ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2012


***

უამინდობას ჩემი სევდა მძევლად მივგვარე,
ჰო, რაღაც უნდა მოვიფიქრო, თორემ ვცივდები.
თბილ მოგონებებს ქუდზე კაცად ჩემთან ვიბარებ,
კარგი მკურნალის უტყუარი გამოცდილებით...
ხსოვნის ფარდაგზე დავსხდებით და ფეხმორთხმულები
ამოვალაგებთ წლებს და დღეებს ძველი აბგიდან.
დრო წაიკითხავს ამონარიდს, ნაცნობ თხზულების,
ჩემი წარსულის არც თუ ბოლო პარაგრაფიდან...
მერე განმარტავს, შორიდან რაც მოჩანს მკაფიოდ,
სად, რა ნიშანი გამოვტოვე, მხოლოდ სასვენი...
და რა თქმა უნდა, წერტილიც კი არ მაპატია,
ჩემი ”იყო”-დან შემდეგ თავზე გადასასვლელი...
                      03.02.12

უდროოდ მოსული ლექსი

საკუთარ თავში რას უზიხარო,-
აპროტესტებენ  წევრნი ოჯახის.
მიდგას  საწოლი უფრო მზის მხარეს,
და ცა ჩამომყავს სტუმრად ოთახში...
და ხდება ასეც, გავირინდები,
თუმცა, ჩემს ირგვლივ ყოფა ხმაურობს.
ფიქრი ჩიტივით ამიფრინდება,
”კარგად ყოფნაში” სამოგზაუროდ...
ამ დროს უნდება ყველას თავისი
წილი დედაც და ცოლიც და შვილიც.
მე კი ვპასუხობ: - აბა, რა ვიცი-ს...
შემცბარი სახით, შეცვლილი ნირით.
და როცა ბრაზი კარს აჯახუნებს,
ჩნდება სტრიქონი თოთო ბავშვივით.
და მიკვირს, როგორ დავიმსახურე
ამ უდროო დროს ღმერთთან კავშირი...
              30.01.12





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები