ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2011


არაფერია მოსაწყენი ამ ქვეყანაზე (ნიკა ჩერქეზიშვილს)

არაფერია მოსაწყენი ამ ქვეყანაზე,
როცა გყავს იგი,ვინც გსურს, მზეა და ლექსიც გახლავს,
ცხოვრობ სიკეთით, სიყვარულით და სინაზეთი,
მიუხედავად იმისა, რომ სულის ძვლებს გახრავს

სიცოცხლე - თავის ტორებით და ბასრი ბრჭყალებით,
და იცი, როგორ ამაო ყველა მცდელობა,
გაუსხლტე ამ ომს დაღლილი და ხმა-ნაწვალები
და არ იფიქრო ხარაკირი ან თვითმკვლელობა!

მიგათრევს თითქოს გზაზე დროგი და ხანდახან რომ
ხორცის ნაფლეთი შემორჩება ქვების ნაცხერებს,
გინდა რატომღაც, ახვიდე და უფალს ახარო:
- აჰა, ვეწამე შენთვის, ჩემო ტკბილო მაცხოვარ!

არაფერია მოსაწყენი! მაინც იმედით!
მარადისობა უცდის პოეტს, წრფელს და ტრფობიანს,
რადგან, თუ გჯერა, რომ ლექსებით მხოლოდ იებდი,
სამყარო ესე სულ იოლად დასათმობია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები