ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2008


ბავშვობის მეგობარს


შემთხვევით  ხომ  არ  გეჩვენება,  რომ  გვიანია,
რომ  სავსე მთვარე  ახლა  უფრო  მკვეთრად  ანათებს
იმ  გზებს,  რომელზეც სიარული  არ  გვინანია,
იმ  მთებს,  რომელზეც  ფეხის  შედგმაც კი  არ გვაცალეს.
ხანდახან  ხომ  არ  გეჩვენება, რომ  დაიღალე,
რომ  საბოლოოდ  ბრძოლას  მაინც  არა აქვს  აზრი,
რომ  ეს  ცხოვრება  სწრაფმავალი  და  ასატანი
არც  ,,ლილეოა\"_მზის სიმღერა,  არც_,,ასაფართი\",
გულუბრყვილოებს  ბავშვობაში  როგორც  გვჯეროდა.

და  შენც  მდოგვივით  დაგებნა  აზრი,  გადაგერია
ერთმანეთში  ფეტვისა  და  ხორბლის  მარცვალი,
კონკიასავით  გულმოდგინედ  არჩევ  და  რეცხავ
ფქვილსა თუ  ქატოს,  ქვიშას  თუ  მარილს, 
ტყუილ-მართალი, რა  ხანია,  ყველა  დამიწდა,
ვინ  იცის,  უკვე  მერამდენედ  ჯვარზე  აცვამენ
ქრისტეს (რომელიც  ზოგჯერ  სულაც  არ  გვაგონდება),
შენ  კი  ითმენ და  მუხლზე  ჩოქით  გადის  ცხოვრება,
წლები  მკვდარ  ჩიტებს_ჩვენს  ოცნებებს  ასამარებენ,
ანდა,  უბრალოდ  სხვის  ბუდეში  გამოსაჩეკად
რიხინ-რიხინით  ალაგებენ  ყველა  სიკეთეს...

გინდა  სიმართლე?  დაიხურე ქუდი  და  კაშნე
შემოიხვიე  პოეტივით  დარდიმანდულად
თებერვლის  ქარი  ჩვენს  ნაკვალევს  თუ  მაინც  წაშლის,
თუ  სუბსარქისიც  თათარივით  გზაში  გაგვგუდავს,
წარმოსახვაზე  ცრუ  იმედებს  ნუ  აბატონებ,
გადაუფრინე  გუგულივით მყუდრო  საბუდარს,
სანამ  სიკვდილიც  საბოლოო  ჟრჟოლით  დაგბურძგლავს,
გააღე  კარი!  დაიხურე  ქუდი  და  წადი.... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს