თუ შეგიძლიათ.

მე დავმარცხდები, ბედთან თავნება,
როგორც ქარისგან ლეგა ღრუბლები,
ბოლოს მომძებნის თვით უკვდავება, -
ლექსები, ჩემი ჭირისუფლები.

მე დავმარცხდები, როგორც მრავალი
და გამაკრავენ ჯვარზე ლეშები, -
ვიცი, არა მაქვს მე მომავალი,
მაგრამ თქვენამდე ვერ დავეშვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები