ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2011


შვილიშვილი

დგება ის დრო, როცა შენში არკვევ,
სწორად იცხოვრე, თუ შეცდომებით.
მხოლოდ წარსულია დიდი სარკე,
ნაოჭისთვის რომ არ ეცოდები...
ახლა ფიქრი ისე მართალია,
როგორც ბავშვის თვალი სამყაროში.
დარდის დუდუნისთვის სად მცალია,
გულზე ტასია მყავს ავგაროზად!
რა დროს სევდიანი ფიქრებია,
როცა სახლში ჩვილის აურა დგას.
ალბათ, ბედნიერი ვიქნები თუ,
ახლად ადგმულ ნაბიჯს გაურანდავ...
ჩემი უებარი მალამოა,
ჩემი ტკივილების მოსალბუნე.
გულზე შვება ისე ლაღად მოაქვს,
თითქოს მიგალობდეს მოლაღური.
თურმე, რა სითბოა ბებოობა,
როცა გინედლდება სული ჩვილით.
თითქოს, მთელ სამყაროს შემოღობავს,
მხოლოდ ერთი გრძნობა - შვილიშვილი!..
ისევ დამაბრუნა კრუხობაში,
ფრთის ქვეშ თბილად რომ ჰყავს წიწილები.
ვატყობ, გულჩვილობა ამყვა ბავშვის
და ამ სითბოს ზღვაში ვიძირები...

***
გაავლო ხაზი, სადემარკაციო
სითბოსთან  ზამთარმა,
ჰო, მეც წარამარა რა უშნოდ მაციებს,
მზე ცაზე დამთავრდა...
მეც მურა დათვივით ჩავწვები ფიქრში და
თათს ისე გავლოკავ.
ძველი ფირსაკრავიც რა ცუდად შიშინებს,
გაფუჭდა ”გალოვკა”...
ქმარწასულ ქალივით რაღაც არეული,
ბოლთაობს ამინდი.
ჰო, ჩემს თავს მე ვუვლი, “პასტით” და რვეულით
ლექსი და... გამივლის...
რატომღაც არ მინდა ქუჩა, ტრანსპორტი და
ვინმესთან შეხვედრა.
გარეთ ხეებია ქარით გაკორტნილი,
მე რა?  თუმც, მეხება...
ვერ უძლებს თვალები ცად მცქერალ ალვების
უსასო ვედრებას.
სულაც არ მინდოდა, და მაინც გავალ მე,
თავს წყალი ეღვრება
ჩემს ქვემოთ, მეზობელს, ახლა ტვინს შემიჭამს
ლანძღვით და გინებით.
რას ვიზამთ, დაძველდა, ასეა, ჩემი ძმა,
”ხრუშჩოვკის” ბინები...
      18.12.11



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები