ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2011


მწიფობელები

ვინ იცის, რატომ ყუჩდებიან ბინდისპირზე  მწიფობელები,
შეიყუჟავენ ნისკარტებში ჭიკჭიკს და დუმან,
ამწიფებენ განთიადისთვის.
ფრთებით არწევენ ბუდეს, სადაც
ლამის მჭვირვალ კვერცხს,
დღეს თუ ხვალ, ფრთხილად ამოტეხავს პატარა ბარტყი -
გაღინღლული ბაბუაწვერა.
ახლა დუმან მწიფობელები.
ბინდისპირია და ვერ არჩევენ,
დაბლა,  მიწაზე,
კვერცხის გული დაქცეულა
თუ ბაიების მჭახე სიყვითლე მოსდებია მძინარე ბალახს.
ეშინიათ მწოფობელებს ბინდისპირის და ფრთები უკრთით,
დედის გულივით.

დილით კი, როცა ზეცა თეთრი განთიადით შეიფეთქება,
თავებს ასწევენ და მწიფე ჭიკჭიკს
ლოცვასავით გადმოღვრიან ნისკარტებიდან მწიფობელები,
რომ  გაღინღლული ბაბუაწვერა - გამოჩეკილი პატარა ბარტყი,
ბუსუსებად არ დაიფანტოს
და არ გაჰყვეს უცნაურ ქარებს შორს, ძალიან შორს,
სადაც არ არის ბუდე,
არ არის დედა.

ვინ იცის, რატომ ყუჩდებიან  ბინდისპირზე  მწიფობელები,
შეიყუჟავენ ნისკარტებში ჭიკჭიკს და დუმან,
სწორედ ისე, როგორც დედა იყუჟავს  ლოცვას
თავის სხეულში,
როცა შვილი სახლიდან გადის.
და რა მარტივად იტყვის ვიღაც:
ელოდებიან დედები შვილებს,
დედები შვილებს ელოდებიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები