ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქალი წარსულიდან...
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2012


ირენ...

ირენ, გულიდან ლექსი ძლივსღა გამოეტია,
დაბზარულ თიხას ვგავარ, დარდით ისე გამოვშრი,
ჩემი ცხოვრება, ერთი დიდი უკუნეთია
და ტყუპისცალი მთვარე მიწევს შუშის საწოლში,

როგორც ემბლემა-სინათლისა, ქარია გარეთ,
ნაძვებზე თოვლი, როგორც ქალი უჩუმრად წვება.
ირენ, ფიქრები მომდგებიან მგლეჯენ და მხრავენ,
ალბათ ამიტომ მეჩვენება წუთები წლებად,

ჩვენ, ტკივილებსაც ერთნაირი სისუსტით ვხვდებით,
ამოვიჩემეთ სევდისფერი ამულეტები,
ირონიაა, დამტვრეული რომ დამაქვს ძვლები,
არც მე მეგონა, რომ ოდესმე გამიმეტებდა

ვინმე ამისთვის, სიცოცხლეს ხომ სუნი აქვს თაფლის,
თაფლისფერია ეს თვალები, რომელსაც ხედავ,
მინდა ბავშვობა საიმედო ადგილას დავფლა,
იქ, სადაც მშვიდად დააბიჯებს დაღლილი დედა,

ირენ ქარია,(ხაზს არ ვუსვამ) უბრალოდ ცივა,
სად გაწყდა წუთი- შთაგონების თეთრი სავანე,
ახლა დღეები ლაგდებიან სულში ერთ მწკრივად,
მაციებს ირენ... ასე დავრჩი ბედისამარა.

ჩვენ ტკივილებსაც ერთნაირი სისუსტით ვხვდებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები