 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 21 მაისი, 2012 |
დაიბადა, ჩამოვარდნილი მეტეორის ,ცეცხლოვანი ბილიკივით, ლურჯი და მკვეთრი. დედამისმა რომ მოილოგინა, და სიხარულის ჩუმ ამოოხვრას, თავისი ჩუმი და მშვიდი სულიც, დილასავით რომ ამოაყოლა, ბაყაყების და ნოემბრის წვიმის სმფონია, დარაბებს მიღმა მგლოვიარებდა და სახურავზე მოფენილი ხმელი ფოთლების ქვითინს ფარავდა, სწორედ ამ დროს გაისმა მისი პირველი სიტყვა, ღამესავით იდუმალი და მთვარესავით მაგიური. ხმა ისე ჩახლეჩოდა და დაღლოდა, თითქოს ბევრი ჰქონდა ნათქვამი. თვალებში დარდი ჩასახლებოდა- წინა ცხოვრების გამოცდილება და ტკივილი გამოიყოლა თვალებში თითქოს. მერე ცოტა რომ წამოიზარდა, მზეებს წერდა და ლექსებს ხატავდა, უცებ ყველასთვის გახდა ნათელი, ის რომ არავის ირგვლივ არ გავდა. თვითონ კი თითქოს ხედავდა და თან არ ხედავდა. ზღვასთან ცხოვრობდა და ნაპირზე გამორიყულ დიდ ნიჟარაში ათევდა ღამეს, დღისით კი ზღვაში ფრთაჭრელა პეპლებს შეიტუებდა და ტკბებოდა სანახაობით, თუმცა უმძიმდა, რადგან იცოდა, რომ სადღაც შიგნით, სულის სიღრმეში, თვითონაც რომ ცოტათი მაინც იყო პეპელა, - ყვავილის მტვერი, - სიოს ალერსი, იცოდა მაგრამ სუყველაფერი ქცეოდა ტვირთად, და დავიწყებას ლამობდა მუდამ... წინა ცხოვრების დახლართული ლაბირინთიდან გამოყოლილი ტკივილების დავიწყება და სულ ცოტა - უმნიშვნელო სიმჩატე სურდა... ვერ დააღწია თავის თავს თავი, ვერ დაუსხლტა. ვერ გამოექცა, ვერც ვერაფრით გამოეპარა და დარჩა - მარად, ჩამოვარდნილი მეტეორის ცეცხლოვანი ბილიკივით, ლურჯი და მკვეთრი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|