ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: საბავშვო
15 ოქტომბერი, 2011


- ნახვამდის, ბობო... -

    თავისი სახელი არ იცოდა. არც დედა ახსოვდა არც მამა. ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა დღისით და ღამით, ზამთარ-ზაფხულ. დიდი ქალაქი იყო მისი სახლი... რამდენი რამე უნახავს და იცოდა, რას არ შესწრებია. რამდენჯერ დასცინეს, რამდენჯერ ქვა ესროლეს და რამდენჯერ მოარტყეს... გაუგდიათ ეზოდან, სადარბაზოდან...რამდენჯერ! ბევრჯერ მოსვლია ჩხუბი სხვა მაწანწალა ძაღლებთან. უშიშარი იყო, არავის უთმობდა. არცერთ ხროვას არ ეკუთვნოდა, მარტო ყოფნა ერჩივნა. თითონ იყო თავისი თავის ბატონ-პატრონი. მან თავისუფლება აირჩია, ასე უფრო მოწონდა. ბევრი რამ ისწავლა ქუჩაში - სად, როდის და როგორ მოეპოვებინა სარჩო. სახეზე სცნობდა ადამიანებს, იცოდა ვისთან მისულიყო და ვისთან არა. ოთხ კატეგორიად დაყო ისინი: პირველი - ვისაც ცხოველები უყვარს, მეორე - ვისაც ცხოველების ეშინია, მესამე - ვისაც ცხოველები ეზიზღება და მეოთხე - ვისთვისაც სულერთია მათი არსებობა. მესამე კატეგორია დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდა და ეს გასაგებიც იყო, მაგრამ ვერაფერი გაეგო მათი, ვინც -მეოთხეში- შეიყვანა. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლება ,,რაღაც,, ან ,,ვიღაც,, სულერთი იყოს?! თითონ ჭიანჭველებსაც კი აკვირდებოდა, შეეძლო დიდხანს თვალი არ მოეცილებინა და აღმოაჩინა, რომ ისინი განუწყვეტლივ მოძრაობაში იყვნენ. დაასკვნა კიდევაც - საერთოდ არ იძინებენო - და მართალიც იყო, მაგრამ ეს არ იცოდა, აბა, საიდან? ახლა საფიქრალი ერთი ჰქონდა - მთვარეზე მოხვედრა უნდოდა, ძალიან მობეზრდა აქაურობა!... იწვა დიდი სანაგვე ურნის ქვეშ, სევდიანი, ჩაფიქრებული. თოვდა. ძალიან უყვარდა თოვლი, მაგრამ სიცივე არ სიამოვნებდა. ზამთარში  საკვები ძნელად მოიპოვებოდა. იცოდა, რომ ადამიანები ზამთარში გაცილებით მეტ საკვებს მიირთმევდნენ და, სათანადოთ, ნაკლებს მოიქნევდნენ ურნაში...ო, ეს ხმა! როგორი ბრახუნით ვარდება ნაგავი! მშიშარა არ იყო, მაგრამ, თუ ამ დროს ეძინა,  მაინც შეხტებოდა ამ არასასიამოვნო ხმაურზე. გუშინ და დღეს არაფერი ეჭამა. იჯდა და ელოდა. ამ ურნის ქვეშ პირველად მოკალათდა. ღამდებოდა. ისევ უხვად თოვდა. თვალს არ აშორებდა ფიფქებს. დიდი სახლის სადარბაზოს კარი გაიღო და მამაკაცი გამოვიდა, რომელსაც ხელში პარკი ეჭირა. სხვადასხვა საკვების სუნი იგრძნო და პირს ნერწყვი მოადგა. მამაკაცი ურნას უახლოვდებოდა. ახლაღა შეამჩნია რომ უკან, თოკზე გამობმული თოვლივით თეთრი ბეწვით, მართალია გრძელი, მაგრამ ძალიან ლამაზყურებიანი პატარა ძაღლი მოჰყვებოდა. მისი სუნიც იგრძნო. სულ სხვა სუნი ჰქონდა. რა თქმა უნდა, იმგვარი არა ქუჩის ძაღლებს რომ აქვთ. მრავალი უნახავს მოვლილი ძაღლი, მაგრამ ასეთი სუნით და ასეთი თეთრი - არასოდეს!...არ მოსწონდა მათი ცხოვრება - ხშირად თოკზე გამობმული, დაგიძახებენ - უნდა მიხვიდე, რაღაც არ მოეწონებათ - უკეთეს შემთხვევაში საყვედური, შემთხვევით იატაკი თუ დათხუპნე - რაც ხელში მოხვდებათ შესაძლოა ვერ აიცდინო (გააჩნია გამომტყორცნის მონაცემებს). მართალია არ სცივათ, არ სწყურიათ, მაგრამ არა! არაფრით არ  გაცვლიდა თავისუფლებას ამგვარ პირობებზე! ამიტომ არ შურდა მათი...  ყურადღებით აკვირდებოდა გრძელყურას. უკვე საკმაოდ ახლოს იყვნენ, როცა ის შეჩერდა.   
- წამოდი, ბიბო  -  თოკი მოქაჩა მამაკაცმა.   
ბიბო აწკმუტუნდა და არ დაემორჩილა.   
- აგიშვა? ახლავე, შენ მოუსვენარო. 
თეთრი ბიბო ადგილზე დარჩა და ურნის ქვეშ წამოწოლილ ჭრელს უცქერდა. ჭრელი რატომღაც წამოდგა, თავი დახარა და ახლა ქვემოდან აკვირდებოდა ბიბოს. რაღაც დაემართა, ვერ მიმხვდარიყო რა. იდგა ერთ ადგილზე და ვერცერთ მხარეს ვერ მიდიოდა. რაღაცამ გააშეშა. უჩვეულო იყო ეს მდგომარეობა. 
- რა გქვია? - ჰკითხა ბიბომ. 
- ხმაც რა ლამაზი აქვს!... ჰმ,  ,,რა გქვია!,, მე რა ვიცი რა მქვია... - ფიქრობდა. 
- არ მეტყვი რა გქვია? - ისევ გაუმეორა. 
საზრიანი კი იყო, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა და რაღაც წაილუღლუღა. 
- ვერ გავიგე, რა თქვი? - არ მოეშვა ბიბო. 
მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა.
- რა კარგია, ცოტა ხანს კიდევ დარჩება! - გაიფიქრა და უცებ - ბობო! - თქვა. 
- ბობო... როგორ ჰგავს ჩემს სახელს, ლამაზია. სად ცხოვრობ, ბობო?   
- ...მთვარეზე ვაპირებ წასვლას!   
- რაა? მთვარეზე? 
- ჰო, მთვარეზე 
- როდის? 
- ეს ჯერ არ ვიცი.   
- ბობო, შენ ჩემზე უფროსი ჩანხარ, რამდენი წლის ხარ? 
- ოღონდ ეს არ ეკითხა! რა ვუთხრა ახლა? რა ვიცი მე რამდენი წლის ვარ?! ოღონდ ეს არ ეკითხა!  - გაიფიქრა და ასე მიუგო: 
- ნამდვილად შენზე უფროსი ვარ - მერე მამაკაცს გახედა, რომელიც ისევ სიგარეტს ეწეოდა, მიხვდა დრო კიდევ ჰქონდა. 
- მეც ხომ უნდა ვკითხო ან ვუთხრა რაღაც? რა ვუთხრა? - გაიფიქრა... 
- იცი?.. 
- რა? 
- იცი... მე თოვლი მიყვარს...შენ? 
- მეც მიყვარს, მაგრამ ამ დროს იშვიათად გამოვყავარ გარეთ. შენ სახლი არ გაქვს? 
- რას გადამეკიდა? - გაიფიქრა და  - წამოვედი! - უთხრა. 
- რატომ? გაბრაზებდნენ?     
- არა, მე გავუბრაზდი... 
- რა დაგიშავეს? - არ ეშვებოდა. 
რა უნდა ეთქვა? ვერაფერი მოიფიქრა და: 
- მე თითონ დავუშავე - ეს უთხრა. 
- ჰა-ჰა-ჰა, შენ დაუშავე და შენვე გაუბრაზდი? რას ამბობ, ბობო? ჰა-ჰა-ჰა. 
სულ მთლად დაიბნა ბობო, მამაკაცს გახედა, რომელმაც ამ დროს სიგარეტის ნამწვავი ურნაში მოისროლა. 
- უფ, მეშველა!  - ბობომ შვებით ამოისუნთქა. 
მამაკაცმა ბიბო ხელში აიყვანა და სახლისკენ გაემართა. ბიბომ ბობოს გამოხედა და დაემშვიდობა. 
- ჰო... ნახვამდის - მაინც გული დასწყდა ბობოს. სადარბაზოს კარი მიიხურა. რაღაცნაირად აფორიაქებული იყო. სულ მთლად გადაავიწყდა საკვებით სავსე პარკი, რომელიც მამაკაცმა ურნაში ჩააგდო. კარს გასცქეროდა, რომლის იქითაც ბიბო გაუჩინარდა. 
- ნახვამდისო... ლამაზი... თამამი...რამდენი შეკითხვა დამისვა?... თან როგორი?... არავის არასოდეს არ უკითხავს არც სახელი არც ასაკი...ეტყობა, კარგად უვლიან!... შავი თვალები რომ არა,  თოვლში არც გამოჩნდებოდა ისეთი თეთრია...შავი, ლამაზი თვალები... 
  იმ საღამოს არ უძინია. სულ სხვა ცხოვრება დაეწყო. მთვარეზე ფიქრი ბიბოზე ფიქრებმა შეცვალეს და ზოგჯერ ეს აღიზიანებდა! თავს ვერაფერს უხერხებდა. ბობომ თავის პრინციპს უღალატა - ის არასოდეს ჩერდებოდა ერთ ადგილზე ერთ დღეღამეზე მეტს! ახლა, აგე ერთი კვირაა აქ , ამ ურნის ქვეშ დაიდო ბინა. დიდი სახლის ფანჯრებს გაჰყურებდა და თუ ფანჯრის რაფაზე შემოსკუპულ ბიბოს მოჰკრავდა თვალს, იმ დღეს არც სციოდა, არც შიოდა და ვერც იძინებდა. ასე გაატარა მთელი ზამთარი. რამდენჯერ დასველდა, რამდეჯერ შესცივდა, რამდენჯერ გაცივდა... შეატყო, ჟანმრთელობა შეერყა. გახდა... დაუძლურდა... ბიბო მთელი ზამთარი არ ჩამოუყვანიათ. როგორ ელოდებოდა!!! როგორც იქნა მიიწურა ეს საოცრად გრძელი ზამთარიც. 
გაზაფხულის ერთერთ დილას  სადარბაზოს კარი გაიღო და... ეღირსა! გაზრდილი, და კიდევ უფრო დამშვენებული ბიბო ამჯერად ქალს მოჰყავდა. ქალს პარკი ეჭირა ხელში და ურნისკენ მოდიოდა. ბობოს გულისცემამ უმატა, წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შესძლო... შერსცხვა და თავი გვერდზე მიატრიალა, თითქოს ვერ შეამჩნია.   
- გამარჯობა, ბობო, როგორ ხარ? - მიესალმა გახარებული ბიბო. 
ისევ სცადა წამოდგომა...ვერ!     
- გამარჯობა... არა მიშავს, შენ როგორ ხარ, ბიბო? - ძლივს წარმოსთქვა. 
- კარგად, მიხარია, რომ გნახე!   
- ერთი იცოდე მე როგორ მინდოდა! - გაიფიქრა და  - მეც-ო. 
ქალმა ნაგავი ურნაში ჩააგდო და ბიბო აუშვა. ბიბო ბუჩქებში გაიქცა...მერე ბობოს მიუახლოვდა. 
- როგორ გამხდარხარ, ბობო, ავად ხარ?   
- არა, მთვარეზე წასასვლელად ვემზადები. 
- მართლა? რა კარგიააა! როდის?     
ამ დროს ბიბოს დაუძახეს და სახლისკენ წაიყვანეს. 
- როდის, ბიბო! - ისევ ჰკითხა. 
- არ ვიცი. 
- ნახვამდის, ბობო!   
- არ ვიცი...  - ჩურჩულით თქვა ბობომ, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ ამაღამ მთვარეზე წავიდოდა! და ეს ამბავი ბიბოს ისე რომ დაეჯერებინა, როგორც ეს მან გაიგო, გაჭირვებით, ხოხვით, სადამდეც შესძლო, იმ ადგილიდან კარგა მოშორებით, დიდი ქალაქის პატარა ბუჩქის ძირიდან ბობო მთვარისკენ გაეშურა... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები