 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 6 თებერვალი, 2012 |
„ წამისთვის ცოცხლობენ და წამისთვის კვდებიან “ - ვამბობ და სიგარეტის ნახევრადჩამწვარ ღერს საფერფლეში ვაქრობ. გონებაში ზანტად ილექებიან გარდასულ დღეთა მოგონებები და მგონია, რომ ცოტაც და შევიშლები. ყველაფერი იმდენად ბანალურია, რომ ხანდახან სიცილი მინდება. ასეთ დროს ხელისგულებს ვიფარებ ტუჩებზე და ვცდილობ რეალობა არ გამისხლტეს თითებიდან, რადგან ვგრძნობ, ყოველი დღე მაახლოვებს სიგიჟესთან. კუთხეში მიდგმულ მაგიდაზე ლეპტოპთან ვზივარ და ვცდილობ ვერგაგზავნილ წერილებში მოვაქციო სათქმელი. დღეთა დინებასთან ერთად მატულობენ ისინი და გარს შემომხვევიან, როგორც ჯარისკაცები. ვწერ, როცა მზე ნარინჯისფერ სხეულს სისხლისფრად იღებავს, როცა შეღამება აწვება თვალებს და განსასვენებელი პროცესიისთვის ამზადებს სიზმრებს.
მაილი N ..
„ არსებობენ აცხადებული ზმანებები და გადამალული რეალობები. შენ რომელი ხარ? .. და ზუსტად ვიცი, როგორ ეფერები უცხო სხეულებს და მათში ჩემს თუნდაც ერთ გრამს ეძებ. ქალთა მრავალფერ თმაში გახვეულ ვარსკვლავების დევნით იღლები და ყოფითამდე დაყვანილ ვნების ამაზრზენ სუნს გაურბი. ყველა მათგანს საშინელი შმორის სუნი ასდის და თავს აჯერებ, თითქოს ეს მოგონილია და გეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი, რომელიც ყველაზე მეტად გსურს ახლა ზის და უმოქმედობისგან ყელში თავმოყვარეობა აქვს გაჩხერილი. ჰო, შენ დაძრწი ღამეათლილ განცდებს შორის და მათი ნათელი იმდენად გიჭრის მზერას, რომ ცდილობ დაიბრმავო თვალები დარდით. სახეებს შორის უსახოობა გთრგუნავს და კრიალოსანივით ასხმულ დღეებს მარცვლავ ნერვებით.. და მე კი, ქალი, ყოველღამე მზერას ვაყოლებ ჩემს ქუჩაზე ამავალ აღმართს. თითქოს მჯერა, რომ ნაბიჯთა ჯარი გადათელავს ჩვენს შორის არსებულ მანძილს. ჰო, მე ვარ ქალი, რომელიც კარტივით წინ გიფენს ყველა სახეს და ხელისგულებს გაფარებს თვალებზე, რათა ნიღბის უკანასკნელი ნაგლეჯი გაქრეს შენი ნაკვთებიდან. ღამე ერთგვარი სუბსტანციაა, სადაც ერთმანეთის ძრწოლაატანილ ფიქრებს ვურევთ და შემდეგ ამ სიბნელით ვაშიმშილებთ სურვილებს. არ თქვა, რომ ცხადი ის ადგილია, სადაც ვერაფრით მპოულობ, რადგან სხეულით ზმანებებს ატარებ. და მე კი.. ვზივარ ძველ მაგიდასთან, სადაც სულ რამოდენიმე ნაბიჯშია ფანჯარა, რომლიდანაც აღმართი მოსჩანს. ვნება არ მეორდება, მას ვერც მოკლავ, რადგან თავად არის წყურვილის მასაზრდოებელი და როცა ცდილობ ხმაურით გადაყლაპო ნერწვი, ამით უფრო ზრდი სურვილს. იცი, მე ყველა პასუხი მაქვს კითხვებზე და თუკი მკითხავ, რამხელა მანძილია ჩვენს სხეულებს შორის, მე გიპასუხებ, - მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა. და ამით ვამბობ, რომ შენს ტუჩებზე ლიცლიცებს ჩემი ყველა შეხება და ყოველ ჩასუნთქვას გითვლის, სანამ ფილტვებში არ ჩაიგუბებ ამხელა მანძილს. დღეები არ მეორდებიან, ისინი მდინარესავით მიედინებიან და სადღაც დროს უერთდებიან. მე კი შენით გაცვეთილ დღეებს სხეულზე ვიხვევ, რათა დრო მოვიზიდო ჩემკენ. ასე მგონია, დროის კონტროლით შევამცირებ ტკივილს. დარდი ხომ რუტინაა, რომელსაც სული ხარკს უხდის. ვნებას ვისამარებ ღამისფერ თვალებში, რათა ჩემკენ სავალი აღმართისკენ გზა მოგასწავლო მზერით. რა ძლიერი ხარ და რაოდენ სუსტი, რომ ვერ ნებდები საკუთარ სიძლიერეს.. მე ახლაც ვგრძნობ შენს თვალებს უცხო სხეულებზე და ამის აღქმა ყელში უფრო მიმძიმებს გაჩხერილ თავმოყვარეობას და მე ვერაფრით გეძახი ამის გამო.. მოდი, დაძლიე სისუსტე, რომ გითხრა.. წამია ყოველი, შენ კი მთელი ჩემი უსასრულობა ხარ.. “
* * *
სახლში პატარა, შავი კატა მყავს, რომელიც ბოლო ხანებია გვერდიდან არ მშორდება. ვერაფრით შევურჩიე სახელი და დიდად არც მინაღვლია ამაზე. ის თავადვე ხვდება, როდის ამეკროს ფეხებთან და თავისი წილი სითბო მოითხოვოს დიდი, მწვანე თვალებით. მე ცვილისფერი თითებით ვეფერები და მგონია, რომ მეც მას ვგავარ რაღაცით. მასავით გარინდებულს შემიძლია გავატარო საღამოები და ლეთარგიამდე დავიდე. ფინჯანი ყავა შემოვდგი მაგიდაზე და კატა ჩავისვი კალთაში, როცა კარზე ზარი გაისმა. მნახველების განწყობაზე არ ვიყავი, თუმცა გაბმულმა ზარმა მაიძულა გადამედო გვერდზე საკუთარი სურვილები. კარს ზანტად მივუახლოვდი და პირდაპირ გავაღე. - ნამდვილ ბომჟს ჰგავხარ. მომახალა მეგობარმა. არც გამკვირვებია. აბურდულ თმას კონტრასტულად ეხამებოდა ჩემი ჩამქრალი თვალები. - როდის ვიყავი ნამდვილი ლედი? ვიკითხე რიტორიკულად და ხელით ვანიშნე. - შემოდი. ორიოდ ნაბიჯში უკვე ჩემს ოთახში აღმოჩნდა და გაოცებულმა გაბმულად დაუსტვინა. - იმაზე უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე მეგონა. - ჰო, თქვენ გგონიათ, რადგან ვიცინი, ესე იგი კარგად ვარ. ტუჩები არ გრძნობენ ტკივილს. ეს სულის კომპეტენციაა. ვუთხარი გამომწვევად და სიგარეტს მოვუკიდე. დაჭმუჭნული კოლოფი მივაწოდე და სავარძელში ჩავეშვი. - საქმიანი წინადადებით მოვედი. დაიწყო პათეტიკურად და უკვე მივხვდი საითკენ უკაკუნებდა. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის საფერფლე მოვიმარჯვე და ჩემი კატასავით დაჟინებით მივაჩერდი. - ესე იგი... დღევანდელ წვეულებაზე მივდივართ. იცოდე, უარი არ მიიღება! გამეღიმა. რაღაც ისე, ჩემებურად, გვერდულად. ასე ვიცი ხოლმე, როცა ამაოა ყველა შეგონება. მასთან კამათს ალბათ ისევ წასვლა მერჩივნა. - ვერ გეტყვი, რომ სიამოვნებით, მაგრამ კარგი, წამოვალ. არ ელოდა ასე მალე ჩემს თანხმობას, თუმცა არც დაბნეულა. სწრაფად წამოიჭრა ზეზე და პირდაპირ ჩემს აბურდულ თმას ეტაკა. - შენ ხომ დედოფალი ხარ.. გაიხსენე ძველი დრო... და წუთით გაკრთა უშენობამდე არსებული ჩემი ცხოვრების კადრები. ვიცოდი, რომ სადღაც ბედი ფეხს დამიდებდა და მეც ისევე წავიქცეოდი, როგორც ჩემამდე მრავალი. თვალები დავხუჭე და შევეცადე უკუსვლით წავსულიყავი წარსულში. თეთრი ღამეები, ღვინოსავით მათრობელი წუთები და ქუსლებთან დაჩოქილი სამყარო.. - გაიხსენე ყველაფერი, გაიხსენე... ყურში ჩამესმოდა მეგობრის ხმა და მახსენდებოდა, - „გაიხედე, უკან გატეხილი გულების პროცესია მოგყვება“. იყო ქალი ნიშნავს იყო ავსული. ჰო, გრძნეული, რომელსაც თვალებით დააქვს შხამი და აკრძალული ხილის ხიბლით არიგებს გრძნობას. ...ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მეგობარი მკაზმავდა და მე უსულო თოჯინასავით ვემორჩილებოდი მის ნებას. არც შედეგზე ვფიქრობდი და არც მიზანზე, მხოლოდ სიცარიელე იკავებდა ტვინის ხვეულებში არსებულ ადგილს. სულ ბოლოს, როცა სარკეში ჩავიხედე წარსულის ლანდმა გადამიქროლა თვალწინ. ელეგანტურ შავ კაბაზე სიმბოლურად მოსჩანდა ჩემი ყელსაბამი, რომელსაც მტვერიც კი დაედო, ასე მეგონა. აღმოსავლურად ჩახატული თვალები მეტ იდუმალებას სძენდა ჩემს გამოხედვას და სარკასტულად ჩრდილავდა ტუჩთა ბორდოსფერ ციალს. გამეღიმა.. სულით ხორცამდე ქალი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა სხეულში ვნება მინთია თუ ტკივილი. თავი ამაყად ავწიე მაღლა და უკან მოვიგდე შლეიფად ქცეული პატივმოყვარეობა. - შენ ასეთობა გიხდება. - და ასეთობას ვუხდები მე. ღამე ქურდივით აკრულიყო ფანჯარასთან და იუდას შესაშური მონდომებით მეჩურჩულებოდა.. ყველა ქმედება ჩვენს ფიქრთა ანალიზს წარმოადგენს და თუკი ღალატი ეს მხოლოდ საქციელია, გამოდის რომ ადამიანი მოქმედებამდე ბევრად ადრე სცოდავს. და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კარზე რომელი წელთაღრიცხვაა, ღალატი ყველგან 30 ვერცხლის ფასია. სინანული არასოდეს მყვარებია და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ იგი მხოლოდ ბილიკია ცოდვამდე. რაიმეს მძაფრი დანანება გვაიძულებს ხშირად იმის კეთებას, რაც ჩვენთვის მიუღებელია. აი, როგორც ახლა. მე ვიდექი სარკის წინ და იქიდან წამოსულ წარსულის მზერას ვერაფრით ვუსწორებდი თვალს. ჩემი თავი ვალის დაბრუნებას ითხოვდა და ნიშნისმოგებით მიღიმოდა. შეუძლებელია გაიქცე იქ, სადაც საკუთარი თავიც კი ვერ მოგაგნებს, და ამიტომაც საკუთარი ნებით იხვევ თავზე სინანულს, რათა შესცოდო. ამ შემთხვევაში კი ცოდვა გადარჩენაა.. ღმერთო, როგორ შევიცვალეთ მას შემდეგ, რაც დაგკარგეთ.. „ მე არ მექნება სხვა ბინა, გარდა შენი თვალებისა და ახლა, უსახლკარო, ცხოვრებებს შორის დაგეძებ “. ჰო, ცხოვრება თვითმიზანია მაშინ, როცა შენგან ხსნა მხოლოდ ცოდვას შეუძლია და სინანულს კი თავად მაჩეჩებ ხელებში. - წასვლის დროა. - დამაცადე, გრძნობებს დავტოვებ სახლში და წამოვალ. ვუღიმი ჩემს მეგობარს ისე, თითქოს ვალები უკვე გავუსტუმრე ჩემს თავს და ახლა მოგონილი თავისუფლებით ვიმონებ საკუთარ არსებობას. თავისუფლება ხომ საკუთარი თავის მონობაა და ამ დროს მორჩილება გვაძლევს ყველაზე დიდ შვებას. ამას სინდისი ეწინააღმდეგება და დაკანონებულ გზებს გვიჩვენებს, რომელთა ერთიანობა უწყვეტი სისტემაა. აქ თავისუფლება მხოლოდ ილუზიაა, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარ თავს ემონო. (ადამიანები ყველაზე ძნელად საკუთარ თავს ღალატობენ, რადგან თითოეული მათგანი გულის სიღრმეში ეგოისტია). სისტემა შენივე თავით გიმონებს ისე, რომ ამისთვის თითსაც კი არ ანძრევს. და აქ რეალობა, ანუ ის, რასაც მე ვხედავ ახლა, მხოლოდ ნაგლეჯია იმ სამყაროსი, რომელიც არ არსებობს და პრაგმატულ ჩარჩოებში იჭყლიტება. დიახ, ჩვენი ილუზორული სამყარო ერთადერთი ადგილია, სადაც სისტემა უძლურია, თუმცა აქაც ადამიანური ბუნება აფუჭებს საქმეს. ჩვენი ამბიციები, რომელთაც ვერაფრით ვაკონტროლებთ, გვაიძულებენ მოვიქცეთ ზრდასრული პიროვნებებივით და უგულებელვყოთ ყველაფერი მსგავსი. არადა, ბავშვობა ერთადერთი გზაა საკუთარი თავის ფლობისკენ. ამ დროს ხომ ადამიანი შეუბოჭავია მსგავსი შეხედულებებისგან და არ სცხვენია საკუთარი სამყაროსი. დამიმორჩილე, რათა მიხსნა საკუთარი თავის ბატონობისგან.. იხსენი ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ გამოკეტილია საკუთარ სამყაროში..
* * *
ტაქსიში ვხედვართ მე და ჩემი მეგობარი. დუმილს ვართავთ თითებით, გარეთ კი წვიმს. სულ მგონია ხოლმე, რომ ზეცა სიმძიმისგან დაიფლითა ალაგ-ალაგ და ეს დარდები წვეთავენ დედამიწაზე. ახლაც კურთხევასავით მამსუბუქებს მათი შეხება და ვფიქრობ, ჩემი დედოფლობა მხოლოდ ბორკილია, რომელსაც ვერაფრით ვიხსნი. „სულით უნდა ჰგმო სხეული“, - შავი ბერების ხმა ჩამესმის ყურში და მგონია, საკუთარი განსაკუთრებულობა მიფორიაქებს სულს. და ვიმეორებ გულში, - ცოდვებისთვის ტკივილით იხდიან. სიყვარულისთვის შვებით.. ღმერთო, მომეცი ტკივილი, რათა შვებით სიყვარული ვიყიდო, რამეთუ თუ არ მეტკინა, ვერ მექნება შვება. უეცრად ტაქსი გავაჩერე და უხმოდ გადმოვედი. უკან არ მიმიხედავს, რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქეცი. არ ვიცი საით.. ფეხქვეშ მიწას ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ წვიმის დარდისფერი სურნელი მიღიტინებდა გონებაში. შორიდან მანქანების გაბმული ხმა მესმოდა და ამით ვხვდებოდი, რომ შუა ტრასაზე მივრბოდი. ნელ-ნელა სვლას ვუკელი და მზერა შევაგებე უცნობ ქუჩას. სამოსი ერთიანად დამსველებოდა, შავ ფანქარს ლოყებზე ჩამოსვლოდა ფესვები.. სახე ზეცისკენ ავწიე და მთელი არსებით შევეგებე ჩემკენ წამოსულ წვეთებს. ასე მეგონა, მათში იყო შვება, რომელიც სულიდან ცოდვებს ჩამომრეცხავდა.. ...მე დიდი ხანია ლეთარგიაში ვარ და ჩვენზე სიზმარს ვნახულობ. ყოველ კადრში იცვლება სცენარი. ხან შენ მიდიხარ, ხან მე, ხან კი ორივე.. ჰო, საკუთარი სხეულებიდან გავრბივართ და ერთმანეთს ვეძებთ. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კუნჭულში არიან ჩვენი სხეულები მიმალულნი, რადგან სულები კარგა ხანია შვებით იძენენ გრძნობას. აქ არ არსებობს ღალატი, რადგან სრული იდენტურობაა ჩვენს სულებს შორის. ისინი ყველანაირი ცდომილების გარეშე თანაარსებობენ. არ გამაღვიძო, რადგან მე ბავშვი ვარ და ჩემს სამყაროში მძინავს.. მხოლოდ მოდი.. ჩემამდე მოდი, რომ სისტემის იქით მყოფი მარტოსულობისგან არ გაუფერულდე. იყავი სუსტი, რათა სიძლიერემ არ გძლიოს. ჩვენსავე თავებშია შეცდომების კატალიზატორი და რაც უფრო სუსტები ვიქნებით, მით უფრო ადვილად დავუსხლტებით სისტემას, რომელიც საკუთარ თავებს გვამონებს. ... ერთიანად სველი შევედი სახლში და ლეპტოპი ჩავრთე. ეკრანზე ჩემი მაილი იყო დატოვებული. გავხსენი ფაილი და წერა გავაგრძელე.
„ ...მე ვერ შემიძლია გიღალატო, რადგან იდენტურობაა სულთა თანხვედრა. და ნუ.. ნუ დააობებ სხეულს სხვათა ფერებაში.. ამით კარებს გადარაზავ ჩემი სამყაროსკენ მომავალს და მეც ვერასოდეს გავიღვიძებ. მე ხომ ყოველღამე მივდივარ ფანჯარასთან და გულში შენს მოსვლამდე დარჩენილ წამებს ვითვლი. იცი, უკვე იმდენია, რომ ანგარიში მერევა და ისევ თავიდან ვიწყებ, ოღონდ ბოლო ხანებია, მას ჩემს გულისცემას ვადარებ, რადგან ერთნაირად მიედინება ორივე. შენ ხომ არ იცი რა დაარქვა იმას, რაც გჭამს და საკუთარ თავს იძულებ ღამ-ღამობით, როცა გგონია, რომ აბსოლუტური მარტოსულობაა შენი ხასიათი და როგორც იარლიყი, ვერასოდეს მოიშორებ მას. ამიტომ უდარაჯდები სიკვდილს ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ცდილობ საკუთარ მკლავებში მოაქციო, რათა არ გაგისხლტეს იგი. ის კი არ იცი, რომ საკუთარი თავისგან განთავისუფლება მარტო სიკვდილსარ მოაქვს, მას მომანიება კურნავს. აპატიე საკუთარ თავს ასეთობა და ნუ დაუწყებ სიკვდილის ნაბიჯებს დევნას. ცოდვები პეპლებს ჰგვანან.. ჭუპრები კი ჩვენს სხეულშია. ნუ გამოჩეკ მათ.. იცი, მე წარსული გავიხადე და რწმენასავით მჭირდება შენი მოსვლა. რწმენა ძალაშია.. ძალა კი გრძნობაა.. ... “
Your message has been sent
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გილოცავ დაბადების დღეს! სინათლე და მზე ყოფილიყოს შენს სულსა და ხორცში! გილოცავ დაბადების დღეს! სინათლე და მზე ყოფილიყოს შენს სულსა და ხორცში!
7. ნაწარმოებს მოწონება, შინაგანი და გარეგანი შეგრძნებები, ერთნაირად შემოთ ტივტივებს! ნაწარმოებს მოწონება, შინაგანი და გარეგანი შეგრძნებები, ერთნაირად შემოთ ტივტივებს!
6. რამდენი ხანია ამ ავტორის ნაწერები არ წამიკითხავს. მინდა და თითქოს რაღაც ძალა უკან მეწევა არადა არ ვიცი რა და ვერც ვხვდები
ჭკვიანი ავტორი ( და პიროვნებაც ), ჭკვიანური ფრაზებით
აუცილებლად ჩავუჯდები ერთხელ :) რამდენი ხანია ამ ავტორის ნაწერები არ წამიკითხავს. მინდა და თითქოს რაღაც ძალა უკან მეწევა არადა არ ვიცი რა და ვერც ვხვდები
ჭკვიანი ავტორი ( და პიროვნებაც ), ჭკვიანური ფრაზებით
აუცილებლად ჩავუჯდები ერთხელ :)
5. ჩემი ემოციური პადპიტკა ხარ:) >:D< ჩემი ემოციური პადპიტკა ხარ:) >:D<
4. ,,და ზუსტად ვიცი, როგორ ეფერები უცხო სხეულებს და მათში ჩემს თუნდაც ერთ გრამს ეძებ"<<რამდენნაირად გ(ვ)ითქვამს =)
,,ღალატი ყველგან 30 ვერცხლის ფასია"<<სადღაც გაქვს მსგავსი
,,...მე დიდი ხანია ლეთარგიაში ვარ და ჩვენზე სიზმარს ვნახულობ."<<ვაჰ. ზუსტი განმარტება.
,,მე არასოდეს არ გავხდები ოთახის კატა და შენი ღამის არ მერქმევა ერთგული ცოლი." ჟადენ
უბრალოდ =)
,,და ზუსტად ვიცი, როგორ ეფერები უცხო სხეულებს და მათში ჩემს თუნდაც ერთ გრამს ეძებ"<<რამდენნაირად გ(ვ)ითქვამს =)
,,ღალატი ყველგან 30 ვერცხლის ფასია"<<სადღაც გაქვს მსგავსი
,,...მე დიდი ხანია ლეთარგიაში ვარ და ჩვენზე სიზმარს ვნახულობ."<<ვაჰ. ზუსტი განმარტება.
,,მე არასოდეს არ გავხდები ოთახის კატა და შენი ღამის არ მერქმევა ერთგული ცოლი." ჟადენ
უბრალოდ =)
3. magari xar vigaca xar 5 visiamovne magari xar vigaca xar 5 visiamovne
2. წერილი კი გაიგზავნა, მაგრამ ადრესატს თუ მიუვიდა ნეტა, სწორ მისამართზე და თუ მიუვიდა ნეტა წაკითხვასთან ერთად გაიგო კი?! საინტერესოა და მოსაბრუნებელი! წერილი კი გაიგზავნა, მაგრამ ადრესატს თუ მიუვიდა ნეტა, სწორ მისამართზე და თუ მიუვიდა ნეტა წაკითხვასთან ერთად გაიგო კი?! საინტერესოა და მოსაბრუნებელი!
1. არ ვაციტირებ ხოლმე,მტელი ნაწერი უნდა აციტირო მაშინ. უჰ,ძალიან.
არ ვაციტირებ ხოლმე,მტელი ნაწერი უნდა აციტირო მაშინ. უჰ,ძალიან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|