ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2011


აღმოსავლეთი

მაინც სად არის აღმოსავლეთი
დარვიშთა მხარე,
უდაბნოთა ცხელი ზმანება?
რა ვნებებს სძინავთ იქ,
ადამის სამოსახლოში?
შემომაცივდა ცხელი მანა-
უფლის წყალობა
და დავრჩი სახტად
უნებური მგზავრი ეული.
სად სძინავთ ვნებებს-ხორციანი მუცლის თახთახით,
სად გიხმობს ტკბილი, დაბანგული
სალამ-ქალამი?
აქ მაშრიყიდან-მაღრიბამდე გზაა სავალი
ევას ვაშლიდან შაჰიდების საუკუნემდე...…
მაინც სად არის აღმოსავლეთი,
ტკბილი ზმანება-
დრო გაწელილი უდაბნოს და უდაბნოს შორის,
რა სიზმრებს ხედავს წამომართულს სასაკლაოდან
პირსისხლიანი ისტორიის მატარებელი?
მოდის მოპარვით, პირზე ჩადრით, ტანით კენარით,
ფილოსოფოსთა შეგონებით გაბეზრებული,
თითქოს ხელახლა აურია ღმერთმა ენა და
არავის ესმის სიყვარულის საგალობელი.
და გოდებს მიწა, სისასტიკით ისე სავსე, რომ
მზად არის სისხლი ამოხეთქოს ნაცვლად აირის,
ყალყზე დგებიან ვნებები და კიდევ აფერუმ,
რომ ვერ გვიმეტებს დედამიწა მისი ზურგიდან,
ამოგვანთხიოს, ერთიანად ჩამოგვიბერტყოს.
მაინც სად არის აღმოსავლეთი-სიტყვის აკვანი,
სადაც აიდგა სულ პირველად ფეხი იესომ,
რატომ არ ესმის ან ვედრება, ან ღაღადისი
რომ ერთი დილა, საიმედო, გამოიმეტოს...

ჩამოიბურა-
თითქოს შეეხო აკრძალულ ნაყოფს
მაცდურის ხელი
(ასეთი ბნელი ღამეები მხოლოდ აქ იცის),
ალბათ დასასრულს გვეპირება, იკვრება რკალი,
სწორედ იმ მხარეს, საიდანაც ერთ დროს  დაიწყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს