ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არლეკინი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2011


პირით ქარი არის...

დგახარ სახურავზე, ხელში სამართებლით, პირით ქარისაკენ.
უკან ხედებია,
უკან ქალაქია,
უკან მოგყვებიან...
უცდი ანგელოზებს, სანამ შენს წაყვანას გარისკავენ.
პირით ქარი არის, უკან დარჩენილი ცოდვებია.

ნეტავ სხეულიდან ბოლო ათი წელი ჩამოგრეცხონ.
უკან ცოდვებია, შენ რომ ვეღაფაფრით აირიდე.
ნეტავ სიცოცხლიდან, ურჩი სტუდენტივით, გამოგრიცხონ.
ნეტავ შენს ბავშვობას, თოკის კიბესავით, აივლიდე.

მერე თვალები და ქალის გადაღლილი სხეულია,
ქალის, ქვეყანაზე თავის სატეხად რომ გაგაჩინა.
მერე ღმერთი არის, მასაც არაფერი შეუძლია
როცა სახურავზე დგახარ, ალესილი განაჩენით.

მერე შიში არის, შიში სიკვდილის და გადარჩენის,
როცა საფეთქლებზე თეთრი ხვიარები გედებიან,
როცა სახურავზე დგახარ, ალესილი განაჩენით,
პირით ქარი არის, უკან ქალაქი და ხედებია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები