ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარკო - ძიმკა ყიფიანი
ჟანრი: პროზა
28 ნოემბერი, 2011


ალპური ზონა

ყველაზე მძიმე პირველი ღამეა, მიწაზე წოლით გვერდები გტკივა. გულაღმა  დაწვები ვერ იძინებ, გვერდზე გადაბრუნდები მალ-მალე გეღვიძება და გაბუჟებულ ფეხს ან ხელს ისრეს, რომ ნემსებივით მჩხვლეტავმა ტკივილმა გაგიაროს.
გიო დილით ხმაურმა გამოაღვიძა, ძილბურანში წვიმა ეგონა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ბანაკი მდინარის პირას გაშალეს. 
ზანტად წამოჯდა, ისე რომ საძილე ტომრიდან არ ამომძვრალა და კარვის ჭუჭრუტანაში გაიჭყიტა. ნისლი ჩამოწოლილიყო, ჯერ კიდევ დილის სუსხი იგრძნობოდა. ბალახიან ფერდზე მოფენილ კარვებს შორის ხალხი დაფუსფუსებდა. ზოგს ჯამი და ჭიქა ეჭირა და სასადილო კარვისკენ მიემართებოდა, ზოგსაც მხარზე პირსახოცი გადაეკიდა და მდინარისკენ მიეშურებოდა. ცოტა რომ გამოფხიზლდა,  გარეთ გამოძვრა და ხელპირის დასაბანად წყლისკენ დაეშვა. წუხანდელი წვიმით გაჟღენთილმა ბალახმა შარვლის ტოტები დაუსველა. წვიმა კი იცოცხლე, გვარიანი გამოდგა. ჯერ ბანაკის გაშლა არ დაემთავრებინათ, რომ დაუშვა. კოკისპირულიო ამაზეა ნათქვამი, მდინარის მაგვარი ნიაღვრები წამოვიდა და კარვებში შევარდა. ყველა გაილუმპა, გუბეებში მოუწიათ ძილი.
ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც გიომ წინა დღით ავტობუსში მოკრა თვალი, თავდაჯერებული სახით კარვიდან გამოძვრა, ნივთები გამოალაგა და ზურგჩანთის ჩალაგებას შეუდგა.
-სად მიდიხარ? -გაკვირვებული  მივარდა მოწითალო ქურთუკში გამოწყობილი ბიჭი. საუბარზე ეტყობოდათ კარგა ხნის მეგობრები იყვნენ.
-თბილისში.
-შენ რა, გარეკე?
-მივდივარ, ამხელა სტრესს ვერ გავუძლებ, მთელი ღამე წყალში მეძინა.
-რა ქალივით იქცევი, მერე რა, რომ პირველად ხარ და დასველლდი, კარგი ამინდიც გამოვა, ნუ გეშინია.
-არა ძმაო შემეშვი, ჯერ იყო და აღმართზე ტყვიასავით მძიმე ჩანთა ვათრიე, ზურგი კაი ნამუშევარი ვირივით მაქვს გადატყავებული, -ხელი ნატკენ მხრებზე მოიცაცუნა, -მარტო ზურგს ვინ ჩივის ბატინკებმა მაზოლები გამიჩინა. მერე როგორც იქნა ამოვაღწიე. სულიც არ მქონდა მოთქმული, მომვარდნენ, დროზე კარავი გაშალეო. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ მთელი ღამე გუბეში მეძინა.  მაგრად მივქარე, აქ რამ წამომიყვანა. არა ძმაო, თქვენ თუ მაზოხისტები ხართ, მე თავი დამანებეთ!
-დარჩი, მარტო სად მიდიხარ?
-შემეშვი!
-მოიცა, საუზმე გამზადდება და მერე წადი.
-არა, ეხლავე მივდივარ! –არ დაიშალა სტრესგადატანილმა ყმაწვილმა და შეშლილი მზერა ისე ჯიუტად მიაპყრო, რომ მზრუნველმა მეგობარმა ხელი ჩაიქნია, კარავში შეძვრა და მის მილაგებას შეუდგა.
იმის შემდეგ ის ბიჭი აღარ უნახავთ, ეტყობა სველი ტანსაცმელი ჩაიცვა და საბაზო ბანაკიდან უზმოზევე, უკან მოუხედავად მოკურცხლა.
გიო სასადილოს, რომ მიუახლოვდა ჯამების და კოვზების წკრიალი შემოესმა, რაც საუზმეზე დაგვიანების მაუწყებელი გახლდათ. შიგნით შევიდა,  შესასვლელთან მდგომ მოზრდილ ქვაბს, სახურავი ახადა და ფსკერიდან ჩამჩით უკვე მიმხმარი ფაფა ააბხიკა. “კიდევ კარგი ეს მაინც შემხვდა”, -გაიფიქრა და დასაჯდომი ადგილი შეათვალიერა. კუთხეში ხალხი შეთხელებულიყო, იქით მიაშურა, ფიცრის გრძელ სკამზე ჩამოჯდა და უძილო ღამის შემდეგ დამშეული გაცივებულ ფაფას სიამოვნებით შეექცა.
მაგიდები და გრძელი სკამები გაუშალაშინებელი ფიცრის იყო, რომლებიც ცხენებით ამოეზიდათ და დილით სახელდახელოდ აეწყოთ.
სანამ გიო ფაფას მორჩა, ვიღაცამ დაიძახა ჩაი ადუღდაო. მაგიდასთან მსხდომებმა თავთავიანთ  ჭიქებს სტაცეს ხელი და ცხელი სასმელის დასასხმელად წამოიშალნენ. გაუნძრევლად მხოლოდ გიოს პირდაპირ მჯდომი ოცდაათ წლამდე კაცი დარჩა. ოდნავ მოშვებული წვერი ნაყვავილარ სახის კანს უფარავდა. გარშემო სიგარეტის და არყის სურნელებას აფრქვევდა. როგორც ჩანდა წვიმიანი ღამე უქმად არ გაეცდინა და სასმელით გამთბარიყო. მომწვანო თვალებით გიოს გამჭოლი მზერა მიაპყრო, თითქოს აინტერესებდა ის რატომ არ წამოდგა ჩაის რიგში ჩასადგომად. გიო თეფშს მიაშტერდა, რომლის ფსკერსაც ფაფის ნარჩენები ეტყობოდა, უნებურად დააკვირდა და შიგ სხვადასხვა ფიგურები დაინახა. კოვზი რამდენჯერმე გაუსვა და სურათიც შეიცვალა, რომელიღაც გარეული ცხოველის გამოსახულებას დაემსგავსა.
კაცს ტანზე ბრეზენტის, მომწვანო, მზისგან გახუნებული პერანგი და ამავე ნაჭრის შარვალი ეცვა. პერანგის შიგნით ლურჯზოლიანი მაისური მოუჩანდა, სწორედ ისეთი ჯარისკაცებს, რომ უმშვენებს ხოლმე ჩაცმულობას. ზანტი მიხვრამოხვრით, სიგარეტის სიმყრალით და ალკოჰოლის სურნელებით იოლად მიხვდებოდით, რომ ამ პიროვნებას არც ალპინიზმთან და არც რაიმე სხვა სპორტთან შეხება არ უნდა ჰქონოდა. მაშ რა ესაქმებოდა აქ? ამდენ ჯანღონით აღსავსე ახალგაზრდას შორის, რომელთაც მწვერვალთა დაპყრობის ჟინით უელავდათ თვალები. ალბათ ეს კითხვა სხვებსაც გაუჩნდათ, ალმაცერად უცქერდნენ და მასთან ურთიერთობას ერიდებოდნენ. ის კი ალუმინის ჯამიდან არხეინად მიირთმევდა გაცივებულ ფაფას და დროდადრო ჯიუტი მზერით ათვალიერებდა იქ მყოფთ.
-აქ რომ ჩამოვჯდე, ხელს ხომ არ შეგიშლით? –ჰკითხა კაცმა მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომ მომხიბვლელ გოგოს. პასუხს არც დალოდებია, მის გვერდით ისე გადაჯდა. პერანგის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, თითებით მოსრისა, რომ გაბრტყელებულ ღერს მომრგვალო ფორმა მიეღო. მერე  ქამარზე მიმაგრებული ტყავის ჩასადებიდან ნიკელის ფერი სანთებელა ამოაძვრინა და მოუკიდა. –მე გელა მქვია, -ღიმილით მიუტრიალდა გვერდით მჯდომს და ხელი გაუწოდა. დაბნეულმა გოგომ ნაძალადევად გაუღიმა, კაცი კი უცბად დაიხარა და ხელზე ეამბორა. ეს მოძრაობა ისე სწრაფად და მოქნილად გააკეთა, რომ ადვილად მიხვდებოდით, ამ ილეთს პირველად არ ასრულებდა. გოგო უხერხულობისგან გაწითლდა და ირგვლივ მიმოიხედა. გაიფიქრა: “ნეტავ ვინმემ თუ დაინახა, ახლად გაცნობილის თავხედური საქციელი”. აღმოჩნდა, რომ ყველა მათ უცქერდა.
–თქვენი სახელი მაჩუქეთ გეთაყვა! –განაგრძო არშიყი გელამ.
-ჩემი სახელი? –დროის გასაწელად გაიმეორა გოგომ.
-ჰო, მე მგონი შენ გკითხე, -უეცრად კაცი შენობით მიმართვაზე გადავიდა.
გოგომ ისევ მიმოიხედა, -მე ხატია მქვია.
-ძალიან სასიამოვნოა. ხატია, მე მინდა შენთან ერთად ჩაი დავლიო, -კუთხეში მდგომ უზარმაზარ ქვაბს გახედა და მბრძანებლური კილოთი, ხმამაღლა იკითხა, -ჩაი დარჩა?
-კი, მაგრამ ძალიან ცხელი არ არის, -უპასუხა შუახნის, ოდნავ ჩაპუტკუნებულმა კაცმა, რომელიც ბანაკში მზარეულის მოვალეობას ასრულებდა.
-ძალიან კარგი, მდუღარე ჩაი მაინც არ მიყვარს. –მერე ხელის გულს ნიკაპი დააყრდნო და დადუმდა, თვალები მოეხუჭა, თითქოს ჩათვლიმა. წუხანდელიდან სიმთვრალე, ჯერ კიდევ გამოყოლილი ჰქონდა. ვიღაცას შემთხვევით ჯამი გაუვარდა, ხმაურზე შეკრთა, თვალები მოიფშვნიტა, ირგვლივ მიმოიხედა და საუბარი განაგრძო. -ერთი ჭიქა მე დამისხი და ერთიც შენთვის მოიტანე, -მიმართა ხატიას, რომელსაც ამასობაში დრო ეხელთა და ადგომას აპირებდა.
-ახლავე მოგიტანთ, მე კი წეღან დავლიე და მეტი აღარ მინდა.
-მე შენთან ერთად მსურს ჩაის დალევა! –განაგრძო გელამ. გოგო წამოდგა, ქვაბს მიუახლოვდა, ორი ჭიქა გაავსო, მერე მაგიდიდან შაქრით სავსე ქილა აიღო და ჭიქებთან ერთად გელას წინ დაუდო. თვითონ კი უკან გამობრუნდა და კარვიდან გასვლა დააპირა, -სად გარბიხარ? მოდი აქ! –ხატია მოტრიალდა, სიბრაზისგან სახე აელეწა, თვალები ჩაუცრემლიანდა.
-ჩემი ძმა ერთი გარეთ გამოდი! –ჩახლეჩილი, ოდნავ ზმუილიანი ხმით წარმოთქვა გიომ. კაცს მიუახლოვდა და ამღვრეული თვალებით, გამომწვევად მიაცქერდა.
-წამო! –ჩაილაპარაკა გელამ და ირონიულად ჩაიცინა.
გარეთ გავიდნენ. გასაშველებლად კი კარავში მყოფნი მიჰყვნენ.
-გოგოს აწუხებ ძმაო! ერთხელ გითხრა, ორჯერ გითხრა, გაიგონე რა!
-ერთი ამას უყურე! აზრზე მოდი ბიჭო ვის ელაპარაკები! -გელამ გიოს საყელოში ხელი მოჰკიდა, შეაჯანჯღარა. მერე თავისკენ მოქაჩა და ცხვირში შუბლი წაჰკრა. გამეტებით არ დაურტყამს, თითქოს გააფრთხილა, ან შეაშინაო. წამიც არ გასულა, რომ გვერდიდან ყბაში გიოს მოქნეული მუშტი მოხვდა. პირქვე დაეცა და გადაკოტრიალდა, მაგრამ მალევე წამოდგა და გაცეცხლებული ბიჭისკენ გაექანა. გამშველებლები შუაში ჩადგნენ და მოჩხუბრებს ერთმანეთთან არ უშვებდნენ, ატყდა გაწევ-გამოწევა და გინების კორიანტელი.
მცირეხნის შემდეგ, გელა მიხვდა, რომ გამშველებლებთან ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა და თავის კარვისკენ გაიქცა. ცოტახანში კი სამხედრო დანით ხელდამშვენებული მოვარდა, თან ყვიროდა: სად არის ეგ ლაწირაკი, უნდა მოვკლა, გოგოსთვის ცუდი არაფერი მიკადრებია და არასწორი ხელი მომხვდაო. მე რომ ვომობდი, ეგ ალბათ საბავშვო ბაღში დარბოდა და ჩემზე ხელი როგორ აწიაო.
ბიჭი აღარსად ჩანდა. ხალხი გელას დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ის სულ უფრო და უფრო საშიში ხდებოდა.
-მაგათ ერთმანეთი უყვართ, -წამოიყვირა ერთ-ერთმა გამშველებელმა, რომელმაც  სიტუაციის შესამსუბუქებლად იცრუა.
ამის გაგონებაზე გელამ გინება და მუქარა შეწყვიტა, დანა კი ქამარში გაირჭო, -თუ უყვართ, მაშინ სხვა ამბავია, -ჩაიბურტყუნა და საკუთარი კარვისკენ გატრიალდა, -მაგის ადგილას მეც ეგრე მოვიქცეოდი.

***
შუადღეს გამოიდარა, ღრუბლები გაიფანტა, მზემ გამოანათა, ნამიანმა ბალახმა ოხშივარი აუშვა. წვიმისგან გალუმპულებმა სველი საძილე ტომრები და ტანსაცმელი გასაშრობად კარვებზე გადაკიდეს, თვითონ კი გარეთ გამოეფინენ. ზოგი ბალახზე წამოგორებული წიგნს კითხულობდა, ზოგიც ჭადრაკით ან ბანქოთი ირთობდა თავს.
ბანაკიდან ოდნავ მოშორებით, მდინარის პირას, გულაღმა გიო წამოწოლილიყო. თვალებ მოჭუტული მზეს ეფიცხებოდა, თან დროდადრო წყალში ცხვირსახოცს ასველებდა და ცხვირზე იდებდა.
-ძალიან გტკივა? –მზრუნველი ტონით მიმართა ხატიამ და იქვე დიდ ბრტყელ ქვაზე ჩამოჯდა.
ბიჭი მოულოდნელობისგან შეკრთა, მდინარის ხმაურში მისი მიახლოვება ვერ გაეგო, სწრაფად წამოჯდა და მოულოდნელ სტუმარს დაბნეული მიაცქერდა, -მაინცდამაინც არ მტკივა, უბრალოდ არ მინდა ჩამილურჯდეს და ცივსაც იმიტომ ვიდებ.
-ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი გულისთვის იმ გაუგებრობაში გაეხვიე, - მდინარესთან ახლოს მივიდა, ჩაიმუხლა და ხელი ცივი კამკამა წყლით დაისველა, მერე ისევ გვერდით მყოფ ბიჭს შეხედა, -და კიდევ დიდი მადლობა, რომ გამომესარჩლე.
-განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა, -ჩაილაპარაკა ოდნავ დარცხვენილი, მაგრამ თვითკმაყოფილი ტონით, -უბრალოდ არ მიყვარს, როცა ქალს აწუხებენ ან შეურაცხყოფას აყენებენ, -გიომ სახიდან ცხვირსახოცი მოიშორა, დაასველა, გაწურა და ისევ დაიდო. ესიამოვნა, რომ  მისი გმირობა დააფასეს და ესოდენ დიდი ყურადღებაც გამოიჩინეს.
დუმილი ჩამოვარდა, თითქოს სალაპარაკო თემა ამოიწურა, გოგოც შეიშმუშნა და წასვლა დააპირა.
-შენი კარავი დიდი ქვის გვერდით დგას არა? –უხერხული სიჩუმის დასარღვევად იკითხა ბიჭმა, თან გონებაში მომდევნო შეკითხვებს ალაგებდა, რომ სალაპარაკო არ გამოლეოდა და რაც შეიძლება ახლოს გაეცნო გოგო.
-კი, მუქი ლურჯი კარავია.
-მარტო შენ გძინავს იმხელა კარავში?
-მე და ჩემს დეიდაშვილს.
-აი რამდენი ხანია ვსაუბრობთ და არ მიკითხავს, რა გქვია? –მართალია მის სახელს ჯერ კიდევ ჩხუბამდე, საუზმობისას მოჰკრა ყური, გადაწყვიტა მაინც ეკითხა და მერე თავისი თავიც წარედგინა, ისე როგორც ჩვეულებისამებრ ხდება ხოლმე.
-ხატია მქვია.
-ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა, მე გიო.
-ჩემთვისაც, -ხატია ფეხზე წამოდგა, ნიავმა თმა აუფრიალა და სახეზე ჩამოუშალა, -საღამოს ჩვენს კარავში შემოგვიარე, შოკოლადით და ცივი ყავით გაგიმასპინძლდებით. ეხლა უნდა წავიდე.
-აუცილებლად მოვალ, -ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია. გოგოს მანამ გასცქეროდა, სანამ ის მწვანე ბალახით შეფენილ ფერდს არ მოეფარა. ხატიას წასვლა რომ დაიგულა,  გახარებული ფეხზე წამოხტა, სველი ცხვირსახოცი დიდ გაპრიალებულ ქვაზე მიაგდო, ტანსაცმელი გაიხადა, მდინარეში ჩადგა და ყინულივით ცივი წყალი ტანზე შეისხა. მერე მუხლამდე წყალში გაწვა და ხელფეხის ქნევით გაჰყვიროდა: “რა ცივია, ძვლებსაც კი ყინავს”.

***
ნაშუადღევს მზემ გვარიანად დააჭირა, სასიამოვნო სითბო იდგა და ალპური ზონისთვის უჩვეულო თბილი ნიავი უბერავდა. გიო ისევ მდინარის პირას იწვა და წყლისგან გაყინულ ძვლებს ითბობდა. ხან ზურგს მიუშვერდა მზეს და ხანაც მკერდს, აქაო და თანაბრად გავირუჯოო. თან შიშობდა, ბევრი არ მომივიდეს, სადღაც მოეკრა ყური, მთის მზე უჩვეულოდ მწველია დიდი რაოდენობით ულტრაიისფერ სხივებს შეიცავსო. აქ გდება კი ენით აუწერელ სიამოვნებას ანიჭებდა. მისი ნეტარების მიზეზი მარტო სასიამოვნოდ მცხუნვარე მზე და ალერსიანად მოლამუნე თბილი ნიავი არ იყო. მან იცოდა, რომ საღამოს ხატიასთან კარავში სტუმრად მიდიოდა. სასიამოვნო განცდის მოლოდინი ბავშვობიდან უყვარდა. მოაგონდა სიყრმისას, როგორ უცდიდა ახალი წლის დადგომას. თითოეულ წუთს, თითოეულ წამს ითვლიდა ოცდატერთმეტში დილიდან მოყოლებული. და ეს მოლოდინი თვითონ ახალ წელს ერჩია, რადგან ლოდინისას სჯეროდა, რომ დღესასწაულთან ერთად ბედნიერებაც მოვიდოდა. მაგრამ როდესაც საათი შუაღამის თორმეტს ჩამოჰკრავდა ხვდებოდა, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა რომ გარეთ მაშხალების და თოფების ბათქაბუთქი გაისმა და ბებიამ კი საგულდაგულოდ გადამალული გოზინაყი და სხვა ტკბილეული გამოაჩინა.
ახლაც რაღაც ამის მსგავსს გრძნობდა, ფიქრებში გართული, მზეს მიფიცხებული იწვა. ცოტა ხანში ტანსაცმელი ჩაიცვა და ქვაზე წამომჯდარმა წყლის ჩხრიალს მიუგდო ყური. დროდადრო გრძნობდა, რომ რაღაც უხაროდა, როგორც ბავშვობაში ახალი წლის მოლოდინისას. მალე გულმა აღარ მოუთმინა და საკუთარი კარვისკენ გასწია, თან ფიქრობდა საღამოსთვის რა ჩავიცვაო. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ ეს კითხვა ქალაქში ყოფნისას არ უჩნდებოდა, აქ კლდეში და ღრეში კი აეკვიატა. მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა, ის ახალი მაისური მაინც წამომეღო ამასწინათ ბიძაჩემმა უცხოეთიდან, რომ ჩამომიტანაო.
საღამოსთვის ის უკვე მზად იყო. ჩაცმულ დახურული კარვიდან გამოძვრა და დიდი ქვისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა. ქურთუკის შიგნიდან იღლიაში ქალაქიდან წამოღებული, ძვირფასი ვისკის ლამაზ ეტიკეტიანი ბოთლი ამოეჩარა. ქურთუკის შიგნიდან იმიტომ, რომ ზედმეტი ხალხის ცნობისმოყვარეობა არ გამოეწვია, ან ალკოჰოლის მოყვარულთა ცხოველი მადა არ გაეღვიძებინა. სულ რამდენიმე წუთი და ის უკვე ხატიას ლურჯ კარავთან იდგა. ხმამაღლა ჩაახველა და დაიძახა, -შეიძლება?
-მობრძანდით, -გაისმა კარვიდან გოგოს ხმა. შიგნით ხატია და მისი ოდნავ ჩაპუტკუნებული დეიდაშვილი, სახელად ქეთი დახვდნენ. შემოსასვლელში ფეხსაცმელები ეწყო. კარვის კუთხეში დაკეცილი საძილე ტომრები და ტანსაცმელი მიელაგებინათ. გიოს მყისვე თავისი თავშესაფარი წარმოუდგა თვალწინ, სადაც ზურგჩანთა, აღჭურვილობა, საძილე ტომარა და ტანსაცმელი ერთმანეთში არეული ეყარა. “აი ქალის ხელი რამდენს ნიშნავს” –გაიფიქრა და ქურთუკიდან ვისკის ბოთლი გამოაძვრინა. 
მასპინძლები დაპირებისამებრ ცივი ყავის, მომზადებას შეუდგნენ. კარვის შუაგულში, სახელდახელო სუფრაზე შოკოლადის ფილა, კექსი და საწუწნი კანფეტები დააწყვეს.
-ვისკს ხომ დალევთ? –გიომ ბოთლს თავი მოხადა და ჭიქებში ჩამოასხა.
-მე ვერ დავლევ, -თავი გააქნია ხატიამ, -მაგარი სასმელები ცუდად მხდის. ამას წინათ ცოტა არაყი დავლიე და...
-ცოტა არაფერს გიზამს, თან ჩვენი გაცნობის ხომ უნდა დავლიოთ, -ბიჭმა ბოთლი ცხვირთან მიიტანა, დაყნოსა, სახეზე სასმელის არომატით მიღებული სიამოვნება აღებეჭდა.  მერე თავი დაუცო და სუფრაზე დადგა.
-ვისკი ძალიან მიყვარს, -ხატიას გასამხნევებლად წამოიძახა ქეთიმ და სავსე ჭიქა ახლოს მიიდგა, -გასინჯე! არაყს არ გავს, მოგეწონება, -მერე შოკოლადის ფილა გახსნა და პატარა ნატეხებად დაამტვრია.
პირველი ჭიქა გიომ შესვა, რასაც რა თქმა უნდა წინ გაცნობის სადღეგრძელო დაურთო.
-ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, -გაიმეორა ხატიამ და სასმელი ბრთხილად დალია, სახე უნებურად დაემანჭა.
-არა, ვისკის ეგრე არ სვამენ, -თქვა გიომ და დიდი ჭიქით მორთმეული ცივი ყავა მოსვა –შენ არაყივით, გემოს გაუსინჯავად გადაკარი. ცოტა ხანი პირში უნდა ჩაიგუბო, რომ მისი არომატი შეიგრძნო და მერე ნელნელა წრუპო.
-ასე? –ხატიამ სასმელი ისევ მოსვა და შეფასების მოლოდინით გიოს მიაცქერდა.
-ეხლა უკეთესია, -გაუღიმა ბიჭმა, ოდნავ გვერდზე გადაიხარა და იდაყვი ძირს დააყრდნო.
ამის შემდეგ ბევრი ისაუბრეს, თან არომატულ სასმელს სვამდნენ და ტკბილეულს შეექცეოდნენ. ამასობაში დაბნელდა, კარავში სანთელი აანთეს, რამაც კიდევ უფრო მყუდრო გარემო შექმნა. ცოტა ხანში ვახშმის მაუწყებელი ძახილი შემოესმათ.
-ჩავიდეთ თორემ მშივრები დავრჩებით, -თქვა ქეთიმ, თხელი ქურთუკი მოიცვა, კარვიდან ფეხები გაყო და ფეხსაცმელების ჩაცმას შეუდგა.
-ძალიან გშია? –გადაუჩურჩულა გიომ ხატიას.
-ისე რა.
-მაშინ ცოტა ხანს დავრჩეთ და მერე წავიდეთ.
-ქეთი შენ წადი და  ჩვენ მოგვიანებით ჩამოვალთ, -სთხოვა ხატიამ დეიდაშვილს თან ფანარი გაუწოდა, რომ სიბნელეში გზა ადვილად გაეგნო.
სიჩუმემ დაისადგურა, გამოსუნთქული ჰაერის ნაკადი სანთლის ალს ათამაშებდა. თრთოდა კარვის კედელზე დაცემული ორი ჩრდილიც. ერთი ბიჭს ეკუთვნოდა და მეორე კი გოგოს. ჩრდილები თანდათან ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ბოლოს ერთ მთლიანობად იქცნენ.

***
სასადილო კარავი ფართობით მოზრდილ ოთახს არ ჩამოუვარდებოდა, სიმაღლით კი მასში ტანმაღალი კაციც თავისუფლად იმართებოდა. საღამოს იქ ხალხი უკვე შეთხელებულიყო. მაგიდებს რამოდენიმე კაციღა შემორჩენოდა, რომლებიც უკვე გაცივებულ ჩაის წრუპავდნენ.
იქვე იჯდა მაღალი გამხდარი ბიჭი, გიტარით ხელში. გრძელი შეკრული თმით და ნიკაპზე მოშვებული ღინღლით, რომელიღაც როკ ჯგუფის წევრს უფრო წააგავდა, ვიდრე მთასვლელს. მას არ დაზარებია და აღჭურვილობასთან ერთად საბაზო ბანაკში საყვარელი ინსტრუმენტიც ამოეთრია. თან გაიძახოდა, ამის გარეშე ორი კვირა რა გამაძლებინებსო. შემდეგ ხან ერთი კარვიდან ისმოდა გიტარის ხმა და ხანაც მეორედან. ბანაკის სხვა მობინადრეებსაც უკვე მოესწროთ მისთვის მეტსახელის მოფიქრება, ერთ-ერთი ქართული კინო ფილმის  გიტარიანი პერსონაჟის შესაბამისად “ჩარირამა” შეერქმიათ. გიტარა ახლაც ჩაეხუტებინა და ცნობილი უცხოური მელოდიებით, კარავში სასიამოვნო ფონს ქმნიდა.
ამასობაში გიო და ხატიაც მოვიდნენ. უცბად სიჩუმე ჩამოვარდა. ახალი ჩხუბის მოლოდინში ყველა დაიძაბა, რადგან აქ სხვებთან ერთად გელაც იმყოფებოდა, მისი დილანდელი მუქარა კი კარგად ახსოვდათ. ერთი ხანი ის გიოს გამჭოლი მზერით უცქერდა, მერე წამოდგა, ჭიქაში წყალი დაისხა, მოსვა და გარეთ გავიდა. იქ მოყოფებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან ჩხუბი ყველას გარდაუვალი ეგონა.
მალე გამხიარულდნენ, ჯერ სხვადასხვა თამაშებს მოჰყვნენ, შემდეგ ანეგდოტების თხრობას შეუდგნენ. მერე მიჩუმდნენ და ჩარირამას მელოდიებს მიუგდეს ყური.
-ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა, -წამოიყვირა უეცრად გიომ, -“კიბე ცისაკენ” ჰქვია, -ხატიასკენ გადაიხარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მერე ორივენი წამოდგნენ და წყნარ რომანტიულ ცეკვას მოჰყვნენ. ჩარირამა კი სულ უფრო მონდომებით და გრძნობით უკრავდა, რომ შექმნილი მყუდროება და რომანტიული გარემო არ განელებულიყო.

***
ირიჟრაჟა. ქედი ვარდისფრად შეიფერა. მზის ამოსვლასთან ერთად სხივები თანდათან ქვევით ჩამოეფინენ და ანარეკლით მთის თოვლიანი კალთებიც აელვარდნენ.
მიუხედავად სისხამი დილისა ბანაკში უჩვეულო ფუსფუსი და სამზადისი შეინიშნებოდა. ზოგი ზურგზე ჩანთა მოგდებული დააბიჯებდა, თოკსა და სხვა საჭურველს აგროვებდა, ზოგიც სასაუზმოდ მიიჩქაროდა. მერე სასადილო კარვის წინ ჩამოკიდებულ ზარზე ჩამოკრეს, რის ხმაზეც ბანაკის ბინადრები შეგროვდნენ და მწკრივში მოეწყვნენ. ინსტრუქტორებმა მწკრივში მდგომნი ათეულებად დაყვეს და თავთავიანთი ჯგუფები ჩაიბარეს. მცირე დამოძღვრის შემდეგ, რაც ძირითადად უსაფრთხოების წესებს შეეხებოდა, ათეულები ბანაკიდან დაიძრნენ. 
თავიდან მწვანე ბალახით შეფენილ ფერდზე ბილიკს მიუყვებოდნენ. ბანაკი უკვე წერტილად მოჩანდა, რომელსაც დაკლაკნილი მდინარე გასდევდა. კარვების გვერდით, გორაკის მიღმა პატარა ტბა შენიშნეს. შესვენებისას ატყდა ფოტოაპარატების ჩხაკუნი. გადაშლილი სილამაზით ყველა აღტეცებული იყო. გიოს და რამდენიმე ყმაწვილს განსაკუთრებით ტბის არსებობა გაუხარდათ. აქამდე როგორ ვერ შევამჩნიეთ ტბა თუ გვქონდა ბანაკთან ახლოსო. გადაწყვიტეს უკან დაბრუნებისას დაღლილებს და გაჭუჭყიანებულებს ებანავათ.
რამდენიმე ხანი ისევ ბალახიანს მიუყვებოდნენ, მერე ქვიან ნაშალს მიადგნენ, რასაც თოვლიანი ფერდი მოჰყვა. წერაყინები მოიმარჯვეს და ერთმანეთის კვალში განაგრძეს აღმასვლა. თოვლიანი მონაკვეთი, რომ აიარეს კლდოვან ბილიკს შეუდგნენ. ამინდი ცუდს არაფერს უქადდათ, უღრუბლო ცაზე მზე კაშკაშებდა.
კიდევ ერთი საათი და მწვერვალზე იდგნენ. ყველას უხაროდა და აღტაცებას ვერ მალავდნენ. ისინი ხომ უმაღლეს წერტილზე იმყოფებოდნენ და არემარეს ზევიდან გადაჰყურებდნენ. შორს, ჰორიზონტზე სხვა მთები ჩანდა, რომლებიც ნისლებში ჩაძირულიყვნენ და ღრუბელთა გარემოცვიდან მხოლოდ მწვერვალები ამოეშვირათ. 
ინსტრუქტორმა შოკოლადი და ორცხობილა დაარიგა. ორმა გოგომ ხევსურული სიმღერა წამოიწყო, იქვე ჩამომჯდარმა ბიჭმა კი ბანი შეუწყო. გელას სხვა დროსაც მრავალჯერ მოესმინა ეს სიმღერა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. ახლა კი პირველივე ბგერების გაგონებაზე ტანზე დაბურძგლა და თვალზე ცრემლი მოადგა. ის სიმღერის სიტყვებს ჩურჩულით იმეორებდა:
“არხოტო სამშობლო, ჯიხვ-არწივების ბინაო.
შენს მტერსა შამაკლა, შენს მკერდზე დამაძინაო.
კაი ყმის ცოლობა ნუ გიხარია ქალაო.
მაჰკლავენ ლაშქარში, დარჩები ცარიალაო.
სასახლეს აგიგებ, სულ მარმარილოს ქვისასა.
ხალიჩებს დაგიგებ, ფეხ ვერ უწვდინო მიწასა.
მთაზედა ყორნები ბუდობენ არ იშლიანო.
რომ არ შამაგხედო, თოლნი არ დაიშლიანო.
კაი ყმის ცოლობა ნუ გიხარია ქალაო.
მაჰკვდება მწვერვალსა, დარჩები ცარიალაო.
არხოტო სამშობლო, ჯიხვ-არწივების ბინაო.
შენს მტერსა შამაკლა, შენს მკერდზე დამაძინაო.”

გიო და ხატიაც იქვე ისხდნენ, ერთმანეთის გვერდით და სმენად ქცეულნი განაბულიყვნენ. ყველა უჩვეულო იდუმალებას და ამავდროულად უსაზღვრო ბედნიერებას გრძნობდა.

***
-რა ვქნათ, არ ვიბანაოთ? –იკითხა ბანაკში დაბრუნების შემდეგ, ქერა ყმაწვილმა და ბალახზე წამოწოლილ დაღლილ მეგობრებს გადახედა.
-ჰო, აბა რა, ოღონდ ტბაზე ჩავიდეთ, -ზანტად ჩაიობუტბუტა ჩარირამამ, -ტბა მდინარეზე თბილი იქნება.
-ესეც იტყვის ხოლმე რა! მდინარის წყლით მარაგდება და უფრო თბილი როგორ იქნება?
-კი მარაგდება, მაგრამ ტბა დაგუბებულია და შედარებით მეტად ასწრებს გათბობას.
-დაგუბებული, -გაიმეორა ქერათმიანმა და ჩაფიქრდა, -იმ ტბას წყალი, რომ გადავუკეტოთ ორ საათში ისე გათბება, რომ ბანაობას შევძლებთ -წამოიყვირა ახალი აღმოჩენით აღტაცებულმა.
-ხვალ შუადღისით კი ისე გათბება, რომ წყლიდან ამოსვლა აღარ მოგვინდება, -საუბარში ჩაერთო გიო, -წავიდეთ და გადავუკეტოთ.
Mმათ წამოწყებას ბანაკის კიდევ რამდენიმე ბინადარი შეუერთდა, გიომ კი ხატია და ქეთი წაიყვანა თუ ვერ მოგვეხმარებით შეძახილებით მაინც გაგვამხნევეთო.
მდინარის პატარა განშტოება ბანაკიდან მარცხნივ ვაკეზე გადადიოდა და ჩაღრმავებულ ადგილას ტბას ქმნიდა. ბიჭებს წყალი განშტოების სათავეში უნდა გადაეკეტათ. ასეთი იყო მათ მიერ შემუშავებული გეგმა. ბანაკიდან წერაყინები წამოეღოთ, მიწის თხრაში გამოგვადგებაო. განშტოების ადგილას ქვების ჩაყრა დაიწყეს, მაგრამ დინება ძლიერი აღმოჩნდა და ქვებს ქვევით მიაგორებდა.
-სამი-ოთხი დიდი ლოდი უნდა ჩავაგდოთ, რომლებიც პატარა ქვებს შეაკავებს, სხვანაირად არ გამოვა, -დაიყვირა გიომ, რათა მის ხმას წყლის ხმაური გადაეფარა.
ასეც მოიქცნენ, სამი დიდი ქვა მოაგორეს და კალაპოტში ჩააგდეს. მერე აგურების მსგავსად ზედ პატარა ქვები მიალაგეს. დინება საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ქვებს შორის წყლის მცირე რაოდენობა მაინც აღწევდა.
-გამოვიდა, გამოვიდა, -აღტაცებით გაიძახოდნენ ხატია და ქეთი.
-ჯერ მზად არ არის, კედლის ღრიჭოები მიწით უნდა ამოვლესოთ, -განუმარტა გოგოებს ჩარირამამ და წერაყინით სველი მიწის თხრა დაიწყო. მერე თიხასავით აზილა და კაშხალზე მიატყეპა. მიწასთან ერთად კედელს ფესვიანად ამოძირკვულ ბალახსაც უფენდნენ. ხვდებოდნენ რომ გამარჯვება ახლოს იყო და სულ უფრო მონდომებით და ენერგიულად ირჯებოდნენ.
მუშაობის დასრულების შემდგეგ ტბისკენ დაეშვნენ, უხაროდათ რომ მათმა გეგმამ გაამართლა და თბილ ტბაში იბანავებდნენ. თან ხუმრობდნენ: თბილი ტბის მესაკუთრეები ჩვენ ვიქნებით და ჩვენს დაუკითხავად ვერავინ იბანავებსო.
ტბის ნაპირთან ჩამოსხდნენ და გახდა დაიწყეს. ჩარირამა პირველი შევარდა, წყალი წელამდე რომ მისწვდა ერთ ადგილას გაიყინა და სახე დაემანჭა. მერე ცხვირზე ხელი მოიჭირა და ისე ჩაიმუხლა, რომ წყალს ბოლომდე დაეფარა. სწრაფადვე ამოყვინთა და ყვირილით უკან ამოვარდა. თან გაიიძახოდა; “სულ გავიყინე, ხელებს ვეღარ ვამოძრავებ”. დანარჩენებიც შეცვივდნენ, ზოგიერთმა მკლაურის მოსმაც გაბედა. ტბა სიგრძეში ორმოცდაათ მეტრზე მეტი არ იქნებოდა, მაგრამ მისი გადაცურვა ვერავინ შეძლო. გაყინულები უკან ბრუნდებოდნენ, თან თავს იმშვიდებდნენ ხვალისთვის გათბება და თავისუფლად გადავცურავთო. გოგოებმა შესვლა ვერ გაბედეს, შარვლის ტოტები აიკეცეს და  ნაპირზე ჩამოსხდნენ. დროდადრო ფეხებს ტბაში ყოფდნენ და სანამ არ გაეთოშებოდათ წყალში ალივლივებდნენ.
ტბის გადაცურვა გიომაც დააპირა. ჯერ ნაპირზე დაიწყო გახურება.  რისთვისაც ჩაბუქვნები და მიწიდან აზიდვები გააკეთა. თან ფიქრობდა: “ხატია მიყურებს და აუცილებლად უნდა გადავცურო”. მოთელვას რომ მორჩა, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და წყალში შევარდა. ხელები სწრაფად მოუსვა და პირველი ათი მეტრი რამოდენიმე წამში გაცურა. მაგრამ ნელნელა ტემპს უკლო და ნახევარიც არ ჰქონდა გადაცურული, რომ უკან მობრუნდა.
წყალში მხოლოდ გელა არ შესულა, ნაპირზე წამოწოლილი სიგარეტს აბოლებდა. უკვე აღარავინ ბანაობდა, ცივი წყლით გაყინულები ნაპირზე თბებოდნენ და მზეზე ირუჯებოდნენ. მერე ქვის სროლაში დაიწყეს შეჯიბრი, აბა ტბას ვინ გადააცილებსო. 
ამასობაში გელა წამოდგა, ტანზე გაიხადა და ტბაში მუხლებამდე ჩადგა. სიცივეს რომ შეჩვეოდა, ხელები დაისველა და ტანი წყლით დაიზილა. მერე ყელამდე შევიდა და აუჩქარებლად გაცურა. დანარჩენებმა ქვის სროლაში შეჯიბრი შეწყვიტეს და ინტერესით მიაცქერდნენ მას. უყურებდნენ და ფიქრობდნენ: ეხლა მოტრიალდება, ეხლაო. მაგრამ გელა წინანდებურად მშვიდად აპობდა წყალს.
-ნახე, გადაცურა! - აღტაცებით წამოიყვირეს ხატიამ და ქეთიმ.
-ჰო, გადაცურა, -ჩაილაპარაკა გიომაც. გული დაწყდა, რომ ხატიას თანდასწრებით, გელამ გააკეთა ის, რაც თვითონ ვერ შეძლო.
გაკვირვება ვერც დანარჩენებმა დამალეს. გელა გაღმა ნაპირზეე ავიდა და უკან დასაბრუნებლად ტბას ფეხით შემოუარა. ახლოს რომ მოვიდა მთელი ტანი უკანკალებდა. ხელებს იქნევდა, სხეულს იზელდა, რომ გამთბარიყო, მაგრამ გადაციებული სხეული არ ემორჩილებოდა და შეუჩერებლად თრთოდა. მიუხედავად ამისა, სახეზე ენით აუწერელი კმაყოფილება ეტყობოდა. მან ხომ ის გააკეთა, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. ტანზე ჩაიცვა, ბალახზე მოკუნტული დაწვა, რომ მზის გულზე რაც შეიძლება მალე გამთბარიყო.
-არა უშავს, ეგრე იცის, ორგანიზმის გადაციება გაქვს, -მიუახლოვდა გელას ოდნავ ჩასუქებული წითური ყმაწვილი, რომელმაც ბანაკში ყოფნის მანძილზე პირველად გაბედა მასთან გამოლაპარაკება.
-ექიმი ხარ?
-სამედიცინოზე ვსწავლობ, ჯერ სტუიდენტი ვარ.
-სანამ წყალში შევიდოდი სიცხისგან ვიხუთებოდი, ეხლა კი მზეზე, ჩაცმული ვწევარ და მაინც ვერ ვთბები.
-შენმა სხეულმა დიდი რაოდენობით სითბო დაკარგა. ეგ კანკალიც ორგანიზმის დაცვითი ფუნქციაა, რომ კუნთები ამოძრავდეს და სითბო გამომუშავდეს.
-შენ რამდენი რამ გცოდნია, -გელა წამოიწია და მიწას იდაყვით დაეყრდნო.
-ორგანიზმი ცდილობს, რომ რამენაირად გათბეს. აი კანკალის უნარს როცა კარგავს, მერე უკვე ცუდად არის საქმე.
-შეიძლება, მაგრამ ცხელ ჩაიზე უკეთ ეხლა ვერაფერი გამათბობს, -ღიმილით ჩაილაპარაკა გელამ, რომელსაც ოდნავი გამოკეთება დაეტყო და მორიგ ღერ სიგარეტს მოუკიდა.

***
შემდეგ დღეს ბანაკში დასვენება გამოაცხადეს. შეეძლოთ გვიანობამდე ეძინათ და ვისაც რა სურდა ის ეკეთებინა. გიო მზის ამოსვლისას ადგა, ბანაკის მოპირდაპირე მხარეს, ბალახიან ფერდს მიაშურა, გვირილები დაკრიფა და დიდი თაიგული შეკრა. მერე ბანაკში დაბრუნდა, ხატიას კარავს მიუახლოვდა და მიაყურადა. შიგნიდან მშვიდი, ღრმა სუნთქვა ისმოდა. ბრთხილად ჩაიმუხლა, რომ მძინარეთ არ გაღვიძებოდათ და შესასვლელთან თაიგული დადო. ამასობაში სასადილო კარვის წინ ზარზე ჩამოკრეს, რაც საუზმის მაუწყებელი გახლდათ და გიოც იქითკენ გაეშურა. იქ მოხარშული წიწიბურა და ცხელი ჩაი ელოდა.
საუზმის შემდეგ ჩარირამამ გიტარაზე დაკვრა და ღიღინი დაიწყო.
-რა ვქნათ რით გავერთოთ, -მთქნარებით ჩაილაპარაკა ქერა ყმაწვილმა.
-ჭადრაკი არ გინდა, - შესთავაზა გიომ.
-არა, -მოიჯღანა ქერათმიანი და ისევ დაამთქნარა. უცბად სახე გაუნათდა და სასადილოდან გავარდა. რომ დაბრუნდა ხელში ფურცლები ეჭირა. თითოეული მათგანი დანით რამდენიმეჯერ გაჭრა და მათზე წერას შეუდგა.
-რას აკეთებ?
-ცოტა ხანში ნახავ.
-რას აკეთებ მეთქი?
-კარგი რამ მოვიფიქრე, მოგეწონება, -მერე გიოს ახედა და თვალი ჩაუკრა, -ჩვენ ხომ თბილი ტბის მესაკუთრეები ვართ.
-ისე უკვე კარგად გათბებოდა, შუადღეს ვიბანაოთ.
-ჰო მაგრამ მარტო ჩვენ ხომ არ ვიბანავებთ, აბონიმენტები უნდა გავყიდოთ ბანაკის სხვა ბინადრებზე.
-კი, კარგი აზრია, -ჩაიცინა გიომ, ქერას მიუახლოვდა, ერთ-ერთი მზა აბონიმენტი ხელში აიღო და კარგად შეათვალიერა. მერე მაღლა ასწია და შუქზე გახედა.
-ფული კი არ არის შუქზე რომ ამოწმებ, -გადაიხარხარა ქერამ.
-ფული არ არის, მაგრამ ფული ხომ უნდა მოგვიტანოს, -ჩაილაპარაკა გიომ და წამით ჩაფიქრდა, -თუმცა მთაში ფული რა ჯანდაბად გვინდა, აბონიმენტები სასმელზე და ტკბილეულზე უნდა გავცეთ.
-ეგ მართალია, მთავარია მზემ შუადღეს კარგად დააჭიროს, -ქერამ აბონიმენტების ხატვა განაგრძო, -მაგრამ ყველა აბონიმენტს არ გავყიდით, ზოგიერთი საქველმოქმედო იქნება, სიკეთეც ხომ უნდა ვაკეთოთ, -ისეთი თავდაჯერებით ჩაილაპარაკა ქერათმიანმა, თითქოს უზარმაზარი საცურაო კომპლექსის მფლობელი ყოფილიყოს, რომელიც როგორც უმეტეს ბიზნესმენებს სჩვევიათ, რეკლამის მიზნით ქველმოქმედებასაც ეწევა.
-სიკეთე? –იკითხა იქვე მჯდომმა გელამ, -რა არის სიკეთე?
-როცა მართმადიდებელი ქრისტიანი ხარ, უნდა ეცადო რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმეები აკეთო, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებ სასუფეველს, -წინანდებური თავდაჯერებულობით განუმარტა ქერამ.
-და თუ არ ხარ მართმადიდებელი, მაშინ კეთილი საქმეების მიუხედავად წაწყმდები?
-ჭეშმარიტად კეთილი კაცი, თავისი შეგნებით ადრე თუ გვიან მივა მართმადიდებლობამდე.
-მაგრამ დავუშვათ შენ დაბადებულიყავი სადღაც მიყრუებულ ინდურ, ჩინურ ან სულაც რომელიღაც მუსულმანურ სოფელში, სადაც არავის გაუგია რომ არსებობს ჭეშმარიტი რელიგია მართმადიდებლობა.
-ჰო, მაგრამ მე გამიმართლა მართმადიდებლად დავიბადე.
-ესე იგი შენ ფიქრობ, რომ ღმერთი გამართლების პრინციპით წყვეტს ვინ მოხვდეს სამოთხეში და ვინ არა.
-მაგათ ჩვენზე ადრე ექადაგათ ქრისტანობა, მაგრამ არ მიიღეს. ჩვენ კი სიკეთე უნდა ვაკეთოთ.
-სიკეთე ყველას თავისებურად ესმის. ზოგი ქველმოქმედებას ადამიანების დასანახად ეწევა, რათა მათგანაც მიიღოს სამაგიერო. ამას უფრო ანგარება ჰქვია, ვიდრე ქველმოქმედება. ზოგნი ქველმოქმედებას ღმერთის დასანახად სჩადიან, იმიტომ რომ საიქიოში იცხოვრონ უზრუნველად. ჩემი აზრით ამაშიც დევს ანგარების მარცვალი. მაგრამ ალბათ არსებობს ხალხი, რომლებიც სიკეთეს იმიტომ აკეთებენ, რომ თვითონ ეს პროცესი სიამოვნებთ, გესმის თვითონ ეს პროცესი. და რატომ გგონია, რომ ღმერთს პირველი ორი კატეგორიის ხალხი უფრო ეყვარება, მიუხედავათ მათი რწმენისა, ვიდრე ეს უკანასკნელნი, რომლებსაც შეიძლება სულაც არ გაუგიათ, რომ არსებობს ჭეშმარიტი მართმადიდებლური რელიგია.
სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა გელას შესცქეროდა და ცოტა არ იყოს უკვირდათ კიდეც. ვერ წარმოედგინათ თუ მას ამგვარ თემებზე მსჯელობა შეეძლო.
შუადღე მოახლოვდა, სასადილოს გვიანგაღვიძებულებიც შემოემატნენ. ზოგმა ბანქოთი დაიწყო თავის გართობა, ზოგიც ჭადრაკის დაფას მიუჯდა. მერე ვიღაცამ თქვა: ორდროშობანა ვითამაშოთო. ეს აზრი ერთხმად აიტაცეს. ორ ჯგუფად გაიყვნენ, მოედანი მოზომეს და თამაშს შეუდგნენ. სირბილით, რომ მოიქანცნენ ქერათმიანს ტბა გაახსენდა და ყველას გასაგონად წამოიყვირა: “ვისაც თბილ ტბაში ბანაობა უნდა ჩვენ გამოგვყვეს, აბონიმენტები სანაპიროზე გაიცემა”.
ამ წინადადებამ ყველა აღაფრთოვანა, თავთავიანთ კარვებს მიაშურეს, საცურაოდ შეიმოსნენ და თან პირსახოცებიც გამოიყოლეს. ქერას და ჩარირამას წინამძღოლობით ტბისკენ გაეშურნენ, მდინარე გადაიარეს და ბანაკის მარცხნივ ვაკისკენ დაეშვნენ. ტბის ადგილას რომ მივიდნენ, იმედი გაუცრუვდათ. წყალი აღარსად ჩანდა, გამქრალიყო, მიწაში ჩაკარგულიყო.
-წყალი რომ გადავუკეტეთ დამშრალა, -ამოიკვნესა ქერათმიანმა.
-მე მეგონა თბილ წყალში გავცურავდით, -ჩაილაპარაკა გიომ.
-ეგ რა გიქნიათ, -გადაიხარხარა ბანაკიდან თბილი ტბის ნახვის სურვილით წამოსულმა ინსტრუქტორმა, -მდინარის ეს განშტოება სოფელში მიდის. მაგ წყალს საქონელი სვამს და სანამ კეტებით შეიარარებული გლეხები ამოგვივარდნენ, წყალი დროზე გაუშვით.
-წავედით ბიჭებო, ჩვენი კაშხალი დავანგრიოთ, -თქვა ჩარირამამ, -სანამ მართლა ამოგვივარდა ვინმე. ისევ გაყინულ წყალში მოგვიწევს ბანაობა.
-ცივ ტბაზე არ გაიყიდება აბონიმენტები? –ქერათმიანი სინანულით დააცქერდა წვალებით გაფორმებულ აბონიმენტებს და ჯიბეში ჩაიჭმუჭნა.

***
მთის მწვერვალები განთიადის წითელი სხივებით შეიფერა. ჰაერს ჯერ  კიდევ შერჩენოდა ღამის სუსხი და ნოტიო სუნი. მზეზე მბზინავი ნამიანი ბალახი, ნიავზე ზღვასავით ღელავდა. შემწვანებულ ფერდზე წამოწოლილმა ჯიხვმა, რომელიც კლდეებიდან გემრიელ ბალახს ჩამოეტყუებინა, ყურები ცქვიტა, ოდნავ წამოიწია და კისერ მოღერებულმა ბალახიან ფერდს თვალი ჩააყოლა. უჩვეულო ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ მოესმა, მყისვე წამოხტა, უკანმოუხედავად ფერდს შეუყვა და რამდენიმე წამში გაუჩინარდა.
დაკლაკნილ ბილიკს მთასვლელთა ჯგუფი მიუყვებოდა. სუსტი ნიავი გაძლიერდა და თანდათან ქარში გადაიზარდა. ცა ჩამუქდა და შავად მოიღრუბლა. კლდოვან ფერდს მიუახლოვდნენ. ზურგჩანთები მოიხსნენს და ზედ ჩამოსხდნენ. ინსტრუქტორმა ჩანთაზე მიმაგრებული თოკის ხვია მოხსნა, გაშალა და ყოველ რვა მეტრში კვანძები გაუკეთა.
-მოემზადეთ აქედან რთული მონაკვეთი იწყება და თოკში ჩავებმებით. ბრთხილად იარეთ ქვა არ დაგიგორდეთ, -თქვა ინსტრუქტორმა და თვალი ჯგუფის წევრებს შეავლო, აინტერესებდა საჭურველი ყველას წესრიგში ჰქონდა თუ არა, -შენ რა თოკში ჩაბმას არ აპირებ? –მიუტრიალდა გელას, როცა სიგარეტით ხელში ზურგჩანთაზე არხეინად მიყრდნობილი დაინახა.
-არა, თოკი არ მინდა.
-მთაში სიარულს თავის წესები აქვს, თუ წამოხვედი კეთილი ინებე და ამ წესებს დაემორჩილე.
-მე თავისუფლება მიყვარს, დაბმული ვერ ვივლი, -თქვა გელამ და გაიღიმა, -ნუ გეშინია, თოკის გარეშეც კარგად ამოვალ მწვერვალზე.
-ელაპარაკე ეხლა ამას, -გაბრაზდა ინსტრუქტორი, -შენ მეტჯერ მთაში, ვეღარ წამოხვალ.
-ჯერ ამ მწვერვალზე ავიდეთ და მომავალზე მერე ვილაპარაკოთ, -თქვა თავისთვის გელამ და ბრეზენტის გახუნებული ჩანთა ზურგზე მოიგდო.
ნისლი გაძლიერდა. დანარჩენები ორ ჩაბმად ჩაებნენ. გზა კლდოვანი იყო. ფეხზე გამართულები მიაბიჯებდნენ, მაგრამ ზოგიერთ მონაკვეთში ქვებზე ხელის წაშველება უწევდათ.
-ერთმანეთს თოკი არ მოუჭიმოთ და თანაბარი დისტანცია დაიჭირეთ, -გზადაგზა დარიგებებს იძლეოდა ინსტრუქტორი, მერე ბრაზმორეული გელას გახედავდა, რომელიც ხან ჩაბმების წინ მიაბიჯებდა, ხანაც ჩამორჩებოდა, ან მოკლეზე მოჭრას გადაწყვეტდა და მარშრუტს გადაუხვევდა. თვალები მედიდური ცეცხლით უელავდა, დროდადრო კი ომახიანი შეძახილებით ჩაბმებს ამხნევებდა.
კლდოვანი ფერდი სულ უფრო ციცაბო ხდებოდა. პირველი ჩაბმა, სადაც შედარებით გამოცდილები იყვნენ, დაწინაურდა, მეორე კი საგრძნობლად ჩამორჩა. წინ მიმავალნი ბურუსში ბუნდოვნად მოჩანდნენ. გელა ჩამორჩენილებს წინ მიუძღვოდა. მერე ნაბიჯს მოუმატა და დაწინაურდა. დაქანებული ფერდი ქოშინით აიარა და პატარა ტერასისებურ ადგილას ჩამოჯდა. პერანგის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. თან გაიფიქრა: “სანამ ჩემამდე მოვლენ მოწევას მოვასწრებ”. ბოლს ღრმად ისუნთქავდა და მთის ნოტიო ჰაერთან ერთად ერთიორად გემრიელი ეჩვენებოდა, ამასობაში ჩამორჩენილები მიუახლოვდნენ. ჯერ ხატია შეამჩნია, რომელიც მოქნილი მიხვრამოხვრით ამოიცნო, უკან გიო მოჰყვებოდა. იქვე იყვნენ ჩარირამა და ქერათმიანი. გელა ხატიას თვალებგაშტერებული და ფიქრებში ჩაკარგული უცქერდა. წამით თვალწინ ბავშვობამ გაურბინა. მოაგონდა დედამისის მზრუნველი გამოხედვა, პარკში თამაშისას თვალყურს, რომ ადევნებდა. სიყრმისას გადატანილი ქუნთრუშაც გაახსენდა, არაამქვეყნიური ხმები და მათი ექოები სიცხიანს ყურში რომ ჩაესმოდა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაურბინა. შემდეგ მის წარმოსახვაში წიწვოვანი ტყე აშრიალდა, თვითონაც იქ იყო ფიჭვის ძირში წამოწოლილი. ბოლოს ხატია, ისევ ხატია ამოტივტივდა. რომ გამოერკვა ჩამორჩენილები მისგან რამდენიმე მეტრით ქვევით იმყოფებოდნენ.
ამ დროს დაწინაურებული ჯგუფი ისვენებდა. ჩამორჩენილები რომ გამოჩნდნენ, გზა განაგრძეს. აქედან კლდოვანი ფერდის ყველაზე რთული მონაკვეთი იწყებოდა. ასვლისას ერთ-ერთ ყრმაწვილს ფეხი დაუცდა და დასრიალდა. თავის შესამაგრებლად ხელი მოზრდილ ქვას ჩასჭიდა, ლოდი დაიძრა და მისკენ გადმოგორდა. ბიჭმა მისი გაჩერება სცადა მაგრამ ფეხი ისევ დაუცურდა. თვითონ ჩაბმის თოკმა გააჩერა, ქვა კი დაგორდა და სიჩქარე აკრიფა.
გელა ზევითმყოფთა გამაბრთხილებელ კივილზე შეკრთა, თან მაღლიდან მოგუგუნე ლოდის ხმაც შემოესმა, რომელიც პირდაპირ ხატიაზე და ჩამორჩენილი ჯგუფის სხვა წევრებზე მიდიოდა. გელა ფეხზე წამოვარდა, წამით თვალი ქვევით გაექცა, სადაც ლოდის მოლოდინში ხატიას გაყინული სახე შეეფეთა. რამოდენიმე ნაბიჯი ელვის სისწრაფით გაირბინა და ქვას წინ გადაეღობა, ორივე ხელი დაუხვედრა და ფეხები მიწაზე მძლავრად დააყრდნო. დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ხელები მოეკეცა და ქვა მკერდში დაეჯახა. სუნთქვა შეკრული ხელებით ლოდს ჩაეჭიდა და მასთან ერთად ციცაბოზე გადაგორდა. მერე კი ამოშვერილმა კლდის ქიმმა შეაჩერა.
გადარჩენილები გონს რომ მოეგნენ, გელასთან აირბინეს, თან ეძახდნენ, იქნებ გაგვაგონოსო. პირქვე იწვა, ცალი გვერდით კლდის ქიმზე მიყრდნობილი. ღრმად და არარიტმულად სუნთქავდა. პირველი გიომ მიირბინა, ჩაიმუხლა და ბრთხილად გადმოაბრუნა. ქურთუკი გაიხადა და თავქვეშ ამოუდო. დანარჩენებიც შემოეხვივნენ, პირიდან წამოსული სისხლი მოწმინდეს, შუბლზე წყალი დააპკურეს. გელამ აკანკალებული ხელი აამოძრავა და ლოდისგან შენგრეულ მკერდზე დაიდო. დროდადრო სუნთქვა ეკვროდა.
-შევძელი გაჩერება? ხატია ხომ არაფერი გეტკინა? –გაჭირვებით ამოთქვა გონზე მოსულმა და თვალებით გარშემომყოფნი შეათვალიერა.
-კი, შენი წყალობით გადავრჩით, -აკანკალებული ხმით უპასუხა მის თავთით მჯდომმა ხატიამ. მერე ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა და გელას შუბლზე დაეცა. ცრემლის დანახვაზე გელას ღიმილმა გადაურბინა, ღონეგამოცლილმა ხელი შუბლთან მიიტანა და შუქზე მბზინავ წვეთს თითით შეეხო, თითქოს მოფერებას ლამობსო.
-მაპატიე, რომ გაწყენინე, -ხატიას ახედა და ისევ მის ცრემლიან თვალებს შეეფეთა, ნახევრად გათიშულ სხეულში, მაინც იგრძნო ჟრუანტელის მაგვარი ტალღა, -მაპატიე, მაშინ ცხოვრებაზე გულაცრუებული ვიყავი, აღარაფრის მჯეროდა. ახლა კი მესმის რა მშვენიერია ის. ვგრძნობ, რომ ამ ღრუბლებს მიღმა მზეა და ის ანათებს, მცხუნვარედ ანათებს. გიყურებ შენ და ვხვდები, რა ლამაზია სამყარო. ხატიას არაფერი უთქვამს, დაიხარა და შუბლზე აკოცა, -თუ სიკვდილი, ასეთი სასიამოვნო შეიძლება იყოს, მაშინ რაღატომ ეშინიათ მისი, -ღრმად ჩაისუნთქა, ტკივილისგან სახე შეეცვალა, -გიო, შენც მაპატიე, დამნაშავე ვიყავი, -აკანკალებული ხელი მკერდიდან აიღო და გიოს ჩამოართვა.
-რომ გამოჯანმრთელდები ერთი კარგად უნდა დავლიოთ ჩვენი შერიგების, -შეაგულიანა გიომ, მერე სველი ცხვირსახოცით შუბლი მოწმინდა.
-უკვე დაბნელდა თუ თვალთ მებინდება? –იკითხა გელამ. თავთან ხელი მოაფათურა, ხატიას ხელი იპოვნა და ჩაბღუჯა. მერე გაიღიმა და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს შვება იგრძნოო.
***
მეორე დილას ბანაკში მაშველთა და თეთრხალათიანთა სიმრავლე შეინიშნებოდა. ხალხი ჯგუფჯგუფად შეგროვილიყო და ერთსა და იმავე ამბავზე საუბრობდა. ზოგი ამბობდა: გოგო ჰყვარებია და იმიტომ გადაეფარა დაგორებულ ლოდსო. ზოგიც იმას იმეორებდა: ეტყობა გულმა უგრძნო და თოკში იმიტომაც არ ჩაებაო.
მოზრდილ ხაკისფერ კარავში კი ცხედარი ესვენა, რომელსაც პერანგის ჯიბეში უფილტრო სიგარეტი ედო და სახეზე მშვიდი, მომღიმარი გამომეტყველება შერჩენოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები