ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მიყვარხარ და სწორედ ამიტომ გაგყიდე სიმართლეზე ოცდაათ ვერცხლად; მიყვარხარ და ჩაგჩურჩულებ სიკვდილს და საფლავებს, შენი სულის მისადგომებთან ვაგროვებ გაწბილებებს და მთელი სუნთქვით ამოთქმულ უთვალავ წყევლას; მიყვარხარ და კიდევ ერთხელ აგიხსნი ზურგის შექცევას და შეფურთხებულის სახიდან მოწმენდას; მიყვარხარ და შეგინახავ, არ გამოგაჩენ, როგორც მკერდზე ნაკბენს არ გამოაჩენს ნორმალური ქალი, ან როგორც კაცი არ იტყვის ვინმესთან და მთელი სიცოცხლე ცდილობს დაივიწყოს, როგორ იძია შური მისი საყვარლის ქმარმა; მიყვარხარ და მეგობრებიდან ხალხამდე არავის ეცოდინება, რომ არასდროს ვწოლილვართ ერთად, რამეთუ ყოველთვის, როცა კადრში მოვექცევით შეგხედავ, როგორც ნაჩუქარ ცხენს, რომელსაც კბილი არ ესინჯება; მიყვარხარ და ყოველთVის ასე იქნება, როგორც გუშინ და დღეს: მირჩევნია შენი მკვრივი ძუძუები მეკავოს ხელში და მათ როცა ვეალერსები, შენი იღლიების ცქერით დავტკბე, ვიდრე ხელი მტაცოს შენმა მზერამ და გული გულში გამიყაროს, როგორც ვერაგნი უყრიან დანას თავისზე ძლიერთ; მიყვარხარ და ყოველთვის დანაყრების ჟამს ღიმილით ჩაქგჩურჩულებ ცხოველებს და ქვეწარმავლებს და მახინჯ ფრინველებს, როგორც უხილავ სინდისს, ბამბის ჩაქუჩივით აღმართულს ჩვენს თავს ზევით ჩვენს ქვემოთ მყოფთა მიერ ; მიყვარხარ და ჩემი ნეკნისგან ჯამს შევქმნი უძიროს, რომელშიც შენს სისხლს ჩავასხამ და ჩაგახედებ, რათა საწამლავი სამომავლო საქმეებისთვის შემზადდეს; მიყვარხარ და შენ თუ მეტყვი არათუ შენთან, მარტო მყოფიც კი არ გავიღიმებ მთელი სიცოცხლე, რადგან შენ გიყვარს ჩემი ღიმილი, როგორც ქუჩაში უპატრონო ძაღლების ყეფა და ავტობუსში მოხდენილი ქურდობის მერე ატეხილი აყალ-მაყალი; მიყვარხარ და მოგმართავ ყველას სახელით, კაცის იქნება თუ ქალის, ოღონდ არასდროს იმით, რომელიც დაგარქვეს მშობლებმა შენს გაჩენამდე დიდი ხნით ადრე და რომლითაც მოგმართავდა ყველა და მოგმართავს ყველა, ვისაც თუნდაც ოდნავ სწყურებიხარ ან ოდესმე სწყურიხარ, და ახლა სწორედ ამ უსახელო სხეულს ვიცავ საკუთარი თავის წინაშე; მიყვარხარ და მათხოვრის მზერით ატანილ ღმერთს შევღაღადებ, რომ მიწყალობოს იმდენი ვერცხლი, რომ შევძლო ქარსმიცემული ოცდაცხრა ვერცხლის გამოხსნა და მისით შენი დაბრუნება, და სიმართლის ვერცხლით გაყიდვაც.
დავით ბარბაქაძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, ლამაზი სიმრერაა :) მადლობა, ლამაზი სიმრერაა :)
1. http://www.youtube.com/watch?v=O6d-d2ru0m0&feature=share http://www.youtube.com/watch?v=O6d-d2ru0m0&feature=share
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|