ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2011


მე, ფიქრი..

მე ფიქრი მქვია, არ ვიცი როდის დავიბადე. ჩვენ, ფიქრები, დიდიხანია ვარსებობთ, მაგრამ როდიდან? არც კი მახსოვს პირველად როდის გამიფიქრეს.. ადამიანები ფიქრობენ, გვფიქრობენ.. წარმოდგენა არ აქვთ, რა რთულია იყო ფიქრი, იცვალო წუთებში, წამებში. გაფიქრებისთანავე უნდა შეიცვალო ზოგჯერ..
შემიძლია ჩავეძიო ჩემს ერთ დღეს, როცა ჩემს ადამიანს თან ვახლავარ და არ ვტოვებ მარტო. როცა მას ძინავს, მე უფრო დაძაბული ვარ, ძილში იმდენი რამ აფიქრდება..
აი, დღეს დილით მაგალითად, მძიმე ღამის შემდეგ, ბუზღუნ-ბუზღუნად მაქცია ჩემმა ადამიანმა, მეზარებოდა ყველაფერი.. როგორც იქნა გავკეთილშობილდი, დილის ტუალეტი მოათავა და ახლა ახალ წარუმატებლობად დავიფანტე_სამსახურში აგვიანდებოდა.. მე ხან უფროსისთვის სათნოდ გაღიმებად, ხან საფუძვლიანი პრობლემის მოგონებად ვიქეცი..
როგორც იქნა მარშუტკაში ავიდა ჩემი ადამიანი, ეგეც მე ვუთხარი თორემ! ხანდახან მგონია რომ ჩვენ, ფიქრები ვმართავთ ადამიანებს, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან.. სინამდვილეში არსებობს რაღაც სხვა, უფრო რთული, ვიდრე ფიქრებს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.. ის რაც ფიქრებს აღემატება სხეულია.. სხეულები რაღაც სხვას ემორჩილებიან, და სადღაც მათ შორის ვარსებობთ ჩვენ.. ცხადია, არც ჩვენს გარეშე გაეძლებათ ადამიანებს, ძილშიაც კი უფრო ვჭირდებით.
მარშუტკა სავსეა, უფრო სწორად_გადაჭედილი.. ჩემი ადამიანი რომ ავიდა, ჯერ კიდევ იყო ადგილი, მე ვუთხარი რომ მზიან ფანჯარასთან დაჯდომა არასასურველი იყო სიცხეში, ისიც ვინმე თეთრთმიან მოხუცს მიუჯდა გვერდით. ცოტა არ იყოს ცხვირის აბზუება უნდოდა, მაგრამ იმწამსვე მოვაგონე თავისი გარდაცვლილი ბებია, ისიც ხომ ასეთი თეთრთმიანი და დაუცველი იქნებოდა.. მოვაგონე თუ არა მაშინვე დამემორჩილა და ახლა სიყვარულად იქცა, ისიც შევახსენე, ყველაზე უკეთეს ვარიანტში თავადაც ასეთი თმათეთრი რომ იქნება წლების შემდეგ.. უცნაური განწყობა მოვგვარე ამ ჩემი შეგონებებით ჩემს ადამიანს. ფიქრებს ერთი დამახასიათებელი რამ გვაქვს, ჩვენს ადამიანებს ვენათესავებით სულიერად. (თითქოს უწინ ჩვენც ადამიანები ვყოფილიყავით და უსიტყვოდ ამიტომ გვესმის მათი..) ისე, უკუპროპორციულადაა მგონი ადამიანებისთვისაც, ჩვენი განწყობა ედებათ.. არ ვიცი, ეს იმის ბრალია რომ ძალაუნებურად ერთ გარემოში ვარსებობთ, თუ იმისა, რომ რაღაც განაგებს ჩვენს ფიქრობას და მათს ადამიანობას.
სამსახური... არ მიყვარს ჩემი ადამიანის სამსახური, მძაბავს.. ხანდახან მგონია რომ ჩემს ადამიანსაც საშინლად ღლის, ფიტავს, და მთავარს, ადამიანურ გრძნობებს უჩლუნგებს.. როგორ არ ვცდილობ შევებრძოლო ამ სამსახურს, არ დავანებო ჩემი ადამიანის გაარაადამიანება. ახლაც, დაგვიანებულები და დაფანტულები მივედით სამსახურში_ბანკში. არადა რა ადამიანურ საკითხებზე ვიყავი მორგებული, ჩემი ადამიანიც როგორ ჩემთან მყავდა მისვლამდე.. იქ კი ყველაფერი აირია. ზოგჯერ ისე ვბრაზდები_ხოლმე, გადავწყვეტ_არაფერი აღარ მოვაფიქრო ჩემს ადამიანს, არაფერში აღარ დავეხმარო, და ამ ოხერი სამსახურიდან დავაღწევთ თავს.. მერე მაგონდება, ჩემი ადამიანი რომ ადამიანია_სხეულით.. სხეულებს კი მოთხოვნილებები აქვთ, მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილებაზე ზრუნვაც მოიცავს მათს ცხოვრებას. ზოგი სხეული_ზოგი ადამიანი ანუ, უფრო ლაღ და ჭეშმარიტ გზას ირჩვს ამ საკაცობრიო ცხოვრებაში, ეს მათს თავდაპირველ ფიქრებზეა დამოკიდებული.. მე კი, როცა ჩემი ამჟამინდელი ადამიანი თავისი გზის ძიებაში იყო, მასთან არ ვიყავი.. მე მაშინ სხვისი ფიქრი გახლდით.. იყო ერთი კარგი სხეული,_მაშინდელი ჩემი ადამიანი. საპყრობილეში მოხვდა, სულ ჩემი ბრალი იყო.. არ მოვასვენე, ჭეშმარიტების წვდომისთვის ხარ შენ შექმნილი, სხვებივით "ხელებს ვერ დაიბან" ცხოვრებისგან_მეთქი, გავუღრღენი გული და სული. ადგა სხეულიც, ჩემს რჩევებს წაჰყვა. ბოლოს რა გამოვიდა? უსამართლობისა და დაუნდობლობისთვის გაიმეტა განგებამ (ხომ ვთქვი, ჩვენ, ფიქრებს და სხეულებს, ანუ ადამიანებს, კიდევ რაღაც ძალა გვმართავს_მეთქი..). მე არ მინდოდა ჩემი ადამიანი დატანჯულიყო, მე მინდოდა უკეთ ყოფილიყო.. მან კი, სამართლის აღდგენა რომ სცადა, თვით საპყრობილეში ამოჰყო თავი. არ ვიტეხდი იხტიბარს, იმედად ვიქეცი, მაგრამ ჩემი ადამიანი სხეული იყო.. ფილტვებში გაუჩნდა რაღაც, დაგვიანებული და არასრულფასოვანი (მეტიც, საშინელი) მკურნალობის გამო სულ გავიყინე. არ გვაქვს სხეულები ფიქრებს, მაგრამ ისე ვიყინებით.. ცოტა ხანში, როცა მივხვდი, ისიც გაიყინა, დავემშვიდობე.. (ასე ვუღალატე ჩემს ადამიანს)მერე? მერე ფიქრების გამრიგესთან მივედი და ვთხოვე, ისეთი ადამიანი მომიძებნე, ცხოვრების გზის ძიების ეტაპი გავლილი ჰქონდესთქო. მანაც ჩემს ახლანდელ ადამიანთან გამომიშვა. როგორ არ მომეწონა თავიდან! მაგრამ ჩემი თხოვნა იყო ფიქრთა გამრიგესთან, ზრდასრულ ადამიანთან გამოვეშვი.. მივხვდი, თუკი დაბადებისთანავე არ მოჰყვები ადამიანს, მერე ნებისმიერ დროს გაგიჭირდება ფიქრს.. მეც მიჭირდა. ახლა მიყვარს, შემიყვარდა. ვცდილობ იგივე შეცდომები არ დავუშვა მასთან, მასაც არ ავურიო გზა.. ალბათ ამიტომაა, ბევრ რამეზე ვამბობ უარს. ასე ხდება სამსახურის ამბავშიც, როცა გაბრაზებული უკვე ფეხებს ერთ ადგილზე დავაბჯენ და ჩემს ადამიანს უჩემოდ ვტოვებ, მაშინვე შიში მიპყრობს, რომ არასწორად ვიქცევი, რომ სამსახურის დაკარგვა შეიძლება სულ არ წაადგეს ჩემს ადამიანს.. და მასაც რომ არ ავურიო ცხოვრება, აღარც დალაგებას ვიწყებ.. ისევ ვეხმარები და "ბანკის" უღიმღამო ცხოვრებით ვცხოვრობ დღეში 8 საათს.
დღეს ჩემს ადამიანს მეგობარმა გამოუარა, იმან წამოგვიყვანა სახლში. როცა მასთან ერთადაა უფრო კარგია ჩემი ადამიანი. მეც ვცდილობ.. რაც შემიძლია. ვცდილობ დავარწმუნო რომ ბედნიერება არსებობს, ისიც მეთანხმება, მეთანხმება რომ ალბათ ბედნიერება არსებობს და ალბათ ბედნიერია. ისევ გამექცევა_ხოლმე გვერდზე არსებობა, რა მარტივი რამ ჰგონია_მეთქი ბედნიერება, მაგრამ განა მე ვიცი რაა? არ ვიცი, ამიტომაც არ ვურევ თავგზას ჩემს ადამიანს. დაე, იყოს ბედნიერი. სახლში მოვედით, ისაუზმეს მან და მისმა მეგობარმა, შხაპი მიიღეს და საძინებელს მიაშურეს. მე? აი სწორედ მაშინ ვიხელთე დრო და გამოვიქეცი, ცოტა რომ მეწუწუნა. ახლა უნდა უკან გავიქცე, შვიდი წუთია მივატოვე ჩემი ადამიანი, ცოდოა ჩემს გარეშე.(მას ხომ წარმოდგენა არა აქვს რა რთულია იყო ფიქრი..ჩემს მანამდელ და ufro მანამდელ ადამიანებზე სხვა დროს გიამბობთ ალბათ, ჩემთვის ეს თემა ამოუწურავია, თან ძალიან მფლობს მე ჩემი წარსული.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები