ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2011


სიმღერა

ჰარალო, ჰარი-ჰარალეო დაა...
შავი დღე რატომ?!
ჯერ წინ არის თეთრი დღეები,
თიკნებივით რომ გამოლალა ღმერთმა მინდორზე,
თქვენი წინდები...
გაუხუნდათ თითქოს ფერები,
როგორც ზამთრის პირს, ფერდობებზე, ღვიას და დეკას...
ჩემებო: მამავ, ძმაო, ქმარო...
ადრეა წასვლა,
ჯერ ნუ გაჰყვებით ნავსიანი ნისლების წყებას...

ჰარალო, ჰარი-ჰარალეო დაა...
რა დროს გლოვაა?!
ჯერ მოვის პერანგს, შვიდგან შეკრულს,  წითლადა ვღებავ,
ჩითის კაბაზე  რია-რია ყვავილებს ვიყრი...
შემარგოთ ნეტავ,
ამ ფერებით გახარება შემარგოთ ნეტავ,
არ იცით მაინც?
ჩემი ნაქსოვი ჯვრიანები:
ფერად კენკეშა,
ფერად ბაია,
ფერად შინდები...
მოფერებაა, თქვენი კვნესამე, გენაცვალეთ, შემოგევლებით
და ისე  ჩუმად ჟღარუნობენ ეს ფერ-სიტყვები,
როგორც ხატის ძველ დროშაზე - ნიავდაკრული, ვერცხლის ეჟვნები.

ჰარალო, ჰარი-ჰარალეო დაა...
რა დატირება?!
აგე, ნაძვებსაც კენწეროებით მზე  უჭირავთ  - ოქროს დაირა.
ხომ გეუბნებით,
ჯერ არ მცალია გლოვისფერი ღამეებისთვის,
ჯერ თიკნები მყავს მისახედი - თეთრი დღეები,
ჯერ თითისტარზე ღიღინს ვართავ, დარდებს ველევი
და ძაფზე, როგორც დაკარგული ჭიამაია,
დაცოცავს ჩემი სისხლის წინწკალი -
თითისწვერიდან გამოჟონილი...
ზამთრის პირზე  კი,
ჭრელ ფარდაგზე, ჭრელი ჩიტივით,
კრთის ხელთათმანი -
ფერად კენკეშა,
ფერად  ბაია,
ფერად შინდები...
კრთის და ჭიკჭიკებს,
გელოდებათ.
გესმით? გეძახით:
თქვენი კვნესამე, გენაცვალეთო, შემოგევლებით!

და თუკი, მაინც არ დაიშლით,
ოქროს დაირა
გახდება ერთ დღეს ბინდდაკრული სათიბისფერი,
თუ ნისლებივით  ჩამოდნებით და ჩამოწვეთავთ,
მიწა კი, ისე შეგისრუტავთ,  თითქოს გვალვაა
და წვიმის ნაცვლად ენატრება თქვენი სხეული,
მე ვერ გიტირებთ,
ვერა-მეთქი!
ვერა...
გითხარით...
ერთ  გაბმულ, მძიმე ამოოხვრად გადავიქცევი:
ჰარალო, ჰარი-ჰარალეო დაა...

თქვენი კვნესამე, გენაცვალეთ, შემოგევლებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები