ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2008


მოკლეს

- რამდენი უთოვია ღამით...
- ისეთი სუფთა ჰაერი იყო და ისე ტკბილად მეძინა, რომ ვერც კი გავიგე, მართლა როგორ დაუთოვია...
- აი, მე კი არ მძინებია, ან რა დამაძინებდა, ნუთუ თქვენ არაფერი გაგიგიათ?!.
- არა, არ გაგვიგია...
- კი მაგრამ, რა უნდა გაგვეგო?..
- ასეთები ხართ ახალგაზრდები, არაფერს ყურადღებას არ აქცევთ, ოღონდ თქვენ იყოთ კარგად და...
- გვითხარი რა მოხდა, რატომ გვეჩხუბები?!.
- ხო, გვითხარი რა... არ გაგვიგია და რა ვქნათ...
- რა და გუშინ, ღამით ერთ-ერთი ჩვენგანი მოკლეს...
- რაა?!.
- მოკლეს?!.
- ხო, ხო მოკლეს! მოკლეს და მკვდარიც კი არ დაგვიტოვეს... აგერ შეხედეთ, ნაკვალევს მაინც ვერ ამჩნევთ?!.
- ვაიმე... მეშინია...
- მეც მეშინია, მეც... ვინ მოკლა?.. რატომ?..
- ორნი იყვნენ დიდი და პატარა, გვიან ღამით მოვიდნენ, დიდხანს იარეს აქეთ-იქეთ და ბოლოს მიაგნეს... თან გაუხარდათ, რომ მიაგნეს... ბედნიერები იყვნენ... პატარა სიხარულისგან სულ ხტუნავდა... მერე კი დიდმა ნაჯახით მოკლა...
- ვაიმე... როგორ შემეცოდა...
- ეგ ჩვენში ყველაზე ლამაზი იყო... თანაც, მგონი, ჩვენი ტოლი უნდა ყოფილიყო...
- არა თქვენზე პატარა იყო... მახსოვს, თქვენ უკვე ცელქობდით, ეგ რომ... ეჰ, არა და რომ დასცლოდა და გაზრდილიყო აქაურობის მშვენება იქნებოდა...
- იმ ადგილს ვეღარ ვუყურებ... რა საშინელებაა...
- კი გამიგონია შორიდან, მოკლესო, მაგრამ ჩემი თვალით, ასეთი რამ, ჯერ არ მქონდა ნანახი... მეტირაბა...
- ეჰ, შვილებო, გაიზრდებით და ცხოვრების გზაზე კიდევ რას არ ნახავთ...
- კი მაგრამ, რატომ?.. რას ერჩოდნენ?..
- ასეთი რა უნდა დაეშავებინა მათთვის, მოსაკლავად რომ გაიმეტეს?..
- არც არაფერი დაუშავებია და არც არაფერს ერჩოდნენ... ისინი ასე ერთობიან... მოეწონათ და მოკლეს...

- მამა, მეც წამიყვანე, რა...
- ცივა შვილო გარეთ, თანაც უკვე გვიანია, მეც სულ მალე მოვალ...
- აუ, მინდა, რა... მამი წამიყვანე, რა... გეხვეწები, გეხვეწები...
- კარგი, კარგი წამოდი, ოღონდ თბილად ჩაიცვი...
- მამი, მომე ნაჯახს მე წამოვიღებ, რა...
- არა შვილო, ნაჯახსაც მე წამოვიღებ და ნაძვსაც მე მოვჭრი, შენ კი შეარჩიე რომელიც ყველაზე ლამაზი იქნება და მერე საშობაოდაც შენ მორთე...

ტყის შუაგულში პატარა კუნძი მოჩანდა და მის ირგვლივ ნაფოტები ეყარა... ნაკვალევი, რომელიც კუნძიდან სოფლისაკენ მიდიოდა, ტყეს ერთ დიდ იარად ემჩნეოდა. მამა და შვილი სახლში გახარებულები ბრუნდებოდნენ, თან ნორჩი ნაძვის ხე მიჰქონდათ. ბავშვი სიხარულისაგან ნაძვის ირგვლივ დახტოდა და იმაზე ფიქრობდა, რომელ ტოტზე, რომელ სათამაშოს დაკიდებდა. ტყე კი თოვლში ღრმად ჩაფლულიყო და ჯერ კიდევ ღრმად ეძინა, მხოლოდ ბებერი კვიპაროსი სევდიანად აცილებდა თავის პატარა, ლამაზ მეგობარს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები