ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უფლისციხე
ჟანრი: პროზა
2 მარტი, 2012


ამონარიდი ყოველდღიურობიდან


საღამოს 11 საათია.
სამსახურიდან ვბრუნდები შინ.
მეტრო...
ხმაური, სადაც ნაღვლიანი საახეების წყება ცვლის ერთმანეთს... ალაგ-ალაგ გამოერევა მომღიმარი წყვილი - იადონებივით რომ ჩაკრულან და ჩურჩულებენ... დრო იყო, მეც ასე ვეჩურჩულებოდი ერთ გოგონას - გავიფიქრე...
გზა...
თვალები მეხუჭება, მშია, დავიღალე, მეძინება. თებერვალია. ცივა. მეტროდან სახლამდე 15 წუთის სავალი გზა 30 წუთში გავიარე... განწყობის გამო, თორე ჯერ კი არ დავბერებულვარ?!... (არის წუთები - ძალაუნებურად „წელავ” დროს და ეს გსიამოვნებს...). გზა თავისებურად რომანტიკულია. ერთიდაიგივე სახეები მაუწყებენ იმას, რასაც მაუწყებდნენ გუშინ და გუშინწინ... ერთიდაიგივე შენობები ისევ იქ დგანან სადაც იდგნენ, მაგრამ მაინც ინტერესით ვათვალიერებ - რომელიმე მათგანს ეგებ ახალი არქიტექტურული ელემენტი დაემატათქო... კაცმა რომ თქვას, რაში მანაღვლებს მათი იერცვლა? რა მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებ ამითი? სავარაუდოდ „წინა ცხოვრებაში” ხუროთმოძღვარი ვიქნებოდი - გავიფიქრე...
უბანი...
„ბირჟაზე” ისევ დგანან უსაქმურები...
- რა არი მათი ცხოვრება?...
- ეს არაა „ჩემი თემა”!
სახლი...
კართან მისვლისას „პირ-ჯვარი გადავიწერე”. რატომღაც „ჩემთვის მგონია”, რომ მთელი დღის ცოდვებს უფალი მომიტევებს ამითი და „განწმენდილი” შევალ შინ...
ოჯახი ყველაზე ძვირფასი ადამიანური განძია! და მაინც... არის წუთები, როცა გსურს წასვლა... არის წუთები, თითქოს გრძნობ - აქ ზედმეტი ხარ!... დგება წუთები, ის იმდენად გღლის, რომ გსურს ერთი ხელის მოქნევით გაწყვიტო თითოეული ძაფი, დაამსხრიო და დალეწო ირგვლივ ყველაფერი და ამ იდეის წერტილად დასვა კარის მთელი ძალით გაჯახუნება!
გაივლის დღეები და ვნებათაღელვის მორევი ძალაუნებურად დაილექება... იგრძნობ უეცარ მონატრებასა და სითბოს... და როგორც ხეტიალი ზაფხულის მცხუნვარე დღეების დროს გრილ ჭალებსა და ტყისპირეთებში... ისე საამოა ოჯახში ყოფნა - ზოგჯერ!...
ო, როგორ მიყვარს:
ბიჭების ხმაური, დედის ფუსფუსი სამზარეულოში, განათებული სახლი, მომღიმარი ოჯახი, ჩართული ტელევიზორი (ჯანდაბას, თუნდაც ტელესერიალი გადიოდეს!), წყლის ჩუხ-ჩუხი, სარეცხის მანქანის გუგუნი, ნებისმიერი ხმა, სივრცე, ეზო,      მ ხ ი ა რ უ ლ ე ბ ა!
არ დავწერ რა მძულს!... 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს