 | ავტორი: პერფექტი ჟანრი: პროზა 23 ნოემბერი, 2011 |
ზღვის სანაპიროზე, დილას ერთად ვხვდებით, ამასთან ყავას და შოკოლადს მივირთმევთ. ყავის ლამბაქი ხელში მიკავია და პირისპირ მჯდომს თვალებში გიყურებ, რომელშიც ამომავალი მზის სუსტი სხივები ლამაზად ირეკლება. ვერ ვიტან ურძეო ყავას და უფრო მეტად მძულს ყოველი დილა შენი ყავისფერი თვალების გარეშე, რომელსაც საათობით შემიძლია ვუყურო, რადგანაც მოზაიკასავით მიჭრელებს თვალებს და ფიქრებით მათ მიღმა არსებულ უხილავ სამყაროში მიტყუებს. ვხედავ, როგორ იხსნება თვალების საოცრებათა სამყაროს კარიბჭეც და მეც ამ საოცრებათა სამყაროში თავით ვეშვები. როგორც ფრთებგაშლილი თოლია, გადავუქროლებ ლაჟვარდოვანი ზღვის ქათქათა თეთრ ქაფს, წყალქვეშა სამყაროშიც მოვინახულებ მარჯნებს შორის შეფარებულ ზღვის ბინადარებს. მშფოთვარე ტალღების მიერ ატატებული გემის თეთრი იალქნიდანაც უმშვენიერეს არემარეს ხარბად შევავლებ თვალს, ზღვის ბრიზს შევისუნთქავ და შემდეგ შორეულ ხმელეთზე გადავინაცვლებ, ყველაზე უმაღლესი მთის წვეროზე დავდგები, იქ სადაც ორბები ბუდობენ და ჯიხვებს აქვთ დადებული ბინა, რათა თვალი ვადევნო ულამაზეს აისებს და დაისებს. ფიქრებში ჩაფლულს ფეხი დამიცდება და უკან, უფსკრულში გადავეშვები, პირაღმა... სრულებითაც არ მეშინია... ვიცი, შეუძლებელია ასეთ დროს მოვკვდე... და მაინც, თუკი ამას სიკვდილი ჰქვია, მაშინ ეს ყველაზე ლამაზი სიკვდილი უნდა იყოს ქვეყნად, და მისთვის უნდა ღირდეს ცხოვრების დათმობაც. ორივე ხელს განზე ვშლი და ბოლომდე მივენდობი ბედისწერას. ვეფლობი... ვეშვები.... თავდავიწყებაში.... ბოლოს მსუბუქად ვვარდები ყვავილების ქვეყანაში. გვირილების ბაღში აღმოვჩნდები. სახეზე გვირილის ცვარი მეცემა (იქნებ ცრემლიც). აქ ირგვლივ გულუბრყვილო გვირილები კამათობდნენ: უყვარს! არ უყვარს! უყვარს! არ უყვარს!უყვარს! გვირილებს, მათი კამათით დაღლილი, ხელს ავუქნევ, ფეხზე წამოვდგები და გადავდივარ მის გვერდით, ვარდების ბაღში, სადაც ყველა ეკლებისგან დახოკილი დაიარება... ამ ბაღს შემდეგ მზესუმზირას ბაღი მოსდევს და ასე შემდეგ... როდესაც გამახსენდება რომ თოლია ვიყავი და ფრენა შემეძლო, გავშალე ფრთები და ავფრინდი მაღლა, რომ უეცრად შენმა მდუმარებამ გამომაფხიზლა. რეალობის მიერ ჯადოსნური სამყაროდან, ფრთებმოკეცილი თოლიას მსგავსად, ნაპირზე ვიქენი გამორიყული. თვალების კარიბჭეც ჩემთვის საბოლოოდ დაიხურა. კვლავ თეთრ აივანზე აღმოვჩნდი, ყავის ლამბაქითა და გაცივებული ყავით ხელში. ყავისფერი თვალების ორომტრიალი ისევ მიზიდავს. არ მსურს ფსკერზე აღმოვჩნდე. რა აზრი აქვს ველოდო, თუნდაც საოცრებათა სამყაროს კარიბჭეს გაღებას, რომლის ზღურბლსაც ვერასდროს გადავცდები? ჩემი უსუსურობის (იქნებ პირიქით-სიძლიერის) შეგრძნება მიბიძგებს რომ ავდგე და წავიდე... უკანმოუხედავად ვტოვებ აივანს, ვტოვებ ზღვისპირა თეთრ ქალაქს, რომელიც ყოველთვის ყავისფერ თვალებთან და შოკოლადივით ტკბილ-მწარე მოგონებებთან იქნება დაკავშირებული...და ბოლოს, ვტოვებ ზღაპრულ ქალაქს, რომლის ქვიშაზეც ჩემი ნაფეხურები ჯერ არასდროს აღმიბეჭდავს ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თუკი მარტო სათაურია პრობლემა? ....მაშინ იყოს უსათაურო თუკი მარტო სათაურია პრობლემა? ....მაშინ იყოს უსათაურო
2. ჩანახატი არაა ცუდი, სათაური კი...იქნებ მართლა შეცვალო? წარმატებები:) ჩანახატი არაა ცუდი, სათაური კი...იქნებ მართლა შეცვალო? წარმატებები:)
1. მოდი ჯერ რაც წავიკითხე იმაზე ვიტყვი: "ურძეო ყავა" - რისი მცდელობაა აქ? მაშინ როდესაც იდეურად წარმოუდგენლად უსუსური რამ არის ეს. ყავა არის ყავა, რომელიც ხან რძიანია, ხან არა და არ შეიძლება იყოს ურძეო. აქედან ლოგკურად ასე გამოდის: უაგურო ყავა, უმტვერო ყავა და ა.შ. უშაქრო ყავაც კი სისულელეა. ასე რომ არ მომწონს თავიდან, ასე მგონია სათაური ცალკე იწერება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს ამბობს, ასეთი შემთხვევებია ბაბლუანის ფილმი: "ბეღურების გადაფრენა" კენ კიზი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" და ა.შ. მოდი ჯერ რაც წავიკითხე იმაზე ვიტყვი: "ურძეო ყავა" - რისი მცდელობაა აქ? მაშინ როდესაც იდეურად წარმოუდგენლად უსუსური რამ არის ეს. ყავა არის ყავა, რომელიც ხან რძიანია, ხან არა და არ შეიძლება იყოს ურძეო. აქედან ლოგკურად ასე გამოდის: უაგურო ყავა, უმტვერო ყავა და ა.შ. უშაქრო ყავაც კი სისულელეა. ასე რომ არ მომწონს თავიდან, ასე მგონია სათაური ცალკე იწერება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს ამბობს, ასეთი შემთხვევებია ბაბლუანის ფილმი: "ბეღურების გადაფრენა" კენ კიზი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" და ა.შ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|