ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2011


უნდა მოთოვოს ამაღამ...

უნდა მოთოვოს ამაღამ,
მთებზე ისეთი ნისლია.
სარკმლები ყინვის ვარაყებს,
ლამის ყოველღამ იცვლიან.
ამოდის კვამლი ბუხრიდან,
ნაფიცხი შეშა ტკაცუნებს.
ბუხრის თავს ჭაჭას უკვირს, რად
არ დამცალესო კაცურად...
გარინდებულან ოდები,
აღარც ტურები კივიან.
და თოვლის წინამორბედი,
სიჩუმე ჰაერს ჰკიდია...
მთვარე ჩაყლაპა მწუხრმა და
ბინდის ბლონდები გაფინა.
სახლმა კი მწუხრს შეუხამა,
რაც ქსოვა ფიქრის ძაფიდან...
უნდა მოთოვოს ამაღამ,
გარეთ ძაღლებმაც იყუჩეს.
ცა მიწვა მიწის სანახთან,
ნისლი ულბობდა ცივ ტუჩებს.
ეძინა სოფელს დაღლილს და,
უიმედობით გათოშილს.
და ეშვებოდა მაღლიდან
თოვლი თბილ მიწის საწოლში...

  და იწვა თოვლი...

  განწყობას ეცვა ცივი სამოსი,
  გარეთ კი თოვდა, უფრო ბარდნიდა.
  და ფანტელების უხმო ქაოსი
  გარეთ გამოსვლას მთხოვდა სახლიდან.
  და იყო თოვლი მეტყველ-მდუმარე,
  ჰგავდა განწირულს და მაინც მართალს.
  დღეს მე ვიყავი თოვლის სტუმარი,
  თუმცა, ის იყო მომდგარი კართან.
  საკვამურები ცაში უშვებდნენ
  სახლების ჩუმ და დიდი ხნის ნატვრებს.
  და იწვა თოვლი ზამთრის ქუჩებში,
  როგორც შიშველი ნატურა მხატვრის... 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები